ბათუმი,მთავარი,სიახლეები

1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა

30.06.2020
1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, მათ გამგებლობაში არსებული, აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების სახელით, გააყალბეს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ურთიერთშორის თითქოსდა განახორციელეს ქვიშა-ხრეშის მიწოდებები.

აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა უკანონოდ მოპოვებული 154 857 მ3 – ქვიშა-ხრეში, რითაც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს 1 931 617 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

ამავე დროს, ფიქტიური ოპერაციების შედეგად, დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო – ყალბი აქტივი 246 461 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 154 857 ლარი,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: