განათლება,მთავარი,სიახლეები

„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე

23.01.2026 •
„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე

24 იანვარს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ თბილისში ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც 12:00 საათზე, „ქალაქის თეატრის“ შენობაში გაიმართება.

ფორუმზე მოწვეული არიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე.

„24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიცაა წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას განათლების მნიშვნელობას განვითარების, თანასწორობისა და მშვიდობის მიღწევაში.

სამწუხაროდ, განათლების კუთხით საქართველოს სერიოზული გამოწვევები აქვს. ქართველი მოსწავლეები ერთი მხრივ, საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს საშუალო საგანმანათლებლო მიღწევებით, მეორე მხრივ, დიდია აკადემიურ მიღწევებში განსხვავება საცხოვრებელი ადგილის, სკოლის სტატუსის, ოჯახის შემოსავლისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვით.

ეს ადასტურებს, რომ განათლების სისტემა ვერცერთ საფეხურზე ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და განვითარებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების „რეფორმის“ შედეგად კი განათლების ახალი ინიციატივებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„როგორც უმაღლესი, ისე საბაზისო განათლება გახდება უფრო ელიტური, არ გაუმჯობესდება მისი ხარისხი, დაბალშემოსავლიან ოჯახში დაბადებულ მოსწავლეებს დამატებითი ბარიერები შეექმნებათ უმაღლესი განათლების მიღების გზაზე, ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება.

უნივერსიტეტებს შეეზღუდებათ ავტონომია და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფერო იზოლაციაში მოექცევა“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დღეს, 19:00 სათზე, „ოცნების” დაინიცირებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, საპროტესტო მსვლელობაც გაიმართება თბილისში.

დემონსტრანტები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტამდე მარშით მივლენ.

„საქართველოს სჭირდება განათლებული მოქალაქეები. ჩვენ უარს ვამბობთ: განათლების ხარისხის გაუარესებაზე. უნივერსიტეტებს არ უნდა აკონტროლებდეს პარტია. უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა – არ არის რეფორმა, ეს არის საფრთხე!“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: