მთავარი,სიახლეები

ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]

30.06.2020 • 5230
ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]

„ჩვენ ბეტონის ქალაქში ვცხოვრობთ, ნახევარზე მეტი ბეტონის ქალაქია“ – გვეუბნება ბათუმის პატარა სკვერში, ძელსკამზე ჩამომჯდარი ბათუმელი, ქეთო ყაჩნაველი. პატარა სკვერი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, მშვიდად დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაა. 20 წელია აქ დავდივარ ყოველდღეო, – ამბობს ქეთო.

ქეთოს გაუმართლა, რომ სკვერთან ახლოს ცხოვრობს. ბევრ ბათუმელს უახლოეს სკვერთან ან პარკთან მისასვლელად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს კორპუსებსა და სამშენებლო მტვრით დაბინძურებულ ქალაქში.

სკვერები, გამწვანებული და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულია ამ ქალაქში ცხოვრება, შეძლებენ თუ არა ადამიანები თავი დააღწიონ კორპუსებს, ჩაკეტილ სივრცეებს, ბინებს, რომელთა აივნებიდან ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო ხედი იშლება და ცოტა ხნით მაინც დაისვენონ ხეების ჩრდილში, ისაუბრონ მეგობრებთან ერთად ღია სივრცეში, გაასეირნონ ძაღლი, ან უბრალოდ, ძელსკამზე ჩამოსხდნენ და ჩუმად მოუსმინონ ჩიტების ჟღურტულს.

სკვერები და პარკები თაობათა შეხვედრის ადგილიცაა, სადაც ერთ სივრცეში იკრიბებიან ახალგაზრდები და მოხუცები, ბავშვები და მშობლები. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმელი ლუკა ბოლქვაძე:

„მოხუცებისთვის და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი სივრცეების არსებობა, რომ ერთმანეთს პირისპირ დავუდგეთ, გავესაუბროთ, ამბები მოვყვეთ“ – ამბობს ლუკა.

სულ რამდენი „ამბების მოსაყოლი ადგილი“, სკვერი და პარკია ბათუმში? – ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით. ბათუმის მერიის სხვადასხვა უწყებას სხვადასხვა მონაცემები აქვს. მაგალითად, კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ბათუმში 40-მდე მცირე ზომის სკვერია, თუმცა სკვერების უმრავლესობა, ძირითადად ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი და დასასვენებელი სივრცე ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის.

ბათუმის სკვერებსა და პარკებს სტუმრები წელიწადის არც ერთ დროს არ აკლია. ზაფხულში ყველა ჩრდილქვეშ გაგრილებას ცდილობს, გაზაფხულზე – მწვანე ბალახითა და ყვავილებით ტკბობას, შემოდგომაზე – ფერად, ჩამოცვენილ ფოთლებში სიარულს, ზამთარში კი აქ კარგ ამინდში მზეს მიფიცხებულ ადამიანს ნახავთ, ხოლო თუ გათოვდა – სკვერები და პარკები საგუნდაო მოედნებად იქცევა.

ცენტრალური პარკი – ბათუმის ისტორიის ნაწილი

გასეირნება ბათუმის სკვერებსა და პარკებში ცენტრალური პარკიდან დავიწყოთ. პირველი, რაც ამ პარკის სახელის გაგონებისთანავე ალბათ გაგახსენდებათ, მფრინავი ქალის ძეგლია პარკის შესასვლელთან და ბავშვების ჟრიამული.

ცენტრალურ პარკში ატრაქციონებია, ამიტომაც მას განსაკუთრებით ბევრი ბავშვი სტუმრობს. და, რასაკვირველია, ეს ადგილი სტუდენტების საყვარელი სივრცეცაა, რადგან სწორედ პარკის წინ მდებარეობს ბათუმის უნივერსიტეტი. პარკმა ბევრჯერ შეიცვალა სახელი, პირველად, ჯერ კიდევ 1888 წელს, ალექსანდრეს ბაღი ეწოდებოდა, შემდეგ, სხვადასხვა დროს – ლენინის პარკი, პიონერთა პარკი, ახლა კი ბათუმის ცენტრალური პარკის სახელს ატარებს.

ცენტრალური პარკი

ტბა შუაგულ პარკში, ბილიკებით დასერილი მწვანე მინდვრები, მრავალწლოვანი ხეები – ზამთარ-ზაფხულ ეს პარკი ბათუმში საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.

შემოდგომა ცენტრალურ პარკში

„საოცრებათა პარკი“

ზღვის პირას, ბათუმის ნავსადგურსა და ბულვარს შორის, ნინოშვილის ქუჩაზე, „საოცრებათა პარკი“ მდებარეობს. ეს, ძირითადად, თინეიჯერებისა და ველომოყვარულების თავშეყრის ადგილია. მიუხედავად გამწვანების სიმცირისა, გაშლილი სივრცე ბევრ ადამიანს იზიდავს.

ამ ტერიტორიაზეა ბათუმის უძველესი შუქურა, აქვეა პანორამული ბორბალი და ალი და ნინოს ცნობილი ქანდაკება. „საოცრებათა პარკში“ განსაკუთრებული ხალხმრავლობა საღამოობითაა, როცა ზღვიდან ნიავი უბერავს და პარკის ყველა სტუმარი პოულობს მისთვის საინტერესო გასართობს – ზოგი სკამზე ისვენებს, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც ველოსიპედით დაქრის.

„საოცრებათა პარკი“

მიუხედავად იმისა, რომ ეს დასვენების პოპულარული ადგილია, იგი საფრთხის ქვეშაა. პარკის გვერდითაა დაგეგმილი „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც აქ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს და „საოცრებათა პარკს“ მშენებლობის მტვერი და ცათამბჯენების ჩრდილქვეშ მოქცევა ემუქრება. ბათუმში „რივიერას“ მშენებლობას არაერთი ადამიანი აპროტესტებს, სწორედ იმ მოტივით, რომ ქალაქი კარგავს კიდევ ერთ ღია სივრცეს.

გაზაფხული „საოცრებათა პარკში“

„შინდისის“ პარკი – ბათუმის ახალი პარკი 4 ჰექტარზე

ბათუმში, ბოლო წლებში გახსნილ სკვერებს შორის გამორჩეულია შინდისის გმირების პარკი. ამ ადგილმა ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებთა გარდა, იმ ადამიანების ცხოვრებაც შეცვალა, რომლებსაც მანამდე ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებულ პარკებზე წვდომა არ ჰქონიათ. ადგილი სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის და აქვე განთავსებულია ადაპტირებული საპირფარეშოც.

შინდისის გმირების სახელობის პარკი 2016 წლის აპრილში გაიხსნა. სკვერი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პარკის 7 000 კვ/მეტრი ახალი ნარგავებითაა გამწვანებული. ისევე, როგორც სხვა ახალ სკვერებში, აქაც ნარგავები ჯერ კიდევ მცირე ზომისაა, ამიტომაც მისი ხშირი სტუმრები იმედოვნებენ, რომ ორი ან სამი წლის შემდეგ, როცა ეს ხეები გაიზრდება, სკვერი კიდევ უფრო გალამაზდება.

შინდისის გმირების სკვერი

ახალ სკვერებში მოსწონთ სპეციფიკური, თანამედროვე განათება, აქ ბავშვების ჟრიამული არც დღისით წყდება და არც ღამით. გოგონები თუ ბიჭები ველოსიპედებით ან სკეიტბორდებით დაჰქრიან, სპორტულ მოედანზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით კალათბურთის ან ფეხბურთის მოყვარულებს.

თუმცა შინდისის გმირების პარკი მხოლოდ ბავშვების საყვარელი ადგილი არ არის – აქ ყველას აქვს არჩევანის შესაძლებლობა, ხანდაზმულები შედარებით მყუდრო ადგილებს ირჩევენ, ახალგაზრდებს კი ყველგან შეხვდებით.

პატარა სკვერები – ბათუმის მწვანე კუნძულები

თავისი მუდმივი სტუმრები ჰყავს ბათუმის პატარა სკვერებსაც. მცირე ზომის გამწვანებულ ადგილებს ორი მიზეზით სტუმრობენ, პირველი – გეოგრაფიული არეალი, მისასვლელად მოხერხებული მდებარეობაა – „ახლოსაა სახლთან, სასწავლებელთან, სამსახურთან“, მეორე კი – გემოვნების საკითხია.

სკვერი ხელოვნების მუზეუმთან

მცირე ზომის სკვერებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია ორი სკვერი გორგილაძის ქუჩაზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმთან. ეს სკვერები მუზეუმს ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩების მხრიდან ესაზღვრებიან. ამ ადგილს სტუმრობენ ისინი, ვისაც უყვარს დიდი, დაბურული ხეები და ამავდროულად, ხალხმრავლობა არ მოსწონთ. ზოგს ამ სკვერებში შადრევნებთან ჯდომა და წიგნის კითხვა უყვარს, ზოგიერთს კი – აქ მიმოფანტულ ფერად ფოთლებში ფოტოების გადაღება. გორგილაძის ქუჩაზე არაერთი გამვლელი სწორედ აქ ისვენებს, ცოტა ხნით ყოვნდება ხეების ჩრდილში და ისე აგრძელებს გზას.

მცირე სკვერებს მერია პერიოდულად უტარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხან ახალი კონცეფციის შესაბამისად სკვერის მოწყობას ნარგავებიც ეწირება. მოსახლეობა ხშირად ითხოვს, რომ ხეები არავინ არც უნდა გაჩეხოს და არც დააზიანოს.

ბათუმის ბულვარი – უფრო მეტი, ვიდრე მწვანე ზოლი ზღვის ნაპირას

უცნაური იქნება ბულვარი რომ არ ვახსენოთ, რომელიც ბათუმელებისთვის კიდევ უფრო მეტია ვიდრე მწვანე ხეივნები, შადრევნები ბულვარის შესასვლელთან და ზღვის სანაპირო.

ქალაქის სავიზიტო ბარათად მიჩნეული ბულვარი ბათუმის ყველაზე მწვანე ადგილია [თუ არ ჩავთვლით ბოტანიკურ ბაღს] და ზამთარ-ზაფხულ მას არც ტურისტები აკლია და არც სამსახურიდან ბულვარში სასეირნოდ წასული ბათუმელების, თინეიჯერების, შეყვარებული წყვილებისა და ნარდისა და ჭადრაკის მოყვარული ხანდაზმულების სტუმრობა. ესაა ადგილი, რომელსაც ყველა ბათუმელის ბავშვობა უკავშირდება და, ალბათ, ვერ იპოვით ქალაქში ადამიანს, რომელსაც ბულვარში არ გადაუღია ფოტო.

ფოტო: ბათუმის ბულვარი FB

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო წლებში ბათუმელებს არაერთხელ დასჭირდათ მის დასაცავად აქციების გამართვა. პირველად – 2011 წელს, როცა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მწვანე ნარგავები გაჩეხეს და ცათამბჯენის აშენება დაიწყეს, შემდეგ – 2016 წელს, როცა ბულვარის განაშენიანება მთავრობამ ახალი კონცეფციით გადაწყვიტა და საზოგადოებრივი პროტესტი ბულვარის დასაცავად გრძელდება ახლაც – ამჯერად კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ითხოვს ბულვარში 15 სართულის აშენების ნებართვას.

___

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: