მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მინიჭებას ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ეხმაურება.
„გულითადად ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას.
ონლაინგამოცემები – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომლებიც მან დააარსა და ხელმძღვანელობს, საქართველოში უმნიშვნელოვანესი მედიასაშუალებებია.
ისინი იცავენ კრიტიკული და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და კონსტიტუციით დაცულ საქართველოში – ისეთ საქართველოში, რომლისკენაც ასე ისწრაფვის საზოგადოება.
სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი უკვე მრავალი წელია „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ახლო პარტნიორია.
მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების აშკარა მცდელობას წარმოადგენს.
მოვითხოვთ, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ყველა სახის რეპრესიის შეწყვეტას“, – ნათქვამია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის განცხადებაში.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება გუშინ მოითხოვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
2025 წლის 22 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები: მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად გამოაცხადა.
„პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტები იყვნენ წარდგენილნი.
ეს პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში.
ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში გაწეული ძალისხმევისათვის, იქნება ეს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განვითარება, კანონის უზენაესობის დაცვა, უმცირესობის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
სახაროვის პრემია 1988 წელს, როცა ის დაარსდა, პირველად გადაეცა ნელსონ მანდელას, სამხრეთ აფრიკის პირველ პრეზიდენტს და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტს.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 285 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავლებს იღებდა, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილს არ დააპატიმრებენ. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე. პროკურატურა ყოფილი პრემიერისთვის 1 მილიონი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილს ასევე აეკრძალება ქვეყნის დატოვება.
პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად დამნაშავედ მიიჩნევს.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194-ს მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად წარუდგინეს. ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.
პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მილიონი დოლარი ამოიღეს. „დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის ვერსიით, ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრებისგან ყოველწლიურად იღებდა დიდი ოდენობით თანხას საჩუქრად.
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს – 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად“, – აცხადებს პროკურატურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 283 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 458 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 33 972 ერთეული [+34]
MLRS – 1 526 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 73 826 ერთეული [+440]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 65 356 ერთეული [+128]
სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
92 178 უპილოტო საფრენი აპარატი
633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 605 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 751 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
44 733 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ?
„მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი.
2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა, პრემიერებს ბიძინა ივანიშვილი ხშირად ცვლიდა:
2012 წელს პრემიერი მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი თავად გახდა. მან ეს თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბერს დატოვა. შინ თუ გარეთ არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა: ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე 13 წელია საქართველოს არაფორმალური მმართველია.
ბიძინა ივანიშვილი დაპირებებს რომ არ ასრულებს, ეს მისი პრემიერობის პირველივე ვადაში გამოჩნდა: არჩევნებამდე ივანიშვილი ხალხს „უფასო ფულსა“ და 60 ქარხანას ჰპირდებოდა. დღესაც მიმართავს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი ხალხს, თუმცა ის კეთილდღეობას მოსახლეობას აღარც კი ჰპირდება: „ნაციონალებს გავაუქმებთო!“ – ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბოლო დაპირება.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI
2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავისი შემცვლელი თავადვე შეარჩია – 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 2021 წლის 22 თებერვალსაც დაიკავა და 2024 წლის 29 იანვარს დატოვა. პოლიტიკის ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრემიერის პოსტის დატოვება ირაკლი ღარიბაშვილის სურვილზე დამოკიდებული არ იყო. პრემიერად ინიშნებოდა თუ ათავისუფლებდნენ, ღარიბაშვილი ყველაზე ხშირად მადლობას საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს უხდიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს აღადგინა საქართველომ ფრენები რუსეთთან. ამ დროს დაიწყო საქართველოს მთავრობამ ყველაზე აქტიურად ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენება.
2025 წლის 22 ოქტომბერს კი სუს-მა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
მანამდე, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლი გაჩხრიკეს.
2015 წლის 30 დეკემბრიდან კი, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად დატოვა პრემიერის პოსტი, ეს თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერი 2018 წლის 30 ივნისამდე იყო.
პრემიერობის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ველს სრულად გაცლა ამჯობინა, თუმცა რუსულ კანონთან დაკავშირებით როცა დაიწყო პროტესტის მასობრივად გამოხატვა, კვირიკაშვილმა ფეისბუქში დაწერა, რომ „კანონპროექტის მიღება დამაზიანებელია საქართველოს იმიჯის და ევროინტეგრაციის გზისთვის“.
ფეისბუქით გიორგი კვირიკაშვილმა „ოცნების“ მთავრობას 2025 წლის 13 მაისსაც მიმართა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა:
„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან…,“ – წერდა გიორგი კვირიკაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილი
2018 წლის ივლისიდან 2019 წლის სექტემბრამდე ანუ სულ რამდენიმე თვე საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე იყო. მისი მოსვლა და წასვლა ყველაზე უხმაურო გამოდგა.
მამუკა ბახტაძეს ფეისბუქგვერდზე ბოლოს 2023 წელს გამოეხმაურა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს: გილოცავთ კანდიდატის სტატუსსო!
მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძის დროს მოხდა, მაგალითად, სესხების ჩამოწერა 600 ათასი მოვალისთვის ფონდ „ქართუს“ ჩართულობით.
მამუკა ბახტაძე იყო პრემიერი, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი ჩაჯდა და 20 ივნისის საპროტესტო აქცია დაარბიეს. ამ დარბევის დროს არაერთი ადამიანი დაშავდა.
„მიმაჩნია, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე,“ – დაპოსტა ფეისბუქში მამუკა ბახტაძემ 2019 წლის სექტემბერში და ამ პოსტით აცნობა ქვეყანას პრემიერის პოსტის დატოვება.
მამუკა ბახტაძე ერთადერთი პრემიერია, რომელსაც „ოცნება“ არ დაპირისპირებია. როგორ აღმოჩნდა, მამუკა ბახტაძე ყოფილ პრემიერებს შორის გამონაკლისი? – ამ კითხვის დასმა თავად მამუკა ბახტაძისთვის გვინდოდა, მაგრამ მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.
2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია იყო. დღეს გიორგი გახარია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერია და გერმანიაშია.
გიორგი გახარია
გიორგი გახარიას წასვლა „ოცნების“ პრემიებს შორის ყველაზე ხმაურიანი იყო – მან თანამდებობის დატოვება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას დაუკავშირდა. „ოცნება“ წლების განმავლობაში გახარიას მოღალატედ მოიხსენიებს.
გიორგი გახარიას შემდეგ, 2021 წელს პრემიერი ხელახლა გახდა ირაკლი ღარიბაშვილი. 2024 წლის თებერვლიდან დღემდე კი, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.
რის მიხედვით და რა გათვლით არჩევს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს და შემდეგ როგორ აჭმევინებს ერთმანეთს? – შეკითხვა პოლიტიკოსს და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს, არმაზ ახვლედიანს დავუსვით, იგი 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ხოლო 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის მარტამდე “ოცნების” კოალიციის პოლიტსაბჭოს მდივანი იყო.
„პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ დრო და კონტექსტი. 13 წლის წინ, ან თუნდაც 10 წლის წინ, ეს სხვაგვარად ხდებოდა და იმაზე იყო დამოკიდებული, რა ვითარება იყო ქვეყანაში.
2012-2013 წლებში საქართველოში იყო აშკარად ნაკლებად დემოკრატიული, სადღაც 2018-დან არადემოკრატიული, დღეს ანტიდემოკრატიული მმართველობაა. ამის მიხედვით განისაზღვრებოდა, ვინ ყოფილიყო ივანიშვილის მთავარი თანაშემწე, ანუ პრემიერ-მინისტრი. როცა 2013-ში იყო ღარიბაშვილი, მაშინ მას ჰქონდა მანდატი, რომ როგორც ივანიშვილი იტყოდა, ჭარბი ნდობის პირობებში, მას არაფერი გაეფუჭებინა.
შესაძლებელი იყო, რომ განსაზღვრულ სფეროებში, ივანიშვილის მითითებით, რაღაც ეკეთებინა კიდეც, მაგრამ არასდროს პრემიერ-მინისტრს, თუ არ ჩავთვლით ამჟამინდელს, არ ჰქონდა მანდატი, ეკონტროლებინა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები.
როცა გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა, მაშინ ივანიშვილს სჭირდებოდა ახალი, თითქოს უფრო ლმობიერი და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მისაღები სახე, ღარიბაშვილის უკვე გაცვეთილი პოლიტიკური ფიგურის ფონზე.
გიორგი ბახტაძის შემთხვევა კი, სრულიად განსხვავებულია: როგორც ჩანს, ის მაინც შეარჩიეს უფრო ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით. ერთი რამ უდავოა: არასდროს ივანიშვილი არ ხელმძღვანელობდა პოლიტიკის კანონზომიერებით, მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი ლოგიკით.
ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უდგებოდა და ახლაც უდგება ისე, როგორც კორპორაციას, კომპანიას და ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, პრემიერ-მინისტრი, თუ მის მიერ განმწესებული პრეზიდენტი, ყველამ რაღაც ფუნქცია უნდა შეასრულოს „კორპორაციაში, რაც მის მიერაა დელეგირებული,“ – გვიყვება არმაზ ახვლედიანი.
პოლიტიკის ანალიტიკოსი განსაკუთრებულად გამოყოფს ირაკლი კობახიძის შემთხვევას:
„ირაკლი კობახიძეს ნიშნავენ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ივანიშვილისთვის, როდესაც საპროტესტო ტალღა ფაქტობრივად არ ჩერდება, როცა დასავლეთთან ურთიერთობა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში უკვე კრიტიკულ ნიშნულთანაა მისული.
ამ პირობებში ივანიშვილს სჭირდებოდა კობახიძის ტიპაჟი: ცივსისხლიანი, დაზუსტებით რომ იცის, კორუფციაში არ არის გარეული და ისიც იცის, რომ ხელი არ აუკანკალდება და გაილაშქრებს ნებისმიერზე – თანაგუნდელზე და სხვაზე.
ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელიც აღმოჩენილიყო. მით უფრო მაშინ და იმ პირობებში, როდესაც მოსკოვს მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება: ვინ იქნებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი სატელიტი და ინტერესების გამტარებელი, ასე ვთქვათ, მეფისნაცვალი საქართველოში,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
არმაზ ახვლედიანი
რატომ და ვინ გადაწყვტა რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დაჯგუფების დასჯა? – ვკითხეთ პოლიტიკოსს და აქვე ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე გავამახვილეთ ყურადღება: „ოცნების“ პრემიერი სიტუაციის ისე წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს მართლა ებრძვის კორუფციას და ამიტომაც, თანაგუნდელიც არ იქნება გამონაკლისი.
„პრემიერობამდე ირაკლი კობახიძე ყოველთვის იყო „ქართულ ოცნებაში“ მაღალ თანამდებობაზე, ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომაც, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას წარსულზე, როცა ამ მასშტაბის კორუფციაზე ვსაუბრობთ,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
„ეს არის სისტემის მამხილებელი, წარმოუდგენელი, უზარმაზარი შავი ლაქა. ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ მმართველობაში ასეთ დროს მმართველი პარტია დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს. ეს იქნებოდა, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის ჟესტი და, მეორე მხრივ, კრიზისული სიტუაციის გადატვირთვის შესაძლებლობა…
ეს არის ჩამოყალიბებული კრიმინალური, მაფიოზური, რუსული სტილის რეჟიმი.
არ მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ბოლომდე ივანიშვილის თამაშია. ვფიქრობ, აქ უფრო ირაკლი კობახიძე აქტიურობს, რაც გასაგებიცაა. კობახიძემ გადაწყვიტა მოსკოვის მხარდაჭერით და ზურგით მოიპოვოს ძალაუფლება და სრულად ჩაიგდოს ხელში მართვის სადავეები. ამ გზაზე კი მას ესაჭიროება ძველი კლანის მოშორება,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი.
კობახიძეს სურს მოიშოროს ღარიბაშვილის კლანი? – ვეკითხებით არმაზ ახვლედიანს.
„არა მხოლოდ ღარიბაშვილის, იქ რამდენიმე სხვა ქვეკლანიცაა… ყველა წარმონაქმნი, მცირე თუ დიდი კლანი, პირდაპირ იყო მიბმული ივანიშვილზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ებრძვის რა კობახიძე დღეს ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს და სულ მალე კალაძეს, ამ ბრძოლით იგი ირიბად, მაგრამ მალე პირდაპირ დაუპირისპირდება თვით ივანიშვილს. ეს გარდაუვალია,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“.
არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა ნანობს კიდეც, რომ არჩევანი ირაკლი კობახიძეზე გააკეთა, რომელიც „მოსკოვის მიერ არის სრულად მხარდაჭერილი და ივანიშვილის წესებით აღარ თამაშობს – მეტიც, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ივანიშვილმა მართლაც დაკარგოს გავლენები,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
იგი იხსენებს, რომ თავის დროზე ირაკლი კობახიძემ თავისი პოლიტიკური გამჭრიახობით და პრაგმატულობით მოახერხა ივანიშვილის კარზე ნდობის მოპოვება და ამავდროულად, თანდათანობით ივანიშვილისთვის „საყრდენების გამოცლაც“.
„სხვა არაფერია გომელაურის და ლილუაშვილის ჩაჩოჩება და ივანიშვილის ჩუბინიძის ამარა დატოვება, თუ არა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის გამოცლა.
ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ კობახიძეს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს რესურსი მას ეწურება.
თუ ვთქვათ, ხვალ პირობითად, ივანიშვილი მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ კობახიძე შეიცვალოს სხვა პრემიერით, ეს შეიძლება მას აღარ გამოუვიდეს, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით არავინ იცის, ვის დაუჭერს ეს უმრავლესობა.
ველოდები, რომ უახლოეს ხანებში შეიძლება ფორმალურად ჩატარდეს „ოცნების“ მორიგი ყრილობა, რომელსაც ივანიშვილი არც კი დაესწრება, მას მხოლოდ წერილობით მიმართავს და იტყვის, რომ მისი წილი საქმე უკვე გააკეთა და ახლა მიდის. ეს უკვე იქნება წასვლა ნამდვილად და საბოლოოდ.
თუ ივანიშვილი დათანხმდება თამაშის წესს, მისთვის შეთავაზებულს, რომ სრულად ჩაჩოჩდეს და აღარანაირი გავლენა და ინტერესი აღარ ჰქონდეს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, მაშინ შეიძლება მას ეპატიოს.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ ივანიშვილს რთული დღეები დაუდგეს. იმიტომ, რომ კობახიძე მარტო არ მოქმედებს.
კრემლმა ალბათ სათავისოდ სწორი გათვლა გააკეთა, როცა სწორედ ცივსისხლიანი და ფაქტობრივად არაფერი რომ არ აკავშირებს ემოციურად საქართველოსთან, ასეთი ადამიანი შეარჩია – მას კობახიძე ჰქვია,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
რა შეიცვლება „ოცნების“ რეჟიმისთვის, თუ ივანიშვილის გავლენა შესუსტდება, ან გაქრება?
„ადრე თუ გვიან ეს არაფორმალური მმართველობა დასრულდებოდა. ივანიშვილი არ არის უკვე ახალგაზრდა. ამიტომაც, კრემლში რა ხანია დაიწყეს ფიქრი მის შემცვლელზე.
არა მხოლოდ ასაკის გამოა. აქ კრემლის გათვლა: უკრაინაში აგრესიული ომის ფონზე, დასავლეთთან არსებული წარმოუდგენელი ანტაგონიზმის, საკუთარ ქვეყანაში ასევე არნახული წინააღმდეგობების, ეკონომიკური თუ სხვა უზარმაზარი პრობლემების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული სრულიად ახალი გეოპოლიტიკური, ანტიკრემლისტური გარემოს გათვალისწინებით და სხვა ფაქტორების გამო, კრემლს სასიცოცხლოდ ესაჭიროება საქართველოში გარანტირებულად ერთგული, მისი ინტერესების გამტარებელი ვასალი.
ივანიშვილი ასეთად უკვე ვეღარ გამოდგება, ჩემი დაკვირვებით.
დღევანდელი გამოწვევების თუ ამოცანების ფონზე, მას ესაჭიროება სულ სხვა ტიპის მეფისნაცვალი საქართველოში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ასეთად შერჩეულია კობახიძე და აი სწორედ რუსეთის ზურგით კობახიძე ივანიშვილს პირობებს წაუყენებს.
ივანიშვილისთვის პირობების წაყენება კი, სხვა არაფერია, თუ არა მიდგომა „ერთი ბარტყი ჩამომიგდე“ და გომელაური აღარ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, მეორე – ლილუაშვილი, იქ თორნიკე რიჟვაძე, ახლა კიდევ ღარიბაშვილი, რომელთან მიმართაც შეიძლება ივანიშვილს არც კი ჰქონდეს სენტიმენტები, მაგრამ ერთი რამ ხომ ყველასთვის ცხადია: თითოეული ეს კორუფციული, გაუგონარი მასშტაბის საქმე და ამბავი პირდაპირ მიდის ივანიშვილის კართან: ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში ასე ვერ ინავარდებდნენ…
ივანიშვილის გარეშე კი არა, მკრთალ პარალელს გავავლებ, სტალინის გარეშე საბჭოთა კავშირმა რამდენიმე ათეული წელი იარსება სუსტი ლიდერის, ხრუშჩოვის პირობებშიც კი. ამიტომაც, მოსკოვს და მის ადგილობრივ ემისრებს აქვთ იმის იმედი, რომ სისტემა, რომელიც ახლა მუშაობს, დამყარებული ძალადობაზე, ანტიდემოკრატიულ ბუნებაზე, რომელიც მოკავშირედ მხოლოდ მოსკოვს განიხილავს და დასავლეთი მისთვის ღია მტერია, სისტემაზე, რომელიც ძირშივე კლავს პროტესტს, რომელიც კანონს აღარ ცნობს და თუკი ჯერ კიდევ სადღაც კანონის ენით გველაპარაკება, ყველა კანონი უსამართლოა და ანტიჰუმანური.
შესაბამისად, ამ პირობებში იქ, კრემლში და აქ, მის ემისრებს მიაჩნიათ, რომ შეძლებენ ჩანაფიქრის განხორციელებას და ფრთებს შეასხამენ შავ-ბნელ პროექტს სახელად – „არშემდგარი ქართული სახელმწიფო“.
ახლა ამ ტრაგიკული განაჩენისგან საქართველის არიდება და გადარჩენა შეგნებული, გაბედული, პატრიოტი, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების ხელშია,“ – გვითხრა არმაზ ახვლედიანმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება.
საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე.
ახალი პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე / „იგლ ჰილს საქართველოს“ რენდერები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც „იგლ ჰილსი“ თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს, ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.“
„შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა,“ – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.
დეტალური ინფორმაცია, რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო და კერძო კომპანია, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ახალი პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე / „იგლ ჰილს საქართველოს“ რენდერები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით კი, 22 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი იქნება.
„დღეს ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ და პრინციპში დასრულდა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფაზა, სადაც გაწერილია ყველა კომერციული პირობა, ვალდებულებები, როგორც სახელმწიფოს, ასევე ინვესტორის მხრიდან. პროექტი გადადის მომდევნო ფაზაზე, როდესაც ჩვენ მომდევნო წლის ზაფხულის პერიოდში უკვე ველოდებით დასრულებას იმ პროცესის, რასაც ჰქვია ნებართვების შეთანხმება, გენგეგმის დამტკიცება და გზშ. საკმაოდ გრძელი სიაა ნებართვების და დოკუმენტების.
მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება მშენებლობის ფაზა.
ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება მიწის კონტრიბუციით, ინვესტორის მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება დაფინანსებით და მართვით“ – თქვა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით „სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული პირობებით, სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვის კომპონენტში ჩართული არ იქნება და აღნიშნული რისკი ინვესტორის მხარეს იქნება“.
ინვესტორი უშუალოდ ჩადებს 6,6 მილიარდ აშშ დოლარს თუ მისი ვალდებულება მხოლოდ „კაპიტალის მოზიდვა“ იქნება, გაურკვეველია, თუმცა მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციას Eagle Hills-ი ჩადებს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი კომპანიიდან მოზიდულ 6,5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ მინისტრმა
გონიოსა და კრწანისის პროექტების რენდერები თავის გვერდზე უდევს შპს „იგლ ჰილს საქართველოს“, რომელმაც თბილისში ოფისიც გახსნა.
„იგლ ჰილს საქართველო“ თბილისში 2025 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის დირექტორია ორმაგი [ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები] მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი. კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი/დამფუძნებელი კი იყო შპს „ჯაონა ინვესთმენთ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
„იგლ ჰილს საქართველოს“ მეწილე, კომპანიის დაფუძნებიდან ხუთ თვეში, 2025 წლის სექტემბერში შეიცვალა და ამჯერად 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
კომპანიას, სადაც საქართველოს სახელმწიფო 33 პროცენტი წილის მფლობელი იქნება, სავარაუდოდ, ცალკე დააფუძნებენ.
„ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
2 264 823 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი [ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია] გონიოში 2025 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფოს საკუთრებაშია ასევე მომიჯნავე 314 177 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უშუალოდ პლაჟთან [ანუ ჯამში 257,9 ჰექტარი].
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია [მონიშნულია ყვითელი ფერით], სადაც „ოცნების“ მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია“, მათ შორის – ზურმუხტის ქსელის [ჭოროხის დელტაში, ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ] საზღვრების კორექტირება.
ახალი პროექტი ჭოროხის შესართავთან, გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე / „იგლ ჰილს საქართველოს“ რენდერები
„ოცნების“ ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, მოამზადეს კონცეფციებიც, თუმცა დღეს, როცა აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ფაქტობრივად გაფორმებულია, ეს ტერიტორია განაღმულიც კი არ არის.
მიუხედავად ამისა, „ოცნებას“ 2016 წელს სხვა არაბი ინვესტორები ადგილზეც ჰყავდათ მიყვანილი.
2017 წელს გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფციაც მოამზადა, თუმცა ეს კონცეფცია განსხვავდება არაბული კომპანიის, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ ამჯერად წარმოდგენილი რენდერისგან.
2019 წელს თავდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ტერიტორიის თითქმის ნახევარი უკვე განაღმულია,„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რთულია სამუშაოები და, შესაბამისად, განაღმვის პროცესი გრძელდება“.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს ისე დატოვა, რომ ტერიტორია არ გაუნაღმია. 2010 წლის თებერვალში გონიოს პოლიგონზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის განაღმვა, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა, არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია.
ახალი არაბული ინვესტიციის დაანონსების შემდეგ კი გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოების გაგრძელება კვლავ დღის წესრიგში დადგა და საქმეში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტაც“ ჩართეს.
შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა.
21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“.
დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე ამ შემთხვევაშისაუბრობდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირზე, რომელიც ახლა ორთვიან წინასწარ პატიმრობაშია.
მისი თქმით, შს სამინისტრო მათ არ აწვდის ზუსტ ინფორმაციას, რამდენი შშმ პირი ჰყავს პოლიციას დაკავებული აქციებზე და როგორია მათი მდგომარეობა.
„მე პირადად 25 შშმ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია, რომ ფსიქიატრიულში გადაყვანით დაემუქრნენ.
ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია, რადგან ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს შშმ პირები ვერ ვაცნობიერებთ სად ვიბრძვით და რატომ ვიბრძვით“ – ამბობს დეა ერემაშვილი, რომელიც წლებია შშმ პირთა უფლებების დასაცავად მუშაობს აჭარაში.
მისი თქმით, სულ რომ ფსიქოსოციალური საჭიროება ჰქონდეს ადამიანს, პოლიციას უფლება არ აქვს, ეს მდგომარეობა შშმ პირის დასაშინებლად გამოიყენოს.
„შშმ ადამიანები ამ საპროტესტო აქციების ისეთივე მონაწილეები ვართ, როგორც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეები. ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია ამის გამო დაკავებულის სამკურნალოდ გადაყვანა იძულებით.
შშმ პირი იმიტომ კეტავს ქუჩას, რომ ებრძვის რეჟიმს.
ამდენი წელია იმიტომ ვიბრძვით თანასწორი უფლებებისთვის, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენც გვაქვს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, რომ ეს ქვეყანა არ წავიდეს დიქტატურისკენ და გვინდა კარგი მომავალი.
თუ სხვა მოქალაქეს (არაფრის გამო, მაგრამ მაინც) პატიმრობას უსჯი, შშმ პირს კი მიშვებ ფსიქიატრიულში, ეს პირდაპირი დისკრიმინაციაა მეტი კი არაფერი“ – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, დღეს შშმ ადამიანებს არ აქვთ ნდობა იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიან და არაფერს აკეთებენ მოქალაქის უფლებების დასაცავად.
„არანაირი ნდობა არ გვაქვს არცერთ სახელმწიფო სამსახურის, რადგან არ გვაქვს გარანტია იმისი, რომ რომელიმე მათი ექსპერტი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და ჩვენ გვაქვს ამის ფაქტი ნინო დათაშვილის მაგალითზე, ხომ?! რომელიც საერთოდ არ არის შშმ პირი, მაგრამ მაინც ჩაუტარეს ფარულად ფსიქიატრიული შემოწმება.
ერთ-ერთი დაკავებულის საქმეს წელავენ და გადაიტანეს მისი პროცესი ზუსტად იმიტომ, რომ მოსამართლემ რატომღაც მოითხოვა ჯანმრთელობის ცნობა. როგორც ვიცი აღნიშნულ პირს ეპილეფსია აქვს და არა ფსიქიკური პრობლემები.
ორი წელია „ქართული ოცნების“ მთავრობა, შშმ პირთა სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობენ რეალური ხმის ჩახშობას და ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ეს ბრძოლა, რაც დღეს მიდის ქვეყანაში, ჩვენი ბრძოლა არ არის. ასე იყო რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს რუსული კანონი შშმ პირთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა, თუმცა ყველამ დავინახეთ, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა.
დისკრიმინაციული სიუჟეტის გამო „იმედს“ ქარტიაშიც ვუჩივლეთ ამის გამო, რადგან სწორედ ამ ნარატივის წარმოჩენას ცდილობდნენ, რომ რუსული კანონები ჩვენ არ შეგვეხებოდა“-ამბობს დეა.
დეა ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში 135 ათასი შშმ პირი ცხოვრობს და რეჟიმი ცდილობს ისინი აქტიურად არ იყვნენ ჩართული ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
„ზოგადად, ტენდენცია, რომ თუ შშმ პირი აპროტესტებს, სამკურნალოდ უნდა გადაიყვანო იძულებით, არის ძალიან სარისკო. არ ვართ დაცული იმისგან, რომ თუ ხვალ გამოვა და მაგალითად მოვითხოვ სხვადასხვა სერვისებს ან ამ სერვისების გაუმჯობესებას, არ დამაკავებენ და არ გამიშვებენ ამის გამო იძულებით „მკურნალობაზე“ – ამბობს დეა ერემაშვილი.
მხოლოდ გუშინ, 22 ოქტომბერს, პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაში მონაწილე 30-მდე პირი დააკავა. ეს დაკავებები უკავშირდება „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ კიდევ ერთ რეპრესიულ კანონს, რომელიც 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს აქციის დროს გზის გადაკეტვის გამო, განმეორების შემთხვევაში კი – ერთ წლამდე პატიმრობას.
ბოლო 33 წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო სხვადასხვა პროექტებისათვის.
„1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა,“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას – გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებით დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ნოვატორების გაძლიერებით დასრულებული.
უკვე 30 წელზე მეტია ევროკავშირი ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა TRACECA, EU4Business, ENPARD თუ EU4Youth, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით.
21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა.
„როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
„საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“, – განმარტა შემოსავლების სამსახურმა.
თუ გემი და კომპანია არ არის სანქცირებული, მაშ რატომ არის რუსული ნავთობის დასაწყობება საქართველოს ტერიტორიაზე პრობლემური და რა საფრთხეს ქმნის ეს ქვეყნისთვის? – ვკითხეთ უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს, თეონა აქუბარდიას.
„რუსული ნავთობის საქართველოში გადასამუშავებლად შემოტანა პოლიტიკურად კიდევ ერთხელ ავლენს ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს დგომას, რამდენადაც რუსეთის ნავთობი არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაგრძელების რესურსი და სწორედ ამიტომ არის სანქცირებული მსხვილი რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ.
ეს დიდ საფრთხეს ქმნის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესისთვის, რამდენადაც უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად დგომა ნაწილობრივად ოკუპირებულ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში აბრუნებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
რა თქვა და არ თქვა შემოსავლების სამსახურმა განმარტებით განცხადებაში
21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში შემოსავლების სამსახურმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ გემი არ იყო სანქცირებული. ამავე განცხადებაში უწყებამ დაადასტურა, რომ ყულევში რუსული ნავთობი დაასაწყობეს.
„2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი“, – განმარტა შემოსავლების სამსახურმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს. ვკითხეთ, რა ბედი ეწევა რუსეთიდან შემოტანილ 100 ათას ტონამდე ნედლ ნავთობს.
„საგადასახადო საიდუმლოების ფარგლებში, იმაზე მეტ კომენტარს, რაც განცხადებაში წერია, ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს ამ სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში არ გვიპასუხეს, „დროებითი შენახვის საბაჟო საწყობი“, სადაც ნავთობი ჩაიტვირთა, არის ყულევის პორტში თუ ნედლი ნავთობი დასაწყობდა ყულევის ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.
თეონა აქუბარდია, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ნავთობის შემოტანა, ქვეყანას სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს.
„რუსული ნავთობის შემოტანა ასევე ქმნის სამომავლო სანქციების ფონს, მით უფრო მაშინ, როცა რუსეთის ენერგო სექტორზე უკრაინა ახორციელებს ლეგიტიმურ დარტყმებს და ამით ასუსტებს რუსეთის აგრესიას.
„როიტერსის“ სტატიაში შეფასებით აღწერაში კარგად ჩანს ზიანის პოლიტიკური განზომილება, მიუხედავად იმისა, რომ „რუსნეფტი“ არ არის სანქცირებული ამ დროისთვის. შემოსავლების სამსახურის დროული გამოხმაურება სტატიის საპასუხოდ კვლავ აჩვენებს რეჟიმის ფულის კეთების ინტერესს ოკუპანტ რუსეთთან ერთად, ეკონომიკური რისკების ანალიზის გარეშე.
აქაც ჩანს, რომ მათთვის სუვერენიტეტის პრინციპს და ქვეყნის საშინაო და საგარეო ვექტორს ფასი არ გააჩნია.
შესაბამისად, შესაძლოა სანქციები საქართველოში ნავთობის მომწოდებელ კომპანიასაც დაუწესდეს და ამას მოწმობს მათ შორის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებაც, ისევე როგორც ყულევში ნავთობის შემომტან გემზე თვალყურის დევნებაც.
მთელი ეს პროცესი აჩვენებს ყველაზე მკაფიოდ ერთ რამეს: ამ ქმედებით ივანიშვილის რეჟიმი დგას რუსეთის გვერდით უკრაინის წინააღმდეგ ომში და წირავს საქართველოს არამხოლოდ ევროპულ მომავალს ამ გზით, არამედ რუსეთის მიერ მორღვეულ სუვერენიტეტს და უწყვეტ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
რა ვიცით ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
„2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს, ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, ასევე პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე და მაკა ასათიანი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე 2024 წლის 22 ოქტომბერს
პროექტს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ახორციელებს.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი მაკა ასათიანია, ყოფილი მოდელი. „ბლექ სი პეტროლიუმში“ მაკა ასათიანის კომპანია „მკ კაპიტალი“ 70.7 % წილს ფლობს, ხოლო დარჩენილი 29.3 %-ს კომპანია „დუნამისის“ მფლობელობაშია.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით „ბლექ სი პეტროლიუმის“ ქონება იპოთეკითაა დატვირთული.
იპოთეკარები არიან – სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს განვითარების ფონდი“.
რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, მთავრობამ დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არსებული ნორმა შეცვალა. დადგენილებაში ჩაწერეს, რა შემთხვევაში შესაძლებელი ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის 16 ოქტომბრის დადგენილებით, დაბალი ხარისხის დიზელის იმპორტი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუკი ის „წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იქნება იმპორტირებული“.
ასეთი ქარხანა კი საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ნავთობკომპანიები „როსნეფტი“ და „ლუკოილი“. ასევე მათი შვილობილი კომპანიები.
23 ოქტომბრის დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის შესყიდვებს აჩერებენ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ.
უცნობია რა ბედი ელის საქართველოში [ყულევში] დასაწყობებულ 100 000 ტონა ნედლ ნავთობს.
„ოცნების“ მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს.
რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს, ჟანა ხაჩატურიანს ესაუბრა.
ქალბატონო ჟანა, რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ მოსალოდნელ ცვლილებაზე, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს, თუ ხედავთ რისკებს ამაში და კონკრეტულად რას?
ჩემი აზრით, განათლების სისტემაში დაანონსებული ცვლილებები უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე რაიმე სასიკეთო ცვლილებას, რადგან სკოლის გარდა მე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვასწავლი და უნივერსიტეტის პრობლემებსაც სხვა თვალით ვუყურებ.
დღეს საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის პროცესის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სტრუქტურა უნდა იყოს თავსებადი ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს 12-წლიან სკოლას, ოთხწლიანი ბაკალავრიატს და ორწლიანი მაგისტრატურას.
თუ ეს დაანონსებული ცვლილება შევა ძალაში და აღნიშნულ სისტემას ჯამში სამ წელს მოვაკლებთ, ჩვენ პრაქტიკულად დავშორდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდების დიპლომები ევროპაში აღარ იქნება ვალიდური. უბრალოდ, არ აღიარდება.
სკოლის ერთი წლით შემცირება ასევე ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს ნაკლები დრო ექნებათ ზოგადი განათლებისა და უმთავრესი ცხოვრებისეული კომპეტენციების განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მე-12 კლასის არსებობას, შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ახალგაზრდების პროფესიული არჩევანი და მომავლის ხედვა.
ადრე დასრულებული სკოლა ნიშნავს ზედაპირულ ცოდნას, შემცირდება სასწავლო სილაბუს-კურიკულუმები, რაც ნიშნავს მოუმზადებელ სტუდენტს. თუმცა, ის, რომ მე-12 კლასში გარკვეული საგნობრივი ცვლილებები და საათობრივი დატვირთვა გადასახედია, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
თუ ბაკალავრიატი სამწლიანი გახდება და მაგისტრატურა ერთი წლით შემცირდება, ვერ მოხერხდება ხარისხიანი განათლების მიღება და კვლევითი კომპონენტი დაიკარგება, როგორც აკადემიური, ისე პროფესიული თვალსაზრისით, რადგან მაგისტრატურა განკუთვნილია აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის, მისი შერწყმა ბაკალავრთან ამცირებს დამოუკიდებელი კვლევის შესაძლებლობას და, შესაბამისად, მეცნიერების ხარისხს.
სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა გარკვეულ პროფესიებში აპრობირებულია ევროპულ უნივერსიტეტებში, მაგრამ ეს ეხება რამდენიმე პროფესიას და გარკვეულ სპეციალობებს. მაგრამ მთელი რიგი სპეციალობებისთვის, მაგალითად, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, ელექტრონული ინჟინერია, ბიოლოგია და ასე შემდეგ, სრული კატასტროფა იქნება, რადგან სტუდენტების კვალიფიკაცია ვეღარ იქნება ბოლონიის პროცესისთვის თავსებადი.
იქნებ იმიტომაც აკეთებენ, რომ ბოლონიის პროცესს ჩამოშორდეს ქართული განათლების სისტემა და იზოლაციაში მოექცეს?
რა თქმა უნდა.
მივდივართ იქითკენ და ჩვენ ევროინტეგრაციას ვშორდებით. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული რეფორმით.
ვთქვათ ისიც, რა ბედი ეწევა ამ ცვლილებით უნივერსიტეტებს და ზოგადად პროფესორ-მასწავლებლებს, ხომ? – ცხადია, რომ უნივერსიტეტები კარგავენ დამოუკიდებლობას, რადგან სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელი ფაკულტეტები იარსებებს, რომელი პროფესორი ეყოლება, რამდენი სტუდენტის მიღების უფლება ექნება, რადგან საგრანტო სისტემა ფაქტობრივად აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აკადემიური თავისუფლება შეიზღუდება და უნივერსიტეტების ბედს გადაწყვეტენ უნივერსიტეტების გარეშე.
განსაკუთრებით პრობლემურად მეჩვენება ეს იდეაც – თითო ქალაქში მხოლოდ ერთი ფაკულტეტის დატოვება.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი წარმოგიდგენიათ ერთი ფაკულტეტით?
რეგიონებში ეს შეიძლება სერიოზულ სოციო-ეკონომიკურ დისბალანსად გადაიქცეს, რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ბევრი სტუდენტი იმიტომ სწავლობს, რომ ახლოსაა მათ ოჯახებთან, მათ სახლებთან. სხვა ქალაქებში გადასვლა სწავლის გასაგრძელებლად, ხშირად შეუძლებელიც კი არის ხოლმე, ფინანსური თვალსაზრისით.
რეგიონებში მოსახლეობის დიდ ნაწილს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ სტუდენტი შეინახოს დედაქალაქში. სწავლის თანხაა გადასახადი, ბინის ქირაა და ასე შემდეგ. თუ ფაკულტეტები შეიკვეცება, ეს ახალგაზრდები ფაქტობრივად უმაღლესი განათლების მიღების გარეშე დარჩებიან.
პრობლემა გაჩნდება იმ მხრივაც, რომ სასურველ პროფესიებს რეგიონის უნივერსიტეტებში შესაძლოა ვეღარ დაეუფლონ, არა?
დიახ და ეს არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს, რადგან მაშინ იძულებული იქნებიან აბიტურიენტები ან ის ფაკულტეტი აირჩიონ რასაც დაუტოვებენ, ან საერთოდ დარჩებიან უმაღლესი განათლების მიღმა. დღეს ისედაც რთულია პროფესიის არჩევა და როცა ასარჩევიც არაფერი იქნება, მით უმეტეს იქნება პრობლემა.
დავუბრუნდეთ სკოლებს. კობახიძემ თქვა, ვისაც მე-12 კლასის დასრულება უნდა, უცხოეთშიც შეუძლია წავიდეს და იქ დაასრულოსო. როგორც პედაგოგი როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
აბსოლუტურად აცდენილია კონტექსტს ეს წინადადება, რადგან მე-12 კლასი კი არა, ხშირად ბაკალავრიატის და მაგისტრატურის გაგრძელებაც კი ძალიან რთულია უცხოეთში. დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება ამას, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, წარმოუდგენელია, რომ მათ შეძლონ შვილის უცხოეთში გაგზავნა. ამიტომ, ეს არის ჰაერში ნათქვამი სიტყვები. ერთეულებს ეხება ალბათ. წეღან ვამბობდი, რომ ოჯახები დედაქალაქში ვერ უშვებენ შვილებს სასწავლებლად, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ და მე-12 კლასის გამო შეძლებენ უცხოეთში წასვლას?
გარდა მოსწავლეების და სტუდენტების პრობლემისა, აქ პროფესორ-მასწავლებლების პრობლემაც დგას ძალიან სერიოზულად. როდესაც ფაკულტეტები მცირდება, მცირდება საათები, ხომ?! ადამიანები, რომლებმაც წლები დაუთმეს განათლების განვითარებას რეგიონში, შესაძლოა სისტემის მიღმა დარჩნენ.
წმენდასთან მივდივართ აშკარად.
იმ ხალხისგან გაწმენდენ, ვისაც რაღაც კრიტიკული განწყობა აქვს და ხმის ამოღება შეუძლია?
შესაძლებელია, რომ ასე მოხდეს.
რას ამბობენ ამაზე თქვენი კოლეგები?
სამწუხაროდ, საზოგადოების სეგრეგაცია მოხდა, დაყოფილია საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და ძალიან ცუდია, ძალიან მწყინს ეს. თუმცა რეგიონებში ადამიანები მაინც სიჩუმეს ამჯობინებენ.
ხედავენ რისკებს და მაინც?
არ ვიცი შიშის გამო, არ ვიცი, გარკვეული ფაქტორების გამო, მაგრამ მაინც ჩუმად არიან და ბოლომდე მიჰყვებიან რეგრესს, სადღაც ფსკერში. ვნახოთ, სადამდე წავლენ.
მოსწავლეებმაც მოისმინეს ამ ცვლილებაზე. მე-10, მე-11 კლასელების აზრი როგორია?
კონკრეტულად ამ თემაზე არ მისაუბრია ბავშვებთან, არ მქონია ამის საშუალება. თუმცა, ზოგად სურათს რასაც ვხედავ, იქნება ეს ჩემი შვილი, მეგობრის თუ სხვები, იაზრებენ, რომ ეს მათ მიზნებს ზიანს მოუტანს. ყველას უნდა ევროპული განათლება, რადგან ევროპა ასოცირდება კრიტიკულ აზროვნებასთან, თანასწორობასთან და კეთილდღეობასთან.
იმედი აქვთ, რომ რაღაც შეიცვლება და არ მოუწევთ ამ დაუბალანსებელ სისტემაში განათლების მიღება. ამიტომ, ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს.
ეს შეამცირებს თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლებაში, შეზღუდავს არჩევანის უფლებას, დააზიანებს ევროპულ ინტეგრაციას და შეასუსტებს რეგიონის უნივერსიტეტებს, რომლებიც დღეს ქვეყნის განათლების ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ.
განათლებაში ეკონომიის გაკეთება ნიშნავს, რომ ვიღებთ ნაკლებად განვითარებულ, განათლებულ საზოგადოებას და ნაკლებად განვითარებული საზოგადოება კიდე როგორი მოქალაქეებით დაკომპლექტებული საზოგადოებაა, ძალიან კარგად ვიცით.
პასიური, ნაკლებად კრიტიკულად მოაზროვნე, დამჯერი მოქალაქეები შეიძლება მივიღოთ.
ევროპული ქვეყნები პირიქით ცდილობენ, რომ გააღრმაონ, გააფართოონ კვლევითი ინსტიტუტები და ჩვენთან არის უკუსვლა, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს და მივიღებთ ნაკლებად კრიტიკულად მოაზროვნე და ნაკლებად ამბიციურ ახალგაზრდობას და მოქალაქეებს. ეს ცხადზე ცხადია.
ფაქტია, რომ წნეხი ყოველთვის სამოქალაქო საზოგადოებაზეა და დღესაც ხალხის ნაწილი იბრძვის რეგრესის წინააღმდეგ. რა არის თქვენზე – პედაგოგებზე, ლექტორ-მასწავლებლებზე დამოკიდებული, რომ ხელისუფლებამ ვერ გააკეთოს ის, რაც ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება?
როგორც მასწავლებელი მივიჩნევ, რომ როცა საფრთხე ექმნება განათლებას, ქვეყნის მომავალს და მოსწავლეების მომავალს, ამ დროს გაჩუმება დანაშაულია.
მე პირადად, როგორც შემიძლია, რა პლატფორმიდანაც შევძლებ, ხმას მივაწვდენ საზოგადოებას, რადგან ძალიან მალე დავინახავთ ამ ცვლილებების კატასტროფულ შედეგებს, თუ ეს ყველაფერი განხორციელდა.
მასწავლებლების როლია ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ მოსწავლეებთან, ვიმუშაოთ, რომ კარგი მოქალაქეები აღვზარდოთ. კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე ნიშნავს, მას ჰქონდეს ფართო ხედვა, შეეძლოს საკითხის ანალიზი და საკუთარი აზრის გამოხატვა.
ჩვენ თავისუფალი და ლაღი საზოგადოებისგან შემდგარი სახელმწიფო გვჭირდება, რადგან ასეთი საზოგადოება წაიყვანს ქვეყანას პროგრესისკენ.
პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“ – იუწყება პროკურატურა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„12 წელია ვითხოვ დახმარებას და არავინ ყურადღებას არ მაქცევს, სახლში მაწვიმს, სახურავიც არ მომცეს“, – გვითხრა შადიე მოფინაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან შეხვდით.
შადიე მოფინაძე 22 ოქტომბერს აჭარის მთავრობაში ითხოვდა შეხვედრას რომელიმე პასუხისმგებელ პირთან.
შადიე და მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. შადიე ეტლით გადაადგილდება. იგი გვიყვება, რომ მის შვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ჩემი ეტლის საზურგეს ხელებით ეყრდნობა, მეც მივყავარ და თვითონაც ასე გადაადგილდებაო.
შადიე მოფინაძე მარტოხელა დედაა და 12 წელია „ოცნების“ მთავრობის ყურადღებას უშედეგოდ ითხოვს.
ფოტო: „ბათუმელები“
„ყველანაირად მჭირდება დახმარება, პენსიას ვიღებთ მხოლოდ და სოციალურს 50-50 ლარს…
სახლის კედლები გასამაგრებელია, დახურვა სჭირდება, ავარიულია… ივანიშვილს არ აინტერესებს გლეხი. უყურადღებოდ ვარ ყველანაირად.
მეზობლები მეხმარებიან, ხალხი მეხმარება,“ – გვითხრა შადიე მოფინაძემ.
შადიე მოფინაძეს სახლი ხელვაჩაურში აქვს, ახალსოფელში. იგი ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართა განცხადებით როგორც ხელვაჩაურის მერიას, ისე აჭარის მთავრობას, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
„სტიქიით დაზარალებულებს ვეხმარებითო, ასე მითხრეს ხელვაჩაურის მერიაში. რა მნიშვნელობა აქვს: მეხი დამეცემა, თუ წყალი დამახრჩობს?
ექიმთან მინდა გავაგზავნო ჩემი შვილი თურქეთში, მეხვეწება, ფეხზე დამაყენეო,“- გვითხრა შადიემ და ისიც გვიამბო, დღესაც როგორი წვალებით გამოიარა გზა ხელვაჩაურიდან აჭარის მთავრობის სახლამდე – სახლიდან ავტობუსამდე, ავტობუსში ასვლა და ჩამოსვლა ეტლით და გზა ავტობუსის გაჩერებიდან აჭარის მთავრობის სახლამდე, რომელიც ადაპტირებული არ არის.
ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ შადიე მოფინაძეს აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა:
„ხვალ ახალი განცხადება დაგვიტოვეო, ასე მითხრეს, ჯამში უკვე 15 განცხადება მაქვს დაწერილი. დაახლოებით 5 თვის წინ მქონდა დატოვებული განცხადება აჭარის მთავრობაში, მაგრამ არაფერი,“ – გვითხრა შადიე მოფინაძემ შეხვედრის შემდეგ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრს. კომენტარის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
შადიე მოფინაძე შვილთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ჟურნალისტების სარჩელის განხილვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
ჟურნალისტები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის შესახებ.
„გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია გაერთიანებულ კონსტიტუციურ სარჩელებს.
სადავო რეგულაციები პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტს ავალდებულებს, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ, ხოლო თუკი ჟურნალისტი ამ წესს არ დაიცავს, მას შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია პირველ ჯერზე ერთი თვის ვადით, განმეორების შემთხვევაში კი – 6 თვის ვადით.
საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესი 2023 წლის 6 თებერვალს დამტკიცდა. ამ რეგულაციით ჟურნალისტებს მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდათ.
ჟურნალისტები ასევე ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვას „გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე“.
მაგალითისათვის, ონლაინმედიას დღემდე არ უშვებენ პარლამენტის შენობაში.
პირველად ონლაინმედიას 2024 წლის 15 აპრილს შეუზღუდეს პარლამენტში შესვლა, მაშინ როცა რუსული კანონი განიხილებოდა. მაშინ პარლამენტმა ეს „პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით“ ახსნა.
2024 წლის 26 ნოემბერს კი ონლაინმედიას პარლამენტში შესვლა განუსაზღვრელი დროით შეეზღუდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმიანება ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი პრიზით, სახაროვის პრემიით.
„ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები.
ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – წერსგერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2025 წლის 22 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები: მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად გამოაცხადა.
„პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტები იყვნენ წარდგენილნი.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 284 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
დღეს, 23 ოქტომბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. პაპუაშვილი ამჯერად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოთი, სახაროვის პრემიით.
„წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როცა ევროპარლამენტმა ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა“ და დასძინა, რომ „ამ პრიზით დაგვანახეს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ“ და ბრიუსელს არ ესმის „ქართველი ხალხის ნამდვილი ხმა“.
მან მზია ამაღლობელს „დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი“ უწოდა.
ასევე, პაპუაშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ანდრეი სახაროვი რუსი იყო და იმაზეც, რომ ეს პრიზი წინა წლებში მიღებული აქვს რუს ოპოზიციონერ ნავალნის.
დღეს მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიით დაჯილდოებას გამოეხმაურა „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძეც. პროფესიით იურისტმა კობახიძემ, რომელმაც არაერთხელ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია ჯერ კიდევ მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, კიდევ ერთხელ გაავრცელა მიზანმიმართული ტყუილი მზია ამაღლობელის შესახებ.
კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „მზია ამაღლობელმა უცხოური აგენტურის დავალება შეასრულა“.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მისი დაკავებიდან დღემდე, მეათე თვე, „ოცნების“ ლიდერები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ მზია ამაღლობელის შესახებ. მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძისა და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოსაც კი მიმართა.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 284 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
„ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები,“ – უთხრა „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს, 23 ოქტომბერს მას შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დაუსვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი 2024 წლის თებერვალს, როცა ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამ პერიოდიდან კითხვები კორუფციაზე აღარ არსებობს. „ოცნების“ პრემიერმა თქვა, რომ კითხვებს ღარიბაშვილის საქმეზე გამოძიებამ უნდა უპასუხოს.
„შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერი გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ რეაგირებდა მმართველი პოლიტიკური გუნდი კორუფციაზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი:
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო. მინდა შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როცა ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას…
შეგიძლიათ ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, აქტი, ნებისმიერი ტენდერი, პრივატიზაცია. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს ვუპასუხებთ, ვერ გვაძლევთ ვერცერთ ასეთ ფაქტს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერი მაშინაც, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და გასაჯაროვდა, მაგალითად, ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის შესახებ.
„თქვენ არასდროს არ ხართ მართალი… იქ საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, ეს არ უარუყვია არც ირაკლი ღარიბაშვილს,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და აქცენტი ისევ იმ პერიოდზე გააკეთა, როცა თავად გახდა პრემიერი.
შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ დოლარს“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
გამყრელიძე დღეს, 23 ოქტომბერს ფეისბუქზე წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერის სირცხვილი და სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა.
„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით რაც ექიმებს ახასიათებთ.
აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო, ვინც ამას ავალებს და აკეთებს, თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი ვინც თითქმის ერთი წელია რუსთაველზე დგას მართლა „ხალხის მტრები“ არიან? ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
გავიმეორებ რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.
თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს!“ – წერს ამირან გამყრელიძე.
ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმი-ტრავმატოლოგია, რომელიც 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით.
გუშინ, 22 ოქტომბერს პოლიციამ რუსთაველის ქუჩაზე 30-მდე ადამიანი გზის გადაკეტვის მოტივით დააკავა. მათ შორის იყო ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.
მედია ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ ლიკა ბასილაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ლიკა ბასილაია წუხელ, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ტროტუარზე იდგა. ის არც გზას კეტავდა და არც პირბადე ეკეთა.
„22 ოქტომბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე “მედია რუსთაველზე” პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. დაკავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.
“ქართულ ოცნებას” თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედიის არსებობა ყველაზე მეტად აშინებს. მედიაზე თავდასხმა გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 134 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 282 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 453 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 33 938 ერთეული [+24]
MLRS – 1 525 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 73 386 ერთეული [+626]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+16]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 65 228 ერთეული [+106]
სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
91 690 უპილოტო საფრენი აპარატი
633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 616 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 605 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 705 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
44 572 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სუს-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხა და მან აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, ფეისბუქზე გამოეხმაურა.
ალექსანდრე თამაზაშვილი წერს:
„უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს.
ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გიორგი ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა.
18 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს.
დღეს, 22 ოქტომბერს კი ასევე სუს-მა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ამის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილი არ დაუკავებიათ. სუსი ამბობს, რომ მომდევნო დღეებში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მისი ქმედების დაკვალიფიცირების და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.
პროკურატურამ დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს.
ათივე განცხადებით, კობა ხუნდაძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
პროკურატურის ცნობით, კობა ხუნდაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა რაოდენობის ფულადის თანხა, მთლიანობაში, 1 319 300 ამერიკული დოლარი.
დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ამბავი მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიაში, ტელევიზორიდან შეიტყო.
პრემიის მიღების შემდეგ, მზია ამაღლობელის გზავნილი „ბათუმელებს“ მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა გაუზიარა.
„დღეს მოვინახულე მზია ციხეში. ტელევიზიით შეიტყო, რომ სახაროვის პრემია მიენიჭა.
გაუხარდა.
მზიამ მითხრა, რომ ეს პრიზი მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველა მის კოლეგას, რომლებიც შეუპოვრად იბრძვიან პროფესიული ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის. ეკუთვნის ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც რუსთაველზე დგანან და მათი წინააღმდეგობის ხმა ისმის ყოველ დღეს.
მზიამ თქვა:
„ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია – ჩემი მამაცი კოლეგები, სინდისის პატიმრები, თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც თავისუფლების ფასადაც კი აპროტესტებს უსამართლობას, ამ პრიზს თავისად მიიჩნევს.
ვფიქრობ, ახლა განწყობების დრო არ არის და ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიმარჯვებთ.
ამ ბრძოლაში მტრები შიგნით არ უნდა ვეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი რუსეთია და ისინი, ვინც მას ემსახურებიან.
მახსოვს, როგორ შევქმენი „ბათუმელები“ ეთერთან ერთად, მხოლოდ ენთუზიაზმითა და იდეალებით, მაშინ, როდესაც აჭარაში რუსული ტანკი იდგა და დედაქალაქში ჩამოსასვლელად მათი საზღვარი უნდა გამევლო.
ის დავძლიეთ და ეს მაიმედებს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი.
თუ ის პატარა გოგონები, მათ შორის ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ყოველდღე რომ დაარბენინებს პოლიცია განყოფილებებში, შემდეგ სასამართლოში და შემდეგ ციხე-ციხე, ხან მცირეწლოვან ბავშვს რომ დაუტოვებენ ქუჩაში ან სახლში დაატოვებინებენ მარტოს, ვინაიდან უკვე 12 წლისაა, ჩათვლიან, რომ ეს პრიზი მათია, მაშინ ყველაფერს ჰქონია აზრი.
თუ ეს ჯილდო მათთვის იქნება იმედი იმისი, რომ მათი ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, მაშინ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს აზრი.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხმა მივიტანოთ ყველგან.
სტუდენტებმა, ლექტორებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოეთში სწავლობს, ყველამ უნდა მიაწვდინოს ხმა თავის ლექტორებს, მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, თუ როგორ იბრძვიან აქ რუსთაველზე ყოველ დღეს.
ქვეყნის გარეთ ყველგან, ყველა უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, კონფერენციაზე უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა – ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი გარანტია.
და რაც მთავარია – ის, რომ დღეს ამ ბრძოლის ხმა ისმის, მხოლოდ ჩემი კოლეგების შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებაა და ამიტომაც ეკუთვნით მათ ეს პრიზი.
გთხოვთ, გაიტანეთ ამ ბრძოლის ხმა ქვეყნის გარეთ ისე, ვისაც როგორ შეგიძლიათ“.
მაია მწარიაშვილის თქმით, პირადად მისთვის, როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს მიღება, პირველ რიგში, მზიას დამსახურებაა.
„მას ამ ღირებულებების სჯეროდა მაშინაც, როდესაც ამ ქვეყანაში ცოტას სჯეროდა. მე მისი სიმართლის პირველივე შეხვედრიდან მჯეროდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის სწორედ მისი ღირებულებების გამო არის იქ, სადაც არის. მჯეროდა, რომ ცივილიზებული სამყარო სწორად დაინახავდა და შეაფასებდა, რატომ ზის დღეს მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ეს პრიზი არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პროგრესია. ეს არ ნიშნავს, რომ აქ ადამიანის უფლებებს იცავენ, ან დემოკრატია არსებობს. ეს ნიშნავს ყველაფერს პირიქით.
ამიტომ ამ ძალზე მაღალ და საპატიო ჯილდოს აქვს ორი მხარე: ერთი, რომელიც არ შეიძლება გიხაროდეს ადამიანს, რომელსაც გიყვარს სამშობლო და საკუთარი ქვეყნის წარმატებისა და პროგრესისთვის გიშრომია. ასეთ პრიზზე არ ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეების ნომინირება.
ამიტომ, ამ პრიზის მიღება არის საგანგაშო სიგნალიც.
ჩემთვის, როგორც მისი ადვოკატისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მზიას ეს პრიზი გადაეცა საკუთარი ქვეყნის უანგარო სამსახურისათვის, ღირებულებების ერთგულებისა და პროფესიული გამბედაობისათვის. ვულოცავ
მას ამ აღიარებას,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა „ბათუმელებთან“.
მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი
მაია მწარიაშვილს ვკითხეთ, როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაიმე სახის კვლევა ჩაუტარდა თუ არ მას საპატიმროში.
„ფიზიკურად ძალიან გამხდარია. დრამატული კლება აქვს წონაში. მხედველობის ბოლო კვლევით მისი ერთი თვალის მხედველობა მხოლოდ 10%-მდე იყო შენარჩუნებული. დღეს, არავინ იცის, კვლავ 10% -ია, თუ კიდევ დავარდა. სამწუხაროდ, მისი დაავადება შეუქცევადია და სათანადო სამედიცინო ჩარევის გარეშე მისი გაუარესება ვერ შეჩერდება.
სასჯელაღსრულების სისტემა სრულიად უმოქმედოა ამ თვალსაზრისით,” – ამბობს მაია მწარიაშვილი.
დღეს, 22 ოქტომბერს, პროევროპული პროტესტის 329-ე დღეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მინიმუმ 20 ადამიანი დააკავა.
სამართალდამცავებს პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ.
პოლიცია პერიოდულად აკავებს მოქალაქეებს, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება.
შსს აცხადებს, რომ 22 ოქტომბრის ღამეს, ამ დრომდე [21:23 სთ] ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, „ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში“.
„რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას – ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს“ – წერს შსს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის] თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი [დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით], სუს-ის შუამდგომლობით, შესაძლებელია ეს ქონება საკუთრებაში გადაეცეს.
ამ დრომდე სუს-ის თანამშრომელს ქონება საცხოვრებლად მხოლოდ სარგებლობაში გადაეცემოდა.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესში“ „ოცნების“ მთავრობამ ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს შეიტანა.
შესაბამის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
აღნიშნული წესის ახალი და ძველი მუხლები:
ახალი: „მუხლი 9. სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია, საცხოვრებლად გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით. სამსახურის გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებლად გადაცემული ქონება შესაძლებელია, გადაეცეს მოსამსახურეს საკუთრებაში, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე“.
ძველი: „მუხლი 9. სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.“
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით კი სუს-ში მთელ რიგ თანამდებობებზე პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა ხელფასები. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც.
21 ოქტომბერს, ღამით, თბილისში 10-მდე პოლიციელმა პირბადის ტარების გამო გააჩერა და შეამოწმა ორი გოგო. როგორც ჩანს, პოლიციამ ჩათვალა, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ K-POP კონცერტიდან მოდიოდნენ.
შემთხვევა მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარედ მოხდა.
მოქალაქემ განმარტა, რომ სამედიცინო პირბადე იმიტომ ეკეთა, რომ კბილებს იკეთებდა, თუმცა პოლიციამ მას პირბადის მოხსნა მაინც მოსთხოვა, რის შემდეგად მოქალაქემ პოლიციას კბილები აჩვენა.
„აი, არ მაქვს [კბილი]. რა საქციელია, პირბადე რომ მიკეთია, იმიტომ გამაჩერეთ?” – მიმართა მან პოლიციელს. ამის შემდეგ მან პოლიციას კონცერტის ბილეთი აჩვენა.
„სირცხვილია, რისთვის მაჩერებთ, მართლა“ – უთხრა მან პოლიციას.
„არა, სირცხვილი არა. გავარკვევთ და გაგიშვებთ. ჩვენი საქმე ეს არის”, – უპასუხა მას პოლიციელმა.
გოგოებმა თქვეს, რომ პროევროპული აქციების მონაწილეები არ არიან.
კითხვაზე, აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეები პირბადის ტარების გამო არაერთი მოქალაქე დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, მოქალაქემ უპასუხა:
„კი, როგორ არა, მაგრამ მეც თუ გამოვცდიდი ამას, არ მეგონა, იმიტომ, რომ უბრალოდ მოვდიოდი სახლში”.
მისმა თანმხლებმა გოგომ კი დასძინა:
„არა, არა, ეგენი ჩემგან შორს, მე ნაჭამი ვიყო მთავარია, ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიცია თბილისში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ქუჩაში პირბადეს უმოწმებს. 20 ოქტომბერს პოლიციამ შეაჩერამოქალაქე, რომელსაც სამედიცინო ნიღაბი ჰქონდა, მას ფოტო გადაუღო, სამედიცინო პირბადე დალუქა და ოქმი შეადგინა.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეპრესიული კანონის თანახმად აქციის მონაწილეების მიერ სახის დაფარვა, მათ შორის სამედიცინო პირბადითაც კი, ისჯება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით პირველივე ჯერზე. ასევე, ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვა.
ბოლო 2 დღეში, პროტესტის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი რეპრესიული კანონებით, 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ტელეკომპანია „ფორმულას“ სამი ჟურნალისტი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა ბელორუს ჟურნალისტ, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად.
საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის „სახაროვის პრემია“ 1988 წელს დაარსდა ევროპარლამენტის მიერ.
ეს პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში.
ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში გაწეული ძალისხმევისათვის, იქნება ეს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განვითარება, კანონის უზენაესობის დაცვა, უმცირესობის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
ვის აქვს დღემდე სახაროვის პრემია მიღებული:
სახაროვის პრემია 1988 წელს, როცა ის დაარსდა, პირველად გადაეცა ნელსონ მანდელას, სამხრეთ აფრიკის პირველ პრეზიდენტს და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტს.
1992 წელს სახაროვის პრემია მიიღო არგენტინელ მშობელთა ასოციაციამ – „მაისის მოედნის მშობლები“, რომელთაც შვილები დაკარგეს ბინძური ომის [Guerra Sucia en la Argentina] დროს. 1976-1983 წლებში არგენტინის ისტორიაში იყო სახელმწიფოებრივი ტერორიზმის გამოვლინების პერიოდი, როცა მასობრივად იტაცებდნენ ხალხს, აწამებდნენ და სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ.
1995 წელს სახაროვის პრემია გადაეცა ლეილა ზანას, ქურთული წარმოშობის პოლიტიკოს ქალს. ის ციხეში 10 წლით ჩასვეს იმის გამო, რომ თურქეთის პარლამენტში რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა ქურთულ ენაზე.
2003 წელს სახაროვის პრემია მიენიჭა კოფი ანანს, განელ დიპლომატს, გაეროს რიგით მეშვიდე გენერალურ მდივანს. კოფი ანანი ასევე არის ნობელის პრემიის 2001 წლის ლაურეატი.
2004 წელს სახაროვის პრემია გადაეცა ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციას, ხოლო 2005 წელს სახაროვი გადასცეს საფრანგეთში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს პრესის თავისუფლებას და იცავს ჟურნალისტების უფლებებს მთელს მსოფლიოში.
2008 წელს სახაროვი გადაეცა ჩინელ აქტივისტსა და დისიდენტს ჰუ ცზიას, „4 ივლისის ასოციაციის“ ხელმძღვანელს.
2009 წელს სახაროვის პრემია გადაეცა საზოგადოება „მემორიალს“, ადამიანის უფლებათა დამცველ გავლენიან ორგანიზაციას.
2011 წელს სახაროვის პრემია გადასცეს არაბული გაზაფხულის აქტივისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს ეგვიპტიდან, ლიბიიდან, სირიიდან და ტუნისიდან.
2013 წელს სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა მალალა იუსუფზაი, პაკისტანელი ქალთა უფლებების დამცველი და განათლების საკითხების აქტივისტი.
2015 წელს სახაროვის პრემია გადასცეს რაიფ ბადავს, არაბ მწერალს და აქტივისტს, რომელიც დაპატიმრებული იყო საუდის არაბეთის რელიგიურ საქმეთა პოლიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციების გამო.
2020 წელს სახაროვის პრემია გადასცეს ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას.
2021 წელს სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი.
2022 წელს სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა უკრაინელი ხალხი. დაჯილდოების ცერემონიაზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ უკრაინელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჯილდოების ცერემონიალში ონლაინ მონაწილეობდა.
2023 წელს სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა მაჰსა ამინი და მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
2024 წელს სახაროვის პრემია გადაეცა ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მარია კორინა მაჩადოს და ედმუნდო გონსალესს.
2025 წელს სახაროვის პრემია გადაეცა ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და ბელორუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტს.
დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
სახაროვის პრემიის გამარჯვებული დღეს ევროპარლამენტში დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ.
სახაროვის პრემია 2025 წელს მიიღეს მზია ამაღლობელმა საქართველოდან და პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პოჩობუტმა. „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტები იყვნენ წარდგენილნი.
მზია ამაღლობელი არის პირველი ქართველი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.
სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოა. ამ პრემიას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.
რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირს ან ჯგუფს, ვინც საკუთარი საქმიანობა მიუძღვნა ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვას.
პრემია ევროპარლამენტის მიერ ყოველწლიურად გაიცემა 1988 წლიდან. ეს არის უმაღლესი ევროპული ჯილდო ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებისა და მუშაობისთვის.
სახაროვის პრემიის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ: ნელსონ მანდელა [1993], მალალა იუსაფზაი [2014], ორგანიზაცია „მემორიალი“ [2008], არაბული გაზაფხულის აქტივისტები [2011], ალექსეი ნავალნი [2021], ირანული მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე თავისუფლება“ და ჰამსა ამინი [2023] და ა.შ.
სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. სახაროვის პრემიის ჯილდო 50 000 ევროა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს.
„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათის გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
დაკავებულს ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე წაეყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – აცხადებს პროკურატურა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობის აუდიტის ანგარიში, რაზედაც დღეს პროკურატურა საუბრობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორი წლის წინ, 2023 წლის 2 ივნისს გამოაქვეყნა.
„… 2019-2020 წლებში ფედერაციაში მივლინების სახით გაცემულ 13 380 ლარზე არ არსებობს ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშებიდან ქ. თბილისში არსებული სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოტანილია სულ − 451 256 ლარი. აღნიშნული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ფედერაციაში არ არსებობს. სალაროს ოპერაციები ნაღდი ანგარიშსწორებით ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილ თანხებზე ნაწარმოები არ არის.
აღნიშნული თანხებიდან 2021 წელს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მიერ საბანკო ანგარიშზე დაბრუნებულია 40 000ლარი.“ – წერია აუდიტის ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 133 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 280 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 447 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 33 914 ერთეული [+12]
MLRS – 1 524 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 229 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 72 760 ერთეული [+160]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 864 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 65 122 ერთეული [+96]
სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
91 466 უპილოტო საფრენი აპარატი
633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 602 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 605 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 683 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
44 481 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე 20 ოქტომბერს, ღამით, პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნური გადაკეტვის“ საბაბით ადამიანები დააკავეს. მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონაც გადაკეტა რუსთაველი. ის პოლიციელებმა არ დააკავეს, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზეა ჩანიშნული.
„თუ არ გამოვალთ გამარჯვებულები ამ ბრძოლიდან, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ჩემი აზრით, არაფერს აზრი აღარ ექნება. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება სოლიდარული, დარტყმა შემსუბუქდება. თუ 10 ადამიანი გაიზიარებს ამ ხვედრს სოლიდარულად, თუ 100 და 1 000 გაიზიარებს, საბოლოოდ ანულირდება კიდეც ეს დარტყმა,“ – მიიჩნევს გიორგი თავართქილაძე.
როგორ შეიძლება დაამარცხოს რეჟიმი წინააღმდეგობამ? – „ბათუმელებმა“ რეჟისორთან და სამოქალაქო აქტივისტთან, გიორგი თავართქილაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი, ხვალ, 12 საათზე გაიმართება თქვენი სასამართლო პროცესი. დღესაც აპირებთ რუსთაველის გადაკეტვას?
დიახ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე მაქვს ამის შესაძლებლობა. აუცილებლად გავდივარ და მაქვს იმედი, რომ მეტი ადამიანი გამოვა.
რატომ არისპრინციპულად მნიშვნელოვანი ისევ რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა? წინააღმდეგობაში ჩართული ზოგიერთი მოქალაქე ფიქრობს, რომ სჯობს პროტესტი ტროტუარზე გაგრძელდეს, რადგან ყველას თუ დააპატიმრებენ, ამ გზით პროტესტს ჩაახშობენ.
როდესაც რამეს გვიზღუდავენ, თუ ჩვენ ამ შეზღუდვას ვთანხმდებით და ვემორჩილებით, მაშინ ის იქცევა კანონად. თუ ჩვენ რეჟიმს უფლება მივეცით და საშუალება, რომ კანონები გადაგვიჭიროს, მაშინ ის გახდება ლეგიტიმური ხელისუფლება. „ოცნება“ კი, დღეს ლეგიტიმური ხელისუფლება არ არის.
თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ის ვეღარ მოახერხებს ჩვენს დასჯას, თუ ჩვენ ვიქნებით ცოტანი – ის ყოველ ჯერზე თითო-თითოს დაგვსჯის. თუ ჩვენ დავემორჩილებით რეჟიმს, ის მაინც დაგვსჯის. ამის ფაქტი სახეზეა: ადამიანები ტროტუარზე დგანან თვეების განმავლობაში და 5-5 ჯარიმა გამოუწერეს გზის გადაკეტვისთვის, ანუ ის ისედაც გზღუდავს.
ჩემი მიდგომაა ასეთია: მოდი, ორგანიზებული გაერთიანებით დავუპირისპირდეთ რეჟიმს. შეიძლება ზუსტად იგივე სიმძიმის დარტყმა მივიღოთ ჩვენ, მაგრამ ამას უკვე ექნება სხვა ფუნქცია და მნიშვნელობა – ის უკვე ვეღარ აღასრულებს კანონს, არა კი არა – ვეღარ! როდესაც, პირობითად, 10 000 ადამიანი გააკეთებს ერთი და იმავეს, ვთქვათ, 10 000 ადამიანი გააფერადებს კედლებს, 10 000 ადამიანი გადავა გზაზე და ასე შემდეგ, ის ვეღარ მოახერხებს ჩვენს დასჯას ან დაიწყებს შერჩევითად დასჯას.
როდესაც რაოდენობრივად ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს 10 000-მა გააკეთა და მან 10 000 კაცი ვერ დაიჭირა, აი, მაშინ დაიწყება რეჟიმის რღვევა: ერთადერთი, რაზეც დღეს რეჟიმი დგას, ეს არის ზუსტად აღმასრულებელი ფუნქცია და როლი. თუ ჩვენ მას გამოვაცლით ამ აღმასრულებლის ფუნქციას და როლს, ამ გზით და მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება რეჟიმი.
მიგაჩნიათ, რომ სოლიდარობაა წინააღმდეგობის წარმატების მთავარი ფაქტორი? რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ყოველდღიურად რუსთაველზე?
დიახ, სოლიდარობა გულისხმობს იმას, რომ ის დარტყმა, რასაც, ვთქვათ იღებს კონკრეტული ადამიანი, უნდა მივიღოთ ჩვენც. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება სოლიდარული, ეს დარტყმა შემსუბუქდება. თუ 10 ადამიანი გაიზიარებს ამ ხვედრს სოლიდარულად, თუ 100 და 1 000 გაიზიარებს, საბოლოოდ ანულირდება კიდეც ეს დარტყმა.
ჩვენ ახლა ეპოქალურ ბრძოლაში ვართ. ჩვენ თუ არ გამოვალთ გამარჯვებულები ამ ბრძოლიდან, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ჩემი აზრით, არაფერს აზრი აღარ ექნება.
თუ არის საზოგადოება სოლიდარული, ის არის მაშინ ისეთი, როგორსაც ჩვენ ევროპულს ვუწოდებთ – კეთილშობილური, კეთილსინდისიერი და შესაბამისად, სახელმწიფო არის გამართული და კარგი. თუ ვინმეს გონია, რომ ვიღაცას უნდა ვძლიოთ იმიტომ, რომ ძალით ვაჯობოთ, ეს არ მოგვიტანს ჩვენ იმ შედეგს, რაც გვინდა, რადგან ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფო მხოლოდ დემოკრატიული გზებით მიიღწევა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიღწევის გზა არის სოლიდარობა.
თქვენ, როგორც წინააღმდეგობის ერთი წევრი, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ვახერხებთ სოლიდარობას იმ ფორმით, რომელიც უკან დაახევინებდა „ოცნებას“? არაერთხელ გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია რუსთაველზე, თქვენ ამბობდით ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ რეჟიმი არ არის ბოლომდე კონსოლიდირებული და უნდა მოვასწროთ მოქმედება. თქვენი დაკვირვებით, ახლა რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ სოლიდარობას ჰქონდეს შედეგი?
მგონია, რომ ეს პროცესი მხოლოდ საზოგადოებაზე და მოქალაქეებზეა დამოკიდებული.
იმ ქვეყნებში, სადაც სოლიდარობით მიაღწიეს შედეგს – ვთქვათ, პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია – იყო ძლიერი ინსტიტუცია პროფესიული კავშირების სახით. ჩვენთან რაცაა, ძალიან სუსტია, ან კორუფციის ბუდედაა ქცეული. იქ, სადაც სოლიდარობამ გაიმარჯვა, ყველგან იყო პროფკავშირები ძლიერი. ეს ართულებს საქმეს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება. ჯერ კიდევ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული ემოციურად, ერთ ემოციურ ველში ვართ. შეგვიძლია ერთობის ჩვენება ქუჩაში და ამ რთულ პირობებში მაინც არის შესაძლებელი იმ შედეგის მიღწევა, რაც ინსტიტუციურ დონეზე იყო შესაძლებელი თუნდაც პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.
ეს არის ძალიან რთული, რადგან მთელი დატვირთვა გადადის მოქალაქეებზე, რომლებსაც შესწევთ უნარი იდეის გარშემო გააერთიანონ ადამიანები.
არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი: ასე იქნება თუ ისე იქნება. ფაქტია, რომ თვეების განმავლობაში ვახერხებთ ძალიან სპონტანურად, მოკლე დროში, ძალიან დიდი რაოდენობით კონსოლიდირებას, ერთი იდეის, ერთი სათქმელის, ერთი მომენტის გარშემო.
რადგან ეს შეგვიძლია, ეს მაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება.
ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ცვლილებები პოლიტიკური ორგანიზების და პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობის გარეშე? მოქალაქეებმა არაერთხელ აჩვენეს პროტესტი მასშტაბურად, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი პოლიტიკური სიტუაციის შესაცვლელად.
მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების გარეშე გამოვა ეს ამბავი. სამწუხაროდ, ივანიშვილმა მოახერხა არა 100%-ით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკოსებისა გამოეთიშა პროცესიდან. ზოგიერთი მათგანი ალბათ მოსყიდულიც არის, ივანიშვილმა ერთმანეთს დააპირისპირა პოლიტიკოსები, რის შედეგადაც ისინი გახდნენ უმოქმედონი. მათ არ შეუძლიათ დღეს რაიმე პრაგმატული, ელემენტარული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მათი ჩართულობა პირიქით, იქნება კონტრპროდუქტიული.
ჩვენ უნდა შევქმნათ მომენტუმი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ამოვარდნილი ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგიდან. ეს უნდა იყოს სრულიად ახალი სცენარი, ეს უნდა იყოს იმპროვიზაცია და ამას ბიძინას რეჟიმი ნამდვილად ვერ გააკონტროლებს.
პირადად ჩემთვის კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ, როდესაც მე მივედი პოლიციაში და ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ არკვევდნენ, რა უნდა მოეხერხებინათ ჩემთვის. ვეუბნებოდი პოლიციელებს, რომ მე ზუსტად იგივე გავაკეთე, რაც გააკეთეს სხვებმა, რომლებიც დღეს დააკავეს. დამაკავეთ მეც! მაგრამ სისტემა არის ტლანქი, მოუქნელი, მათ არ შეუძლიათ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ახლა გვაქვს ამის შანსი, სანამ ჯერ კიდევ შეგვწევს უნარი, რომ ვიდგეთ გარეთ და ვახერხებდეთ გაერთიანებას ფიზიკურად.
„ოცნების“ პოლიციამ დღესაც დააკავა ხუთი ადამიანი რუსთაველის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. რის დემონსტრირებას ახდენს „ოცნება“?
მიზანია ის, რომ ტერორის ძალით დაგვაშინონ, თავი ვიგრძნოთ ტერორში. ტერორი იწვევს დემორალიზებას, დემორალიზებულ ადამიანს აღარ შეუძლია მოქმედება. სინდისის პატიმრებიდან ვიღაც რვა წელს ელოდა და მიუსაჯეს, მაგალითად, ორ-ნახევარი წელი. აი, ქათამს რომ წაუჭირო კისერში ხელი, მერე გაუშვა და ისევ მოუჭირო… ორგანიზმი მოქმედებს ინსტინქტის მიხედვით: როდესაც სიკვდილს უახლოვდება, ფართხალებს, როდესაც სიკვდილს აიცილებს, უბრალოდ ჩერდება. ესაა ბიძინა ივანიშვილის მეთოდი.
მე ყოველ ჯერზე, როცა მაქვს საშუალება, ველაპარაკები ხოლმე პოლიციელებს. ჩემი მიზანი არ არის მათი შეურაცხყოფა ან შეჩვენება, მაგრამ მხოლოდ მათზე დგას დღეს ივანიშვილის რეჟიმი. მათი ძალიან დიდი ნაწილია დემორალიზებული და დარწმუნებული ვარ, გვგულშემატკივრობენ, უნდათ, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ამ ყველაფრისგან.
საბოლოოდ, ასე მოხდება კიდეც. ჩვენ მოგვიწევს მათი გათავისუფლებაც. აბსოლუტურად სრული უფლება გვაქვს, რომ ჩვენ ისინი არ გვიყვარდეს და მათ არ ველაპარაკებოდეთ კარგად, ან არ მოვიხსენიებდეთ. მაგრამ ეს, ჩემი აზრით, არ მიგვიყვანს შედეგამდე. ჩვენ რეალობა უნდა განვიხილოთ. რეალობა არის ის, რომ უმეტესობა პოლიციაში არის ღირსებააყრილი, პატივაყრილი და იქიდან გამოსვლა აღარ შეუძლია.
თუ ბევრი მოქალაქე გამოვა რუსთაველზე, ყველას რეჟიმი ვერ დააპატიმრებს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? თქვენ როგორ ხედავთ წინააღმდეგობის განვითარებას იმ შემთხვევაში, თუ ისევ ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში?
სოლიდარობის გამოხატვა იქნება დიდი მოძრაობის დასაწყისი, როცა საჯარო სამსახურებიდანაც გამოვა ხალხი, როგორც ეს მოხდა 2024 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას. დღეს ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, რა ფორმით არის შესაძლებელი უპირატესობის მოპოვება.
იყო მომენტი, როცა ძალმომრეობაზე დადო საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილმა ფსონი, რაც წინასწარვე იყო განწირული.
როდესაც ადამიანები იტყვიან, რომ მე ამ სამსახურში აღარ ვიმუშავებ, რადგან მე უნდა ვემსახურებოდე სახელმწიფოს განვითარებას, მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის შექმნას და არა მის ანტიპოდს.
გულისხმობთ გაფიცვებს?
სიტყვა „გაფიცვას“ ვერიდები ხოლმე, რადგან იურიდიული ტერმინია, რომელსაც სჭირდება პროფკავშირი და ეს უკვე კანონით რეგულირდება. მე ვგულისხმობ ბოიკოტს, ართანამშრომლობას, რასაც სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს.
მაგალითად, საჯარო სამსახურებიდან გამოდის ხალხი და ამბობს – მე აღარ მოვემსახურები რეჟიმს, რომელიც მკლავს. ვიღაც კონკრეტული პროდუქტის ყიდვაზე ამბობს უარს და ასე შემდეგ.
ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ სისტემა, როგორც გაფუჭებული აპარატი, რომელიც დენის წყაროზეა შეერთებული, უნდა გამოვაძროთ დენის წყაროდან. შეიძლება ამ დროს დენმა დაგვარტყას, დაგვაზიანოს ან მოგვკლას საერთოდ, მაგრამ გასათიშია ეს სისტემა, ოღონდ არა გასანადგურებელი. ჩვენ გამოვიარეთ მძიმე გაკვეთილი 1991-92 წლებში.
ის, ვინც ამ რეჟიმით სუნთქავდა, მას მოუწევს უბრალოდ გაქცევა ან ვერ მოასწრებს გაქცევას და საბოლოოდ, ნამდვილი მართლმსაჯულება მიაკითხავს. ეს არის ფორმა, რომელიც გაგვათავისუფლებს ამ უბედურებისგან, რასაც რუსობა ჰქვია და მეორე – ჩამოაყალიბებს იმ ახალი სახელმწიფოს ფორმას, რომელზეც, მე მგონია, მთელი საპროტესტო მოძრაობა ვთანხმდებით.
არსებული სასამართლოს პირობებში, ლოგიკურია მოლოდინი, რომ რომ ხვალ თქვენ დაგაპატიმრებენ. რა იქნებოდა თქვენი გზავნილი?
ჩემი გზავნილი იქნებოდა ის, რომ ნუ ვიფიქრებთ ამგვარად – „მე თუ ვიქნები სოლიდარული მოქმედებაში, აი, სხვაც იქნება თუ არა შემდეგ?“ – ეს მომენტი არასდროს არ დადგება თუ ინერტულ პოზიციად დარჩება სოლიდარობა, თუ მოქმედებაში არ იქნება გამოხატული სოლიდარობა.
ერთი ადამიანის სოლიდარობა გამოიწვევს მეორე ადამიანის სოლიდარობას, აუცილებლად. ორი ადამიანის სოლიდარობა კი გამოიწვევს ოთხი ადამიანის სოლიდარობას და ეს გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიით. უბრალოდ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ეს ყველაფერი იწყება ნებისმიერ ჩვენგანში: ჩემში, თქვენში, ნებისმიერში, ვინც ამ ინტერვიუს კითხულობს…
ნებისმიერმა უნდა გააკეთოს ეს და უნდა დაანახოს გვერდით მდგომს, რომ მე მოქმედებაში ვარ სოლიდარული. და აუცილებლად დადგება შედეგი.
ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივად და ადეკვატურად ლაგდება ეს დრამატურგია, რომ პირველი სოლიდარობის აქტი უნდა შედგეს რუსთაველის გამზირზე – სწორედ იქ არის საჭირო სოლიდარობით დავუპირისპირდეთ შეზღუდვას, რომელიც ცდილობს გადაიქცეს კანონად, რომელიც საბოლოოდ შეგვიზღუდავს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს და საბოლოოდ სულს ამოგვხდის.
თუ დღეს მოვა იქ 10 ადამიანზე მეტი და მზად იქნება იმისთვის, რომ წავიდეს, 5, 10, 15-დღიან პატიმრობაზე. ეს იქნება აუცილებლად მზარდი.
ჩვენი საქმეა სოლიდარობა და სოლიდარობა შესაძლებელია.
რთულია, მაგრამ მართლა შეგვიძლია ვაჩვენოთ ევროპას, ბევრად რთულ ვითარებაში როგორ შეიძლება სოლიდარობა. ჩვენ ყოველთვის ის ხალხი ვიყავით, რომლებიც რაღაც ინოვაციებს ვიგონებდით. დიდგორიც ინოვაციური გამარჯვება იყო – გავიმარჯვეთ მცირერიცხოვანმა მრავალრიცხოვანზე და გავიმარჯვეთ ყველაზე რთული, ევროპული საბრძოლო ილეთით, რომელსაც ერქვა შოკური დარტყმა, შოკური შეტევა. ამას ვერ ახორციელებდნენ შუაგული ევროპული ქვეყნების გაცილებით ძლიერი და დიდი არმიის წარმომადგენლები და ჩვენ ეს შევძელით. ეს შეძლო აღმაშენებლის ჯარმა.
„საერთოდ აღარ იქნება გრანტის სისტემა, იქნება სახელმწიფო დაკვეთის სისტემა და ამაზე საუბრობს კობახიძე. ეს გულისხმობს იმას, რომ განათლების სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც დააფინანსებენ“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი.
„ბათუმელები“ მას „ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის რისკებზე ესაუბრა.
ბატონო სიმონ, როგორც განათლების სპეციალისტმა, რა ტიპის საფრთხეები დაინახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმაში? ყველაზე მეტად ვის დააზიანებს ამ ტიპის ცვლილებები, თუკი განხორციელდა?
ის, რაც კობახიძემ ილაპარაკა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და კიდევ განათლების მინისტრმა, რეალურად აჩვენებს იმ საფრთხეებს, რასაც ეს ცვლილება გამოიწვევს. რეალური მიზანია უნივერსიტეტები გაწმინდონ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პროფესორებისგან და კობახიძე ღიად საუბრობდა ამაზე.
ამბობდა, რომ უნივერსიტეტში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილი პროფესორები, რომლებიც, მისი აზრით, ვერ აკმაყოფილებენ საგანმანათლებლო სტანდარტებს და არიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეულები. ამ პროფესორებისგან უნდათ, რომ გაწმინდონ უნივერსიტეტები.
შემდეგი მიზანი არის ის, რომ დავშორდეთ დასავლურ სამყაროს და ამაზეც თავად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ თავი უნდა დავიცვათ თურმე „მავნე ზეგავლენებისგან, რაც მოდის დასავლეთიდან“.
რეალური რისკი კი ის არის, რომ „ოცნება“ ცდილობს დაიმორჩილოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ შემდეგ ეს სისტემა ემსახუროს ამ პარტიის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და სულ უფრო და უფრო ჩამოშორდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს და ევროპულ განათლებას.
იქნებ ავუხსნათ ადამიანებს, კონკრეტულად რაში ჩანს ეს, რომ ევროპულ განათლებას გვაშორებენ? ბევრი მანიპულაციები ახლავს ამ საკითხს და იქნებ უფრო ნათლად განვმარტოთ.
ევროპული განათლება სტრუქტურულად გულისხმობს იმას, რომ მაგალითად სკოლა უნდა იყოს მინიმუმ 12 წელი, ზოგან არის 13 წელიც ევროპაში. ევროპული განათლება გულისხმობს, რომ განათლების სისტემის მიზანია მაქსიმალურად სამართლიანად გაანაწილო რესურსები და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადო სტუდენტებისთვის.
ასევე, ევროპული განათლების სისტემა გულისხმობს იმას, რომ უმაღლეს განათლებაში და ასევე სკოლებშიც დაცული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, მათ შორის: ადმინისტრაციული, ფინანსური და შინაარსობრივი ავტონომიაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, როგორ მართავენ საკუთარ თავს, რა პროგრამები ექნებათ, როგორ არჩევენ პროფესორებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, რაც ჩვენთან ისედაც პრობლემაა.
ფინანსური ავტონომია გულისხმობს იმასაც, რომ პოლიტიკური ზეწოლებისგან უნდა იყოს სკოლა და უნივერსიტეტი გათავისუფლებული.
ევროპაში უნივერსიტეტები ემსახურებიან საზოგადოებას და არა პარტიებს და პარტიები ასრულებენ აკადემიური სივრცის ფარგლებში შემუშავებულ კონცეფციებს და აკადემიური სივრცის მოთხოვნებს და არა პირიქით, როცა აკადემიური სივრცე ემსახურება პარტიების შემუშავებული კონცეფციების აღსრულებას.
„ოცნების“ რეფორმის მიხედვით, ერთ ფაკულტეტს ერთი პროფესორი უნდა ჰყავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემიური ზრდის შესაძლებლობასაც ართმევს ეს მიდგომა სხვებს. ამასთან, ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას. რა დარჩება რეალურად დღეს არსებული უნივერსიტეტებისგან, თუ ეს გეგმა განახორციელეს?
ეს რომ წარმოვიდგინოთ, უნდა გავიხედოთ წარსულში. ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ მისთვის იდეალური მოდელი არის საბჭოთა მოდელი, სადაც არსებობდა ერთი მრავალპროფილური უნივერსიტეტი და დანარჩენი უნივერსიტეტები იყო პროფილური. ანუ, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება შენარჩუნდეს სხვადასხვა სპეციალობა, დანარჩენ უნივერსიტეტებში კი – კონკრეტული სპეციალობები.
მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვთქვათ, იქნება პედაგოგიკა, ან მასწავლებლის მომზადების პროგრამები, სამედიცინოში – მხოლოდ სამედიცინო, ტექნიკურში – მხოლოდ საინჟინრო მიმართულებები და ასე შემდეგ. ამ სისტემის პრობლემა თავის დროზე ის იყო, რომ არ ხდებოდა უნივერსიტეტების განვითარება, რადგან ეს უნივერსიტეტები მონოპოლიას ფლობდნენ თავიანთ მიმართულებაში და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება არ ხდებოდა.
სხვადასხვა კულტურის ჩამოყალიბების პირობებში კი ეს პროგრამები სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს. როდესაც არსებობს პარალელური პროგრამები, ეს იძლევა საშუალებას, რომ იმუშაოს ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემამ, როცა ერთი უნივერსიტეტის პროფესორები მეორე უნივერსიტეტის პროფესორებს ეხმარებიან განვითარებაში, აფასებენ ერთმანეთის პროგრამებს, აძლევენ რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ვითარდებიან ეს უნივერსიტეტები.
„ოცნების“ ახალი სისტემა კი ამ ყველაფერს ხელს შეუშლის. პროფესორების შემცირება გამოიწვევს იმას, რომ იძულებული გახდებიან პროფესორები გადავიდნენ კერძო უნივერსიტეტებში თუკი საერთოდ იარსებებს ამის შესაძლებლობაც. პროფესორებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ უნივერსიტეტების განვითარებაში.
განვითარებას სჭირდება ფული, ამ „რეფორმით“ კი რეალურად უნივერსიტეტებს შეუმცირდებათ შემოსავლები, რადგან ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი გამოიწვევს სტუდენტების შემცირებასაც, უნივერსიტეტებს აღარ ეყოლებათ უცხოელი სტუდენტებიც და ოთხი წლის მაგივრად სამი წელი თუ იქნება ბაკალავრიატი და ერთი წელი მაგისტრატურა, ეს თავისთავად შეამცირებს უნივერსიტეტების შემოსავლებსაც. მაგისტრატურაზე 50%-ით შეუმცირდებათ შემოსავალი.
დღეს სახელმწიფო სტუდენტს აფინანსებს ანუ აძლევს სასწავლო გრანტს და „ოცნების“ რეფორმის მიხედვით, სტუდენტი ისევ მიიღებს ამ გრანტს თუ ვერა?
გრანტის სისტემა საერთოდ აღარ იქნება, სახელმწიფო დაკვეთის მიხედვით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის და განათლების სამინისტროებმა უნდა განსაზღვრონ, ვინ უნდა დააფინანსონ, რა მიმართულებებით და რამდენი.
სახელმწიფო აფინანსებს მიმართულებებს, სპეციალობებს და არა სტუდენტს. მართალია პირდაპირ არ უთქვამს კობახიძეს, რომ სტუდენტს არ აძლევენ გრანტს, მაგრამ ამბობს, რომ საგრანტო სისტემიდან გადავდივართ სახელმწიფო დაკვეთის სისტემაზეო.
ანუ, სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას, იღებს უნივერსიტეტი და ასევე, განისაზღვრება რამდენი სტუდენტი იქნება უნივერსიტეტში .
ახალი პრინციპით სტუდენტის დაფინანსების დღევანდელი მოდელი მოიშლება.
შრომის ბაზრის კვლევა არ წარმოუდგენიათ, როგორც ვიცი.
შრომის ბაზარი რომც გამოვიკვლიოთ და რომც ვნახოთ, რომ მაგალითად, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებები მაინც და მაინც არ არის დღეს მოთხოვნადი, ამ მიმართულებების არსებობა ქვეყანაში იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ღირებულებები, ცოდნა და წარმოდგენები.
ის, რომ ფილოსოფიას სწავლობს ადამიანი, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფრო ფართოდ უყურებს სამყაროს, უფრო მეტი ეჭვის თვალით უყურებს ისეთ დემაგოგიას, რასაც ვისმენთ ყოველდღე ხელისუფლებისგან და ცხადია, რომ ასეთი მიმართულებები პრიორიტეტებში ვერ მოხვდება.
საბჭოთა კავშირში სოციოლოგია რეალურად არ არსებობდა, იმიტომ, რომ სოციოლოგებს შეეძლოთ ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ ის სოციალური ურთიერთობები, რასაც საბჭოთა კავშირი სთავაზობდა და გამოიკვლევდა, ვთქვათ, საზოგადოებრივ განწყობებს და პრობლემებს, ხომ?!
ამიტომ ეს შრომის ბაზარიც ხშირად ინსტრუმენტია იმისთვის, რომ შეზღუდო თავისუფალი აზრი.
მაგალითად, 60-იანი წლებში ჩინეთის უმაღლესი განათლების რეფორმებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქაც დაიწყეს უნივერსიტეტების გაერთიანება და სოციალური მეცნიერებების და ჰუმანიტარული მიმართულებების შეზღუდვა.
გაამართლა მერე ამ სისტემამ?
რა პერსპექტივითაც უნდა ახლა „ქართულ ოცნებას“, რომ გაამართლოს, მაგ პერსპექტივიდან გაამართლა, რადგან ჩინეთში მას შემდეგ მმართველი პარტია არ შეცვლილა და ეს არის ალბათ „ოცნების“ მიზანიც, რომ მოაწყოს საგანმანათლებლო სისტემა ისე, რომ სამუდამოდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და როგორც კომუნისტური პარტია არ იცვლება ჩინეთში, ისე არ შეიცვლება ჩვენთანაც „ქართული ოცნება“.
როცა ამბობენ, რომ ერთ ქალაქში 1 ფაკულტეტი უნდა იყოს – მაგალითად, სამართალს დღეს ბევრ უნივერსიტეტში ასწავლიან, ხომ? თუ ამ რეფორმის შემდეგ მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იქნება სამართლის ფაკულტეტი, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი, ვისაც ამ მიმართულებაზე უნდა სწავლა, გარეთ დარჩება?
კობახიძე გვთავაზობს საბჭოურ, გეგმიურ ეკონომიკას, სადაც სახელმწიფო წყვეტს, რამდენი ადამიანია საჭირო თითოეულ სფეროში და არა დასაქმების ბაზარი. სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად, ჰყავდეს რაღაც რაოდენობის იურისტი, ოღონდ თან იმ გადაწყვეტილებასაც იღებს, რომელი უნივერსიტეტი მოამზადებს ამ იურისტებს და რეალურად გვეუბნება იმას, რომ ეს ის უნივერსიტეტი იქნება, სადაც თვითონ მუშაობს. ანუ თვითონ იქმნის საკუთარი თავისთვის რაღაც მონოპოლიურ გარემოს.
არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებზე დაცვით დადის და საკუთარი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ჰყავს დაპატიმრებული და ციხეში ჰყავს გაშვებული სრულიად აბსურდული მიზეზების გამო.
ძირითადად ახსენებენ მხოლოდ ორ ქალაქს – ქუთაისს და რუსთავს და რატომ?
სადღაც 20 000 სტუდენტი უნდა გადავიყვანოთო, ამბობენ. რუსთავში აპირებენ, რომ გადაიყვანონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის და კიდე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, აქ გაყიდონ შენობები და ამ ფულით ააშენონ რუსთავში.
სინამდვილეში ამ შენობების გაყიდვა იმიტომ კი არ უნდათ, რომ უკეთესი ინფრასტრუქტურა შექმნან, ამის უკან დგას დეველოპერების და პარტიის ინტერესები, რადგან მშენებლობებიდან შემოსული ფული შედის პარტიაში შემოწირულობის გზით.
თუ დავფიქრდებით იმაზე, თუ ვინ ფლობს ცემენტის წარმოების ყველაზე მსხვილ კომპანიებს, მაშინვე მივალთ ირაკლი რუხაძემდე და ბიძინა ივანიშვილამდე. ამიტომ მათი ინტერესიცაა, რომ თბილისის ცენტრში ყველა შენობა გაიყიდოს, გარდა თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსისა და იქ აშენდეს საცხოვრებელი კორპუსები. ფული კი შევა პარტიაში.
ხელისუფლება, რომელმაც ის ვერ მოახერხა, რომ ხუთი წლის წინ დანგრეული სკოლები აეშენებინა, ახლა ასე უცებ ააშენებს უზარმაზარ სტუდენტურ ქალაქს? ვერ ააშენეს ხომ სპორტის აკადემია, რომელიც გაყიდეს ვაკეში და თქვეს, რომ ახალს ააშენებდნენ?!
იმასაც ვხედავთ, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ განათლება. ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის დასაკავებლად განათლება საერთოდ არ არის საჭირო და საქართველოს პრეზიდენტად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, აპირებენ უმაღლესი განათლებაში ხარისხის აწევას?!
თუ დღეს თბილისი საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია, მალე გაქრება და თბილისი გახდება რაღაც ბიზნეს ცენტრი. ახლა ჭავჭავაძეზე ყოველი მეორე შენობა არის საგანმანათლებლო – უნივერსიტეტი ან სკოლა და ხვალ იქნება მხოლოდ კაფე, რესტორანი, ტრენაჟორების დარბაზი და ოფისი.
გამოდის, განათლების სისტემის დანგრევით „ქართული ოცნება“ ბევრ მიზანს მიაღწევს – ჩახერგავს ევროპასთან გზებს, დაქსაქსავს უნივერსიტეტებს, სწავლის მოტივაციას დაუკარგავს ფაკულტეტების გაუქმებით სტუდენტებს და რაც მთავარია, კიდევ უფრო შეასუსტებს უნივერსიტეტების ავტონომიას და მათ პროტესტს?
საბოლოო ჯამში ეს თეორიაა, რომ ჩვენსა და ევროპულ განათლებას შორის იყოს მინიმალური კავშირი და ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სისტემის დონეზე ვიყოთ, რადგან რაც უფრო ნაკლებად განათლებული ადამიანები გვეყოლება, მით უფრო ნაკლებად განვითარდება ეკონომიკა, მით უფრო ადვილად მართვადი გახდება ხალხი, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ მმართველ პარტიას გაუადვილდება ამ ხალხის კონტროლი, არამედ ნებისმიერ საგარეო მტერსაც, რადგან უფრო მარტივად იქნებიან მანიპულირებადი პროპაგანდითა და დეზინფორმაციით, რაც სერიოზული პრობლემა დღეს.
პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის კეთდება. სინამდვილეში, ფაკულტეტების შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ბევრი აბიტურიენტი დარჩება უნივერსიტეტის გარეთ. სად წავა ეს ხალხი, თქვენი აზრით, ემიგრაციაში ხომ არა?
ეს რეფორმა თუ რაც არის, თუ განხორციელდა, 100 000-ზე მეტი ახალგაზრდა დარჩება განათლების მიღმა.
დღეს მე-12 კლასში სადღაც 50 000-ზე მეტი ადამიანი სწავლობს. იგივე რაოდენობამაც რომ ჩააბაროს, რაც დღეს არის, უნივერსიტეტებს მოაკლდებათ მეოთხე კურსელები, მაგისტრატურის სტუდენტების ნახევარი და მე-12 კლასელებიც თუ დაემატებათ, საერთო ჯამში 100 000 ადამიანზე მეტი გამოდის. ანუ 100 000 ადამიანზე მეტი გვეყოლება საგანმანათლებლო სივრცის მიღმა.
სად წავა ეს ხალხი?
ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხშირად მიდიან არაკვალიფიციურ შრომაში, ფიზიკურად მუშაობენ. ანუ, თუ დღეს 18 წლის ასაკში იღებ გადაწყვეტილებას, რა პროფესიაზე ისწავლო და შემდეგ კიდევ უნივერსიტეტებში გეხმარებიან პირველი წლის განმავლობაში, რომ დაფიქრდე და ისე გააგრძელო ამ მიმართულებაზე სწავლა, ამ რეფორმის შემდეგ მოსწავლეს 17 წლის ასაკში მოუწევს პროფესიული არჩევანის გაკეთება, ნაწილს კი – ჯარში წასვლა. კიდევ უფრო პატარა ასაკში წავლენ ჯარში და სამუშაო ბაზარზეც.
ხოლო ის ნაწილი, რომელიც სკოლის მერე მიდიოდა უცხოეთში, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგება და დამატებით მოუწევთ ერთი წელის გავლა იმისთვის, რომ იქაურ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ.
ქართველი სტუდენტები ალბათ „ერაზმუსსაც“ ვეღარ გამოიყენებენ?
შესაძლოა, რადგან თუ მინიმალური წლების რაოდენობა არ ექნება სტუდენტს დაფარული, ევროპულ უნივერსიტეტში ვერ წავა. მაგალითად, მე რომ ვსწავლობდი უნივერსიტეტში და გერმანიაში მინდოდა წასვლა, მომიწია, რომ ორი კურსი დამეხურა იმისთვის, რომ უფლება მქონოდა გერმანიაში პირველ კურსზე დავმჯდარიყავი და ამ სისტემაში გვაბრუნებენ ახლა.
„ერაზმუსიც“, სავარაუდოდ, დარჩება უფუნქციო. ის ბარიერები, რომელსაც ამ ცვლილებებით აჩენენ, არანაირი სიკეთის მომტანი არ არის ქართველი სტუდენტებისთვის.
კერძო უნივერსიტეტებს რა შანსი აქვთ, რომ გადარჩნენ ასეთ სისტემაში? მათ რა ელოდებათ?
დღეს კერძო უნივერსიტეტები პოლიტიკურად არც თუ ისე აქტიურები არიან და გარკვეულ ავტონომიას ინარჩუნებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემორჩენილი წინააღმდეგობის მუხტი კერძო უნივერსიტეტებსაც ეხმარება, გარკვეულწილად. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ეს უნივერსიტეტი ინარჩუნებს თავის ავტონომიურობას და ეს წინააღმდეგობა ეხმარება კერძო უნივერსიტეტებსაც, რომ შეინარჩუნონ გარკვეული ავტონომია სახელმწიფოსგან.
ამ სისტემის მოშლით კი ესეც მოირღვევა და მეტი წნეხი გადავა კერძოებზე. მთავრობის და პარტიის წევრები პირდაპირ ჩაუჯდებიან წილში ამ უნივერსიტეტების მოგებას. არის ეჭვი, რომ თანამდებობის პირები ახლაც მონაწილეობენ ირიბად ამ ბიზნესის მართვაში. მაგალითად, ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომლის დროსაც გაიყიდა შავი ზღვის უნივერსიტეტი, უცებ აღმოჩნდა ამ უნივერსიტეტის მართვაში ჩართული. როცა არ ემორჩილებოდა ეს უნივერსიტეტი ხელისუფლებას, ავტორიზაცია შეუჩერეს.
ამიტომ, ამ ყველაფერს შეაჩერებს მხოლოდ სტუდენტების და პროფესურის სოლიდარული წინააღმდეგობა. პირველ რიგში ამ ხალხს სჭირდება იმის გაცნობიერება, სინამდვილეში რას უმზადებს „ქართული ოცნება“ მათ. მათ უნდა მოითხოვონ ამ პროექტის უკან გაწვევა და მეორე ის, რომ მოითხოვონ „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან.
In the past two days, 14 people have been arrested under the new repressive laws enacted against the protest.
According to a statement released by the Ministry of Internal Affairs (MIA) on October 21, initials of 13 people detained over the past two days for “violating the rules of holding an assembly or demonstration” are: A.G., K.Ts., T.T., D.A., U.G., D.E., I.K., K.M., B.K., B.Q., N.B., S.J., and T.S.
Vazha Siradze, head of the Patrol Police Department, stated that one of the detainees has been transferred to the Center for Mental Health and Drug Prevention, where they will undergo compulsory treatment.
“For this reason, we are refraining from disclosing this person’s initials,” Siradze said.
He added that citizens gathering on Rustaveli Avenue, near the Parliament building, “despite their small number, are artificially blocking traffic lanes and obstructing the movement of vehicles. Some protesters also have their faces covered, which constitutes an administrative offense.”
According to the MIA, “over the past three days, 53 violations have been recorded during the rallies, with 42 individuals identified as offenders.” Some have already been detained, while administrative proceedings are underway for the others, whose cases will be reviewed in court in the coming days”.
On October 16, the Georgian Dream’s parliament tightened protest laws in an effort to end the daily demonstrations that began on November 28, 2024, after the party announced the postponement of Georgia’s EU bid.
Under the new regulations, face covering and blocking the road are no longer punishable by fines – they now result in immediate detention, while repeat participation can lead to criminal charges.
The amendments were rushed through and signed under an accelerated procedure.
Detentions are likely to continue as the protests do.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი – ცირა ჟვანია დააკავეს. მანამდე შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავა რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით.
„დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და „ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა.
19 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანი ვახო სანაია, ხოლო 20 ოქტომბერს დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. დღეს სოციალური მედიაზე მომუშავე ჟურნალისტის ჯერი დადგა. სასამართლომ ვახო სანაიას ექვსი, ქეთა ციცქიშვილს კი ხუთი დღით პატიმრობა მიუსაჯა. ამ „დანაშაულის“ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მათ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„ქართული ოცნება“ ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გმობს „ქართული ოცნების“ მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი „ქართული ოცნების“ რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო,“ – აღნიშნულია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ დღეს, 21 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის მოქმედი საკრებულო 2025 წლის 22 ოქტომბერს მორიგ სხდომას ჩაატარებს. დღის წესრიგში ამ ეტაპზე სულ ხუთი საკითხია შეტანილი, თუმცა, როგორც წესი, საკითხებს შემდეგ სხდომის დაწყებამდეც ხშირად ამატებენ.
აღნიშნული ხუთი საკითხიდან ორი – მშენებარე კორპუსებზე სართულის გაზრდას ეხება, ერთი – დოკუმენტში ცვლილების შეტანას, ასევე არის საკითხი, რომლითაც ფიზიკური პირი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ბათუმის მერიას სანაცვლოდ ბინებს და სხვა ადგილზე სტადიონის მოწყობას სთავაზობს.
კიდევ ერთი საკითხი, ბათუმის ნავსადგურთან ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხება.
საკითხი 1
შპს „თაუერ ჯგუფი“ განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] გეგმარებით დავალებაში ცვლილებს ითხოვს. კორექტირებით გათვალისწინებულია მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის ბ კორპუსის 2 დამატებითი სართულის მოწყობა, რაც იწვევს კ2 კოეფიციენტის ზრდას.
შპს „თაუერ ჯგუფი“ ბათუმი ცენტრალთან ახლოს, ზღვის პირას [თუმცა, აქ უკვე ხელოვნური კუნძული შენდება] ცათამბჯენს აშენებს. პროექტი თავიდან ორ – 8 და 38-სართულიან კორპუსს აერთიანებდა.
კომპანიის დირექტორია ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.
შპს „ბათუმი ცენტრალის“ მესაკუთრე კი „ოცნების“ პარლამენტარი გიორგი ჭყონიაა.
საკითხი 2
ბათუმის საკრებულოს ანგისის, ასევე ანგისის I ჩიხის სხვადასხვა მისამართზე მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების
დეტალური გეგმა 2024 წლის ივლისში ჰქონდა დამტკიცებული, ამჯერად კი მასში ცვლილების შეტანას გეგმავს.
მერიისგან საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „ემ ბილდინგ ბათუმი“ ზემოთ აღნიშნულ გეგმაში „ტექნიკური შეცდომის გასწორებას“ ითხოვს.
„კერძოდ, განმცხადებელი აღნიშნავს რომ საპროექტო ობიექტის ფუნქცია არასწორადაა მითითებული, რეალურად არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თავისი გეგმარებით და შემადგენლობით, რაც აღწერილია ყველგან დეტალურ გეგმაში. ჩარჩენილია სიტყვა „მრავალფუნქციური“, ნაცვლად „მრავალბინიანისა“.
„ცვლილება არის არარსებითი ხასიათის“ – თვლის ბათუმის მერია.
შპს „ემ ბილდინგ ბათუმი“ 2023 წლის მარტში დააფუძნა ორმაგი [საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის] მოქალაქეობის მქონე მანანა ტუნაძემ, რომელიც კომპანიის 100% წილის მფლობელია.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „ემ ბილდინგ ბათუმის“ დირექტორია გული კენჭიშვილი.
საკითხი 3
საკრებულოში შეტანილი პროექტის მიხედვით, შპს „ალ-ტაას დეველოპმენტს“ ანგისი ქუჩასა და ანგისის პირველ შესახვევს შორის მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე სურს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის [2 ბლოკი] მშენებლობა – „ფუნქციური ზონით და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით“.
ამავე პროექტის მიხედვით „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი განისაზღვრა კ2-10.0, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სიმაღლე 80.0 მეტრი, 24 სართული, ავტოსადგომის რაოდენობა კანონმდებლობით დადგენილი ნორმის 100%-ის შესაბამისად.
სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება და გაერთიანდება საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო ერთეულები.“
„დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, მშენებლობის ნებართვის აღებამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, უპირობო და გამოუხმობი სერვიტუტით დაიტვირთება მიწის ნაკვეთების ნაწილი – ჯამში 925.20 კვ.მ.
გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.“ – აღნიშნულია პროექტში.
წითელი ფერით აღნიშნულია მიწის ნაკვეთები, სადაც შპს „ალ-ტაას დეველოპმენტი“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვას ითხოვს.
შპს „ალ-ტაას დეველოპმენტ“ 2023 წელსაა რეგისტრირებული ბათუმში. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის მეწილეები არიან: მინურ ტუნაძე [40%], ლაშა მახარაძე [40%] და თემურ ტუნაძე [20%].
საკითხი 4
საკრებულოში არსებული დოკუმენტების მიხედვით ბათუმის მერიას 2025 წლის აგვისტოში მიმართა გ.ზ.-მ [საკრებულოს დოკუმენტებში მხოლოდ ინიციალებია მითითებული] და „მოითხოვა ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა N35-ში სპორტული მოედნის მშენებლობის სანაცვლოდ, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება თამარ მეფის გამზირი N56-ში მდებარე 818 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის.
„ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში განმცხადებელს სურს განესაზღვროს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2 – 6.5; საპროექტო შენობის სართულიანობა – 12. შენობის სიმაღლე – 43.30 მეტრი. ავტოსადგომის რაოდენობა კანონმდებლობით დადგენილი ნორმის 100%-ის შესაბამისად. ნამატი კ2 კოეფიციენტის 10% ფართი კი, საცხოვრებელი ბინების სახით, გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.“
დოკუმენტებში, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, აღნიშნულია, რომ „დათქმის სახით გ.ზ. (პ/N …..) განესაზღვრა, რომ სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა შეთანხმდეს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან.
მშენებლობის ნებართვის აღებამდე გაფორმდეს ხელშეკრულება მოედნის მოწყობის ვალდებულების თაობაზე, მოედნის მოწყობის ვადა კი განისაზღვროს არაუმეტეს 6 თვე (ნებართვის აღებიდან), წინააღმდეგ შემთხვევაში მინიჭებული შეღავათები და გაცემული ნებართვა ჩაითვლება გაუქმებულად.
ასევე, მოედნის მშენებლობის დასრულება შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებთან შესაბამისად დადასტურებულ უნდა იქნას აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნით და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ და წარმოდგენილ იქნას შესაბამისი დადასტურების დოკუმენტი“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება შენობა-ნაგებობის
გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ის სასარგებლო ფართობის სახით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით,
მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 თვის ვადაში კი, გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებულ იქნას სოციალური მიზნით, მიმდებარე და სხვა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.“
მიწის ნაკვეთი ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, სადაც 12-სართულიანი კორპუსის აშენება სურთ [მარცხნივ-წითელი ფერით] და ტერიტორია ბათუმში, საერთო ეზოში – ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა N35-ში, სადაც სპორტული მოედანი უნდა მოეწყოს [მარჯვნივ – მწვანე ფერით]თამარ მეფის გამზირი N56-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც მერიის დოკუმენტებით გ.ზ. (პ/N …..) 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითხოვს, საჯარო რეესტრის მიხედვით გენადი ზოიძის საკუთრებაშია.
საკითხი 5
მერიისგან საკრებულოში გაგზავნილი კიდევ ერთი დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიაში შესულია წერილები, რომლითაც
მოთხოვნილია გოგებაშვილის ქუჩა N84-ში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა და დანაყოფი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის გადაცემა, შემდგომში ნაწილის შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-სათვის იჯარით გადაცემისა და ასევე სხვა ნაკვეთთან მონაცვლეობის მიზნით.
მიწის ნაკვეთები ბათუმის პორტთან: წითელი ფერით – „ბათუმის ნავსადგურის“ საკუთრება, ყვითელი ფერით – ბათუმის საკუთრება, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეცეს შემდეგ ნავსადგურის ნაკვეთთან მონაცვლეობისთვის. რაც შეეხება მწვანე ფერით მონიშნულ ნაკვეთს – ბათუმი სავარაუდოდ სახელმწიფოს გადასცემს
„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ 1584 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემა [შემდგომში, სახელმწიფოსა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით].“ – წერია განმარტებით ბარათში.
ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხსაც ბათუმის საკრებულო 22 ოქტომბრის სხდომაზე უყრის კენჭს.
მთავარი ფოტო: „თაუერ ჯგუფის“ მშენებლობა ბათუმის ცენტრალთან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
Formula TV journalist Tsira Zhvania has been arrested on allegations of “blocking the road” during protests on Rustaveli Avenue in Tbilisi.
“Two police officers were waiting for me near my home. We waited 20 minutes for the patrol crew. They just arrived – apparently, I’m being detained for blocking the road,” Zhvania wrote.
Zhvania is the third Formula TV journalist detained in recent days under the Georgian Dream’s tightened administrative rules on road blockage.
UPDATE: Journalist Tsira Zhvania is ordered to 10 day of administrative detention.
On October 19, 14 people were arrested in connection with the October 18 rally, allegedly for “artificially blocking the road” and/or “covering their faces.” Most of them – nine individuals – were sentenced to detention the same day. Among them was Formula TV journalist and anchor Vakho Sanaia – ordered to 6 days of administrative detention.
The Ministry of Internal Affairs announced that 13 more people had been identified and that legal proceedings were underway against them. The five people detained on October 20 are reportedly among those 13 individuals.
Another journalist of Formula TV, Keta Tsitskishvili has been sentenced to five days of administrative detention on charges of “blocking the road.” Tsitskishvili is a single mother – under administrative law, a single parent of a child under 12 should not be subjected to detention. However, the judge ruled to proceed with detention, noting that her child had turned 12 on October 3.
The Georgian Dream’s parliament tightened protest laws in an effort to end the daily demonstrations that began on November 28, 2024, after the party announced the postponement of Georgia’s EU bid.
Under the new regulations, face covering and blocking the road are no longer punishable by fines – they now result in immediate detention, while repeat participation can lead to criminal charges.
The amendments were rushed through and signed under an accelerated procedure.
Detentions are likely to continue as the protests do.
64-year-old Kote (Konstantine) Kokaia, arrested in connection with the October 4 events, has written a letter to his daughter from prison describing the conditions of his detention. According to him, he has lost vision in one eye, requires medical attention, but has not been taken to a doctor. The conditions he describes indicate serious violations of his rights.
Kokaia’s letter dated by October 21,2025:
“Nini, I’m not writing to worry you, but the truth and facts are as follows: I’ve been here for 10-11 days. I was registered to see a cardiologist but they didn’t take me. I was registered to see an eye doctor, but they didn’t take me. I can no longer see with my left eye. I had a cold – they didn’t take me to a doctor. They took away my glasses, saying metal frame is not allowed. The doctor did not prescribe a diet for me – a man with 5 coronary artery bypasses and 4 stents. I have severe shortness of breath and insomnia. The boys in the cell took care of me; I had fevers for 1–2 days. You have to beg for your blood pressure to be checked. The food is hell. I’m also blocked from contacting anyone, no card (special bank card used for purchasing goods in prison), no phone call. There are restrictions on me. The boys are by my side like brothers, for which I am grateful. May they be happy and released soon. I will not go to the prison doctor. Children: I miss you very much, I love you. Sending you kisses. Write me a letter. Atuka, please behave well; you gave your word, and I believe you.”
Kote Kokaia is 64 years old. According to his defence lawyers, he has a heart stent and has lost vision in one eye while in prison. Before 2013, he worked at Tbilservice Group. After the change of government, he lost his job and has been unemployed. Since 2019, Konstantine has been battling various health conditions. He requires regular movement to maintain blood circulation, a proper diet, and multiple medications that need constant monitoring. He also needs regular medical visits to manage his health and adjust his treatment.
According to his lawyer, 64-year-old Kote Kokaia sustained the eye injury during the October 4 protest when he was struck by a police officer.
” Kote. He has lost vision in one eye. The injury occurred directly during the protest on October 4, in a situation where no activist would have hit him. He was near the presidential palace, trying to calm both protestors and representatives of the Special Tasks Department to prevent escalation. He wanted to help get people inside (the yard) out safely and even managed to guide some out. At that moment, he was first sprayed with pepper spray and then struck with a blunt object. Whether it was a gas canister or a baton, he can’t confirm because his vision was already affected, but he felt it was a solid object.
So far, we have no medical documentation regarding the vision loss because it is recent. I first visited him on October 9 or 10; at that time, his vision was impaired, but not to this extent. Now it has worsened, and he can’t even read what’s on paper, and I could barely see him properly today,” – said lawyer Giorgi Chkheidze on October 15 with Netgazeti.
The lawyer added that medical documentation regarding Kote Kokaia’s health, including the injuries to his eye, was submitted to the court when discussing preventive measures, but the judge did not take any of it into account.
„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კონსტანტინე კოკაია შვილს, ნინი კოკაიას წერილს უგზავნის და ციხეში საკუთარი უფლებების დარღვევაზე წერს.
კონსტანტინე კოკაია წერს, რომ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ ცალ თვალში ვეღარ ხედავს, ციხეში ავად გახდა, მაგრამ ექიმთან არ წაიყვანეს.
„ნინი, მამი, სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ასეა:
10-11 დღეა აქ ვარ, ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს, ჩამწერეს თვალის ექიმთან – არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ.
გაციებული ვიყავი ექიმთან არ წამიყვანეს. სათვალეები წამართვეს, არ შეიძლება რკინაო.
ექიმმა 5-შუნტიან და 4-სტენტიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი.
ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე, უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ, არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რითაც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ.
ბავშვებო, მაგრად მენატრებით, მიყვარხართ. გკოცნით. მომწერეთ წერილი. ათუკა, ჭკვიანად, გთხოვ, სიტყვა გაქვს მოცემული, მჯერა,“- ვკითხულობთ კონსტანტინე კოკაიას წერილში, რომელიც შვილს, ნინი კოკაიას გაუგზავნა.
კონსტანტინე კოკაია 9 ოქტომბერს დააკავეს. 10 ოქტომბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახის ცნობით, 64 წლის კონსტანტინე კოკაია სხვადასხვა დაავადებას ებრძვის. გადატანილი აქვს ინფარქტი, გულზე გაკეთებული აქვს 5 შუნტი. კოკაიას ადვოკატმა მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა, თუმცა მოსამართლე კალატოზიშვილმა არაფერი გაითვალისწინა.
„ბათუმელები“ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის სავარაუდო უფლებების დარღვევაზე, კომენტარისთვის დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. გვაინტერესებდა, ეძლევა თუ არა კონსტანტინე კოკაიას სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა და თუ არ ეძლევა, რატომ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
განახლება:
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
უწყებამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კონსტანტინე კოკაიასთან ამ დრომდე არც კარდიოლოგი ყოფილა და არც ოფთალმოლოგი, რასაც ბრალდებული ითხოვდა.
„ბრალდებული კ. კოკაია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.
პარალელურად, სამედიცინო პერსონალის მიერ შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულ კ. კოკაიას აღენიშნება გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.
რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში.
2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.
რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კ. კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად.
ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება,“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.