მთავარი,სიახლეები

15 ხმით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცეს, ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა

01.07.2020
15 ხმით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცეს, ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა, სხდომას  ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია.

ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო  ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო -1

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ განხილულია მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოდელი, შერეული მოდელის დამტკიცებით კი, გარდა იმისა, რომ თავად არ ეთანხმებიან ამ მოდელს, ირღვევა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. კანონი ითხოვს ცვლილების საჯარო განხილვას, შემდეგ კი საკომიტეტო მოსმენების გავლას.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ დღეს, პირველ ივლისს გამართულ სხდომაზე  განაცხადა, რომ გასულ წელს საჯარო შეხვედრების დროს განიხილეს ცვლილებების ორივე მოდელი და არა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში თითქმის სრულად წაიკითხა ოქმი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვების დროს შეადგინეს. მაშინ დავით გაბაიძე აცხადებდა, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას ჰქონდა მზაობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტში იმავე სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდა, უმაღლესმა საბჭომაც გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების წესთან მიახლოებული მოდელისთვის დაეჭირა მხარი.

უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად  გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: