მთავარი,სიახლეები

80 წლის ქალი, რომელიც თურქეთში მუშაობდა – დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა

01.07.2020 • 3265
80 წლის ქალი, რომელიც თურქეთში მუშაობდა – დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა

აიშე შაინიძე 80 წლისაა. ის დღეს სარფის საბაჟოსთან თურქეთში დასაქმებული ქალების აქციას შეუერთდა. შინ შვილიშვილი დატოვა და დემონსტრანტებთან ერთად სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას ითხოვდა. ყოველდღიური სამუშაო თურქეთში მისი შემოსვლის ერთადერთი წყარო იყო პანდემიამდე, პენსიასთან ერთად. სამთვე-ნახევარია ვეღარ მუშაობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ახლა პენსიაა, რითაც ოჯახი უნდა არჩინოს. ვერც მთავრობის მიერ პანდემიისას გასაცემი ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო ჯერ.

„რაც საზღვარი გაიხსნა, მას შემდეგ თურქეთში ვმუშაობ და ალბათ გზაში მოვკვდები. არ მინდა მაგათი 300 ლარი. გახსნან საზღვარი და მე ყოველდღე ვნახავ ჩემს გზას, უმუშევრად არ დავრჩები თურქეთში თუ გადავალ.

ვმუშაობდი ჩაიში, ვწმენდდი ეკლებს, ბალახს ვგვიდი, ქუჩასაც, მშიერი რომ არ დავრჩენილიყავი და რამე მეკეთებინა. ამ ხნის ქალი დავდივარ იქ, რისი იმედი უნდა მქონდეს. შვილი მომიკვდა, სამი ბიჭი, ბადიში დამრჩა. ადრე შვილიშვილს ვეხვეწებოდი, ლევანიკო ჭამე-მეთქი, ახლა ცარიელი პურიც რომ ნახოს, დაჯდება და ჭამს.

დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა, მეზობელს სამი ლიტრი რძე ვთხოვე, ბრინჯი მქონდა, ფაფა გავაკეთე, დავტოვე სახლში და წამოვედი. ახლა აქციიდან სახლამდე რომ დავბრუნდე, იმის ფულიც არ მაქვს. სოციალური დახმარება ქმარი რომ მომიკვდა, მომიხსნეს, მერე წელიწად-ნახევარში შვილი მომიკვდა. ისევ არაფერი – ავეჯი დაინახეს, სახლში რომ იდგა და არ გეკუთვნისო. რა უნდა ვქნა, რა გავაკეთო. კარგია, რომ გაზის და შუქის ფული გადაგვიხადეს, მადლობა ამისთვის, მაგრამ ოჯახს ეს არ ჰყოფნის – თურქეთში რომ არ გადავიდე, მშიერი მოვკვდები. თქმა მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა? ერთი ლარი რომ არ გექნება სახლში პურის საყიდლად, ესაა ცხოვრება? 80 წლის ვარ, მაგრამ თურქეთში სამუშაოს ვნახავ.

მოვიდეს ვინმე ჩემთან და გამოაღოს მაცივარი – ერთი ბოთლი ტყემალი დგას. რაც ახლა დამიდგა, ასეთი ცხოვრება მე ჯერ არ მქონია, აქამდე გაზსაც ვიხდიდი, ბანკსაც. რა დანაზოგიც გვქონდა საჭმელში დაიხარჯა, თქმაც მრცხვენია, ხალხი გაიგებს, ასე რომ დავრჩი. დღეს რომ მივალ, შავი პური დევს მარტო სახლში, გაჭირვებასაც აქვს საზღვარი. ესაა გაჭირვება, დილა რომ თენდება და ფიქრობ ბავშვს რა აჭამო?“ – ამბობს ,,ბათუმელებთან“ 80 წლის აიშე შაინიძე.

საქართველო – თურქეთის საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 15 მარტიდანაა ჩაკეტილი, ამ ხნის, სამთვე-ნახევრის განმავლობაში თურქეთში დასაქმებული ქალები ვეღარაფერს გამოიმუშავებენ, მათი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი  წყარო სწორედ თურქეთში მუშაობა იყო. ქალები, რომლებიც დღეს, პირველ ივლისს, სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნას ითხოვდნენ, ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები: კაფე-ბარებში, მაღაზია-რესტორნებში, საცხობებსა და ჩაის, თხილის პლანტაციებში.

დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა – 80 წლის ქალი, რომელიც თურქეთში მუშაობდა

აიშე შაინიძე 80 წლისაა. დღეს სარფის საბაჟოსთან თურქეთში დასაქმებული ქალების აქციას შეუერთდა. შინ შვილიშვილი დატოვა და დემონსტრანტებთან ერთად სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას ითხოვდა.სტატია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/286982/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2020


ამავე თემაზე:

აქცია სარფში საზღვრის გახსნის მოთხოვნით [LIVE]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: