მთავარი,სიახლეები

საკრებულოს პასიური წევრი „ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა

01.07.2020 • 2958
საკრებულოს პასიური წევრი „ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა

„საკრებულოში მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი ხელისუფლებას,“ – ასე ახსნა თემურ კახიძემ თავისი სიჩუმე ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში. ის 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრია და ბოლოს ბათუმის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს, პირველ ივლისს, თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბრიფინგზე შეიკრიბებოდნენ,   „ქართულმა ოცნებამ“  განცხადების გავრცელება მოასწრო, თემურ კახიძე გავრიცხეთ პარტიიდანო. პარტიიდან გარიცხვის მიზეზი სულიკო თებიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებთან“ ასე ახსნა:

„კი, ასეა, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ჰქონდა მოლაპარაკებები… დანარჩენი „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰკითხეთ, არ ვიცი, მე ყველას თავმჯდომარე ვარ,“ – გვითხრა სულიკო თებიძემ.

„გუშინ ღამით აწრიალდნენ, მაგრამ როცა ნახეს, რომ ბატონი თემური იყო პრინციპული, ძირდამპალი ხელისუფლების კლასიკურ-ქრესტომათიული ჟანრის მიხედვით იმოქმედეს – ბატონი თემური დილაადრიან გარიცხეს ფრაქციიდან…“ – აღნიშნა ბრიფინგზე გიგი უგულავამ.

ბრიფინგზე თემურ კახიძემ თქვა, რომ „ოცნებიდან“ წამოსვლის მთავარი მიზეზი ქვეყნის დინამიკა იყო და მას საუბარი მმართველ პოლიტიკურ გუნდთან პოლიტიკურ მომავალზე არ ჰქონია, ანუ იმაზე, თუ რა თანამდებობა ექნებოდა მას არჩევნების შემდეგ.

თემურ კახიძეს შევახსენეთ, რომ 8 წლის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ისეთ პროექტებსაც უჭერდა მხარს, რაზეც საზოგადოებას პროტესტი ჰქონდა. თემურ კახიძემ სამოქალაქო აქტივისტებს დღევანდელ ბრიფინგზე „პროტესტანტები“ უწოდა და თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ რიგებიდანაც მხარს დაუჭერს, მაგალითად, ისეთ პროექტს, როგორიც „ბათუმის რივიერაა“. ბათუმის სანაპიროზე რამდენიმე ცათამბჯენის აშენება თემურ კახიძეს „ქალაქის განვითარებად“ მიაჩნია.

„…რივიერას „ევროპული საქართველოს“ რიგებიდანაც მხარს დავუჭერ, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკურ ელფერს არ ვძენ არანაირ ინვესტიციას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის და ქვეყნის განვითარება… მე ტელევიზიაში უკვე ვისაუბრე, რატომ ვუჭერ მხარს ან არ ვეთანხმები ამ პროტესტანტებს… ყველას გვაქვს უფლება, რაღაცაში დავეთანხმოთ და რაღაცაში არ დავეთანხმოთ,“ – თქვა თემურ კახიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბულვარში დაგეგმილ „ამბასადორ ბათუმის“ პროექტს მან უმრავლესობაში ყოფნის დროს მხარი არ დაუჭირა.

რატომ აღმოჩნდა თემურ კახიძე საინტერესო კადრი „ევროპული საქართველოსთვის“? – კითხვაზე ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ გვიპასუხა, რომ ეს „საერთო ღირებულებებია“ და თემურ კახიძე კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა. ამ პოლიტიკურ ძალასთან კი „ევროპული საქართველო“ ბოლო წლებია თანამშრომლობს.

თემურ კახიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ 2016 წელს დატოვა. 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, თემურ კახიძე  ბათუმის საკრებულოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ  სიაში იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: