განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

30.06.2020 • 4475
სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს.

„ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. განსაკუთრებით კი პირველ და მეორე კლასებს, რომ ისინი ყოველდღიურად იყვნენ სკოლაში, უფროსკლასელები კი კვირაში რამდენიმე დღით ისწავლიან სკოლის შენობაში“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

მისი თქმით, ამ ვერსიებს განიხილავენ საქართველოს განათლების სამინისტროში და საბოლოო გადაწყვეტილება 20 აგვისტოს უნდა იყოს ცნობილი.

„როცა პედაგოგები ამ დროისთვის დაბრუნდებიან სკოლაში და დაიწყება მუშაობა კონკრეტულ სასწავლო გეგმაზე“, – ამბობს ხაჯიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ის სკოლები, სადაც ორი ცვლაა, ხომ არ დადგებიან გარკვეული სირთულეების წინაშე? მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ ორცვლიანი სკოლებიც იმავე პრინციპით იმუშავებენ, რაზეც საუბარია ამ ორ მოდელში.

აჭარაში სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე დგას სველი წერტილების, წყლით მომარაგების პრობლემა. განათლების მინისტრს ვკითხეთ, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი და როგორ დაეხმარება ასეთ სკოლებს იმისთვის, რომ მათ სექტემბრისთვის შეძლონ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოსწავლეების სკოლის სივრცეში მიღება.

„ეს ინფორმაცია დამუშავებული გვაქვს და ეს არის ის პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს სკოლებში და ამის ერთიანად მოგვარება გაგვიჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმ სკოლების, სადაც სველი წერტილები მოუწესრიგებელია. ამიტომ წელს აქტიურად დავიწყებთ, რომ მაქსიმალურად მეტ სკოლაში მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა“, – ამბობს ხაჯიშვილი. თუმცა მინისტრი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ სკოლების კონკრეტულ რაოდენობას, სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები და სხვა მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

მინისტრის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. „ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის ვიყოთ მზად. თუ ვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ სკოლებში სრულად განვაახლოთ სასწავლო პროცესი, ბუნებრივია უკეთესი იქნება“, – ამბობს ხაჯიშვილი.

მან დღეს განათლების სამინისტროს დებულებაში შესულ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას უზრდის გარკვეული მიმართულებით. ეს გულისხმობს შემდეგს – თუკი საჯარო სკოლის დირექტორი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მიიღებს გაფრთხილებას, აჭარის განათლების სამინისტროს უფლება ექნება, თანამდებობიდან დაითხოვოს სკოლის დირექტორი, ან მიმართოს სამეურვეო საბჭოს მისი დათხოვნის თხოვნით.

ცვლილება შეეხება პარალელურ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრასაც, რაც გულისხმობს გამონაკლისების დაშვებას. ასევე, სარეგისტრაციო ვადების ამოწურვის შემდეგ, „ობიექტური გარემოებების შემთხვევაში“, აჭარის განათლების სამინისტრო უფლებას იტოვებს ჩარიცხოს მოსწავლე საჯარო და კერძო სკოლაში.

მაია ხაჯიშვილი

სამინისტრომ მიიღო დელეგირებული უფლება, რომ გასცეს თანხმობა საათობრივ დატვირთვასთან დაკავშირებით დადგენილ შეზღუდვებზე, კერძოდ, ათ საათზე მეტი საათის მიცემაზე. ეს შეზღუდვა ძირითადად სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის გარკვეულ თანამშრომლებზე  ვრცელდება.

____________________________________

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: