კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

22.08.2019 • 2568
„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“.

გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. მან თქვა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ბათუმელების  დასაქმებას.

საკითხს მხარი დაუჭირეს ასევე თავმჯდომარის მოადგილეებმა –  თამაზ სალუქვაძემ და ლაშა სირაბიძემ.  პროექტის სასარგებლოდ ხელი აწია ასევე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ. მან თქვა, რომ ეს მხოლოდ გენგეგმაა და პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხები მერიამ უნდა განიხილოს მას შემდეგ, რაც კომპანია მას სამშენებლო პროექტით მიმართავს.

პროექტს მხარი დაუჭირეს, ასევე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ კახიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა მგელაძემ, საფინანსო ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ნაკაიძემ. კენჭისყრამდე ზურაბ ნაკაიძემ  განაცხადა, რომ მოუწოდებს მერიას, დეტალურად გაიაროს ის საკითხები, რის გამოც მოქალაქეები პროექტს ეწინააღმდეგებიან.

საკითხს მხარი დაუჭირეს, ასევე, საკრებულოს წევრებმა: ელგუჯა ანდრიაძემ, ირაკლი თოფურიძემ, ნერიმან ცინცაძემ, ნატალია ძიძიგურმა, მიხეილ ართმელაძემ, ბესარიონ გოგოტიშვილმა, ანზორ დევაძემ, დავით მახარაძემ და თამაზ დევაძემ. სხდომას არ ესწრებოდნენ: დიმიტრი ჭეიშვილი და ომარ მახარაძე უმრავლესობიდან, მირდატ ქამადაძე და  ლევან ანთაძე ოპოზიციიდან.

მოქალაქეები საკრებულოში საკრებულოს წევრებს მოუწოდებდნენ არ დაეჭირათ მხარი „რივიერას“ გეგმისთვის, მაგრამ მათ არ მოუსმინეს.

დღეს, 22 აგვისტოს, ცხარე დებატების შემდეგ, ბათუმის საკრებულომ შპს „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ამის შემდეგ კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიაში კონკრეტული შენობის პროექტი უნდა წარადგინოს. როგორც უკვე ცნობილია, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბათუმი რივიერა“ ხუთი თაუერის მშენებლობას და ხელოვნური ლაგუნას მოწყობას გეგმავს.

„რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან, პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვენ, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვა მერიამ არ გასცეს. მოქალაქეებმა ოფიციალური წერილითაც მიმართეს მერს, ამ წერილს ხელს 650 ადამიანი აწერს.

„რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებსა და საზოგადოება „ბათომს“ ორი ძირითადი არგუმენტი აქვს, ეს არის ტერიტორიის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და ასევე კონცხის მდგრადობა. საქმე იმაშია, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, კომპანია კი ამტკიცებს, რომ ხელში უჭირავს კვალიფიციური კომპანიების დასკვნები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

პოლემიკა გამოიწვია იმანაც, რომ კომპანია არ ამზადებს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. როგორც განმარტეს, კანონი შესაბამის დოკუმენტს ითხოვს მხოლოდ მაშინ, თუ სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორია 10 ჰექტარზე მეტია. „ბათუმი რივიერა“ 6+2 ჰექტარზე აპირებს პროექტის განხორციელებას.

სპეციალისტების განცხადებით, ტერიტორია სპეციფიკურია იმ თვალსაზრისით, რომ კონცხთან ახლოს კანიონია, რომელთანაც მდინარე ჭოროხიდან შემოტანილი ნატანი გროვდება. ამ ნატანის ოდენობა კი, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს ათ წელზე მეტია არ შეუსწავლიათ.

1999 წელს კანიონთან დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონით გამოწვეულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეები, რომლებიც კონცხზე მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.

წინააღმდეგობისა და ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, დღეს „ბათუმი რივიერას“ გეგმას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულოს 17-მა წევრმა ქართული ოცნებიდან:

  • სულიკო თებიძე – საკრებულოს თავმჯდომარე
  • თამაზ სალუქვაძე – თავმჯდომარის მოადგილე
  • ლაშა სირაბიძე – თავმჯდომარის მოადგილე
  • ნატალია ზოიძე
  • თემურ კახიძე
  • ირაკლი პატარიძე
  • გოჩა მგელაძე
  • ზურაბ ნაკაიძე
  • ელგუჯა ანდრიაძე
  • ირაკლი თოფურიძე
  • ნერიმან ცინცაძე
  • ნატალია ძიძიგური
  • მიხეილ ართმელაძე
  • ბესარიონ გოგოტიშვილი
  • ანზორ დევაძე
  • დავით მახარაძე
  • თამაზ დევაძე

ამავე თემაზე: საკრებულოს სხდომა – ვიდეო

ბათუმის საკრებულო განიხილავს შპს ,,რივიერა ბათუმის,, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხს.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ხუთშაბათი, 22 აგვისტო, 2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: