მთავარი,სიახლეები

ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს

19.01.2026 •
ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე პატიმრობაში მყოფ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობაზე წერს.

ფეისბუქზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბ ცეცხლაძე წერს, რომ ანასტასია პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა რამდენიმე დღის წინ. მისი თქმით, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო.

ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.

ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.

თუ ანასტასია ზინოვკინას რაიმე დაემართება ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.

მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქცია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს“ -წერს ზურაბ ცეცხლაძე.

ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. ის, არტემ გრიბულთან ერთად, 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.

ანასტასია ზინოვკინა პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო ის სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.

ანასტასია ზინოვკინა ამბობდა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა ის სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.

ზინოვკინას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულსა და ანტონ ჩეჩინს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 8,5- წლიანი პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯა.

ანასტასია ზინოვკინას მძიმე მდგომარეობას სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს. 2025 წლის წლის ნოემბერში პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს“.

სინდისის პატიმარი ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და რთული პირობების შესახებ რამდენიმე თვეა საუბრობს. მან მიმართა სახალხო დამცველსაც. თუმცა ომბუდსმენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, „მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: