მთავარი,სიახლეები

მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს

21.01.2026
მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას  აძვირებს

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია.

გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,  მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით.

„აღნიშნული გარემოებების გამო გაზრდილი ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მიზანშეწონილია დადგინდეს ახალი ტარიფი“ – განმარტავს მერია.

ის მოქალაქეები,  რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ.

„დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები შემდეგი ოდენობით:

ა) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,70 ლარი;
ბ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო“ – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო ბარათით სარგებლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სტუდენტები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, პენსიონერები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები.

ასევე, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის,  ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისთვის, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის.

განკარგულების პროექტის მიხედვით უფასო მგზავრობისთვის დანაკლისი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მერიამ უნდა შეუვსოს.

„ბათუმის ტერიტორიაზე ავტობუსებით [M3 კატეგორია] მგზავრთა საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“  საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების საკითხი საკრებულომ მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

კიდევ ერთი პროექტის მიხედვით, მერია ცვლის ასევე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებულ ტარიფებს და ფასს 50 თეთრიდან 70 თეთრამდე ზრდის, თუმცა ეს ცვლილება მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის, რადგან დიდი ხანია სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ბათუმის მასშტაბით 70 თეთრი ღირს – მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს ჯერ კიდევ 4 წლის წინ.

ბათუმის საკრებულოს სხდომა 28 იანვარს უნდა გაიმართოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: