მთავარი,სიახლეები

თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

25.06.2020
თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ის პირები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველ დღე გადადიოდნენ საზღვარზე და, ასევე თურქეთში სეზონურად დასაქმებულები, მიიღებენ კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საბოლოო, ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, თუმცა მისთვის ცნობილია, საკითხმა ყველა ეტაპი გაიარა:

„საკითხი დაძრულია. როგორც იცით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შევედით ჩვენ ინიციატივით და ისინი შევიდნენ მთავრობაში ინიციატივით. როგორც ვიცი, ყველა ეტაპი გაიარა და დააანონსებს ალბათ პრემიერი. რამდენიმე ეტაპზე ჩვენც ვიყავით ჩართული კრიტერიუმების შემუშავებაში, რადგან ეს მხოლოდ აჭარიდან გადასულებს არ შეეხება, ჩვენ მივაწოდეთ აჭარის ნაწილზე ინფორმაცია.

… ორ ვარიანტზე იყო საუბარი, ერთი ყოველდღიურ დასაქმებულებზე, ვინც ყოველ დღე კვეთდა საზღვარს და მუშაობდა და სეზონურად დასაქმებულები – ვინც გადადიოდა ერთი თვით და მეტი პერიოდით სამუშაოდ. მე როგორც დამიდასტურეს, ორივე ვარიანტი იქნა გათვალისწინებული,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, აჭარაში ასეთი დაახლოებით 30 ათასი ადამიანია.

დღესვე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბენეფიციართა წრე ფართოვდება და კომპენსაციას მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე.

საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. საზღვარს პანდემიამდე ასობით ადამიანი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებსა და მომსახურების სფეროში მუშაობდნენ, ასევე, სეზონზე ჩაის კრეფდნენ.

კომპენსაციის მოთხოვნით თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: