მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

24.06.2020 • 1803
აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

„კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა ერთჯერადი სოციალური დახმარება 2 ათასი ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აჭარის მთავრობამ დღეს, 24 ივნისს, გაავრცელა. საუბარია წინასწარ პატიმრობაში მყოფი ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის მეუღლეებისთვის მარტში ფულის ჩარიცხვაზე. პატიმრების ოჯახების წევრები ახლა ამბობენ, რომ ფული მათ სოციალური დახმარების გამო კი არ ჩაურიცხეს, არამედ იმიტომ, რომ მთავრობას წინასაარჩევნოდ დახმარებოდნენ, საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა და ამიტომაც დააკავეს წულუკიძე და ანთაძე.

გუშინ, 23 ივნისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე. მათ ხულიგნობის ჩადენას ედავება გამოძიება. ისინი 7 მაისს დააკავეს. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და დაპირისპირებული მხარის ბრალდებულებისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში ესენი არიან.

15 ივნისს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა, ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. “თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – ამბობდა ფირუზ წულუკიძე, ის მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობისგან ფულის ჩარიცხვის ქვითარი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 19 და 24 მარტს ბრალდებულების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მეუღლეებს ერთჯერადი სოციალური დახმარება – თითოეულს 2 ათასი ლარი ჩაერიცხა. ორივე წერილი, რომლითაც მოქალაქეებმა სოციალური დახმარება მოითხოვეს, 16 მარტსაა დაწერილი. ორივე წერილში მოქალაქეები კონკრეტულად 2 ათას ლარს ითხოვენ. ეს წერილებიც გაასაჯაროვა დღეს აჭარის მთავრობამ.

„მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს)“, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მომადლიერება უნდოდათ ჩვენი,“ – უთხრა გუშინ, 23 ივნისს, სასამართლო პროცესის შემდეგ ფირუზ წულუკიძემ ჟურნალისტებს. – „ეს ყველაფერი იყო კორონავირუსის გამო სამოძრაოდ, ბენზინისა და ჭამის ფული, რომ ვყოფილიყავით კომფორტულად მთავრობის ხარჯზე… არჩევნებამდე დიდი თანხის დახარჯვა არ უნდოდათ, რადგან მერე უფრო დიდი თანხის დახარჯვა მოუწევდათ,“ – თქვა ფირუზ წულუკიძემ. მისი თქმით, საბოლოოდ „გარიგება“ თორნიკე რიჟვაძის მამასთან და კოტე ანანიაშვილთან არ შედგა და ამიტომაც დააკავეს ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე. მისივე თქმით, მათ კონკრეტული დავალებები ჯერ მიღებული არ ჰქონდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ხელისუფლების სასარგებლოდ.

„არც ის იყო ცნობილი, რა თანხას გადაგვიხდიდნენ… ეს ფული ჩაგვირიცხეს წასახალისებლად… სხვანაირად რა გამოდის, სოციალურად დაუცველი ჩემი ოჯახი არ არის და მთავრობა ისე კეთილია, რომ ასე, ოჯახის შეუმოწმებლად რიცხავს 2 ათას ლარს?“ – კითხულობს ფირუზ წულუკიძე. მან ჟურნალისტებს უთხრა ისიც, რომ პერიოდულად სხვა ფაქტებსაც გაასაჯაროვებს, თუკი ელდარ ანთაძეს და რეზო წულუკიძეს წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე კი, ბრალდებულების მეუღლეებმა თქვეს, რომ მათ რეალურად მოითხოვეს დახმარება, თუმცა იცოდნენ, რომ თანხის – 2 ათასი ლარის ჩარიცხვა დავით რიჟვაძესთან იყო შეთანხმებული. ბრალდებულ ელდარ ანთაძის ცოლმა, მირანდა ქამადაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ოჯახი მართლაც  სოციალურად დაუცველია, შვილს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ასევე დედამთილს.

„რეალურადაც მჭირდებოდა ეს ფული… დავწერე თუ არა განცხადება, რამდენიმე დღეში მომივიდა შეტყობინება, რომ ფული ჩამერიცხა. ჩვენ არავის შევუმოწმებივართ,“ – გვითხრა მირანდა ქამადაძემ.

ბრალდებულ რეზო წულუკიძის ცოლი, ნარი ფუტკარაძე კი ამბობს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის, მაგრამ „დედამთილს ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება“.

აჭარის მთავრობაში არ უარყოფენ, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარება სარეზერვო ფონდიდან კონკრეტულად ამ მოქალაქეებისთვის მართლაც გაიცა.

„აჭარის მთავრობის აპარატში 2020 წლის მარტის თვეში შემოვიდა მოქალაქეების მ.ქ-ს და ნ.ფ-ს წერილები, სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე, მედიკამენტების საჭიროება და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სოციალურად დაუცველობით (სოციალური ქულა 63 080) ოჯახის წევრების უმუშევრობით. განმცხადებლები მთავრობისგან მოითხოვდნენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში 600-ზე მეტ მოქალაქეს დაუფინანსეს მედიკამენტები და ქირურგიული ოპერაციები, ასევე გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ.

რამდენ სოციალურად დაუცველ პირს დაეხმარა აჭარის მთავრობა? – ვკითხეთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს. ინფორმაციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: