მთავარი,სიახლეები

როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე  

30.06.2020 • 11142
როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე  

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოეთში თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ასობით მოქალაქე აცხადებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა „ბათუმელებს“ – ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებაში დახმარებას ითხოვენ და აქვთ სხვა კითხვებიც, რომლებიც კომპენსაციის მიღებას უკავშირდება.

„ბათუმელებმა“ მოქალაქეებისგან ორი დღის განმავლობაში შემოსული ყველა კითხვა დაუსვა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

ნახეთ მოქალაქეების კითხვებზე სააგენტოს პასუხები:

ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ აქვთ სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაციის პრობლემა.

  • პორტალზე იყო ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ძირითადად აღმოიფხვრა. სპეციალისტები ამ კუთხით მუშაობენ.

ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ დახმარებისთვის, თუ ვერ ახერხებს დარეგისტრირებას?

  • უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებს ან დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, კითხვების არსებობის შემთხვევაში.

ეკუთვნის თუ არა კომპენსაცია პირს, რომელიც 30 დღე [ან, ვთქვათ, 40, 60 დღე] იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არა 120 დღე სრულად [მაგალითად, მუშაობდა თურქეთში მაღაზიაში და თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ კვეთდა საზღვარს]?

  • კი, ეკუთვნის და აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) კომპენსაციის მიმღებ პირად 15 ივლისამდე.

ეკუთვნის თუ არა კომპენსაცია პირს, ვინც 2019 წელს იყო საზღვარგარეთ მთელი წელი, იქ მუშაობდა და პანდემიის გამო დაბრუნდა საქართველოში 2020 წელს? ან, ვთქვათ, 6 თვე მუშაობდა რომელიმე უცხო ქვეყანაში?

  • სახელმწიფო ეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ. კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა წრე გაფართოვდება სწორედ იმ დასაქმებულებით, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ. აღნიშნულ კატეგორიაზე გაიცემა დახმარება, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, კომპენსაციის მიმღებ პირებად არ არიან მიჩნეულნი და მათზე კომპენსაციის გაცემა არ არის გათვალისწინებული.

რეგისტრაციის დროს მოქალაქემ აუცილებლად საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი უნდა მიუთითოს? შეიძლება თუ არა სხვისი ანგარიშის მითითება?

  • უნდა მიუთითოს აუცილებლად საკუთარი საბანკო ანგარიში.

მოქალაქეს რეგისტრაციისთვის სჭირდება თუ არა რაიმე დოკუმენტის ასლის ატვირთვა ან სხვა რაიმე ცნობის, თუნდაც საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან?

  • ჯანდაცვის სარეგისტაციო პორტალზე დარეგისტრირებისას, მოქალაქეს დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ ესაჭიროება, მხოლოდ პირადი საბანკო ანგარიში უნდა მიუთითოს. ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსებისას მოქალაქე ადასტურებს, რომ თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ პროგრამამ დამატებით რაიმე ცნობის ატვირთვა მოითხოვა, მოქალაქეს შეუძლია, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი ატვირთოს, რომ პროგრამამ გააგრძელოს მუშაობა და მომდევნო ეტაპზე გადავიდეს.

300 ლარის კომპენსაციის მიღება იმოქმედებს თუ არა სოციალურ დახმარებებზე [ამის გამო ხომ არ შეუწყდებათ დახმარება]?

  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციის მიღება სოციალურ დახმარების მიღებაზე არ აისახება. მოქალაქე აიღებს კომპენსაციასაც და სოციალურ დახმარებასაც – თუ ის ფულადი სოციალური დახმარების მიმღებია.

ვისაც საბანკო ანგარიშები დაყადაღებული აქვს, ის ასეთ ანგარიშზე დარიცხულ კომპენსაციას აიღებს თუ ვერა? როგორ უნდა მოიქცეს?

  • სახელმწიფოს მხრიდან დადებული ინკასოები არ იქნება შემაფერხებელი გარემოება კომპენსაციის მისაღებად. სხვა მიზეზით დაყადაღებული კი, ჩვენს კომპეტანციას სცილდება.

ვინც გასულ წელს თურქეთში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად დასაქმებულია საქართველოში – ასეთი კატეგორია მიიღებს კომპენსაციას?

  • აღნიშნული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სარეგისტრაციო პორტალზე – მათ განცხადებას განიხილავს და იმსჯელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მიიღებს.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

[checklist]

  • საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და
  • 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120  კალენდარული დღის ჩათვლით.

[/checklist]

ასეთ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად.

მთავრობის დადგენილებით, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირების ბოლო ვადა 2020 წლის 15 ივლისია.

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

რაც შეეხება იმ კატეგორიის თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ მუშაობდნენ საზღვარგარეთ და მუშაობდნენ საქართველოში, მათთვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 30 ივნისს იწურება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, „2020 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა უკვე მიიღო 300- ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.“

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/286328/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: