მთავარი,სიახლეები

როცა 15 05-ზე რეკავ და 20 წუთს ელოდები – რატომ აიგნორებს ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას

13.06.2020 • 3126
როცა 15 05-ზე რეკავ და 20 წუთს ელოდები – რატომ აიგნორებს ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას

15 05 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია. ამ ნომერზე ძირითადად ის ადამიანები რეკავენ, რომლებსაც სასწრაფოდ და გადაუდებლად სჭირდებათ დახმარება, რადგან საქმე ჯანმრთელობის დაცვას ეხება. მოქალაქეები გვწერენ, რომ 15 05-ზე დაკავშირებას ზოგჯერ ნახევარი საათი, ან უფრო მეტი დრო სჭირდება.

15 05-თან დაკავშირება „ბათუმელებმაც“ სცადა – ჩვენ ზუსტად 20 წუთის შემდეგ გვიპასუხა ცხელი ხაზის ოპერატორმა.

რატომ ვერ ხერხდება ცხელი ხაზის ოპერატიული და ეფექტური მუშაობა, ან როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემის მოგვარება ჯანდაცვის სამინისტროს? – კითხვაზე პასუხის მიღება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ცხელ ხაზზე ოპერატორის ხმის გაგონება. „ბათუმელები“ ამ კვირის დასაწყისში, 8 ივნისს დაუკავშირდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრს, სადაც აქეთ გვკითხეს „კი მაგრამ სტანდარტი რა არის?“

ორშაბათს, 8 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი დაგვპირდა ინფორმაციის მოწოდებას 15 05-ის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს აღარ უპასუხეს. 10 ივნისს „ბათუმელებმა“ დაკავშირება ჯანდაცვის მინისტრის სამ მოადგილესთან სცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არც თანამდებობის პირებმა უპასუხეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე დააიგნორა ჩვენი საჯარო მიმართვა ფეისბუქზე.

მეორე პრობლემაა 15 05-ის მომსახურების ფასი. კომპანია „სილქნეტის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ მომსახურება 13 მარტიდან პანდემიის პირობებში უფასოა, თუმცა უცნობია, როდემდე. ცხელი ხაზის ოპერატორმა ასევე გვითხრა, რომ პანდემიამდე 15 05-თან დაკავშირება წუთი 24 თეთრი იყო და ეს საფასური აითვლებოდა ავტომოოპასუხის ჩართვისთანავე, ანუ ვიდრე ოპერატორი პასუხს გაგცემდათ.

„ცხელი ხაზი ზოგადად უნდა იყოს უფასო, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ცხელ ხაზზე სოციალურად დაუცველი ადამიანები რეკავენ, თან მათ, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით რამდენჯერმე უწევთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება,“ – მიიჩნევს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორი, მარი ჩოხელი.

მარი ჩოხელი ამბობს, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან არ ჰქონია. იგი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში მსგავს სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რადგან თითოეული მოქალაქე ვიხდით 112-ში მომსახურების საფასურს, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება ფასიანი აღარ უნდა იყოს.

„მეტი მობილიზებაა საჭირო, რომ ეს ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს მოქალაქემ ინფორმაცია“, – დასძინა მარი ჩოხელმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: