მთავარი,სიახლეები

ჩემი სახელია მეისუნი – სუდანელი ქალის ცხოვრება ბათუმში

02.07.2020 • 6339
ჩემი სახელია მეისუნი –  სუდანელი ქალის ცხოვრება ბათუმში

ჩემი სახელია მეისუნ ალტაჰერ ავდალა. 41 წლის ვარ. სამი შვილის დედა სუდანიდან.  რვა წელია საქართველოში ვარ, აქედან 2 წელი თბილისში ვიცხოვრე, ბათუმში კი მეექვსე წელია, რაც ვცხოვრობთ.

საქართველოში ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ. როგორ აგიხსნათ, მე ვერ ვგრძნობ, რომ უცხოელი ვარ აქ. მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ და აქ იცხოვრონ. ჩემი და ცხოვრობს ჰოლანდიაში. მითხრა ჩამოდიო. იქ მეტი ფულია,  შრომის მეტი ანაზღაურება, მაგრამ ფული ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მე არ შემიძლია ამ გარემოსთან განშორება.

ბავშვობა და ცხოვრების 20 წელი საუდის არაბეთში გავატარე. მამაჩემი მუშაობდა იქ. ბედნიერი ცხოვრება მქონდა. შემდეგ საცხოვრებლად სამშობლოში, სუდანში დავბრუნდი და უნივერსიტეტი იქ დავამთავრე. ფიზიკა-მათემატიკის მაგისტრი ვარ. შემდეგ გავთხოვდი და საცხოვრებლად ეგვიპტეში წავედით. მერე ისევ სუდანში დავბრუნდით. დედაქალაქში ვცხოვრობდით – ხარტუმში. ჩემს ქმარსაც კარგი განათლება აქვს – ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2010 წელს მივხვდით, რომ სუდანი უნდა დაგვეტოვებინა.

ჩემს ქვეყანას 30 წელი მართავდა კაცი (ომარ ალ-ბაშირი, სუდანის პრეზიდენტი 1989-2019 წლებში), რომელმაც ქვეყანაში მოსპო განსხვავებული აზრი. ადრე, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ჩემი ქვეყანა კარგი ქვეყანა იყო. სუდანი ყველაზე დიდია აფრიკის კონტინენტზე და თან რესურსებით მდიდარი. ორი დიდი მდინარე გვაქვს – თეთრი ნილოსი და ლურჯი ნილოსი. მიწათმოქმედებისთვის საუკეთესო პირობებია ჩემს ქვეყანაში.  მაგრამ რეჟიმის 30-წლიანმა მმართველობამ ყველაფერი შეცვალა, ყველაფერი გაფუჭდა.

სუდანში ცხოვრება ასეთია – თუ ხელისუფლების მხარეს ხარ, ყველაფერი კარგად გაქვს, თუ არა და – იდევნები. საჭირო არაა პოლიტიკურ მოძრაობაში იყო ჩართული, უბრალოდ, არ მოგწონს ხელისუფლება და განსხვავებული აზრი გაქვს? – უკვე მიუღებელი ხარ მათთვის.

მაისუნ ალტაჰერ ავდალა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

2010 წელს ჩემს ქმარს, ფაკირ აბდინს, მისი იდეების გამო ქონებაც ჩამოართვეს. სამსახურს ვერ პოულობდა. ძნელი გახდა სუდანში ცხოვრება. პოლიტიკოსი არ ყოფილა ფაკირი. არც ოპოზიციაში.  უბრალოდ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და ეს მისი აზრები მიუღებელი იყო სუდანის მთავრობისთვის.

გადაწყვეტილება მივიღეთ და სუდანი დავტოვეთ. მალაიზიაში წავედით. ჩემი უმცროსი გოგო ნუნი, სუდანიდან რომ წამოვედი, მხოლოდ ერთი კვირის იყო. ნურანი და მუჰამედიც პატარები იყვნენ. მალაიზიაში დიდხანს ვერ გავჩერდით. თავიდან ძალიან გვიჭირდა, მერე სამსახურიც ვიშოვე, თითქოს ყველაფერი კარგად გვქონდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. მათთვის არავინ ვიყავით, უცხოელები ვიყავით და მორჩა.

ნუნი აბდინი

რატომ საქართველო?

თავიდან ბევრი არაფერი ვიცოდით საქართველოზე. უბრალოდ, უვიზოდ შეგვეძლო შემოსვლა და როცა ვეძებდით ქვეყანას, სად შეიძლებოდა წავსულიყავით, ამიტომ ავირჩიეთ საქართველო. ძალიან კარგად მიგვიღო ამ ქვეყანამ. ყველა ღიმილიანი და კეთილი იყო ჩვენ მიმართ. მახსოვს, თავიდან ენა რომ არ ვიცოდი, მაღაზიაში მე და გამყიდველი მაინც ყველაფერს  ვაგებინებდით ერთმანეთს. პირველი დღიდან მივხვდი, რომ აქ ის ხალხი იყო, ვისთან ცხოვრებაც მინდოდა. ყველგან გვიღიმოდნენ. კარგად მიგვიღეს.

ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე მარტყოფში ვცხოვრობდით. იქ ძალიან მაგარი ქალი, მაგარი მასწავლებელი მყავდა – ქეთი. სამწუხაროდ, მისი გვარი აღარ მახსოვს. მისი დახმარებით ვისწავლე ენა.

თავიდან ქართულად წერა ჩემთვის იყო ზღაპარი. უფრო ხატვას ჰგავს ქართულ ენაზე წერა, მაგრამ ვიცოდი, რომ საქართველოში ცხოვრება თუ მინდოდა, ქართული უნდა მესწავლა ძალიან კარგად. ღამეებს ვათენებდი და ვსწავლობდი. მერე ბავშვები სკოლაში რომ შევიდნენ, უფრო გამიადვილდა.

მახსოვს, პირველი ოქროს სიტყვები, რომელიც ქართულად ვისწავლე იყო „მადლობა“, „როგორ  ხარ?“…

მარტყოფიდან თბილისში  გადავედით. იქ ცხოვრების პერიოდში ბევრი ბინა გამოვიცვალეთ უფულობის გამო.

თბილისი სხვანაირი  ქალაქია, სხვა გარემოა. სხვანაირი ხალხი ცხოვრობს. მარტო ვცხოვრობდით. ხალხთან ურთიერთობები ვერ ავაწყვე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/2699664026983880/

იმდენად არ ვიყავი კარგად, ვიფიქრე, მოდი, წავალ თურქეთში ჩემს ოჯახთან ერთად…  თითქოს აღარ მინდოდა საქართველოში ცხოვრება. არავინ მყავდა თბილისში, სულ მარტო ვიყავი, ამიტომ ჩამოვედით ბათუმში.

მაგრამ ბათუმში კარგი ადამიანები გავიცანი და დარჩენა გადავწყვიტე. ბათუმში გადმოსვლის პირველი ეტაპი ყველაზე რთული იყო. არაფერი არ გვქონდა საერთოდ. აღარც ფული. აღარც ტანსაცმელი.

მაგრამ აქ დაგვხვდნენ კარგი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გადაგვატანინეს.

მახსოვს, როცა ბათუმში გადმოვედით, ერთხელ, 10 დღე არ გვქონდა შუქი, რადგან გადასახადი ვერ გადავიხადეთ. აფხაზეთის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში გვქონდა ნაქირავები ბინა მაშინ. მეზობლებმა გაიგეს, ფული შეაგროვეს და შუქის ფული გადაგვიხადეს. გვითხრეს, როგორ შეიძლება, აქ, ჩვენ გვერდით ცხოვრობდეთ და შუქი არ გქონდეთო. ამის შემდეგ ეს ქვეყანა შემიყვარდა ძალიან.

ჩემი ნათესავები სუდანში ცხოვრობენ. პირველი ორი წელი რთული იყო მათთვის. გამუდმებით აკითხავდა პოლიცია და ჩვენ შესახებ ეკითხებოდა. სად არიან? რატომ წავიდნენ? ძალიან რთული იყო მათთვისაც და ჩვენთვისაც. თან მაშინ ინტერნეტით საუბარი ასე ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა უფასოდ შეგვიძლია დავრეკოთ, დავინახოთ. კონტაქტი უფრო გაადვილდა.

ბათუმში საქართველო თავიდან აღმოვაჩინე. ჩემი შვილები 13 წლის ნურანი, 11 წლის მუჰამედი და 9 წლის ნუნი მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ბავშვები სახლში თამაშობენ ქართულად, ჩხუბობენ ქართულად, სწავლობენ ქართულ სკოლაში და იღებენ ქართულ განათლებას. არაბულს ვასწავლი, რადგან მათი მშობლიური ენაა და უნდა იცოდნენ. სულ ქართველ თანატოლებთან აქვთ ურთიერთობა.

ჩემი სახლი სულ სავსეა ბავშვებით. მიხარია, რომ კარგი მეგობრები ჰყავთ. მთელ დღეს მათთან ატარებენ. ყველაზე ხშირად ჩემი შვილების ნახვა ფეხბურთის სათამაშო მოედანზე შეიძლება. სულ მეგობრებთან უნდათ ყოფნა.

მუჰამედ და ნუნი აბდინები მეგობრებთან ერთად ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ქართული სახელმწიფო გვეხმარება. ლტოლვილთა სამინისტროსგან თვეში 45 ლარი გვაქვს ოჯახის თითო წევრს. 225 ლარი გამოგვდის თვეში.

სხვაგან წასვლა არ მინდა. სულ მინდა აქ ვცხოვრობდე. მე მინდა საქართველოში გაიზარდონ ჩემი შვილები. კი, ჩვენ მუსლიმები ვართ და ქვეყანა ქრისტიანულია, მაგრამ მე განსხვავებას ვერ ვგრძნობ. აქ სხვანაირი ხალხია. ერთმანეთის პატივისცემა იციან. სხვაგან არ წავალ.

ფარიკ აბდინი

შვილების უსაფრთხო  ქვეყანაში გაზრდა – ეს იყო მთავარი, როცა მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში საბოლოოდ დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ. ხანდახან გვიანობამდე მიწევს მუშაობა. ამ დროს ბავშვები სახლში მარტო არიან და მე არ მეშინია, რომ ჩემს შვილებს მარტო ვტოვებ სახლში. მსგავსი რამ სუდანში წარმოუდგენელია. ძალიან კარგი მეზობლები მყავს და აქ თავს დაცულად ვგრძნობ.

სუდანში წასვლის საშუალება რომ იყოს, წავალ ორი-სამი დღით, მაგრამ დავბრუნდები ისევ საქართველოში.

მართალია, ახლა სუდანში ახალი პრეზიდენტი გვყავს, მაგრამ სულ ერთი წელია, რაც თანამდებობაზეა. მანამდე 30 წელი ქვეყანა არასწორად იმართებოდა რეჟიმის მიერ. ერთ წელში რთულია რაიმეს ძირეულად შეცვლა.

რას ვსაქმიანობ?

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ენის სწავლის პარალელურად სამსახურის ძებნა დავიწყე. დასაქმების სააგენტოში ვიყავი. ქართული არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვუთხარი, რომ ძალიან მჭირდებოდა სამსახური. მანამ, სანამ სამსახურს ვიპოვიდი, ორი წლის განმავლობაში სახლში ბავშვებს ვამეცადინებდი ინგლისურში. ორი წლის მერე დამირეკეს დასაქმების სააგენტოდან და გამოჩნდა ის საქმე, სადაც ახლა ვმუშაობ – თბილისის ბიზნესცენტრში თარჯიმანი ვარ.

არაბული ჩემი მშობლიური ენაა. ვიცი ინგლისური, ფრანგული, ქართული და ვსწავლობ რუსულს. ხშირად მეძახიან სასამართლოში, პოლიციაში, თარჯიმნად. ახლა მართლა კარგად ვარ.

ახლა თავად შემიძლია ვიზრუნო ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში, მძიმე მდგომარეობაში მყოფს დამეხმარნენ.

ახლა  ჩემს სახლში ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი, თავის მეუღლესთან ერთად. ის ერთ-ერთი პირველი ქართველია, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა ბათუმში გავიცანით.

ახალი გადმოსულები ვიყავით ბათუმში. ახალი წლის შემდეგი დღეები იყო. გვიან დავრჩი ქუჩაში ბავშვებთან ერთად. ავტობუსის ფული მქონდა მხოლოდ, ტაქსის არა.  ძალიან გვიანი იყო და ავტობუსები აღარ მუშაობდა.

რომ დამინახა ბავშვებთან ერთად, სახლში მიყვანა შემომთავაზა. ამ სიცივეში ცოდო ხარო. უფასოდ წაგვიყვანა სახლში. შემდეგ ეს ტაქსისტი მოვძებნე, ფული მივეცი და მის ცოლთან ერთად დავპატიჟე სტუმრად. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და დღეს ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. პანდემიის გამო ეს კაციც და მისი ცოლიც უმუშევარი დარჩნენ. ქირით ცხოვრობდნენ და ფული ვერ გადაიხადეს. მე მათ ჩემი სახლის კარი გავუღე.

წლების მანძილზე ბათუმის სათნოების სახლში მოხალისეობრივად ვმუშაობდი. ახლა  მეგობართან ერთად ვაპირებ მოხუცთა თავშესაფარი გავხსნა. ამისთვის  ფინანსებს ვეძებ. დაფინანსების მოსაპოვებლად საუდის არაბეთის და ყატარის საელჩოებსაც კი მივმართე. თუმცა, ჯერჯერობით, საჭირო  თანხა არ მაქვს. პანდემია დაემთხვა და ამან შეგვიშალა ხელი.

შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ საქართველოში ცხოვრების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველ დღე, როდესაც ფანჯარას ვაღებ და ჩემი მეზობლები მეუბნებიან – „გამარჯობა, როგორ ხარ?“ ვხვდები, რომ აქ მინდა მხოლოდ ცხოვრება და არსად სხვაგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: