მთავარი,სიახლეები

ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება

30.06.2020 • 2097
ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება

ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ.

2020 წლის თებერვალში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ  დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებოდათ ეს თუ არა.

ლაშა კომახიძე იმედოვნებდა, რომ ფასების გაზრდა ობიექტების მესაკუთრეებს მომავალში ამ სივრცეების ზომიერად ათვისების სურვილს გაუჩენდა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პანდემიის პირობებში, ღია სივრცეების მაქსიმალურად ათვისებაა სასურველი.

გარევაჭრობის საფასურის გაზრდაზე მერიის ინიციატივა საკრებულომ თებერვალში დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, საზოგადოებრივი სივრცის გარევაჭრობისთვის გამოყენების მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე ზონების მიხედვით გადანაწილდა – პირველი ქვეზონისთვის 40 ლარით, მეორე ზონისთვის – 30, მესამე ზონისთვის კი 20 ლარით განისაზღვრა.

ამჯერად შიდა ტურიზმის წახალისებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ღია სივრცეების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა – გარევაჭრობის გადასახადს არც ძველი ტარიფით აღარ გადაიხდიან: მერია იჯარის წესის შესაბამისად, სარგებლობის წლიურ საფასურზე შეუთანხმდება კომერციული ობიექტების მესაკუთრეებს.

გარდა ამის, მერიას დაევალა, უახლოეს პერიოდში მოამზადოს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი ბათუმში და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს.

 

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: