მთავარი,სიახლეები

მეპატრონეები ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნას ითხოვენ

02.07.2020 • 3423
მეპატრონეები ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნას ითხოვენ

საქართველოში რამდენიმე სექტორი, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, საფრთხის მაღალი რისკის გამო, ჯერ ისევ გაჩერებულია: აკრძალულია კულტურული ღონისძიებები, სარიტუალო მომსახურება, საბავშვო ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირება.

სპორტული დარბაზები და ბავშვთა გასართობი ცენტრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებადაა მიჩნეული და მათი გახსნა მეექვსე, ბოლო ეტაპზე იგეგმებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შეხვედრები ფიტნესდარბაზების, აუზების გახსნისთვის მოსამზადებლად. 22 ივნისს ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან უსაფრთხოების წესების, რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს. თუმცა არც სამთავრობო უწყებების, არც ბიზნესობუდსმენის გვერდებზე არაფერია ნათქვამი, მუშავდება თუ არა რეგულაციები საბავშვო ცენტრების ასამოქმედებლად, ასევე ნამდვილად 7 ივლისს გაიხსნება თუ არა ცენტრები, როგორც ეს დადგენილების თავდაპირველ ვარიატში იყო მოცემული.

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა გასართობი ცენტრის – ,,გარფილდის“ მფლობელი აკაკი წოწონავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცენტრების გახსნის გაურკვეველი დროით გადავადებამ მას ბევრი პრობლემა შეუქმნა, რასაც სახელმწიფო და ბიზნესომბუდსმენი ვერ უგვარებს.

„ბანკის სესხი გვაქვს, ქირაში ცალკე თანხა გვაქვს გადასახდელი. ადამიანს, ვისგანაც იჯარით გვაქვს აღებული ეს კომერციული ფართობი, სხვა შემოსავალი არ აქვს, ცდილობს მაქსიმალურად გაიგოს ჩვენი მდგომარეობა და აქამდე არ გვატოვებინებს შენობას, ითვალისწინებს, რომ 60 ათასი ლარის ხარჯი გვაქვს მხოლოდ რემონტისა და ინვენტარიზაციისთვის გაწეული.

ბანკი აღარ გვაძლევს საშუალებას რამდენიმეთვიანი შეღავათით ვისარგებლოთ, პირდაპირ გვითხრა კრედიტოფიცერმა, გახარიას პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების მიხედვით თუ მოხვედით სესხის გადასავადებლად ან რესტრუქტურიზაციისთვის, დაივიწყეთ ეს ამბავი და სხვა რამეზე იფიქრეთო. გადაფარული სესხის პროცენტი კიდევ გამრავლებული ორზე – ასე უნდა გადავიხადო, გამოდის, რომ 35 ათას ლარის სესხი მაქვს და 73 ათასის დაბრუნება მიწევს. 10 ივლისიდან ითხოვს ბანკი თანხის დაბრუნებას საპროცენტო განაკვეთით, რით უნდა გადავიხადოთ? ცენტრი გაჩერებულია, არანაირი სხვა შანსი არ გვაქვს”, – ამბობს ,,გარფილდის“ მეპატრონე.

მისი თქმით, ცენტრების გახსნა ბევრი მშობლის სურვილია, რადგან მხოლოდ მის ცენტრს დღეში 10 მომხმარებელი მაინც ურეკავს და ეკითხება, როდის გაიხსნება ,,გარფილდი“.

აკაკი წოწონავას ბავშვთა ცენტრის შიდა სივრცე 400 კვადრატული მეტრია, სადაც, როგორც თავად ამბობს, თავისუფლადაა შესაძლებელი ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. თუმცა რა რეკომენდაციები გაიცემა ბავშვთა გასართობი ცენტრებისთვის, ჯერჯერობით უცნობია, ან გაიხსნება თუ არა 7 ივლისს.

„რომც გაიხსნას 7 ივლისს ცენტრები, დაგვიანებულია – ერთი კვირაა დარჩენილი მხოლოდ და ჯერ რეკომენდაციები და წესები არ ვიცით. ამისთვის დრო ხომ მჭირდება – ხსნარები და სპეციალური ინვენტარი მაინც რომ შევიძინო? ან საერთოდ გაიხსნება კი 7 ივლისს ცენტრები? ვფიქრობ, თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდება. ამ კითხვებით უამრავ სახელმწიფო ინსტანციას მივმართე, მაგრამ არსად პასუხი არ აქვთ: მივმართეთ ბათუმის მუნიციპალურ სამსახურებს, არ დამიტოვებია ბათუმის არც ერთი სამთავრობო უწყება. ვერ მეუბნებიან, როდის მაქვს უფლება გავხსნა ცენტრი, არაფერს მთავაზობენ. ჯანდაცვის სამინისტროს კანცელარიაში კი ამ დროს პირბადის გარეშე სხედან და უაზროდ გამისამართებენ ერთიდან მეორე ადგილზე.

დავუკავშირდი ბიზნესომბუდსმენსაც, საიდანაც ამომწურავ პასუხებს ვიღებდით ყოველთვის. მას შევთავაზეთ, რომ საბავშვო ცენტრების ნაწილს შეგვიძლია გარე სივრცეშიც ჩავატაროთ დაბადების დღეები და გაგვიწიონ ანგარიში, მოგვცენ მუშაობის უფლება, ისევე, როგორც კაფე-რესტორნები ამუშავებენ ღია სივრცეებს“, – ამბობს აკაკი წოწონავა. როგორც თავად ამბობს, ბიზნესომბუდსმენისგან პასუხად მიიღო, რომ პირველივე ქვითრის ამობეჭდვისას, თუკი ცენტრი ამუშავდება, მათ ჯარიმა 15 ათასი ლარი დაერიცხებათ.

გასართობ ცენტრში აკაკი წოწონავას 12 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თუმცა მათ ხელფასს ვეღარ უხდის და ფიქრობს, რომ ცენტრის გახსნის შემთხვევაშიც ზოგიერთი თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს.

ინტერნეტში განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბათუმში ათამდე ბავშვთა გასართობი ცენტრი იძებნება. ახლა ყველა დახურულია. ,,ბათუმელები” 6 გასართობ ცენტრს დაუკავშირდა: ,,გარფილდს” „როიალ ფემილის”,  „მიკის სახლს”, „ბუბუს”,  „ტოპო-ტიპის” და ,,ქენდი ლენდს”. თანამშრომლები ყველა ცენტრმა დაითხოვა მუშაობის შეჩერებისთანავე. გასართობი ცენტრების მეპატრონეთა უმრავლესობა ქირას უხდის ფართობის მეპატრონეებს და საბანკო ვალდებულებები აქვთ. ექვსივე ცენტრის მეპატრონე აცხადებს, რომ პანდემიის გამო ცენტრების დახურვამ მათი ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა უარესობისკენ. ხელისუფლებისგან  ისინი ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის ზუსტ თარიღს და უსაფრთხოების ნორმების დროულად შემუშავებას ითხოვენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 დაკავშირება „ბათუმელებისთვის“ შეუძლებელი აღმოჩნდა – უწყებისთვის გვინდოდა გვეკითხა, როდის იგეგმება ზუსტად ბავშვთა ცენტრების გახსნა ან  მუშავდება თუ არა უსაფრთხოების წესები სპეციალურად ამგვარი ცენტრებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრები ცალკე არ განიხილება და შიდა კვების ობიექტებადაა მოხსენიებული. კვების ობიექტებს კი გარე სივრცის ამუშავების უფლება აქვთ, თუმცა ბავშვთა ცენტრებზე იგივე კოვიდინსტრუქციები არ ვრცელდება, რაც კაფე-ბარებსა და რესტორნებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: