„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე აუდიოჩაწერა 2025 წლის ივნისში აუკრძალა ანტიკონსტიტუციუმა პარლამენტმა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სინდიდის პატიმრების, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო სხდომებზე ადვოკატებმა არაერთი ცრუ მოწმე ამხილეს. სიცრუეში ამხილეს პოლიციის მაღალჩინოსნებიც, ჟურნალისტებმა კი, ეს ამბავი საზოგადოებამდე მიიტანეს.
კანონში შესული ცვლილებებით ვიდეოს და ფოტოს გადაღება, ასევე აუდიო ჩაწერა აიკრძალა, როგორც სასამართლო სხდომათა დარბაზში, ისე სასამართლოების შენობებში, ეზოებში.
„ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რეპონდენტები – ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
გაუმართლებელმა და დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სასამართლოებიდან საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევთ. შეუფასებელია მათი ერთგულება პროფესიის მიმართ და მათი თავდადება საზოგადოებრივი ინტერესისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იზრუნა ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ელემენტარული სამუშაო პიროებების შექმნაზეც კი. მათ ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა პაპანაქება მზეში თუ აუტანელ ყინვაში, წვიმასა და ქარში,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავარი ფოტო: მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დღე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2025 წლის 11 ნოემბერი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.






