მთავარი,სიახლეები

პროკურატურამ კიდევ 4 არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი „ფაშისტური დაჯგუფების“ საქმეზე

23.01.2026
პროკურატურამ კიდევ 4 არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი „ფაშისტური დაჯგუფების“ საქმეზე

პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს წარუდგინა ბრალდება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას.

დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.

ასევე, ძალადობის ამსახველ ვიდეოს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.

ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთხივე ბრალდებული მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ამ დროისთვის 22 პირია ბრალდებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: