მთავარი,სიახლეები

„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე

23.01.2026
„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე

აშშ-ში მდებარე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი გამოეხმაურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას.

ჯორჯ ბუშის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მიმოიხილავს მზია ამაღლობელის პატიმრობის გარემოებებსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროდასავლურ პროტესტს. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად, სანქციები უნდა დაუწესოს „ოცნების“ ლიდერებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან უმრავლესობას, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოებას, მიუხედავად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობისა, დააშოროს საქართველო შეერთებულ შტატებსა და ევროპას.

აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საქართველოს ლიდერებისთვის სანქციების დაწესება დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების შერყევის გამო, რათა დაცულ იქნას ძირითადი თავისუფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების ფონზე.

საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა საუკეთესო გზაა ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენების წინააღმდეგ, რასაც მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, მიესალმება“ – ვკითხულობთ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: