მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს

30.06.2020
ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში სეზონურად სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ბათუმის ბულვარი ხელშეკრულებებს  2020 წლის ნოემბრამდე გაუგრძელებს. ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით მათ ამ სეზონზე მუშაობის გაგრძელებისთვის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ინდმეწარმე და თვითდასაქმებულია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 15 ივნისს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ახალი ხელშეკრულებების დასადებად ელექტრონულ აუქციონზე სუვენირების 30 დახლი გაიტანა, თუმცა აქედან 11 შემთხვევაში აუქციონი  ჩაიშალა, გასხვისდა მხოლოდ 19 დახლი – ამ შემთხვევაშიც მონაწილემ მხოლოდ ერთი ბიჯით გაზარდა საიჯარო თანხა.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოიჯარეებისგან, რომლებიც გასულ წელს ბულვარში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ, მერიამ რამდენიმე კოლექტიური წერილი მიიღო, სადაც მოიჯარეები პანდემიის პირობების გათვალისწინებით გარკვეულ შეღავათებს ითხოვდნენ.

მერიის განმარტებით, ქვეყანაში და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის და ტურისტების მცირე ნაკადის ფონზე გადაწყდა გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება და, შესაბამისად, მოიჯარეებისთვის ამ დრომდე მათ სარგებლობაში არსებული ქონების 2020 წლის ნოემბრამდე პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა.

ყოველ წელს ბულვარში მუშაობის გასაგრძელებლად აუქციონებში ძირითადად ერთი და იგივე პირები მონაწილეობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: