მთავარი,სიახლეები

FIFA-მ ბათუმის დინამოს სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა

25.01.2026
FIFA-მ ბათუმის დინამოს სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა

FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის „დინამო“ ავრცელებს.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ – FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო შეზღუდვა გასულ წელს დაუწესა. ეს შეზღუდვა 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდეა ძალაში.

სატრანსფერო შეზღუდვის დაწესების მიზეზი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელების  მხრიდან FIFA-ში შეტანილი საჩივრებია. საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელების დავალიანება ჰქონდა.

„2025 წლის დეკემბრიდან, დინამოს სააქციო საზოგადოება დბ 1923-ის მმართველობაში გადასვლისთანავე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არსებული ყველა დავალიანების შესწავლისა და დაფარვის პროცესი დაიწყო.

კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა FIFA-ს მხრიდან საფეხბურთო კლუბ “ანკარაგუჩუს”, ასევე ფეხბურთელების: კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მესასა და ალექს სანტოსის მიმართვის საფუძველზე აქვს დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში FIFA-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს.

თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული.

ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-ს სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ბათუმის დინამოს მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავაც ძალაში დატოვა.

ბათუმის დინამო აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამის ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, რათა ახალი მენეჯმენტის პირობებში, კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ FIFA-ს მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდეს, რაც არსებული გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გვიტოვებს,“ – ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 იანვარს გავრცელა.

კლუბის ინფორმაციით, სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, ბათუმის “დინამოს”  27 ფეხბურთელი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისათვის თურქეთში, ანტალიაში, აქტიურად ემზადება.

ამავე თემაზე:

„დინამო ბათუმი” ბიზნესმენმა თემურ მიქელაძემ იყიდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: