განათლება,მთავარი,სიახლეები

„ამ კანონით ვერცერთი მასწავლებელი ვერ იქნება თავისუფალი“ – ინტერვიუ

03.11.2025 •
„ამ კანონით ვერცერთი მასწავლებელი ვერ იქნება თავისუფალი“ – ინტერვიუ

„კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილება მასწავლებლებსაც შეეხება, რადგან მასწავლებელი ვეღარ დასაქმდება სხვა სამსახურში, თუკი მას არ ექნება სკოლის დირექტორის წერილობითი ნებართვა.

რა მიზანი აქვს ამ ჩანაწერს და რა საფრთხე ემუქრება მასწავლებლის აკადემიურ თავისუფლებას ამ კანონით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, „ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტს, შალვა მინდაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შალვა, რა ზიანი მიადგება ამ ჩანაწერით სკოლას და მასწავლებელს? რას ნიშნავს „ხელმძღვანელის თანხმობა“ და რა ტიპის პრობლემას წარმოშობს ეს თუნდაც დირექტორსა და პედაგოგს შორის ურთიერთობაში?

კანონი ამბობს, რომ თუ საჯარო სექტორში მუშაობ, ყოველ დამატებით საქმიანობაზე, იქნება ეს კერძო გაკვეთილი, სხვა სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლება თუ კვლევით პროექტში მონაწილეობა, ყველაფერზე საჭიროა დირექტორის ერთჯერადი, არაუმეტეს ერთწლიანი წერილობითი თანხმობა და ეს თანხმობა ყოველ წელს თავიდან უნდა ითხოვო.

ამით, ფაქტობრივად, დირექტორი სკოლის ადმინისტრატორი კი აღარ გამოდის, არამედ პროფესიული თავისუფლების „გამცემი“.

კანონს ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი და გამოვიდა პირიქით, ჩემი აზრით, რადგან ეს კონტროლის ბერკეტია დირექტორის და სახელმწიფოს ხელში, რომელიც ეუბნება მასწავლებლებს, რომ გაჩუმდნენ.

სამი საკვანძო თეზაა აქ ჩადებული, ჩემი აზრით. პირველი არის ნებართვა პროფესიულ თავისუფლებაზე და ამით მასწავლებელი ფაქტობრივად მთლიანად დამოკიდებული ხდება დირექტორის კეთილგანწყობაზე.

მეორეა ის, რომ მთელი ძალაუფლება დირექტორის ხელშია კონსოლიდირებული და უარის თქმაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მასწავლებელმა დაკარგოს დამატებითი შემოსავალი.

მესამე არის ის, რომ საჯაროობის ინტერესი ზარალდება, როცა მასწავლებელი ფიქრობს, რომ ჯერ კარიერაა მნიშვნელოვანი და მერე სიმართლე.

განათლება ფაქტობრივად დაკარგავს კრიტიკულ აზროვნებას, იმიტომ, რომ მასწავლებელს ისედაც ერთჯერადი შემოსავლის დაკარგვის შიში გაუჩნდება და არჩევს დუმილს ამ ერთწლიანი თანხმობის მიღების სანაცვლოდ.

  • ვერც გაასაჩივრებს მასწავლებელი, თუკი დირექტორი უარს ეტყვის დამატებით საქმიანობაზე?

კანონში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღება 10 დღეში და გასაჩივრება არ აჩერებს დირექტორის გადაწყვეტილებას, რაც პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი მუდმივად დამოკიდებული ხდება სკოლის დირექტორზე.

რაღაც ძალიან ეშმაკური, მზაკვრული ჩანაწერია, რომელიც ბევრჯერ ჩაკითხვის შემდეგ ძლივს ამოვხსენი. რომც გაასაჩივრო, ფაქტობრივად, ვერ აბათილებ დირექტორის გადაწყვეტილებას.

  • როგორ ფიქრობთ, რეალურად, რისთვის გაკეთდა ეს ჩანაწერი, რას ებრძვიან?

მასწავლებლის თავისუფლებას, რადგან ამ კანონით ვერცერთი მასწავლებელი ვერ იქნება თავისუფალი. ებრძვიან კრიტიკულ აზრს, თავისუფალი პედაგოგი გაქრება. მე ვთვლი თავს თავისუფლად და მე გავქრები, რადგან ეს ნებართვა გადაიქცევა წლიურ ლიცენზიად და პროფესიული დამოკიდებულება გახდება წლიური კონტრაქტი და არა ის, რაც დღეს გვაქვს, – მუდმივი კონტრაქტი მასწავლებელსა და სკოლას შორის.

დირექტორი ვერ უნდა წყვეტდეს ვის შეუძლია უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვა და ვის არა. რატომ უნდა მჭირდებოდეს ამისთვის დირექტორის ნებართვა?პარადოქსია.

  • სამუშაო საათების შემდეგაც ეკრძალება სხვა სამსახურში მუშაობა?

თუ გაქვს ფიქსირებული შემოსავალი მაშინ და მე პირადად, სამი ფიქსირებული სამსახური მაქვს ამ ეტაპზე. მაგრამ შესაძლოა ეს გავრცელდეს არაფიქსირებულზეც. ეს საკითხი ზუსტად ვერ გავარკვიე ჯერ. 8 საათიც რომ იყო სკოლაში, მაინც დირექტორის თანხმობა გჭირდება და ამ ნაწილში საჯარო სკოლა უკვე აღარ არის ის სივრცე, სადაც მასწავლებელი თავისუფალია.

ფაქტობრივად უნდა გაჩუმდე, მაგრამ როცა ბავშვები ხედავენ, რომ მასწავლებელი ჩუმადაა, ფიქრობენ, რომ სიმართლე საშიშია. ესე იგი, არაფერი აღარ უნდა ვთქვათ და ეს უკვე საგანმანათლებლო კრიზისია. ჯერ მგონია, რომ ისედაც ვართ კრიზისში და ახლა ესეც დაემატა.

თქვეს, რომ ხელფასს გავზრდით და აღარ დასჭირდებათ მეორე ადგილზე დასაქმებაო, მაგრამ როდის გაზრდიან? რომელი დაპირება იყო, რომელიც თქვეს და შეასრულეს?!

ეკონომიკური ზიანი მიადგება ხალხს. რას უშვრებიან ქვემო ქართლში მომუშავე მასწავლებლებს? სკოლებში კადრები რომ არ ჰყავთ და ერთი მასწავლებელი სამ სკოლას სწვდება, არა იმიტომ, რომ მაინცადამაინც უნდა, უბრალოდ არ არის კადრები ქვემო ქართლში.

რეალურად აკადემიური კარი იხურება. უნივერსიტეტთან, აკადემიურ სივრცეებთან თანამშრომლობაზე ნებართვა რატომ უნდა მჭირდებოდეს. „დედა, გამიშვებ?” – აი, რაღაც ასეთი პრინციპია.

თუ კარგი ცხვარი იქნები, მაშინ გაგიშვებენ, მაგრამ თუ იქნები აქტიური, კრიტიკული, ინოვატორი, ავტორიტეტული მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მაშინ სარისკო ხარ მათთვის. საკმარისია განსხვავებული პოზიცია გქონდეს სკოლაში და უკვე აღარ მოგცემენ ამ თანხმობას.

მაგალითად, თუ დირექტორმა არასამართლიანად გაანაწილა საათები, შენ კი ეს გააპროტესტე, გეტყვის, რომ მეორე სამსახურში დასაქმების უფლებას არ გაძლევ. მორჩა, გაშეშებული ხარ.

  • ეს დირექტორს აძლევს უფლებას, რომ სამსახურიდანაც დაგითხოვოს?

დირექტორი ფაქტობრივად ულტიმატუმს გიყენებს. „თუ არ გინდა, წადი“ – პრინციპი ჯერ ხომ ისედაც მოქმედებდა რაღაც კუთხით აქამდეც და ახლა ხომ საერთოდ ამოქმედდება. მესმის, რომ დირექტორებს ეს ბერკეტები ძალიან მოსწონთ, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ დირექტორების 70-80% პარტიული მუშაკია და ახლა ამ კანონს ზეწოლის მიზნით გამოიყენებენ.

თუ ეტყვიან ჩემზე, რომ გაათავისუფლე ან ხელი შეუშალე, ხომ გამოიყენებს ამ ბერკეტს ჩემ წინააღმდეგ? ამიტომ სად ჩანს, რომ ეს კანონი კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული, რაში გამოიხატება?

  •  პირიქით იმუშავებს? ალბათ დირექტორების კეთილგანწყობის მოპოვებას შეეცდებიან მასწავლებლები.

დაარქვან ამას რეალური სახელი, რადგან ეს არის ადმინისტრაციული ბერკეტი პროფესიული სიტყვისა და თვითგამოხატვის გასაკონტროლებლად და ნუ ფუთავენ სხვა რამით. აქ არავინ არის სულელი და უდიპლომო „ოცნების“ პრეზიდენტივით. დამთავრებული გვაქვს უნივერსიტეტი და სხვა თუ არაფერი, კრიტიკულად მაინც ვიაზრებთ კანონებს.

ყველა რეჟიმის დროს, როცა მასწავლებელს კრიტიკას და აკადემიურ ურთიერთობებს უკრძალავდნენ, პირდაპირ აისახებოდა განათლების ხარისხზე. ჯერ აჩუმებდნენ პედაგოგებს, შემდეგ მეცნიერებას. გაიხსენეთ ილიას ეპოქა. ზუსტად ასე დაიწყო და როცა ილიას გაჩუმება ვეღარ გამოვიდა, ვიცით, რაც გააკეთეს.

სწორედ ამიტომ, 15 ნოემბერს თბილისში, 16:00 საათზე მასწავლებლები ვიკრიბებით მარჯანიშვილზე და გავაპროტესტებთ ამ კანონს.

ვაპროტესტებთ უდიპლომო „პრეზიდენტის“ 17 000-ლარიან ხელფასს, მაშინ, როცა ჩვენ, მასწავლებლებს, 2000 ლარიც კი არ გამოგვდის და მაინც არ გვიზრდიან ხელფასებს, ვაპროტესტებთ 11-კლასიან განათლების სისტემას, რასაც გვიპირებენ, რომ ბოლომდე ჩაგვკეტონ და მე ველოდები ჩემს კოლეგებს ამ აქციაზე, რომელიც ერთგვარი გამოცდაა ყველასთვის.

ვინც ახლა ჩუმადაა, მათთანაც მივლენ, თუ არ ამოიღებენ ხმას. თუმცა, ბოლო ერთი კვირაა, ჩემი მიძინებული კოლეგებიც კი გაცოცხლდნენ და იმედი მაქვს, ყველა გაცოცხლდება.

აუცილებლად უნდა გაუქმდეს ნებართვის ნაწილი ამ კანონში, რადგან პირდაპირი დიქტატორული თეზაა და ობიექტური კრიტერიუმები უნდა შემოვიღოთ აუცილებლად, რადგან გასაჩივრებას შემაჩერებელი ძალა არ აქვს და ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ფაქტობრივად დაურღვევადი ხდება. მასწავლებლის დისკრიმინაციაა და აკადემიური თავისუფლების გარანტია იკარგება.

  • ვთქვათ, გაუზარდეს მასწავლებლებს ხელფასი 1000 ლარით, რომ აღარ მოძებნონ სხვა სამსახური, ღირს კი ეს თანხა აკადემიური თავისუფლების დაკარგვად?

ჩემთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის უკვე ღირს, იმიტომ, რომ ცხვარი მასწავლებელი უდრის იმას, რომ ისედაც ხმადაკარგული მასწავლებელი საერთოდ პირს ამოიკემსავს არა ნებით, არამედ შიშით.

ჯერ როგორ უნდა გაზარდონ ხელფასი, როცა ყველა სიპი და აიპი შეამცირეს, გააუქმეს ყველაფერი, რადგან ფული არ გვაქვსო ამბობენ და ცოტა სასაცილოა ამ ფონზე ხელფასების ზრდის დაპირება. რომელ წელს გაზრდიან, 2060 წელს?

სკოლაში, სადაც ბავშვი სწავლობს თავისუფლებას, ჯერ მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი. თუ ასე არ იქნება, ეს მუდმივად შექმნის ფილტრს მასწავლებლის პროფესიაზე.

  • თქვენ ამბობთ, რომ ამ შეზღუდვებით უნდათ მასწავლებლები დაიმორჩილონ. რას ნიშნავს მასწავლებლის „ცხვრობა“ სისტემაში? რა ტიპის მასწავლებელს ვიღებთ?

რომ ვაკრიტიკებ ჩემს კოლეგებს, სწყინთ, მაგრამ ფაქტია, რომ მასწავლებელი აქციო ცხვრად, ნიშნავს მდგომარეობას, როცა მასწავლებელი იძულებულია გაჩუმდეს სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ. მასწავლებლის ცხვრობა სისტემური მორჩილების მდგომარეობაა. როცა 67 000-დან 1000 მასწავლებელი ლაპარაკობს, ცხვარი ხარ, აბა რა ხარ.

„არ გააკრიტიკო, არ გამოხატო აზრი, იმიტომ, რომ სამსახურს დაკარგავ“ – ეს არის ცხვრობა. და თუ აქამდე არ იდგა სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ახლა, ამ კანონით რეალურად დადგა ეს საფრთხე. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაჩუმდე, რადგან სისტემა პირდაპირ გასწავლის უკვე, რომ ხმამაღალი სიტყვა უდრის საფრთხეს შენთვის.

დღეს რეალურად მასწავლებელი ვინ არის? – მთავარი შემომტანი ოჯახში, განვადების გამომტანი, ბინას იყიდის მისი ხელფასით და მერე მთელი ცხოვრება იხდის ამ ვალს, მასწავლებელი არის შვილიშვილებისთვის კანფეტების მიმტანი. ტიპური, ყოველდღიური მასწავლებელი საქართველოში ასეთია და თუ მეტი ხელფასი ექნება და სხვაგან დასაქმების უფლებასაც შეუზღუდავენ, კიდევ უფრო მორჩილი გახდება.

კრიტიკული მასწავლებელი კი სკოლიდან გავა. ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაშინ გამოვლინდა, როცა 1-კრედიტიან მასწავლებლებს მოუმატეს ხელფასები, მაღალი სტატუსების მქონეებს კი – დააკლეს.

„ოცნების” მთელი პოლიტიკა ასეთი მასწავლებლის ჩამოყალიბებაზეა მიმართული.

  • თუკი დაიწყება კრიტიკული აზრის გაქრობა სკოლაში, ამას დაემატება 11-წლიანი სწავლება და უმაღლესი განათლებაც მოწყდება დასავლური განათლების სისტემას, რას მივიღებთ ქვეყანაში?

დღეს რომ მასწავლებლებს წინააღმდეგობის უნარი ჰქონდეთ, ამ ქვეყანას მართლა ვერაფერი დააქცევდა. მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაატარეს, ჩემთვის ეს იქნება აპოკალიფსური სცენარი. მივიღებთ განათლების სისტემას, სადაც მასწავლებელი მოკვდა როგორც პროფესიონალი და აქ იწყება ქვეყნის ინტელექტუალური დეგრადაციაც. ეს არის სწორედ რუსების დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, „ნეიტრალური საქართველოს“ გეგმა, როცა კავკასიის რეგიონში რიგითი მაჩანჩალა ქვეყანა გაგვხადეს, როცა თავდაცვის მინისტრი ფაქტობრივად კგბ-ეს წარმომადგენელია თავისი ისტორიით, როცა სუს-ი და კონტრდაზვერვა რუსეთის ხელშია და ახლა ბოლო ფუძის მორღვევაა დაწყებული, რაც გულისხმობს ნაციონალური იდეის, ეროვნული თვითშეგნების, იდენტობის გაქრობას, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლას და ისტორიის გადაწერას.

ამიტომ, თუ ჩემი, როგორც მასწავლებლის ხმა დამეკარგება, დაიკარგება ჩემი ბავშვების ხმაც და თუ ბავშვის ხმა დაიკარგება, ქვეყნის მომავალიც დაიკარგება.

ძალიან არ მინდა გავზარდო თაობა, რომელიც ჩუმად დგას ყველა უსამართლობის წინაშე.

მინდა გავზარდო თაობა, რომელიც ფიქრობს, კითხვებს სვამს, აზროვნებს და თუ მე, მასწავლებელი, ვერ დავსვამ კითხვებს ხმამაღლა, ამას სხვებს როგორ ვასწავლი?!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: