მთავარი,სიახლეები

როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა

30.06.2020 • 3882
როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა

იპოთეკურ სესხებს დაახლოებით 4 პროცენტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ჩამოაკლდება. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, თუმცა კომერციულ ბანკებთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა. სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ საცხოვრებელი ბინა დეველოპერული კომპანიისგან უნდა შეისყიდო.

„ბათუმელები“ დღეს, 30 ივნისს რამდენიმე კომერციულ ბანკს დაუკავშირდა. ბანკებში გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როდიდან ისარგებლებენ მოქალაქეები სესხის პროცენტის სუბსიდიით, რაც მთავრობამ დააანონსა.

საქართველოს მთავრობამ პროგრამა – „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“, 2020 წლის 26 ივნისს მიიღო. ამ დადგენილების მიხედვით, სუბსიდია იმოქმედებს ყველა იპოთეკურ სესხზე, რომელიც 26 ივნისიდან გაიცემა წლის ბოლომდე.

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, სესხებს 4 პროცენტი სავარაუდოდ შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 6 ივლისიდან ჩამოაკლდება.

„პირობები უკვე ცნობილია, ზუსტდება ტექნიკური დეტალები, ვმუშაობთ აქტიურად… ეს იქნება „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი პროდუქტი და უკვე იწყება კომერციულ ბანკებთან კონტრაქტების გაფორმება. ბანკების ჩართვა პროგრამაში ნებაყოფლობითია, მაგრამ ლოგიკურია, რომ ყველა ერთვება. პირიქით, იმდენად დიდი ინტერესია, რომ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა შეაჩერა კიდეც სესხების გაცემა, ვიდრე სრულად არ ჩაეშვება ეს პროდუქტი და არ ამოქმედდება რეალურ რეჟიმში… ამ სქემის მონაწილე მხოლოდ ის ბანკები არ გახდებიან, რომლებსაც იპოთეკური პროდუქტი არ აქვთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ კონტრაქტების გაფორმება დაახლოებით კვირის ბოლომდე დასრულდება და კომერციულ ბანკებს სუბსიდირების ამოქმედებისთვის ცალკე პროდუქტის მომზადება არ დასჭირდებათ,

„სესხები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სუბსიდირების ნაწილს, ავტომატურად მოხვდებიან სუბსიდირების პროგრამაში…“ – დასძინა ალექსანდრე ძნელაძემ.

ალექსანდრე ძნელაძე აზუსტებს, რომ სუბსიდირებით მხოლოდ ის ფიზიკური პირები ისარგებლებენ, რომლებსაც ბანკიდან იპოთეკური სესხი – 200 ათას ლარამდე გამოაქვთ. გარდა ამისა, სესხს 4 პროცენტი იმ შემთხვევაში ჩამოაკლდება, თუკი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, ხოლო თუ ეს განაკვეთი „მცურავია“, მაშინ სუბსიდირების პროცენტი იცვლება.

„ამ შემთხვევაში, სესხზე რეფინანსირების განაკვეთს მინუს ოთხ-ნახევარი პროცენტი გამოაკლდება,“ – აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ „ბათუმელებთან“.

ვრცლად ამ თემაზე

რამდენი იქნება სახელმწიფო დახმარება იპოთეკური სესხის პროცენტზე – ახალი პროგრამა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: