„მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემები, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაც მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა“-ამბობს თამუნა მაჭარაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
„ბათუმელები“ პედაგოგს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სასკოლო რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას გულისხმობს.
- ქალბატონო თამუნა, რა აზრის ხართ მე-12 კლასის გაუქმებაზე და იმ ცვლილებებზე, რასაც „ოცნება“ სკოლებსა და უნივერსიტეტებში აპირებს?
ამ ცვლილებებს შევაფასებდი, როგორც ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებას. პოლიტიკური ელფერი უფრო აქვს ამ რეფორმას და თუკი ასეთი ეროვნული იდეით და სახელმწიფოებრივი ინტერესებით არის გამსჭვალული მათი განათლების რეფორმა, რატომ არ გააკეთეს აქამდე? რას ველოდებოდით. ხომ შეიძლებოდა ამ წლების განმავლობაში უკვე ღირებული შედეგი მიგვეღო.
მაგრამ ეს მოფიქრებულია იმისთვის, რომ უფრო მეტად დაიმორჩილონ და მართონ საზოგადოება.
- სრული კონტროლის დაწესება სურთ სკოლებსა და უნივერსიტეტებზე?
ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
ზოგადად, სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემაა. დღევანდელი სკოლა ფუნქციადაკარგულია რეალურად. უფრო სოციალური ურთიერთობების სივრცედ იქცა, ვიდრე განათლების მიღების საშუალებად, ეს ახალი არავისთვის არ არის და ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა, რომ განათლების, სასკოლო განათლების ხარისხი ქვეყანაში არის ძალიან დაბალი.
შესაბამისად, საუნივერსიტეტო სივრცეშიც როდესაც გადადიან სკოლის მოსწავლეები, არ არიან მზად, რომ საუნივერსიტეტო განათლება მიიღონ. იმიტომ, რომ სათანადო მზაობა არ აქვთ ამისთვის.
- რა უშლის ხელს ხარისხის შექმნას?
უხარისხობა სისტემის ბრალია, რადგან რეფორმები, რაც აქამდე გატარებულა ან ტარდება, არ არის თანმიმდევრული. დაიწყებენ რაღაცას, მასწავლებლები გავდივართ ტრენინგებს, ვემზადებით, ჩართული ვართ რეფორმის განხორციელებაში და უცებ, ისე, რომ არავითარი კვლევა, არავითარი შედეგების ანალიზი არ ხდება, გვეუბნებიან, რომ რეფორმა არის წარუმატებელი, არ იმუშავა და ვიწყებთ ახალ რეფორმას. ეს არის არათანმიმდევრული საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი.
- გამოდის, მთელი ეს 13 წელი იყო დაუსრულებელი და უშედეგო რეფორმები?
დიახ. აი, მე, როგორც მასწავლებელს, რომელიც ჩართული ვარ სასკოლო პროცესებში და თავიდანვე ძალიან მოტივირებული ვიყავი იმისთვის, რომ მასწავლებლად მემუშავა, დღეს ეს მოტივაცია მაქვს დაკარგული, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ამ რეფორმების მიზანს და რეალურ შედეგს.
იკარგება ფინანსები, იკარგება ადამიანური რესურსი, მასწავლებლების მოტივაციაც და მივიღეთ გამოფიტული მასწავლებლები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის საარჩევნო ხმების დაგროვების კარგი წყარო არიან და ამ მხრივაც ძალიან ილახება მასწავლებლის ავტორიტეტი, რომ სკოლას ვერ მოშორდა ეს პოლიტიკური წნეხი.
ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ მასწავლებლები და სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემა თავისი მარწუხების ქვეშ ამყოფოს.
- ის, რომ მასწავლებლები დღეს ყველაზე ნაკლებად აქტიური არიან პოლიტიკურ პროცესებში, ასევე იმ თემის გარშემო, რაც სასკოლო რეფორმას ეხება, იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ მოწყვლადი გახადა ისინი, თუ სხვა მიზეზებსაც ხედავთ ამაში?
ამ ეტაპზე რისი დაკვირვების შესაძლებლობაც გვაქვს, ეს არის კონტროლის შედეგი. ამ რეფორმების მიზანიც არის კიდევ უფრო მეტი კონტროლი, უფრო მეტად დამორჩილება. თუკი ვიმორჩილებთ, მოდი, უფრო მეტად დავიმორჩილოთ, – ეს პრინციპია. იმიტომ, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებმა უნდა აღზარდონ, მომავალი თაობა და თუ სკოლა დგას რეჟიმის სამსახურში, ამ შემთხვევაში მიღწევადია ის მიზანი, რასაც ხელისუფლება ისახავს.
გარდა ამისა, ამ ყველაფერს ფუთავენ იმით, რომ აი, ჩვენ გვინდა ავაყვავოთ სკოლა, ხელფასი გავზარდოთ, რაღაც დასაქმების შესაძლებლობა იყოს ქვეყანაში, თითქოს აძლევენ პატრიოტულ ელფერს ამ ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ პოპულისტური, ზედაპირული განცხადებებია ეს, რადგან დღეს სკოლებს ელემენტარული პრობლემები არ აქვთ მოგვარებული. დამლაგებელიც კი არ ჰყავს ბევრ სკოლას, არ არის ინფრასტრუქტურა და ამ დროს, რაღაც მწვერვალზე ასვლას ჰპირდები? ჯერ ის უნდა უთხრა, როგორ ადიხარ.
რამდენი წელია შენდება სკოლები და ვერ აშენდა. ბავშვები შეხიზნულები არიან სხვადასხვა სკოლაში და ვერ ხერხდება სათანადო პირობების შექმნა მათთვის. ბავშვების ნაწილი ისევ ონლაინ სწავლობს, იმიტომ, რომ სკოლის შენობა არ არის. ეს ვერ დაალაგეს წლებია და ახლა გვპირდებიან რაღაცა „იდეალურ მომავალს“ და პერსპექტივას, რომელიც ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რადგან ჯერ ბაზისური პრობლემებიც კი არ აქვთ მოგვარებული.
მე, ერთ რიგით მასწავლებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემა, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაცა მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა.
ამ რეფორმის მიზანი არ არის ის, რომ უკეთესი განათლების სისტემა და უფრო განათლებული თაობა გვყავდეს. მიზანია უფრო კარგად ვაკონტროლოთ საგანმანათლებლო სისტემა და ჩავაყენოთ რეჟიმის სამსახურში.
- დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში გაიზარდა დასავლური განათლების მქონე, პროგრესულად მოაზროვნე თაობა. ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის კურსი რუსეთისკენ შემოაბრუნა, ქართველ ხალხს კი ევროპის გზებს უკეტავს. ფიქრობთ, რომ ეს რეფორმაც ამას ემსახურება, რომ ჩაკეტილ გარემოში მორჩილი თაობა გაიზარდოს, სადაც აღარავის შერჩება წინააღმდეგობის უნარი?
ასე გამოდის. ბევრი მოსწავლეა დღესაც, რომლებსაც ძალიან უნდათ დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძლება და წუხან იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ, ამ შესაძლებლობების შეზღუდვა და დავიწროება, ვფიქრობ, ბოროტებაა სახელმწიფოს მხრიდან.
რატომ უნდა შეუზღუდო განათლების მიღების შესაძლებლობა საკუთარ ახალგაზრდას, საკუთარ მოქალაქეებს? პირიქით, დიახაც უნდა მიიღონ განათლება საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ უკეთესი სისტემა არსებობს. შენ შეუქმენი იმის პირობა და შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში და აქ იმუშაონ, ამ ქვეყნის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.
ამიტომ თუ ლოგიკურად დავაკავშირებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს, მათი მიზანიც ადვილად გასაგები იქნება, – მიზანია, მოწყვიტონ ქართველი ახალგაზრდები კრიტიკულ გარემოს, თავისუფალ გარემოს. არ ვაჩვენოთ რას ნიშნავს თავისუფლება, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, არა? ჩაკეტილი თაობა, ეგონათ, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა თაობა იყო ბედნიერი.
- მაშინაც ანტიდასავლური პროპაგანდით კვებადნენ ხალხს.
დიახ. ალბათ, ასეთი თაობის მიღება უნდათ. თუმცა, ძალიან დიდი შრომა დასჭირდებათ ამისთვის, რადგან მოსწავლები, ვისაც მე ვასწავლი, ამ ტყუილს ნამდვილად ვერ გადაყლაპავენ და ვერ დაიჯერებენ. მათ ასე მარტივად ვერ გააჩუმებენ და ვერ გააჩერებენ. ძალიან დიდი დრო დასჭირდება ქართველი ახალგაზრდების და ბავშვების ისეთ აზროვნებამდე მიყვანას და ჩამოყალიბებას, როგორიც მათ უნდათ.
მაგრამ, მგონია, რომ ეს რეფორმაც ერთ-ერთი წყალში ჩაყრილი მცდელობა იქნება იმისა, რომ დაიმორჩილონ ქართული საზოგადოება.






