მთავარი,სიახლეები

უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

23.01.2026
უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი – წერს საქსტატი.

საქსტატი განმარტავს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქალაქ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 2.5 პროცენტით.

საქსტატი აქვეყნებს 1მ2-ის მედიანური [გასაყიდი, შეთავაზებული ფასი] ღირებულების სტატისტიკასაც თბილისის უბნების მიხედვით. ამ მონაცემების თანახმად, უძრავი ქონება, ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის უბანშია – 6 738 ლარი ერთი კვადრატული მეტრისთვის.

მეორე ადგილზეა ვაკე – 5 874 ლარი ერთი კვადრატული მეტრისთვის, მესამეზე კი ჩუღურეთის რაიონი – 4 313 ლარი 1 კვადრატული მეტრისთვის.

წყარო: საქსტატი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: