ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებლის დაანგარიშების წესს ცვლის. დადგენილების ახალი პროექტის დამტკიცებაზე ბათუმის საკრებულომ 28 იანვარს უნდა იმსჯელოს.
მერია განმარტავს, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების უფრო მარტივი და დახვეწილი წესი სჭირდება და პროექტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შეიმუშავა.
ახალი წესის შესაბამისად, მოსაკრებელს დაიანგარიშებენ სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით.
„ერთ სულ მოსახლეზე – 1,30 ლარი თვეში. მოსახლეობისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან 70 ათასზე დაბალია – 1 ლარი თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: M = (N X C X K)/12, სადაც M აღნიშნავს მოსაკრებლის ოდენობას თვეში, N- ით აღინიშნება ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C-1მ 3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C=9 ლარი, K-ზომის ერთეულია [დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი].
იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებელს გაიანგარიშებენ კომპლექსურად, ფორმულის შესაბამისად. [ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი]. მოსაკრებელს იგივე პრინციპით დაიანგარიშებენ ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრებისთვის.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება აღსაზრდელების/მოსწავლეების/სტუდენტების და დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით.
ბათუმის მოსახლეობისთვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელექტროენერგიის მრიცხველი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე, რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისთვის გამოიწერება აბონენტის [ელექტროენერგიის მრიცხველის მესაკუთრის] სახელზე.
- იმ საცხოვრებელ ფართობზე, სადაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი მრიცხველი, მოსაკრებელი დაერიცხება ერთ-ერთ მრიცხველს, თუ არ გამოვლინდება სხვა გარემოება, მაგალითად მესამე პირისთვის ფართობის ქირავნობით, გირავნობით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი.
- ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობამ წერილობით უნდა მიმართოს სამსახურს და წარუდგინოს ყველა მესაკუთრის თანხმობის საბუთი.
- მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისთვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს.
მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.
წესის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისთვის [გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა] – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ
შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი ოპერატორის მომსახურებით.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ნარჩენების
წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართობს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართობს ან მათ ნაწილს, რომლებიც არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი შემდეგ ინფრასტრუქტურის ფართობზე: დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომი, შიდა ბიბლიოთეკა, საქვაბე, შიდა მომსახურებისთვის სამრეცხაო, კვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული ფართობი, სკვერი.
მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ ნარჩენების წარმოქმნის იმ
ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო [50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით] და არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირები ისაგებლებენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები და უფასო სასადილოები.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცემათ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის [მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად] დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამის სამსახურთან ან/და ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირებისთვის [გარდა ინდივიდუალური მეწარმისა] დავალიანების დაფარვის პერიოდი განისაზღვროს არაუმეტეს 24 თვის ვადით.
ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. ამ წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.
ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია დაარეგისტრიროს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობა. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტმა თანხა გადაიხადა ძველ მისამართზე, ცვლილების შემთხვევაში ახალ მისამართზე დარიცხული მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულება წარმოექმნება მომავალი თვიდან. იმ მისამართებზე, სადაც ვერ დგინდება კონკრეტულ საცხოვრებელ ფართობში რეგისტრირებულ პირთა
რაოდენობა, მოსაკრებლის კორექტირება მიმდინარე პერიოდიდან განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული
კრების ოქმის საფუძველზე.
ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართობში (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც დასტურდება ცხოვრების
ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში –
1,30 ლარის ოდენობით.
საცხოვრებელ ფართობზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად ჩაითვლება მერის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდება ერთზე მეტი პირის რეგისტრაცია, შესაბამისი პირის რეგისტრაციის პერიოდიდან განხორციელდება სულადობისა და დასარიცხი ტარიფის კორექტირება.
ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან [აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში] არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისთვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური
მეწარმეები ვალდებული არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართობში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში [რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე], მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების [კორექტირების] შეტანის მიზნით ვალდებული არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართობში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი [სახელმწიფო ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი].
საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დღიდან.
ორგანიზებული ბაზრობის და სავაჭრო ცენტრების მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ.
ამ წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების წარმომქმნელი პირების ტერიტორიაზე, ხოლო ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია რეაგირების მიზნით დროულად [არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა] წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ნარჩენების წარმომქმნელი სუბიექტების ტექნიკურ მაჩვენებლებში არასწორი, არასრულყოფილი ინფორმაციის მითითებისა ან/და არასწორი, არასაკმარისი საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ნარჩენების წარმომქმნელ პირს.
მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს ბათუმის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ბათუმის ბიუჯეტში.






