მთავარი,სიახლეები

რა დაწერა ევროსასამართლოს ექსთავმჯდომარემ მზია ამაღლობელის საქმეზე – კლუნების ფონდის ანგარიში

21.01.2026 •
რა დაწერა ევროსასამართლოს ექსთავმჯდომარემ მზია ამაღლობელის საქმეზე – კლუნების ფონდის ანგარიში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სერ ნიკოლა ბრატცამ, რომელიც „კლუნების ფონდმა“ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად მიიწვია, მზია ამაღლობელის საქმე შეისწავლა.

ექსპერტის შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ქართულ სასამართლოში დაირღვა მზია ამაღლობელის დაცვის ძირითადი უფლებები, მათ შორის:

  • ბრალდებულის მიერ საკუთარი არჩევანით შერჩეულ ადვოკატებთან ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება;
  • უფლება, ყოფილიყო ინფორმირებული იმ ბრალდების შესახებ, რომელშიც საბოლოოდ იქნა მსჯავრდებული – როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენის გამოტანისას ბრალი გადაუკვალიფიცირა.

ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა წერს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია – სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას მაღალი თანამდებობის პირები წინასწარ ავრცელებდნენ  მიკერძოებულ განცხადებებს.

ასევე დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უფლება. 8 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს მზია ამაღლობელი რკინის გისოსებით შემოსაზღვრულ მინის კაბინაში იყო მოთავსებული და ისე ესწრებოდა პროცესებს.

ექსპერტის  ეს შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს. ანგარიშის თანახმად, მზია ამაღლობელის სასამართლო არ იყო სამართლიანი. 85-გვერდიან ანგარიშში ვრცლადაა აღწერილი ყველა ის დარღვევა, რომელთა ერთობლიობითაც მზია ამაღლობელს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა.

სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში [TrialWatch] „კლუნების ფონდმა სამართლიანობისთვის“ 16 იანვარს გამოაქვეყნა.

სერ ნიკოლა ბრატცა – ბრიტანელი იურისტი და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად იყო მოწვეული კლუნების ფონდის მიერ.

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებაში გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რომლებმაც სერიოზულად შეარყია როგორც მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა – მსჯავრის, რომელიც დადებულ იქნა იმ დანაშაულის ჩადენისთვის, რომლის ჩადენაც მისთვის ბრალად არ წაუყენებიათ,“ – წერს თავის შეფასებაში სერ ნიკოლა ბრატცა.

სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი შეაფასა D – კატეგორიით.

TrialWatch მის მიერ შესწავლილ სასამართლო საქმეებს ხუთი – A, B, C, D, E კატეგორიით აფასებს. სადაც A საუკეთესო ქულაა, ხოლო E – ყველაზე უარესი. „D“ კატეგორია TrialWatch-ის მეთოდოლოგიაში ყველაზე უარესის E-ის წინა შეფასებაა.

„D“ კატეგორიით საქმის შეფასება მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესმა ვერ დააკმაყოფილა სამართლიანი სასამართლოს ძირითადი საერთაშორისო მოთხოვნები. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების „D“ კატეგორიით შეფასება, ცხადყოფს სერიოზული და სისტემური პროცედურული ხარვეზების არსებობას, რაც უარყოფითად აისახება პროცესის სამართლიანობასა და უფლებების დაცვაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: