ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები.
მწვანე სივრცე, გარდა იმისა, რომ ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს, აქტიური ფიზიკური ცხოვრების საშუალებასაც იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უმოქმედო ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტიურობის ჩვევის უქონლობით მსოფლიოში 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება წელიწადში.
ქალაქში ყველა მცხოვრებს თავისი წილი მწვანე სივრცე აქვს, სხვაგვარად რომ ვთქვათ არსებობს მსოფლიო ინდიკატორი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობისა და მწვანე სივრცის თანაფარდობას ადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ2 მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს. ეს სივრცე ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ყოველ 10, 15 წუთიან ფეხით სავალ მონაკვეთზე სკვერი, ბაღი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონა უნდა გხვდებოდეთ.
ევროპის ქალაქებში მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის თანაფარდობა სასურველზე გაცილებით მაღალიცაა: რიგაში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 113 მ2 მწვანე საფარი მოდის, სტოკჰოლმში 86 მ2 , ოსლოში – 52 მ2 , ამსტერდამში – 33 მ2 , ლონდონში – 153 მ2, ხოლო კოპენჰაგენში – 28 მ2.
სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიშის [უფლება სუფთა ჰაერზე – ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში] მიხედვით, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ განსაზღვრულა. ქუთაისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8 მ2 -ია, თუმცა შესაბამისი სტანდარტის არარსებობის გამო, ზუსტი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ბათუმსა და რუსთავში მწვანე საფარსა და მოსახლეობას შორის თანაფარდობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5-6 მ2-ია თუმცა, მუნიციპალიტეტებში არ არის დამტკიცებული კოეფიციენტის მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი.
დემოკრატიულ ქვეყნებში კანონები და ქალაქდაგეგმარება დემოკრატიული, ღია საზოგადოების პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც ერთმანეთის პატივისცემას, მათ შორის ერთმანეთის სივრცის პატივისცემას გულისხმობს.
მშენებლობებს არეგულირებს სხვადასხვა ტიპის დემოკრატიული პრინციპები და საზოგადოების ინტერესების დამცველი ინსტრუმენტები – რადგან ქალაქი ეკუთვნის საზოგადოებას და არავის საკუთრებაა.
არქიტექტორი და ქალქამგეგმარებელი ირაკლი ჟვანია საქართველოში სწრაფად ათვისებული თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისბალანსზე საუბრობს: „პრობლემას საქართველოში ქმნის ის, რომ ავითვისეთ თავისუფალი ბაზრის პრინციპები, მაგრამ არ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია, რაც ქმნის დისბალანსს, შედეგად კი მიწის მესაკუთრეს ჰგონია ნაკვეთზე შეუძლია ააშენოს ის, რაც სურს, საზოგადოების და იმ ადამიანების აზრის გაუთვალისწინებლად, რომელთა ცხოვრებაზეც პირდაპირ ახდენს გავლენას მშენებლობა.
ნებისმიერ შეზღუდვაზე, რასაც მენაშენეებს ვუყენებთ საკუთარი ჯანმრთელობის და გარემოს დასაცავად, მათ აქვთ პრეტენზია, რომ ბიზნესში უშლიან ხელს, ზღუდავენ, რომ მათ შეაქვთ ბიუჯეტში ყველაზე მეტი ფული და ა.შ.
ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ, რომლებიც ჩვენივე ჯანმრთელობის და გარემოს დეგრადაციის ხარჯზე სულ და უფრო მეტ მოგებაზე ფიქრობენ“, – ამბობს ირაკლი ჟვანია.
K3 – ასე ჰქვია საკანონმდებლო ენაზე ერთი შეხედვით ისეთ თავისთავად რამეს, რასაც დასვენებას, ჟანგბადს, ჰაერს და განტვირთვას ვეძახით. K3 სიმწვანის კოეფიციენტია, რომლის მიხედვითაც მშენებელმა კომპანიამ ათვისებული ფართობის საშუალოდ 10 % უნდა გაამწვანოს. ამ სივრცეში უნდა შეგეძლოთ სუფთა, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის სუნთქვა და დასვენება. ხარისხიანი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსურნე რიგითი მოქალაქისთვის K3 სწორედ ეს კოეფიციენტია, მენაშენეებისთვის კი სკვერი ხშირად ყრუ კედელთან მოვალეობის მოხდის მიზნით დარგულ 3, 4 პალმას ნიშნავს ან სულაც არაფერს. ბათუმის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემისას მწვანე სივრცის მოწყობა ყოველთვის გათვალისწინებულია, მაგრამ ხშირად არაფერი ეწყობა და ამისთვის არც არავინ ჯარიმდება.
ორი საუკუნის განმავლობაში მწყობრად ნაშენებ ბათუმს, 21-ე საუკუნეში აღარ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც მენაშენეებს სრულ თავისუფლებას აძლევს. 2019 წლის 3 დეკემბერს ამოქმედდა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ახალი კოდექსი, მაგრამ ირაკლი ჟვანია მიიჩნევს, რომ კოდექსი ვერ მოაგვარებს ძირითად პრობლემებს, რადგან კოდექსის გარდა ყველა ქალაქსა და დასახლებას სჭირდება სპეციფიკის მიხედვით შედგენილი ქალაქდაგეგმარებითი დოკუმენტი – გენერალური გეგმა ან უფრო დეტალური, ლოკალური გეგმები სხვადასხვა არეალებისთვის.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ ბათუმი დააზარალა ძირითადი მახასიათებლების სრულმა უგულვებელყოფამ, ქაოტურმა მშენებლობებმა, სამშენებლო კოეფიციენტის უკონტრლო მატებამ და მიდგომამ „ავაშენებ სადაც მინდა და რასაც მინდა”.
საქართველოს ძირითადი საზღვაო კურორტი, ბათუმი, აღარ ჰგავს სივრცეს, სადაც ადამიანი შეძლებს განტვირთვას, დასვენებას, ხმაურიანი მეგაპოლისისგან განრიდებას:
საჯარო სივრცეები, გამწვანებული ტერიტორიები დიდად განსაზღვრავს ქალაქის, უბნის, კვარტლის სიჯანსაღეს, ცხოვრების ხარისხს. მენაშენემ, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოგებაზეა ორიენტირებული მწვანე სივრცე შეიძლება დაკარგულ ტერიტორიად მიიჩნიოს, რადგან აქ მას ახალი ფართობის აშენება და შესაბამისად მეტი მოგების მიღება შეუძია, უმეტესწილად ასეც ხდება. სწორედ ამის აღსაკვეთადაა საჭირო სახელმწიფო რეგულაციები, რომ ასე არ მოხდეს და მშენებლობამ არ დააზარალოს ქალაქი.
რეგულაციები იმდენად ხშირად ირღვევა, რომ ქაოტური, უკონტროლო, დაუგეგმავი ქალაქმშნებლობა პრაქტიკულად “რეგულაციად” იქცა. სამწუხაროდ, ბათუმში დაწესებულ სამშენებლო კოეფიციენტებს, რაც ქალაქის მართებულ განვითრებას უზრუნველყოფს, იგივე ბედი ეწიათ. გადამეტება არა გამონაკლისად, არამედ სტანდარტად იქცა. ასე წამოიქმნა ე.წ. ახალი ბათუმი, „არქიტექტურული ჯუნგლები” – როგორც მას ხშირად უწოდებენ. ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ, არავის მოსწონს, თუმცა მიდგომები არ იცვლება. ზუსტად ვიცით – გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მავნებლობას მაინც ვაგრძელებთ.
არსებობს ტერმინი ურბიციდი, რაც ქალაქზე ძალადობას ნიშნავს. გამოიყენებენ ქალაქის არასწორი განვითარების აღსანიშნად. ეს კი შეიძლება მოხდეს მისი სოციალური, არქიტექტურული, ურბანული, კულტურული მახასიათებლების განადგურებით. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, მისი განვითარება გარდაუვალია, თუმცა რაც ბათუმის თავს ხდება, ეს არ არის განვითარება, ეს ურბიციდია. პირდაპირი თარგმანით ურბიციდი თვითმკვლელ ქალაქს ნიშნავს. ბათუმი დღეს თავს იკლავს. ალბათ მართებული იქნება ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მას ვკლავთ, ვანადგურებთ და „განვითარების” სახელით ვაშენებთ, ზუსტად არ ვიცით რას, თუმცა რაღაც მახინჯს და არაჯანსაღს – ამბობს თამარ ამაშუკელი.
2019 წლის 3 დეკემბერს სრულად ამოქმედდა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ახალი კოდექსი. როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი, მირიან მეტრეველი განმარტავს:
- გაუქმდა ე.წ. K2 კოეფიციენტის კომისია და გაზრდის წესი შეიცვალა. კანონი მოითხოვს დამუშავდეს განაშენიანების დეტალური გეგმა თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე. მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვეღარ შეადგენენ მენაშენეები დეტალურ გეგმას. ირგვლივ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი. ბათუმის პირობებში დიდი მიწის ნაკვეთები ერთიანად დასაგეგმარებელი იქნება.
- განისაზღვრება თითოეულ კვარტალში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. განსაზღვრულია ისიც, რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს კვარტალში. თუ კვარტალში ერთი მაღალი შენობა აშენდება, გვერდით ისეთივეს ვეღარ ააშენებენ, საჭირო იქნება კვარტალში ყველას თანხმობა, რაც გაართულებს ნებართვის მიღების პროცესს.
- ახალი კოდექსის მიხედვით კვარტლის დაგეგმვისას განაშენიანება იქნება უფრო დაბალანსებული, რადგან რეგულაციები უზრუნველყოფს არ აშენდეს ერთ კვარტალში რამდენიმე მაღალი შენობა.
- მრავალბინიანი მშენებლობის დროს სავალდებულოა წყალგამტარი ფენით მოპირკეთებული საბავშვო მოედნის მოწყობა. მშენებელი მიწას ვერ დატოვებს მოედნის სახით. გამწვანებული ზოლი უნდა იყოს მინიმუმ ათი პროცენტი.
ახალმა კოდექსმა ბათუმში მშენებლობების პროცესი წესით მნიშვნელოვნად უნდა დაარეგულიროს, თუმცა გენგეგმის არარსებობის პირობებში საჭირო იქნება მუდმივი მონიტორინგი, რეალურად რამდენად ზედმიწევნით შესრულდება კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები.
ადამიანის უფლებების უგულვებელმყოფი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ბევრად მეტი ყურადღება ეთმობოდა ქალაქების გამწვანებას, ვიდრე დღეს, საქართველოში მოქმედი თავისუფალი ბაზრის პირობებში, როცა მიწა საკუთრებაა. დიდი სკვერები და ბაღები ბათუმსა და თბილისში სწორედ საბჭოთა ეპოქაშია გაშენებული.
მწვანე სივრცისადმი საბჭოთა ეპოქის მეტნაკლებად გონივრულ დამოკიდებულებას ბევრი რამ განსაზღვრავდა:
„საბჭოთა ეკონომიკის სისტემაში არ არსებობდა მიწის ფასი, იყო სახელმწიფოსი და, შესაბამისად, არ მუშაობდა თავისუფალი ბაზრის პრინციპები. საბჭოთა კავშირშიც ესმოდათ, რომ ადამიანს სჭირდება სუნთქვისთვის ჟანგბადი და ჯანსაღი გარემო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მასიური გაუარესება აწვება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ხარისხზე და ადამიანთა შრომისუნარიანობაზე. სახელმწიფოსთვის კი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ირაკლი ჟვანია.
საბჭოთა ეპოქის დასასრულს, მიწის კომერციალიზაციისთანავე სახელმწიფოს კუთვნილი მიწები გადავიდა კერძო სექტორის ხელში და დაიწყეს ყველაფრის ისე შენება, როგორც სურდათ. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აპ პერიოდს გარდამავალ, მტკივნეულ ეტაპად აფასებს:
კერძო სექტორის ხელში გადასულმა სამშენებლო ბიზნესმა 90-იანი წლებიდანვე არასწორი განვითრების ხაზი აირჩა. ის ქალაქის და შესაბამისად მოქალაქის ხარჯზე იღებს სარგებელს, მდიდრდებიან ერთეულები, ზარალდება ყველა. სახელმწიფომ ვერ შეძლო ვითარების კონტროლი. მან ნებსით თუ უნებლიედ ქალაქის განვითარების სადავეები ხელიდან გაუშვა. ქალაქის განვითარებაში მთავარი არა ცალკეული მენაშენე , არამედ სახელწიფოა, რომელიც ამბობს სად, რა და როგორ უნდა აშენდეს. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოს ქალაქებში ხდება და არამხოლოდ, ვიცით რაც ხდება კვარიათში, გონიოში. ეს დაძრული, სწრაფმავალი მატარებელია, რომელიც ვიცით როგორც უნდა შევაჩეროთ, თუმცა ამას სჭირდება ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.
ერთადერთ გამოსავალს ის მოსახლეობის აქტიურობაში ხედავს, საერთო სივრცის, ჩვენი ქალაქების მიმართ მეტ ყურადღებაში. თვლის, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა ურბანული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ხელისუფლებას მეტად ანარიშვალდებულს და გამჭვირავალეს გახდიდა.
აუცილებელია მოქალაქეების სურვილი, მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული ქალაქების განვითარების სტარტეგიულ დოკუმენტებში, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯში უნდა იყოს ასახული მოქალაქის ინტერესები.
როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები, ასეა ქალაქიც – ერთის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ხარჯზე არ უნდა დაზარალდეს მეორეს პირობები. ქალაქი ჩვენი საარსებო, საერთო სივრცეა, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება და სურვილების შეჯერება, რაც ქალაქის ინტერესებს უნდა შეესადაგებოდეს.
სამშენებლო სექტორი, მითუფრო უკონტროლო სამშენებლო პროცესი ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მავნე დამაბინძურებელიცაა. მშენებლობების თანმდევი მტვრის მყარი ნაწილაკები, რომლებიც სულფატების, ნიტრატების, ამიაკის, ნატრიუმის ქლორიდის, შავი ნახშირბადისა და მინერალური მტვრისგან შედგება, მიიჩნევა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის გაცილებით მავნებელია, ვიდრე ჰაერის ნებისმიერი სხვა დამაბინძურებელი.
ბათუმში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები აბუსერიძისა და ქათამაძის ქუჩებზეა განთავსებული.
სადგურებში იზომება ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ჰაერში. ატმოსფერული ჰაერის ხარისხს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ვებგვერდზე air.gov.ge
დღის განმავლობაში სამრეწველო მტვრის, გამონაბოლქვის და სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან მეტი ნაწილაკი იფრქვევა ჰაერში, ვიდრე ღამით. რაც მეტია დამაბინძურებელი ნაწილაკები მით მეტ არეკლილ სხივებს განაბნევენ ისინი და შედეგად დაისის ცა ბევრად კაშკაშაა აისთან შედარებით.
ერთადერთი „სარგებელი“, რაც დაბინძურებულ ჰაერს და მასში კონცენტრირებულ მავნე ნივთიერებებს მოაქვს ათასფერადი დაისებია. ბუნების და ფიზიკის კანონების ირონიად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყველაზე ლამაზი დაისების ნახვა ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებში შეგვიძლია.
ბათუმის დაისებს ვერაფერი შეედრება.
__________
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.