მთავარი,სიახლეები

რამდენი იქნება სახელმწიფო დახმარება იპოთეკური სესხის პროცენტზე – ახალი პროგრამა

26.06.2020 • 1907
რამდენი იქნება სახელმწიფო დახმარება იპოთეკური სესხის პროცენტზე – ახალი პროგრამა

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა − „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ დაამტკიცა, რომელიც 2020 წლის 26 ივნისიდან უკვე ძალაში შევიდა. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:

  • სუბსიდირების კომპონენტი – იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტი 
  • საგარანტიო კომპონენტი – იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტი.

პროგრამის ფარგლებში ერთ სესხთან მიმართებით კომპონენტები ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე. პროგრამა მოქმედებს ლარში გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე [სესხებზე].

პროგრამის სუბსიდირების კომპონენტით სარგებლობა შეუძლია იმ ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა 2020 წლის 26 ივნისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა კი აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა 2020 წლის 26 ივნისიდან 2020 წლის 15  დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, ერთი და იმავე ბინის შესაძენად გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.

როგორ და რამდენი პროცენტით მოხდება იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება

პროგრამის მიხედვით:

მუხლი 5. იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტის (სუბსიდირების კომპონენტი) აღსრულების პროცედურა:

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური პირი, სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს ფიზიკური პირის შესაბამისობას კომპონენტის კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სესხი ითვლება დამტკიცებულად კომპონენტის ფარგლებში.

3. კომერციული ბანკი უფლებამოსილია კომპონენტის ფარგლებში სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

4. კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით), არაუმეტეს 4 %-ის ოდენობით, შემდეგი წესით:

ა) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სესხის პროცენტის გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს;

ბ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – ფიქსირებულად, კრედიტის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მცურავ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს.

5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთისთვის გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტს 4%-ისა.

6. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება არ იწვევს სააგენტოს თანადაფინანსების წილის ცვლილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით განსაზღვრული ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხებზე.

7. რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“  ქვეპუნქტების შესაბამისად გაცემული სესხისთვის შეწყვეტილი თანადაფინანსება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, თანადაფინანსების დარჩენილი ვადით.

8. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კომპონენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება, პროგრამით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება გავრცელდება მხოლოდ კომპონენტის ფარგლებში აღებულ იმ სესხ(ებ)ზე, რომელთა (ჯამური) მოცულობა არ აღემატება პროგრამით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ მოცულობას.

9. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს სააგენტოში ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკისათვის სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით, ხოლო ბანკი ახორციელებს ბენეფიციარის სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.

10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პროგრამის მოქმედების პერიოდში სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კომპონენტის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა;

გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი;

დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კომპონენტის ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნული მთელი და ერთი მეათედი) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ე) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ კომპონენტით ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

ვ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან;

ზ) კომერციული ბანკის ვალდებულება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ან/და ყადაღის) რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღმოჩენის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში  სააგენტოს  ინფორმირება.

11. ბანკი ვალდებულია, ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრულ ანგარიშზე ზედმეტობის წარმოშობის შემთხვევაში რიცხული ნაშთი (ზედმეტობა) დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

12. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: