მთავარი,სიახლეები

პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული ქორწინების რისკის ზრდა – UNFPA-ს 2020 წლის ანგარიში

01.07.2020 • 1878
პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული ქორწინების რისკის ზრდა – UNFPA-ს 2020 წლის ანგარიში

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით.

სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის თანახმად, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სამ ყველაზე გავრცელებულ საზიანო პრაქტიკაზე: ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება.

წელს, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 4,1 მილიონი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი; 18 წლამდე ასაკის 33 000 გოგონა იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს მამაკაცზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგონების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგონების სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიც არის მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი „გაუჩინარებული გოგონა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბავშვთა ქორწინება არალეგალურადაა მიჩნეული და შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, თუმცა რეგიონის ზოგიერთ ნაწილში აღნიშნული პრაქტიკა ჯერ ისევ ფართოდ არის გავრცელებული – ზოგიერთ ქვეყანაში 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულ გოგონათა წილი 15%-მდეა; ხოლო ზოგიერთ თემში, თითქმის ყოველი მეორე ქალი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება.

ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული, რამაც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის სერიოზული დარღვევა გამოიწვია, რადგან დაბადებული ვაჟების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დაბადებული გოგონების რაოდენობას.

„ქვეყნებს, რომლებმაც მოახდინეს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, ეკისრებათ საზიანო პრაქტიკის აღკვეთისა და დასრულების ვალდებულება. ბევრმა ქვეყანამ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი კანონები შემოიღო, თუმცა, მხოლოდ კანონების შემოღება საკმარისი არ არის“ – აღნიშნულია ანგარიშის შესახებ მომზადებულ პრესრელიზში.

ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომები გაცილებით ეფექტურია ცვლილებების მისაღწევად, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელი ისეთი გზებით, როგორიცაა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნა, მათთვის ცხოვრებისეული უნარების სწავლება და სოციალური ცვლილებების განხორციელების ძალისხმევაში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვა. ანგარიშის თანახმად, 2030 წლამდე, 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიცია ამ ორი საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ამით დასრულდება, დაახლოებით, 84 მილიონი გოგონას ტანჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია, COVID-19-ის პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს და ზრდის პრობლემის გამწვავების რისკს. უახლესი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგონა გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი.

ანგარიშში ასევე ნთქვამია, რომ პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად არის მიჩნეული. იზოლაცია, სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოზარდი გოგონების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და იმ სისტემების რღვევას უწყობს ხელს, რომლებიც მათ ამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: