„დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გამოწვეული იყო მისი მინის კაბინაში „აკვარიუმში“ გამოკეტვით“, – ეს წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესებზე მინის კაბინაში ჰყავდა გამოკეტილი მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელი მინის კაბინიდან ეკონტაქტებოდა ადვოკატებსაც შეზღუდულ პირობებში.
„კლუნების ფონდის“ ანგარიშში „მზია ამაღლობელის საქმე“ სამართლებრივად არის შეფასებული. აქ არაერთ დარღვევაზეა საუბარი, ერთ-ერთ პრობლემად კი, სწორედ ეს საკითხია მიჩნეული: მზიას მინის კაბინაში ყოფნა სასამართლო პროცესების დროს, როცა ის ადვოკატების გვერდით უნდა დამჯდარიყო.
„კლუნების ფონდის“ ანგარიშის ექსპერტია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა. ვნახოთ, რა წერია მზია ამაღლობელის მინის კაბინაში გამოკეტვაზე საერთაშორისო და ავტორიტეტული იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში და რა თქვა სასამართლო განხილვის დროს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
„ყველაზე ცნობილი მოწმე თავად მზია იყო, რომელიც მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, იძულებული გახდა ჩვენება მიეცა შუშის გალიიდან – „აკვარიუმიდან“ და არა მოწმისთვის გამოყოფილი ადგილიდან…
მისი [მზია ამაღლობელის] წარმომადგენლობისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება შეზღუდული იყო (პროცესების დროს) „აკვარიუმში“ იზოლაციით და ადვოკატთან დაკავებისთანავე წვდომაზე უარით [დაკავების დღეს, მზია ამაღლობელთან, მინიმუმ 3 საათი არ შეუშვეს ადვოკატები]. შედეგად, საფრთხის ქვეშ დადგა სასამართლო პროცესის სამართლიანობა….
სასამართლო პროცესის დროს აკვარიუმში ყოფნით მზიას ხელი ეშლებოდა ადვოკატებთან კომუნიკაციასა და საკუთარი დაცვის ეფექტურად განხორციელებაში. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, მათ შორის ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენების დროს, მზიას და მის ადვოკატებს მხოლოდ „პატარა ღია ნაწილიდან“ შეეძლოთ კომუნიკაცია… ის [მზია ამაღლობელი] ადვოკატების უკან იდგა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ხშირად არ შეეძლო ადვოკატების ყურადღების მიპყრობა და საკუთარი აზრის გადაცემა, ვიდრე ამისთვის ხელსაყრელი დრო არ დადგებოდა.
„აკვარიუმი“ ასევე ხელს უშლიდა მზიას ადვოკატთან კონფიდენციალურად კომუნიკაციას. ციხის ზედამხედველებისა და ბრალდების მხარის მოსმენის გამო… მას ხშირად უწევდა კითხვების ფურცელზე დაწერა და კაბინის ღია ნაწილიდან მიწოდება, რაც ნამდვილად ზღუდავდა მის კომუნიკაციის შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
„კლუნების ფონდის“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის შუშის კაბინაში გამოკეტვით ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
„მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაირღვა მის მიმართ მოპყრობით მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში. სასამართლომ მზია ციხის მცველებით გარშემორტყმულ შუშის გალიაში მოათავსა. ის „აკვარიუმში“ დარჩა საკუთარი ჩვენების მიცემის დროსაც კი. მზია არის პატივცემული ჟურნალისტი, რომელსაც აქვს სუსტი მხედველობა და არ აქვს ნასამართლობის ისტორია. უსაფრთხოების არანაირი მოსაზრებები არ ამართლებს მისი აკვარიუმში გამოკეტვის სტიგმატირების ეფექტს,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ხაზგასმულია ევროსასამართლოს მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც: „იაროსლავ ბელუსოვი რუსეთის წინააღმდეგ“. ამ შემთხვევაშიც ბრალდებული „რუტინულად“ იყო მინის კაბინაში გამოკეტილი სასამართლო განხილვების დროს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მინის ჩარჩომ „შეამცირა პირდაპირი ჩართულობა მოსმენაში“, „შეუძლებელი გახადა განმცხადებლისთვის კონფიდენციალური საუბარი თავის იურიდიულ ადვოკატთან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
- რა თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, როცა მან მზია ამაღლობელი უკანონოდ მინის კაბინაში გამოკეტა?
მზია ამაღლობელმა სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება 2025 წლის 14 ივლისს მისცა. მოსამართლე ნინო სახელაშვილს ადვოკატებმა მიმართეს შუამდგომლობით მზია ამაღლობელსაც ესარგებლა მოწმის უფლებით და იმ ტრიბუნასთან მიეცა ჩვენება, სადაც სხვა მოწმეებმა. მოწმეები სასამართლოს ჩვენებას მოწმისთვის განკუთვნილი ადგილიდან – ტრიბუნიდან აძლევენ. თუმცა მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელის კაბინიდან გაშვებაზე უარი თქვა.
ვიდრე 14 ივლისის სხდომაზე მზია ამაღლობელი სასამართლოს ჩვენებას მისცემდა და გაიხსენებდა, როგორ მოჰყვა საპოლიციო ჭყლეტაში 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე, შემდეგ კი, როგორ აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, მოსამართლეს ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა მიმართა:
„მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში დაკითხვისას, ბრალდებული ისევე, როგორც სხვა პირები, სარგებლობს მოწმის სტატუსით. შესაბამისად, მას გააჩნია მოწმის უფლებები და მოვალეობები. მიგვაჩნია, რომ იმავე პირობებში უნდა მოხდეს ბრალდებულის დაკითხვა. ჩვენი თხოვნაა და მოთხოვნა, რომ მზია დაიკითხოს არა ამ შემოღობილი, დაცული ტერიტორიიდან, არამედ დაიკითხოს ჩვეულებრივად ტრიბუნასთან რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, წმინდა ტექნიკური საკითხია: წარმოიდგინეთ, ეს დაკითხვა, ბუნებრივია, მალე არ მორჩება და ჩვენ როგორ უნდა ვეკონტაქტოთ მზიას? შევბრუნდეთ, ჩვენს ზურგს უკან, რაღაც შეკითხვა დავუსვათ, მერე აქეთ შემოვბრუნდეთ, ეს ძალიან უხერხული მომენტი იქნება.
აქ არის წმინდა მორალური მომენტიც, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია თუნდაც თქვენი დამოკიდებულება: როდესაც იკითხება პიროვნება მის თავს გადახდენილ მოვლენებთან დაკავშირებით,არ გვინდა სასამართლოს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის იკითხება – გალია არ მინდა დავარქვა, შუშებით კი არის შემოსილი, მაგრამ ის იკითხება, როგორც დამნაშავე, რაღაც დაცული ტერიტორიიდან, საფრთხის მატარებელი პირი….
თქვენს დამოკიდებულებაზეც არ უნდა იმოქმედოს იმან, რომ მზია უკვე იმყოფება თავისუფლების შეზღუდვის ტერიტორიაზე,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა და აქვე გაიხსენა, წინა სხდომაზე იგივე მოსამართლისგან როგორ მიიღო უარი: ადვოკატები მანამდეც ითხოვდნენ, მზია ამაღლობელი მინის კაბინაში კი არ ყოფილიყო გამოკეტილი, არამედ ადვოკატების გვერდით მჯდარიყო.
„…თუნდაც აქ მყოფ დიპლომატებს და საზოგადოებას დავანახოთ სასამართლოს სამართლიანი სახე. ერთადერთი ვერ მივიღებთ არგუმენტს, რომ ეს არ არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ამ დარბაზში თქვენ ხართ ყველაფრის წარმმართველი, ყველა პროცედურის,“ – დასძინა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.
რა უპასუხა მოსამართლე სახელაშვილმა ადვოკატს?
„ნამდვილად ქალბატონი მზია მას შემდეგ, რაც თანხმობას გამოხატავს, რომ სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენება და ისაუბროს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილ ფაქტებსა და გარემოებებზე, ამ ეტაპიდან იძენს მოწმის უფლებებს და მოვალეობებს. თქვენ აქვე ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ თითქოს იმის გამო, რომ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ადგილზე გამოყოფილ ადგილზე იმყოფება მზია, ამ ფორმით რაიმე განცდა ან შეხედულება უყალიბდება სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ და სწორედ ამ ფორმატში, ამ ფორმით ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულს შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, სწორედ ამ ფორმით ხდება განთავსება ბრალდებულის.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, ქალბატონ მზიას მიეწოდება შესაბამისი ხელსაწყო, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ მისი ხმა აბსოლუტურად იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგონი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი. ტექნიკურად სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალბატონ მზიას არ შეექმნება არანაირი ფორმის ტექნიკური ხარვეზი, რომ მან ისარგებლოს კანონისმიერი უფლებით. შესაბამისად, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
„არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამავე დარბაზში განიხილა მოსამართლე ყაჩაღობის საქმე 4 პირის მონაწილეობით. ყაჩაღობაში ბრალდებული კაცები აქედან [ტრიბუნიდან] იძლეოდნენ ჩვენებას,“ – რეპლიკით მიმართ მოსამართლეს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„ამ საკითხზე უკვე მივიღე გადაწყვეტილება,“ – თქვა მოსამართლემ და მზია ამაღლობელის მანდატურებმა მიკროფონი მინის კაბინაში მიაწოდეს.
ნინო სახელაშვილი ამ ნაწილშიც რომ უსამართლოდ მოექცა მზია ამაღლობელს, დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში. 2025 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელს მოსამართლეებმა უფლება მისცეს, ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო.
ეს მომენტიც არ გამორჩენია „კლუნების ფონდს“: „სანამ მზიას შესავალი სიტყვის წარმოთქმის უფლებას მისცემდა, მოსამართლე მარგველაშვილი დათანხმდა, რომ მზია ამაღლობელი „აკვარიუმში“ დგომის ნაცვლად, ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.
————
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.






