განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებელი მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს – „ეს მოხდა ჩემი აქტიურობის გამო“

25.11.2025 •
მასწავლებელი მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს – „ეს მოხდა ჩემი აქტიურობის გამო“

მასწავლებელი დათია ბადალაშვილი იმ ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს, რომელიც 2019 წელს თავად შექმნა, შეგროვებული წიგნების მეშვეობით.

ეს ბიბლიოთეკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ თონეთშია, იმ სოფელში, სადაც ვაჟა-ფშაველა ორი წელი მუშაობდა მასწავლებლად.

ამ სოფლის სკოლაში დათია ბადალაშვილი სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლის, თუმცა მან ბიბლიოთეკის შექმნა უფრო ადრე დაიწყო სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის.

როგორც დათია ბადალაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ბიბლიოთეკა ახლა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და შესაბამისად, მის დამსაქმებლადაც მერია ითვლება.

„მიზეზად დამისახელეს კორუფციის წინააღმდეგ ახალმიღებული კანონი, რომელიც ადამიანებს ორ საჯარო სამსახურში დასაქმებას უკრძალავს ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

მე მქონდა უფლება ორ ადგილას მემუშავა, მაგრამ ეს კანონი გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ, ჩემი აქტიურობის გამო, იმის გამო, რომ მე აქტიურად ვაპროტესტებდი მზია ამაღლობელის დაჭერას, ზვიად რატიანის, კვარაცხელიას დაკავებას, ხალხის ცემა-ტყეპას ასე დაუნდობლად, უტიფრობას და ათას რაღაცას. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ივლისში მე უარი ვთქვი დავხმარებოდი „ოცნებას“ არჩევნებზე. ეს დახმარება გულისხმობდა იმას, რომ როგორც ბიბლიოთეკაში დასაქმებულს, 5 ხმა უნდა მიმეტანა „ქართული ოცნებისთვის“ და მე უარი ვუთხარი“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

დათია ბადალაშვილი სოფლის ბიბლიოთეკის შექმნის პროცესს იხსენებს.

მისი თქმით, წიგნები სხვადასხვა მიტოვებული ადგილიდან აგროვებდა და ასე დაიწყო ბიბლიოთეკის შექმნა.

„ასე გადავარჩინე ბევრი წიგნი წვიმისგან.

სოფლის საბჭოს შენობაში გამოგვიყვეს ერთი ოთახი. მოგვიანებით, საზოგადოების მხარდაჭერით მოვაწყვე სამკითხველოც. შვეიცარიის გრანტის დახმარებით და ასევე ბიზნესისგან შემოწირულობებით, გავაკეთე ფანჯრები, კარები და შემქმენი გარემო.

ახლა ბიბლიოთეკაში 2000-მდე წიგნია. სოფელში აღვადგინე ვაჟაობის ტრადიციაც“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

რადგან ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა, მერია, როგორც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, დათია ბადალაშვილს 219 ლარს უხდიდა ხელფასის სახით.

„ახლა დაახლოებით 540 ლარი გახდა, თუმცა გამიშვეს სამსახურიდან.

ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს ბიბლიოთეკა, რომ ვუთხარი კიდეც, სკოლაში საათებს შევიმცირებ ან წამოვალ საერთოდ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, აქედან მაინც გაგიშვებთ, რადგან ხელშეკრულება წლის ბოლომდეაო“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ოცნების“ რეპრესიული კანონები ამუშავდა კრიტიკული ადამიანების გასაჩუმებლად:

„თუმცა, არავინ უნდა გაჩუმდეს, რადგან სისტემა დგას შიშზე.

მაინც არ ვარ მათზე გაბრაზებული, რადგან ვიცოდი, რომ ბრძოლაში ვიყავი და ამ ბრძოლაში რომ რაღაცას დავკარგავდი, ისიც ვიცოდი.

უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ ბავშვები ნაბან წყალს გადააყოლეს, ბავშვებს აზარალებენ. არაერთი პროექტი მქონდა დაგეგმილი – შეხვედრები მწერლებთან, ფსიქოლოგებთან, რეჟისორებთან… გვქონდა კინოჩვენებები. სწორედ ამ აქტივობებით მოვხვდი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში.

ახლა, დარწმუნებული ვარ, პარტიის მხარდამჭერს მოიყვანენ აქ, რომელიც ჩემს მეასედ საქმესაც არ გააკეთებს. მესმის, რომ მე მათ ვძულვარ, მაგრამ ამ სიძულვილს ბავშვებს ნუ გადააყოლებენ“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

გადაბეჭდვის წესი