მთავარი,სიახლეები

„ანტიკონსტიტუციურია“ – საია ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების დაპატიმრებაზე

24.01.2026 •
„ანტიკონსტიტუციურია“ – საია ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების დაპატიმრებაზე

საია ეხმაურება ტროატურზე დგომის გამო ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობას და მათ დაპატიმრებას.

„2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები [დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი] საფეხმავლო გზაზე [ტროტუარზე] პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია ტროატუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ პირებს შორის იცავს დიმიტრი ჯამბურიას ინტერესებს. ამ საქმეშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რაც საიას შეფასებოთ ფორმალურია: „ნაცვლად მათში მოცემული მსჯელობების საქმესთან მისადაგებისა, შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი სტანდარტების საქმისგან აბსტრაჰირებული მითითებით. ევროსასამართლოს სტანდარტების ჭეშმარიტი მოხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებას არ მისცემდა, საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე იმყოფებოდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საიას შუამდგომლობა, რომ სასამართლომ საკონსტიტიცუო წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თუ მოსამართლე ხედავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ანტიკონსტიტუციურია, საქმის განხილვა უნდა შეაჩეროს და საკონსტიტიციო სასამართლოს მიმართოს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, კონსტიტუციურია თუ არა სადავო სამართლებრივი ნორმა. აე მოიქცა, მაგალითად, თეთრიწუაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც რამდენიმე საქმეზე სამართალწარმოება შეაჩერა და განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი სამართლებრივი ნორმები მისი აზრით არაკონსტიტუციურია.

„ტროტუარზე დგომისთვის” ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობის საქმის განხილვისას სასამართლოს არ გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლოს ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენებინა, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო კონსტიტუციის შეუსაბამოდ.

ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმს ბევრად ნაკლები ხარისხით ზღუდავს, მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზანი, არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვაა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა, ასეთი ანტიკონსტიტუციური ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გატარებისას, მიუთითებს, როგორც ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებზე, ასევე, მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობებზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც. ასეთმა პრეცედენტებმა შეუქცევადად შეიძლება დააზიანოს, არამხოლოდ, ინდივიდუალური უფლებები, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენები,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

„ვის შევუშალე ხელი?“ – ვინ და როგორ დააპატიმრეს ტროტუარზე დგომის გამო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: