ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
62 წლის ქალი გარდაიცვალა მედცენტრში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 76 წლის კაცი. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური პიპერტენზია, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენიზა. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 69 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ქვედა კიდურების არტერია, თრომბოზი, ცე ჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი, გარდაიცვალა – 12.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსისგან ჯამში 19 810 პირი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 200, კოვიდსასტუმროში კი 2 324 პირი იმყოფება.
„პოლიტიკური ძალის გაუქმება თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის, ამას ამომრჩეველი წყვეტს. ამ გზავნილით ხელისუფლებას ამომრჩევლის მობილიზება სურს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვკითხეთ, რომელიც თავდაცვის მინისტრია და არჩევნებამდე ორი დღით ადრე ოპონენტის გაუქმება მოითხოვა.
„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს”, – ეს ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქში დაწერა.
რას ნიშნავს დემოკრატიისთვის, როცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ოპონენტს ბანდას უწოდებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მას მოღალატედ მოიხსენიებს? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
ბატონო კორნელი, თქვენი აზრით, რაზე იყო გათვლილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როცა მან „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება მოითხოვა?
მსგავსი გამონათქვამებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ შემოიბრუნონ გულაცრუებული მომხრეები… ეს არის ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც სოციალ-კონსერვატიული განწყობისაა. გზავნილი არის იმის წარმოჩენა, რომ აი, „ქართული ოცნება“ არის შეურიგებელი „ნაცმოძრაობასთან“. ძალიან სამწუხაროა, როცა მსგავს განცხადებას აკეთებს თავდაცვის მინისტრი, რადგან ძალოვანი უწყებები გამიჯნული იყოს პოლიტიკისგან და თავდაცვის მინისტრი ამის მაგალითს უნდა იძლეოდეს.
რამდენად არსებობს აგრესიისკენ წახალისების საფრთხე, როცა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ითხოვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაუქმებას?
რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრი ასეთ რადიკალურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ზოგადად, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს ასეთი რადიკალიზმი, თუმცა როცა ის სხვა პოსტებზე იყო, არც მაშინ მოუტანია ამას პოლიტიკური ქულები. როცა თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, არა მგონია, ეს სასარგებლო იყოს მისი უწყებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ირაკლი ღარიბაშვილი ახმოვანებდა ყველაზე რადიკალურ განცხადებებს, მაგრამ ახლა ის თავდაცვის მინისტრია და ამიტომაცაა ეს განსაკუთრებით დელიკატური საკითხი. ეს უფრო ვიწროპარტიული მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი იყო.
რამდენად არღვევს ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რასაც წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი?
ამას ალბათ ის ხალხი შეაფასებს, ვინც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი განცხადებები ხელს არ უწყობს წინასაარჩევნოდ წესების შესრულების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას. მსგავსი რადიკალური მოწოდებებით კიდევ უფრო პოლარიზებული ხდება ქართული პოლიტიკური სპექტრი…
არაა გამორიცხული, რომ ამ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსსაც“ წაართვას ამომრჩევლების ნაწილი, რომლებიც ასევე გულაცრუებული არიან „ქართული ოცნების“ მმართველობით. ცნობილია, რომ აქამდე „პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად აჟღერებდა მსგავს მოთხოვნას.
ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, ორგანიზება გაუკეთოს ამომრჩეველს და აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ არჩევანი არსებობს მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მაგრამ რეალურად ასე არ არის, გამოჩნდნენ სხვა პარტიები.
ანუ სწორება არის ისევ პოლიტიკურ პოლარიზებაზე, რატომ აწყობს ეს „ოცნებას“?
ეს სტილი დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, როცა არჩევანია რაღაც ბოროტს და კეთილს შორის და, რა თქმა უნდა, თავად, ვინც განცხადებას აკეთებს, ყოველთვის კეთილის მხარესაა და მეორე მხარე ყოველთვის ბოროტია. თანაც, პოლიტიკური ძალის გაუქმება თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის, ამას ამომრჩეველი წყვეტს. ამ გზავნილით ხელისუფლებას ძირითადად ამომრჩევლის მობილიზება სურს. თუკი რამე კონკრეტული არსებობს აქამდე, რვა წლის განმავლობაში, „ოცნებას“ უნდა წამოეწყო გამოძიება და ამას მოჰყოლოდა შესაბამისი პროცესი. როცა არჩევნების წინ ამას ახმოვანებ, ბუნებრივია, ეს არის პარტიული პოლიტიკისთვის განკუთვნილი, მით უმეტეს, თუ ის პოლიტიკური პარტია მთავარი ოპოზიციური პარტიაა.
დემოკრატიის მთავარი პრინციპი ის არის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი უჭერს მხარს პოლიტიკურ ძალას და ჩვენც რაღაცნაირად უნდა შევეგუოთ დემოკრატიის არსს, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არსებობენ და იარსებებენ, ხოლო მოსახლეობა ამ ჭიდილსა და კონკურენციაში ირჩევს მისთვის მისაღებს. პოლიტიკური პარტიის ლიდერის გადასაწყვეტი არ არის, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა გაუქმდეს, ან განაგრძოს არსებობა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადების უკან გულისხმობდა „დავით გარეჯის საქმეს“. ეს საქმე არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გააქტიურდა. რამდენად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საქმეს პოლიტიკურ კოზირად უყურებს ამ არჩევნებზე და თქვენი დაკვირვებით, დამაჯერებელი აღმოჩნდა თუ არა ეს საქმე საზოგადოებისთვის?
ჩანს, რომ ეს წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ ელექტორატი საკმაოდ ჭრელია. ვისაც აქამდე სჯეროდა ასეთი ტიპის განცხადებებს, ახლაც დაიჯერებს. დანარჩენი, ვინც არ ეთანხმებოდა მას, მისთვის ეს მიუღებელი იქნება. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს წინასაარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი თემაა, როცა მანამდე ეს საქმე არავის გახსენებია. ჩნდება ეჭვი, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ სხვა თემები გადაფარონ, მაგალითად, როცა ოპოზიცია ეუბნება „ოცნებას“, რომ ისინი რუსული ძალა არიან და ასე შემდეგ.
„ქართული ოცნების“ მიზანია წარმოაჩინოს, რომ არის პატრიოტული ძალა, ხოლო ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც არაპატრიოტული ძალა. ცუდი ის არის, რომ ამ ქმედებებმა დატოვა შთაბეჭდილება ისეთი, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში „ფოტოგრაფები საქმე“. დაახლოებით ამ გზით მიდის ახლა „ქართული ოცნება“.
გვახსოვს, რა მოხდა „ფოტოგრაფების საქმის“ შემდეგ… დღეს რა მოლოდინი გაქვთ და რამდენად გაჩნდა მინიმუმ იმის პირობა, რომ პოლარიზება ამ არჩევნების შემდეგ ისევ არ პროგრესირდეს?
უკვე არსებობენ პატარა პარტიები, რომლებიც გარკვეულ ხმებს მიიღებენ და არც ერთ დიდ პარტიას, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მარტო შეკრას კოალიცია და ისევ ერთპარტიულ სისტემას დავუბრუნდეთ. მე ვისურვებდი ამას დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე.
რაც მთავარია, საქართველოს ახლა განსაკუთრებით სჭირდება არა ხისტი, არამედ კონსესუსისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსები. საპარლამენტო სისტემაზე გადასვლასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს. თუმცა ჯერჯერობით ამის ნაბიჯებს ვერ ვხედავ.
ბათუმში რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალური ელექტროავტობუსი გაჩერდა, რომელიც, თვითმხილველის თქმით, მძღოლმა ადგილიდან ვეღარ დაძრა. მისივე თქმით, ელექტროავტობუსი ბუქსირით ძველ, ყვითელ ავტობუსს ჩააბეს. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ უთხრა, „ჩამქრალ ელექტროავტობუსს ქუჩაში მრავალგზის შეესწრო“.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ბათუმელებს უთხრეს, რომ ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო, „თუმცა საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ელექტროავტობუსები ხაზზე ისე გავუშვით, რომ ტესტირება არ გაუვლიათ. შეიძლება ვთქვათ, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობენ. ავტობუსს გადაიტანენ ავტოფარეხში, სადაც მას იმ ქარხნის სპეციალისტი შეამოწმებს, ვისგანაც შევიძინეთ ავტობუსები. ეს სპეციალისტი ბათუმში იმყოფება. ამასთან, ელექტროავტობუსებს აქვთ საგარანტიო ვადა და თუ რაიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდება, ჩანაცვლდება. მძღოლებიც ახლა გადიან გადამზადებას“.
ბათუმში ამ დროისთვის 5 ახალი ელექტროავტობუსია, რომლებიც მეცხრე დღეა [20 ოქტომბრიდან] რაც N13 ხაზზე მოძრაობენ.
ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. ელექტროავტობუსების შესაძენად 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა:
PCR ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად შესაბამისი აპარატურისა და თანმდევი სახარჯი მასალები ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის საჭირო დამატებითი აპარატურისა და თანმდევი სახარჯი მასალების შესაძენად, არაუმეტეს 760 700 ლარია საჭირო.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, რომელიც წამყვანი ძალაა COVID 19-ის კვლევების პროცესში, ქვეყნის მასშტაბით კიდევ ოცამდე ლაბორატორია ახორციელებს PCR ლაბორატორიულ კვლევებს. თუმცა შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ე.წ. “მეორე ტალღის” შედეგია და რის შემდგომაც დაინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა მასშტაბურად მზარდია, ეპიდაფეთქების მართვისთვის მნიშვნელოვანია COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების ზრდასთან ერთად გაზარდოს PCR კვლევების რაოდენობაც“, – მიიჩნევენ სამინისტროში.
„PCR ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება; ამასთან, შესაბამისი დამატებითი აპარატურისა და სახარჯი მასალების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიაში დღეში 1 000 ახალი კორონავირუსის PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ლაბორატორიული კვლევა ჩატარდეს“, – აღნიშნულია შსს-ს განაცხადში.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტროს განაცხადის მიხედვით, „მნიშვნელოვანია, რომ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დროულად ჩაერთოს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან სამინისტროს გააჩნია შესაბამისი რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ აღნიშნული დეპარტამენტის ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია კვალიფიციური გუნდითა და თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, მოახდინოს ბიოლოგიური ნიმუშებიდან გენეტიკური პროფილის მიღება“.
ადამიანები, რომლებიც ვირუსის გავრცელების საპრევენციოდ იზოლაციაში არიან, ცდილობენ, მათი ხმა არ დაიკარგოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა, მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, მაინც დააფიქსირონ.
მარიამ დოლიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც კოვიდსასტუმროდან სცადა რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებზე, მას ვირუსი სამი დღის წინ დაუდგინდა. მარიამისთვის ეს მეორე არჩევნებია, როცა ხმას აძლევს. ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უმაღლესი სამოქალაქო ვალდებულებაა და როგორ მძიმედაც არ უნდა გრძნობდეს თავს, საკუთარი არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააფიქსიროს.
მარიამ დოლიძე, სტუდენტი
„პირველი სამი დღე 39 გრადუსი სიცხე და თავის ტკივილი მქონდა, 3 დღე ვრეკავდით 112-ში და გადმომიყვანეს კოვიდსასტუმროში. ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა დაბალი სიცხე და საერთო სისუსტე მაქვს. სუნთქვა მიჭირს.
ტელევიზორში მოვისმინე, რომ არჩევნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე იყო. მივწერე ცესკოს, ჩაიწერეს ჩემი მობილურის ნომერი და დამიკავშირდნენ, თუმცა მითხრეს, რომ რახან კოვიდასასტუმროში ვიყავი, ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია და ისეც მოვიდოდნენ გადასატანი ყუთით ყველა კოვიდსასტუმროში. მე მაინც დავრეკე და გადავამოწმე რა როგორ იყო.
როგორც არ უნდა ვგრძნობდე თავს, არჩევნებში მონაწილეობა უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე. მოქალაქე ვალდებულია დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ხმა ფუჭად რომ არ დაიკარგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის არჩევანი აუცილებლად დაფიქსირდეს.
ჩემი დიდი სურვილია, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემა გაძლიერდეს, პანდემიამ აჩვენა, რომ არ გვაქვს საკმარისი რესურსი. განათლებას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და გადაიჭრას დასაქმების პრობლემაც ქვეყანაში. ჩვენს ირგვლივ 30, 40 წლის ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ განათლება და მათთვის სამსახური არსადაა.
ახლა, როცა უკვე პროპორციული წესით ვირჩევთ პარლამენტს, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, რომ მრავალფეროვანი მოსაზრებები ჟღერდეს და მსჯელობისთვის სივრცე შეიქმნას”, – ამბობს მარიამ დოლიძე.
მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ამბობს, რომ კოვიდკლინიკაში გადმოყვანამდე კონტაქტი ახლობლებთან ჰქონდა, ვისთანაც ბათუმში ცხოვრობს. მათ საღამოობით 37 გრადუსი სიცხე უფიქსირდებათ, თუმცა ტესტირებაზე უარს ეუბნებიან.
მარიამი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს კოვიდსასტუმროში შეხვდება, თუმცა ის ხმას აუცილებლად მისცემს.
საქართველო 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეინარჩუნებს მმართველ ძალას, საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ძირითადად იმ პროექტების გაგრძელებას აპირებს, რაც დღესდღეობით სახეზეა და მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს.
როგორია „ქართული ოცნების“ 2020 წლის ხედვები ზოგად განათლებაში?
საარჩევნო დაპირებების პირველი პუნქტი ზოგად განათლებაში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების გაზრდას ეხება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ლარით. მასწავლებლებს ხელისუფლების ის დაპირებაც არ შესრულებიათ ამ დრომდე, რომელიც სექტემბრიდან 150-ლარიან დანამატს ითვალისწინებდა.
პროგრამის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლების დაწყებამდე უნდა დასრულდეს საჯარო სკოლების ავტორიზაცია, რომელიც შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენჯერმე გადაიდო.
გაუმჯობესებული მართვის სისტემებისა და პროგრამების პარალელურად, „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამაში წერს, რომ სკოლებში დანერგავს „ფართომასშტაბიან სასკოლო შეფასების სისტემას, შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“, თუმცა საკითხი საარჩევნო პროგრამაში არ იშლება.
ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველი პარტია არაფერს ამბობს სკოლებში დირექტორების არჩევის წესზე,. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არსებული მოდელის მომხრეა. არსებული მოდელი კი ითვალისწინებს იმას, რომ განათლების სამინისტროს შეუძლია დანიშნოს ან გაათავისუფლოს სკოლის დირექტორი ან სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს თავისი კანდიდატი, რაც როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზღუდავს როგორც სკოლის, ასევე დირექტორის დამოუკიდებლობის ხარისხს.
საარჩევნო პროგრამა არც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ითვალისწინებს არსებით ცვლილებას, რადგან პროგრამაში წერია, რომ „გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით“, თუმცა რა განახლდება, არ არის დაკონკრეტებული.
საარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ შშმ ბავშვებს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ჰპირდება, თუმცა ეს კომპონენტიც არ არის გაშლილი და დაზუსტებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ცხოვრობენ შშმ ბავშვები, რომლებიც ვერც სკოლაში დადიან და ვერ იღებენ ელემენტარულ განათლებას.
ეთნიკური უმცირესობები მხოლოდ ერთ ნაწილშია მოხსენიებული, სადაც საუბარია, რომ მათთვის სკოლებში 2020-2021 წლიდან დაიწყება ბილინგვური (ორენოვანი) სწავლების მეთოდის პილოტირება.
ინკლუზიური განათლების პუნქტში მმართველი პარტია საუბრობს იმაზე, რომ „შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი და განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები“. თუმცა, როგორც წლის დასაწყისში ითქვა განათლების სამინისტროს მიერ, ეს წესი უკვე შემუშავებულია და ხორციელდება კიდეც. ამიტომ, ცოტათი ბუნდოვანია, რა ახალ წესზე საუბრობს ამ ნაწილში „ქართული ოცნება“.
ზოგადი განათლების ნაწილის ბოლო მონაკვეთში საუბარია დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე. ამ ნაწილში არაფერია ნათქვამი დისტანციური სწავლების პირობებში სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ტექნიკით ან ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, რადგან სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით სოფლად, ასევე მაღალმთიან რეგიონებში, ინტერნეტის ან კომპიუტერის გამო ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას.
საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ „2021 სასწავლო წლიდან 400 საჯარო სკოლაში ელექტრონული ჟურნალების შემოღება იგეგმება“. მაშინ, როცა განათლების მინისტრმა 2020 წლის სექტემბერში დაავალდებულა სკოლები, გამოიყენონ ელექტრონული ჟურნალი. სამინისტრო ირწმუნება, რომ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა სკოლებისთვის სავალდებულოა. ამიტომ გაუგებარია, 400 სკოლა რა ნიშნით არის პროგრამაში გამოყოფილი.
ინტერნეტიზაცია
ინტერნეტიზაციის კომპონენტი „ქართული ოცნებას“ განათლების კომპონენტში არ აქვს განხილული, თუმცა ამ თემაზე ისევ განახლდა საუბარი. სოფლების საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა, თუმცა ეს პროექტი ამ დრომდე, ანუ 2020 წლის ოქტომბრამდეც კი არ განხორციელებულა.
საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას“, რის შემდეგაც შინამეურნეობებს წვდომა ექნებათ არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოებსა და საწარმოებს – არანაკლებ 1 გბ/წმ-ის სიჩქარის ინტერნეტზე“, – ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.
პროგრამაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ლოგ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოსახლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რეგიონები, თემები და მით უმეტეს სოფლები.
ათასამდე დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციაზე საუბარი მიმდინარე წლის აგვისტოში განახლდა, როცა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში განაცხადა, რომ ამ პროექტისთვის საქართველო 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
ჯანმოს ცნობით, ევროპის რეგიონში ყოველდღიური სიკვდილიანობის შემთხვევები თითქმის 40% -ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. როგორც ჯანმოს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, ახალი შემთხვევები რეგიონის მასშტაბით მესამედით გაიზარდა, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი კი თითქმის 40%-ით. „მიუხედავად ჰოსპიტალური გამტარიანობის უკეთესად მართვისა, ზოგიერთი ქვეყნის საავადმყოფოები სწრაფად ივსება“, – თქვა მან.
ევროპის რეგიონის ქვეყნებმა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების ზომები კვლავ გაამკაცრეს, რომელთა ეფექტურობის გაანალიზებაც, ექიმი ჰარისის შეფასებით ორი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ჩვენ დავინახავთ შემთხვევების შემცირებას, მაგრამ არა ერთ ღამეში” – განაცხადა მან.
როცა ცოტა ხნის წინ ევროპის რეგიონში ახალი შემთხვევების ძლიერი მატება დაიწყო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი კვლავ დაბალი იყო, სპეციალისტებმა თქვეს, რომ როგორც წესი სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ახალი შემთხვევების მატებიდან რამდენიმე კვირაში იქნებოდა მოსალოდნელი.
ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ითქვა, რომ ევროპის ბევრ ქალაქში რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ტევადობა უახლოეს კვირებში ამოიწურება. „ეს ძალიან საგანგაშო სიტუაციაა, რადგან სწორედ ამ დროს, ოქტომბერში, შემოდგომაზე გრიპის სეზონი იწყება. გაიზრდება მოთხოვნა რესპირატორული დაავადებების მქონე პირთა ტესტირებაზე, ასევე, საავადმყოფოს სერვისებზე და ამრიგად, ჩვენ საგანგაშო სიტუაციაში ვართ” – განაცხადა მარია ვან კერჰოვმა, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის მიმართ ბოლო წლებში სულ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის სპეციალისტების და საზოგადოების ყურადღება, პარალელურად იკვეთება კიდევ ერთი პრობლემა: არსებული ჯენერიკი ანტიბიოტიკების მარაგების დეფიციტი. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე ისაუბრეს, რომელიც ბერლინში სამი დღის განმავლობაში, 25-28 ოქტომბერს მიმდინარეობდა.
„აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობა აქამდეც ცნობილი იყო სპეციალისტებისთვის, ფარმაცევტებისთვის, საავადმყოფოებში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად აწყდებიან აუცილებელ ანტიბიოტიკებზე ან ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა პროდუქტებზე წვდომის პრობლემას. მაგრამ საკითხი წინა პლანზე წამოიწია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, როცა არა მხოლოდ ანტიბიოტიკების, არამედ ტკივილგამაყუჩებლების, ჟანგბადის, სუნთქვის აპარატებისა და ჯანმრთელობის სხვა პროდუქტების დეფიციტიც გვაქვს” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მრჩეველმა პეტერ ბაიერმა ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე.
სპეციალისტების თქმით, ბევრი საავადმყოფო, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სირთულეებს აწყდება პირველი რიგის კრიტიკული პრეპარატების სტაბილური მომარაგების, განსაკუთრებით ინექციური ანტიბიოტიკების მარაგის უზრუნველყოფის მხრივ, რაც ხელს უშლის ექიმებს რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენებაში და ზრდის ხარჯებს. პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
„როცა სამკურნალოდ არ გაქვს პირველი რიგის (შედარებით უფრო იაფი) აუცილებელი ანტიბიოტიკები, გიწევს გამოიყენო მესამე ან მეორე ხაზის (უფრო ძვირიანი) ანტიბიოტიკები და ეს პრობლემაა, რადგან მეორე რიგის ანტიბიოტიკები, როგორც წესი, უფრო ტოქსიკურია, ზოგჯერ ისინი ნაკლებეფექტურია, ვიდრე პირველი რიგის მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთი ანტიბიოტიკები ინტრავენურია და არა პერორალური, რაც პაციენტისთვის მისაღებად ნაკლებად კომფორტულია და მათმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ შედეგებამდე” – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული პროექტის მენეჯერმა სელინ პულსინმა.
ანტიბიოტიკების დეფიციტი ყველა ქვეყანას ეხება, განურჩევლად განვითარების დონისა.
ჯანმო-ის ცნობით, ახალი ანტიმიკრობული პრეპარატების კლინიკური ასორტიმენტი ამოიწურა. 2019 წელს ჯანმომ გამოავლინა კლინიკური შემუშავების ეტაპზე მყოფი 32 ანტიბიოტიკი, რომელიც პასუხობს ჯანმოს პრიორიტეტული პათოგენების სიას და რომელთაგან მხოლოდ 6 კლასიფიცირდა, როგორც ინოვაციური. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემად რჩება ხარისხიან ანტიმიკრობულ პრეპარატებზე წვდომა.
„ანტიბიოტიკები სულ უფრო და უფრო არაეფექტური ხდებიან, რადგან წამლების მიმართ მდგრადობა მთელს მსოფლიოში ვრცელდება, რაც ართულებს ინფექციების მკურნალობას და ზრდის სიკვდილიანობას. სასწრაფოდ საჭიროა ახალი ანტიბიოტიკები, თუმცა თუ ადამიანები არ შეწყვეტენ ანტიბიოტიკების არასწორ გამოყენებას, ახალ ანტიბიოტიკებსაც იგივე ბედი ეწევათ, რაც სხვებს – ისინიც დაკარგავენ ეფექტიანობას” – წერს ჯანმო.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) მიკროორგანიზმის მდგრადობაა იმ ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ, რომელიც თავდაპირველად ეფექტური იყო აღნიშნული მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები და პარაზიტები) შეუძლიათ გაუძლონ ისეთი ანტიმიკრობული მედიკამენტების მოქმედებას, როგორებიცაა ანტიბიოტიკები, ფუნგიციდური, ანტივირუსული და ანტიმალარიული პრეპარატები. ამგვარად, სტანდარტული მკურნალობა არაეფექტური ხდება. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტიპი, როდესაც ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო.
მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეხვედრაა გლობალური ჯანდაცვის შესახებ და აერთიანებს წამყვან საერთაშორისო მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ჯანდაცვის ინდუსტრიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
დღეს, დაბა ჩაქვში ძალოსანთა ბაზის მშენებლობა დავიწყეთ. პროექტის ღირებულება 4 მლნ 500 ათასი ლარია, ხოლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი აწარმოებს.“
შენობის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს სამაყურებლო ტრიბუნებით. ასევე გათვალისწინებულია საშხაპეები, საუნა, გასახდელები და სველი წერტილები. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს როგორც სპორტსმენებს ასევე მაყურებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა, სადაც არანაკლებ 10 სასტუმრო ოთახი მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ არსებული საბჭოთა პერიოდის შენობა ამორტიზირებული და აბსოლუტურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხვნებთან. მშნებელობის დასრულებას 2021 წლის დეკემბერში ვგეგმავთ, შესაბამისად ათლეტები უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
საყოველთაო გაფიცვის შემდეგ უკანონოდ გათავისუფლებულ სოცმუშაკს, ივანე ბუბაშვილს კომპენსაციის სახით 15 000 ლარს გადაუხდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. სოცმუშაკის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავდა.
ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან დათხოვილი სოციალური მუშაკები რამდენიმე სასამართლოში დავობენ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა სამსხურში მის დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან მის პოზიციაზე უკვე სხვა მუშაობს.
„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, განსხვავებით რუსთავის საქალაქო სასამართლოსგან, დააკმაყოფილა EMC-ის შუამდგომლობა და დამსაქმებელს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, სააგენტოს ახალი კადრებით შეევსო ვაკანტური პოზიციები. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სოციალურ მუშაკებს აძლევთ გარანტიას, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იმავე პოზიციაზე აღდგნენ სამსახურში,“ – განმარტავს EMC-ის იურისტი, ლადო ქუთათელაძე.
სოციალური მომსახურების საააგენტოდან 2019 წლის 11 დეკემბერს 33 სოცმუშაკი გაათავისუფლეს, მათგან 8 სოცმუშაკმა მიმართა სასამართლოს.
ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. ეს ის უწყებაა, სადაც სოცმუშაკები რეორგანიზაციის შემდეგ გადაიყვანეს სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ივანე ბუბაშვილი, თუმცა ჯერ ის მოსამართლის დასაბუთებას ელოდება.
სამსახურიდან გაშვებამდე, სოცმუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გასულ წელს პერმანენტულ აქციებსმართავდნენ, მათ გაფიცვაც მოაწყვეს.
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე:
„ქართული ოცების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან.
კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად დაასახელა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი. კობახიძის ინფორმაციით, გოგელიამ ენმ-ის წარმომადგენელს სთხოვა, დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია „ხმაურის მოწყობას“ გეგმავდა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, საიდან აქვს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია, მან თქვა, რომ ეს „გამოჟონილი ინფორმაციაა“. კობახიძის განმარტებით, არჩევნების დღეს ენმ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, რასაც „პარტიული ტელევიზიები საკუთარი გაშუქებით არჩევნების მიმდინარეობაზე ყალბ სურათს შექმნის“.
„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ – „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში.
დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ნატო გოგელიამ ჰკითხა ქათამაძეს, სად იგეგმებოდა არეულობა და როცა ამას ეკითხები პოლიტიკოსს, ამ დროს შენ თავად ხარ არეულობის თანამონაწილე. ეკითხება ე.წ. ჟურნალისტი პარტიულ წარმომადგენელს, წინასწარ იღებს ინფორმაციას არეულობასთან დაკავშირებით, რათა მხარი დაუჭიროს [არეულობას] გაშუქების გზით. ეს არის არეულობის თანამონაწილეობა“,- აცხადებს კობახიძე.
ნატო გოგელია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მის სატელეფონო საუბრებს უსმენს. ნეტგაზეთთან გოგელიამ დაადასტურა, რომ ბესო ქათამაძეს ტელეფონით მართლაც ესაუბრა, თუმცა აცხადებს, რომ ენმ-ის წარმომადგენელს მხოლოდ ის ჰკითხა, რომელ საარჩევნო უბნებზე ელოდებიან გარკვეულ დაძაბულობას. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებზე „ქართული ოცნების“ წევრებსაც ესაუბრება ხოლმე და ამაში უჩვეულო არაფერია.
„არანაირ დესტრუქციაზე საუბარი არ ყოფილა, სამეგრელოში ვმუშაობდი ბოლო პერიოდი, ჩამოვედი და, როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი, რეგიონში რა ხდებოდა. ბესო ქათამაძეს დავურეკე და ვკითხე, რა ხდებოდა, ვითარება დაძაბული სად იყო, რაზეც მან მითხრა, რომ ასეთი სოფლები იყო ნასაკირალი და ჭანიეთი, სადაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ ვერ იგებს.
მან ძალიან კონკრეტული მაგალითი მითხრა, რომ წინა დღეს მათ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ მისულები და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაახლოებით 4-წუთიანი სატელეფონო საუბარია. გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისშიც ვიყავი და ვკითხე, რა ხდებოდა, რამე დარღვევა ხო არ არის… ამას რატომ მალავენ?! რატომ არ თქვეს?!”, – აცხადებს ნატო გოგელია.
ეს შემთხვევა ჟურნალისტის კიდევ უფრო უმტკიცებს რწმენას, რომ მის საუბრებს ფარულად უსმენენ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღევანდელი განცხადებით ეს საჯაროდ დაადასტურა. თავად ირაკლი კობახიძის მიერ ბრიფინგზე გახმიანებულ ინფორმაციას „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
„ძალიან კარგად ვიცი, რომ მისმენენ. უბრალოდ, გამიკვირდა ე.წ. პოლიტიკოს ირაკლი კობახიძისგან ამის საჯაროდ აღიარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რადგან ვარ რეგიონში, ვმუშაობ და ვაშუქებ ყველა თემას. მათი მცდელობების მიუხედავად, თუნდაც გუშინ, ჩემი ახლობლების გამოყენების საქმეში, რომ თუნდაც გუშინდელი ამბავი არ გამეშუქებინა [ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები], ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ, რადგან არ არსებობს თემა, რითიც შემაშინებენ“, – აცხადებს გოგელია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აჭარაში გრიპის ვაქცინის შემოტანა უკვე დაიწყეს, შემოსულია პირველი ნაკადი, ხოლო ხვალ, 30 ოქტომბერს, მეორე ნაკადს ელოდებიან.
„ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის ვაქცინა საფრანგეთიდან და შემდეგ ძალიან სწრაფად ნაწილდება.
შემოსული ვაქცინა გამოვიყენეთ მიზნობრივად რისკჯგუფებზე, ესენი არიან: ორსულები, დიალეზზე მყოფები, C ჰეპატიტზე აქტიურ მკურნალობაში მყოფნი და სხვები. ამ ბოლო პერიოდში რისკჯგუფი კიდევ გაფართოვდა და ამაში შედიან 65 წელს გადაშორებულები, ასევე, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, გულსისხძარღვთა დაავადებების და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები.“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით უკვე შემოტანილია 2350 ვაქცინა, ხვალისთვის 4200-ს, ხოლო შემდეგი ეტაპისთვის 20 000 ვაქცინას ელოდებიან. ვაქცინები პოლიკლინიკებში გადანაწილდება.
რამდენიმე დღეა სამი ახალგაზრდა სოფელ-სოფელ დადის და ადამიანებს უხსნის, თუ რატომ არის მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის სასურველი ცხოვრების შესაქმნელად. ეს ახალგაზრდები ივერი შაინიძე, ქეთი აბულაძე და ლიზა ანთაძე არიან. ორი მათგანი სტუდენტია, ერთი კი – აბიტურიენტი. ლიზა ქობულეთში ცხოვრობს, ივერი და ქეთი ხულოში.
„ამ კარდაკარის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხმა არჩევნებში, რადგან სწორედ მათ ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – ამბობს ივერი.
მისი თქმით, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ძირითად ნაწილს გაცნობიერებული აქვს არჩევნების მნიშვნელობა. თუმცა არის ნაწილი ადამიანებისა, ვინც სკეპტიკურად უყურებს არჩევნებს.
„ეს პროექტი შედგება ორი ნაწილისგან – ერთია, როცა კარდაკარ ვუხსნიდით ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას და მეორე ნაწილი ითვალისწინებდა ფოტოაქტივობას, რომელიც სოციალურ ქსელში უნდა გადმოგვეტანა.
კარდაკარის დროს აქტივისტები ფოტომესიჯებსაც აგროვებდნენ
გვქონდა ბანერები, სადაც ეწერა, რომ „არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია“, „იმიტომ, რომ მაწუხებს ჩემი და შენი პრობლემები“ და ასე შემდეგ. ამ ბანერს იჭერდნენ მოქალაქეები, ვუღებდით ფოტოებს და ვავრცელებდით ფეისბუკში, უფრო მეტ ადამიანთან რომ მიგვეტანა ჩვენი ხმა. ზოგი წინააღმდეგი იყო ფოტოს გადაღების, ზოგიერთი გვთანხმდებოდა“, – ამბობს ივერი.
კარდაკარ კამპანიისას აქტივისტები ისეთ ადამიანებს ხვდებოდნენ, ვისაც არჩევნების გაგონებაც კი არ სურდა. როგორც ახალგაზრდები გვეუბნებიან, მათი სკეპტიციზმის მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში ვერ ხედავდნენ მათთვის სასურველ ცვლილებას.
„კარდაკარს დაემთხვა ზუგდიდში ბანკის ძარცვის ამბავი და გვეუბნებოდნენ, „ხედავთ რა ხდება, რა დროს არჩევნებია, რა მოგვადგა კარზე“. ზოგს იმისაც კი არ სჯერა, რომ მის ხმას რაიმეს გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენ კი ვუხსნიდით, რომ ცვლილებებს სჭირდებოდა მათი ხმა. თუ არ მივცემთ ხმას, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში წუწუნის უფლებასაც ვკარგავთ“, – ამბობს ივერი.
ფოტოგამოწვევა: რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი არჩევნებში
ლიზი ანთაძე 18 წლისაა. წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამბობს, რომ ბოლომდე აქვს გაცნობიერებული მისი ხმის მნიშვნელობა. მისი თქმით, ამ კარდაკარის მიზანიც ის იყო, რომ სხვა ადამიანებშიც გაეღვივებინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
„ჩვენ გარშემო ბევრი სოფელია, სადაც ნაკლებად არიან მოქალაქეები ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ სოფლები მივიწყებულია და ხშირად მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე. ამიტომ, ეს ადამიანებიც ფიქრობენ, რომ ისინი ვერაფერს შეცვლიან.
„მაინც არ აქვს აზრი“, რადგან ჩემი ხმა არსად არ ჩანსო – მეუბნებოდნენ ხოლმე. მე კი ვუხსნიდი, რომ სწორედ მათ ხმას აქვს ძალა და მნიშვნელობა. იყო ეჭვიც, რომ შესაძლოა მათი ხმა არც კი აისახება არჩევნებში. ჩვენი კი მათ ვეუბნებით, რომ თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი.
სწორედ ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით ვცდილობთ ახალგაზრდები შევცვალოთ ჩვენს გარშემო რეალობა“, – ამბობს ლიზა.
ქეთი აბულაძეს ჯერ არ აქვს ხმის უფლება, რადგან 17 წლისაა. მომავალ წელს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ის პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ქეთი დარწმუნებულია, რომ თითოეული ხმა და მათ შორის მისი ხმაც, არის გადამწყვეტი ქვეყანაში ცვლილებისთვის.
„კარდაკარის პროცესი საკმაოდ რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ ხოლმე. აინტერესებდათ, ხომ არ ვიყავით რომელიმე პარტიის აქტივისტები. თუმცა ჩვენ ვუხსნიდით, რომ ჩვენი მიზანი იყო ადამიანებს უკეთ დაენახათ, გაეაზრებინათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მონაწილეობა არჩევნებში და მათზე დამოკიდებული“, – გვეუბნება ქეთი.
ახალგაზრდები სამოქალაქო აქტიურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომ სკოლის პერიოდში ჩართული იყვნენ სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის პროექტებში.
ივერი ხულოს საინიციატივიო კლუბის წევრია, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას ემსახურება, ასევე ლიზა და ქეთიც აქტიურად იყვნენ ჩართული მსგავსი ტიპის პროექტებში.
„გვინდა ვაჩვენოთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ახალგაზრდების ძალა და ის, თუ რა შეგვიძლია“, – ამბობენ აქტივისტები.
პროექტის -„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ განხორციელებაში ახალგაზრდებს მხარს უჭერს USAID Georgia, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო – IRI Georgia.
__________________________
მთავარი ფოტო: ქეთი აბულაძე, ივერი შაინიძე და ლიზა ანთაძე/სამოქალაქო აქტივისტები.
„ნაცმოძრაობის ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი მე გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს“ – ასე გამოეხმაურა დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინ სოფელ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თორნიკე რიჟვაძეს წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
რიჟვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არ დაუტოვებია ტერიტორია და ინციდენტის მიუხედავად დიდაჭარაში შეხვდა მოქალაქეებს. „მიჰას და მთავარ არხს არ ვეკითხები გადაადგილებას, ამიტომ ფეიკნიუსებს დაანებონ თავი“, – განაცხადა მან.
„როცა პოლიტიკურ ძალას არა აქვს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური და არც მორალური მათ შორის და როცა იციან, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა, რა თქმა უნდა, ამ გამოხტომებით შეეცდებიან ისინი პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო გარემო დააზიანონ. თუმცა მე განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს და ჩვენ მათი პროვოკაციების არ გვეშინია, პირიქით, ძალიან შემართებით ვართ.
დაახლოებით ხუთი ანგაჟირებული ადამიანი კონკრეტული კრიმინალური წარსულით ცდილობდა ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ შემიშლიან ხელს ვერც მე, ვერც ჩემს თანაგუნდელებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ინციდენტი სოფელ დიდაჭარაში გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა. თორნიკე რიჟვაძეს სოფელში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს და ამის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.
ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.
ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.
ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს თორნიკე რიჟვაძემ ფირუზ წულუკიძეს „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა, რაზეც ფირუზ წულუკიძემ უარი უთხრა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან.
კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი დაასახელა. კობახიძემ განაცხადა, რომ გოგელია ენმ-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მოსთხოვა დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია “ხმაურის მოწყობას“ გეგმავდა.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას:
„ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღეს, 29 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, ბათუმში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ.
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არასერიოზულია. მან „ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა.
„ადამიანი, რომელიც ჩვენ დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი გვეგონა, გვეგონა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ აღმოჩნდა ჩვეულებრივი ოტოშინგი [სუსის აგენტი, რომელიც მოსმენებზე მუშაობს]. დღევანდელმა მისმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ის ზის და ჟურნალისტებს უსმენს.
პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ პარტიას, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს კვლავ ხელისუფლებაში, მთავარ სპიკერად შერჩა პოლიტიკური გვამი. დიახ, ბატონო ირაკლი, არათუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს ლევან ვარშალომიძე, არამედ წუხელ ჩაატარა სპეცოპერაცია და სააკაშვილი უკვე შემოიყვანა საქართველოში, ხვალ კიდევ გეგმავს სპეცოპერაციას და მეორე მიხეილ სააკაშვილის შემოყვანას აპირებს და ზეგ წითელი ხიდიდან ვაპირებთ კიდევ მესამე სააკაშვილის შემოყვანას. უბრალოდ, მინდა მხოლოდ შენ იცოდე შენ და არ გააბაზრო. ეს არის პასუხი. არასერიოზულ განცხადებაზე მეტი განცხადების გაკეთება შეუძლებელია,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
შეერთებული შტატები, USAID-ისა და საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, საქართველოს COVID19 პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაში ეხმარება. აშშ-მ ცესკოს ორ მილიონზე მეტი ერთჯერადი ნიღაბი, 50 ათასამდე მრავალჯერადი სახის ფარი, 6 ათას ლიტრზე მეტი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, 176 ათასი ლატექსის ხელთათმანი და 8 ათასი ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
მხარდაჭერა არჩევნებისთვის მზადებაში
საელჩოს განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, პარტიებს პოლიტიკური პლატფორმების, პროგრამებისა და გზავნილების დახვეწაში დაეხმარა, რაც მოიცავს საზოგადოებისა და პარტიების ინფორმირებისთვის საჭირო მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, ციფრული აპლიკაცია „საარჩევნო კომპასის“ დაფინანსებას. აპლიკაცია ეხმარება ამომრჩევლებს უკეთ გაიგონ, თუ რამდენად ემთხვევა მათი პრიორიტეტები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხედვებსა და პროგრამებს.
ცენტრალურისაარჩევნოკომისიისმხარდაჭერა
USAID-ის მეშვეობით, დაფინანსდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის შექმნა, ახალი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა. ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად, USAID ეხმარება ცესკოს საქართველოს არჩევნების კიბერთავდასხმებისგან დაცვაში, დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრის შექმნაში, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა.
დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრს ჰყავს ოთხი, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომელიც მეთვალყურეობს და რეაგირებს ტელევიზიით, ბეჭდური, ციფრული თუ სოციალური მედიით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე.
არჩევნებისმონიტორინგიდააღსრულება
შეერთებულმა შტატებმა, იუსტიციის დეპარტამენტის მუდმივი იურიდიული მრჩევლის მეშვეობით, გადაამზადა პროკურორები და გამომძიებლები საარჩევნო დანაშაულების გამოვლენაში, გამოძიებასა და სამართლებრივი დევნის წარმოებაში.
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მეშვეობით ჩაატარა საქართველოს პოლიციელების მოსამზადებელი ტრენინგი პროტესტის დროს ხალხის მართვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
არჩევნების დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-ის საელჩოს დაახლოებით 65 თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას სადამკვირვებლო საქმიანობაში.
ფინანსდება ადგილობრივი ორგანიზაციები, რათა მათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას, გააძლიერონ ადგილობრივი მედია და დაუპირისპირდნენ ცრუ ინფორმაციას.
შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა მათ ჩაატარონ საგამოძიებო კვლევა რუსული დეზინფორმაციის კამპანიებზე, რომელთა სამიზნესაც არჩევნები წარმოადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 18 364 ადამიანი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.
ამ სტატისტიკაში არ შედის სავარაუდო ინფიცირების შემთხვევები, როცა კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს ტესტის გარეშე ურჩევენ სახლში დარჩენას და იზოლაციას.
29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კოვიდკლინიკებში მკურნალობს 4 209 ადამიანი.
ქვეყანაში ყოველდღიურად კვლავ ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახალი ინფიცირების შემთხვევებზე მეტია.
29 ოქტომბერი – კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2075 პაციენტი, დადასტურდა ინფიცირების 1709 შემთხვევა
28 ოქტომბერი – კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი, დადასტურდა ინფიცირების 1 731 შემთხვევა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 35 567 ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით, მათგან 16 904 უკვე გამოჯანმრთელდა, 273 ადამიანი კი კოვიდით გარდაიცვალა.
ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. პირველი სექტემბრიდან დღემდე საქართველოში 254 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა, რომლებსაც საარჩევნო ყუთს ადგილზე მიუტანენ – კოვიდკლინიკებში, სასტუმროებსა და ბინაზე. რამდენი ამომრჩეველია სპეცსიაში, ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამ სიაში უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათისთვის მკურნალობდნენ კორონავირუსზე, იყვნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და რომლებიც 31 ოქტომბერს იქნებიან აღნიშნულ დაწესებულებებსა და ბინაზე.
რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, სიაში მხოლოდ ის პირები შეიყვანეს, ვინც ცესკოში 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე დარეკა და მოითხოვა საარჩევნო ყუთი.
ქვეყნის მასშტაბით 127 სპეცუბანია [მათ შორის 24 აჭარაში] შექმნილი, რომლებიც კოვიდპაციენტებს ყუთს ადგილზე მიუტანენ. გადასატანი ყუთების რაოდენობა კი არის – 149.
მიუხედავად სპეცსიის დამტკიცებისა, ცესკოს დადგენილების მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
[crosslist]
საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში მყოფი ის პირები, რომლებიც არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებულნი, როგორც თვითიზოლაციაში მყოფნი – 31 ოქტომბერს მათ ხმის მისაცემად ერთადერთი გზა რჩებათ – დაარღვიონ თვითიზოლაცია;
ხმას ვერ მისცემს ის ამომრჩეველი, ვინც სავალდებულო თვითიზოლაციაში [ასე ვთქვათ, ოფიციალურად] გადავიდნენ, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათის შემდეგ. ისინი სპეცსიაში არ იქნებიან, შესაბამისად, ყუთს ადგილზე არ მიუტანენ. თუ ხმის მისაცემად დაარღვევენ იზოლაციის წესებს, ეს კანონით დასჯადია.
ხმის მიცემის უფლებას კარგავს ის ამომრჩეველი, ვისაც დაუდასტურდა ან დაუდასტურდება კორონავირუსი 28, 29 და 30 ოქტომბერს და განთავსდება კოვიდკლინიკაში, კოვიდსასტუმროში, ან დარჩება სამკურნალოდ ბინაზე;
ხმას ვერ მისცემენ ამომრჩევლები, რომლებიც კარანტინში აღმოჩნდნენ, ან აღმოჩნდებიან 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათის შემდეგ, ასევე 28, 29 და 30 ოქტომბერს.
ხმის მიცემის უფლებას კარგავენ ის ამომრჩევლებიც, რომლებიც შეიყვანეს სპეცსიაში, მაგრამ 31 ოქტომბრამდე შეუცვლიან ფაქტობრივ მისამართს, რის საფუძველზეც აღმოჩნდებიან სხვა სპეცუბნის ტერიტორიაზე [მაგალითად, იყო ბინაზე ან კარანტინში და გადაიყვანეს კოვიდკლინიკაში, შეუცვალეს სასტუმრო ან/და პირიქით];
ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღეს, ხმის მიცემამდე აღმოჩნდებიან ცხელების ცენტრებში – ვერც ეს პაციენტები მისცემენ ხმას 31 ოქტომბერს.
[/crosslist]
რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც შეიყვანეს სპეცსიაში, მაგრამ 27-28-29-30 ოქტომბერს გამოჯანმრთელდნენ და გაწერეს კლინიკიდან, ან კარანტინში მყოფი ამავე პერიოდში დატოვებს კარანტინს – აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება, შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ცესკოს შესაბამისი დადგენილების გამო, დაახლოებით რამდენი ამომრჩეველი დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას.
რამდენმა ადამიანმა დარეკა ცესკოში და მოითხოვა ყუთი იზოლაციის ადგილზე, ეს რიცხვი ცესკოდან ამ დრომდე არ მოგვაწოდეს, არადა, 44 საათზე მეტი გავიდა, რაც ზარების მიღება შეწყდა, ცესკომ კი სპეცსია მინიმუმ 14 საათის წინ დაამტკიცა. შესაბამისად, არ ვიცით რამდენი თვითიზოლაციაში მყოფი პირი შეიყვანეს სპეცსიაში.
მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 28 ოქტომბერს თვითიზოლაციაში 29 001 პირი იმყოფებოდა [ადრე ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ოქტომბრის მდგომარეობით, „დაახლოებით 9 000 პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში“. ამ დღეს თვითიზოლაციაში სულ 26 533 პირი იმყოფებოდა. შედარებისთვის თუ ამ მონაცემებს ავიღებთ, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 9 800 მოქალაქეს მაინც უნდა დაერეკა. ვინც არ დარეკა, ვერც ხმას მისცემს].
ქვეყანაში ბოლო დღეებში ყოველდღიურად მინიმუმ 1700 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, შესაბამისად, 28 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის [დილის] ჩათვლით, 6 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.
ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, ახალი შემთხვევების კონტაქტები აუცილებლად უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. 28-30 ოქტომბრის კორონავირუსის თითო ახალი შემთხვევის სულ ცოტა 3 კონტაქტი რომ ავიღოთ, ჯამში 20 ათასზე მეტ ადამიანს მივიღებთ, ვინც იზოლაციაში უნდა გადავიდეს. ანუ 30 000 ადამიანი.
ვინაიდან არ ვიცით აქედან რამდენი პირი იქნება 18 და მეტი ასაკის, დავუშვთ რომ 1/3 არასრულწლოვანია. ასეთ შემთხვევაში 20 000 ამომრჩეველი მაინც დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას.
ამ 20 ათას კაცს უნდა დავუმატოთ ისინი, ვინც უკვე იზოლაციაშია და ცესკოში არ ან ვერ დარეკა, ასევე ის პირები, ვინც კარანტინში ან ცხელების ცენტრში აღმოჩნდება 27-30 ოქტომბერს, ასევე ამ დღეებში თავისი ნებით იზოლაციაში გადასული პირებიც. არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სულ ცოტა 30 ათასი მოქალაქე კარგავს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
„სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში. ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 26 ოქტომბერს.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ოქტომბერს დადგენილება გამოსცა, რომლითაც განისაზღვრება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში, მათ შორის კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნა, ასევე, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. აღნიშნული დადგენილება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შექმნილმა “ხმების დაცვის კომისიამ” სასამართლოშიც კი გაასაჩივრა.
თურქეთი მერვე ქვეყანა გახდა ევროპის რეგიონში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში სულ 368 513 დადასტურებული შემთხვევაა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ თქვა, რომ სტამბული ითვლის თურქეთში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების ნახევარს. „თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვირუსს სტამბულში, რთული იქნება მისი დაძლევა” – ციტირებს „გარდიანი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემები, ჯანმომ ოქტომბრის დასაწყისში ეჭვქვეშ დააყენა, როცა მათ გააკრიტიკეს თურქეთის მთავრობა იმისთვის, რომ ისინი მხოლოდ სიმპტომურ პაციენტებს ითვლიდნენ, რაც სავარაუდოდ იძლევა რეალურზე ნაკლებ დაბალ მაჩვენებელს. საუბარია ჯანმოს განცხადებაზე, რომელიც მას შემდეგ გაკეთდა, როცა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ 29 ივლისიდან გამოქვეყნებულ COVID-19 მონაცემებში ასახული იყო მხოლოდ სიმპტომების მქონე პაციენტები, ასიმპტომური დადებითი შემთხვევების გამოკლებით.
ოქტომბრის დასაწყიში თურქეთში ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 1500 იყო, ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევები ყოველდღიურად 2000-ს სცდება.
თურქეთში კორონავირუსის 368 513 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, კორონავირუსით გარდაცვლილია 10 027 ადამიანი, 319 181 პირი კი გამოჯანმრთელდა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აჭარაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახმელეთო საზღვარს გულისხმობდა, თუმცა რადგან ლევან ვარშალომიძეზე მიუთითა, სავარაუდოდ, სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარი იგულისხმა.
წინასაარჩევნო პროგრამებში ვერ ნახავთ დაპირებას იმაზე, თუ რამდენით შეიძლება შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ან საერთოდ შემცირდება თუ არა ეს პროცენტები. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით ზოგადად კონკურენციის გაძლიერების პირობას დებენ, თუმცა საქართველოში 16 ბანკია და, მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ კონკურენცია არსებობს და 16 ბანკს შორის გარიგებაც გამორიცხულია.
საბანკო პოლიტიკასა და სესხებზე პარტიები პროგრამებში არაფერს წერენ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას ბანკის ვალი აქვს და კიდევ განსაკუთრებით იმის მიუხედავად, რომ პენსიონერების ნახევარზე მეტს ძვირადღირებული საპენსიო სესხი აქვს, დაახლოებით 35-40 პროცენტი რომ ღირს, ის სესხი. მოხუცების ნახევარსაც უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება, რადგან მათ ყველაზე ძვირიანი სესხის აღება უწევთ. ამის მიუხედავად, პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს ამ პრობლემაზე ნაფიქრი საერთოდ არ აქვს, ან საკითხის მოგვარებას კონკურენციას ანდობს.
მმართველ პოლიტიკურ გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ საუბარი წინასაარჩევნოდ არც ამ თემაზე ისურვეს. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამაში არაფერი უწერია საბანკო პოლიტიკაზე. აქ ვერც პენსიონერების შესახებ იპოვით რამეს იმის მიუხედავად, რომ წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობამ პენსიონერებისთვის შეღავათის მისაცემად ტენდერის ჩატარება და საბანკო მომსახურების ადგილზე მიტანის სერვისის შეძენა დააანონსა, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.
ენმ: ბანკები მდიდრდებიან პენსიონერების ხარჯზე
[„ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა ლევან ვარშალომიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტში]
ბატონო ლევან, თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ვერ ვნახეთ კონკრეტული დაპირება საბანკო პოლიტიკაზე. უნდა ელოდოს თუ არა ამომრჩეველი თქვენგან საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას?
ეკონომიკა რამდენიმე სექტორისგან შედგება. ლარის კურსზე მოქმედებს ის, რომ ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, რაც შეიძლება მეტი, ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს, რაც შეიძლებ მეტი და ტურიზმი განვითარდეს. საპროცენტო განაკვეთი რომ შემცირდეს, ინვესტიციამ უნდა შეძლოს ამის განხორციელება. რა თქმა უნდა, საბანკო სექტორში კონკურენცია უნდა განვითარდეს. ბათუმი და აჭარა რომ ავიღოთ მაგალითად, შესაძლოა, „ოცნება“ რაღაცას ამბობს, მაგრამ კონკრეტული პროექტები რომ გავიაროთ, რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს, არ არსებობს ასეთი. ინვესტიციების გარეშე საპროცენტო განაკვეთები ვერ შემცირდება. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მთავრობამ – თავისი ფუნქცია. როცა სახელმწიფოში ინვესტიციები და ფული შემოვა, ეს მოქმედებს ეროვნული ბანკის პოლიტიკაზეც. თანხები, რომელიც შემოვა ინვესტიციების კუთხით, ეს იმოქმედებს სრულად ეკონომიკაზე.
თქვენ საუბრობთ კონკურენციაზე, მაგრამ 16 ბანკია. რამდენი უნდა იყოს, რომ კონკურენციამ იმუშაოს?
ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია და უნდა იმოქმედოს თავისით. არ შეიძლება, სახელმწიფო ჩაერიოს ეროვნული ბანკის პოლიტიკაში. ყველა საერთაშორისო ნორმის მიხედვით, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავისუფლად, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გაატაროს თავისი პოლიტიკა, რომ მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია, იაფი ფული. ამ დროს ხდება საბანკო სექტორის გაჯანსაღება და საპროცენტო განაკვეთიც იქნება ნაკლები. დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ბოლო 5- 6 წელი ეროვნულ ბანკს თავისი პოლიტიკა არ გააჩნია. იგივე ლარის დასტაბილურების მოტივით ეროვნულმა ბანკმა 50 მლნ დოლარი გაყიდა და რა მივიღეთ? – პირიქით, ლარის გაუფასურება გვაქვს. ეს იყო ამ ბოლო კვირაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო იღებს, ვიდრე ეკონომიკურს.
ლევან ვარშალომიძე
რატომ შეიძლება აწყობდეს ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურება?
ლარის კურსის სტაბილურობა უნდათ, მაგრამ ვეღარ აკავებენ. სამწუხაროდ, ეკონომიკა აღარ არსებობს საქართველოში.
თქვენს პროგრამაში პენსიონერებს ჰპირდებით უზრუნველყოფილ სიბერეს და პენსიას – 400 ლარს. თუმცა არაფერი გაქვთ ნათქვამი, მაგალითად, საპენსიო სესხებზე, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც ყველაზე ძვირია.
მე რაზეც ვისაუბრე, ეს ეხება არამხოლოდ ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებს, არამედ ეხება საპენსიო სესხებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ ეს არ დასჭირდეს… დღეს ყველა პენსიონერი ბანკზეა მიბმული, რადგან ყველა წინასწარ იღებს პენსიას, მერე უწევს ამ სესხების დაფარვა. ბანკები ფაქტობრივად მდიდრდებიან პენსიონერების ხარჯზე.
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიანიჭეთ კონკრეტულ ბანკს უპირატესობა, რომ მას გაეცა პენსია და შემდეგ საპენსიო სესხიც… „ნაცმოძრაობას“ არასდროს არ გამოუყენებია საპარლამენტო ტრიბუნა ამ თემაზე სასაუბროდ, მით უმეტეს, „ოცნებამ“ თავისი დაპირება არ შეასრულა ამ კუთხით.
მე გპირდებით ერთს, რომ პირველი ნოემბრიდან ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, კონკრეტულად კი პენსიონერებს, აუცილებლად გადაწყდება. ჩვენ არა მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოვიყენეთ, არამედ რეალურად ვიმუშავებთ.
მაშინ კონკრეტულად გვითხარით, რა გზებით ეცდებით საპროცენტო განაკვეთების შემცირებას?
კონკრეტულად ახლა ვერ გეტყვით ამას. ზოგადად, სესხების პროცენტობა უნდა ჩამოვიდეს და ამისთვის მთავრობამ უნდა მიიღოს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული მოქმედებაა საჭირო.
„ლელო“: სამაგიეროდ ევროპაში ანაბრებზეა საპროცენტო განაკვეთი დაბალი… ჩვენ გვჭირდება ახალი მსხვილი ბანკები
„ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა გიგლა მიქაუტაძემ, საპარლამენტო სიის მე-11 ნომერმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში.
ბატონო გიგლა, „მარშალის გეგმაში“ აღნიშნული გაქვთ, რომ „ლელო“ მოახდენს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემურ რეფორმას, რომლის შედეგიც იქნება საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება…“ კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ შეიძლება გაიაფდეს კრედიტები?
ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები იდება არა რომელიმე კონკრეტული ბანკის კარნახით, არამედ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს არის ფულის საბაზრო ფასი, რაც იმ მომენტში არის ობიექტური რეალობა, რამდენიმე კომპონენტია, რომელზე ზემოქმედებითაც გარკვეულწილად შესაძლებელია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ სწორედ ამ სისტემურ რეფორმაზე ვსაუბრობთ და არა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა სიტუაციას. ამ კუთხით პარტიებს ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავთ. თითქოს აჯერებენ, რომ ერთი კონკრეტული მოქმედებით შესაძლებელია სესხების გაიაფება. რეალურად, რაც უფრო რისკიანია სესხი, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული საგარანტიო ფონდი გულისხმობს იმას, რომ ბიზნესს, რომელსაც აქვს წარმატებული საბანკო ისტორია, სესხის მიღების დროს საგარანტიო ფონდი გარკვეულ ნაწილში საგარანტიო ვალდებულებების თანამოზიარე გახდება, ის აიღებს გარკვეულ ვალდებულებას თავის თავზე, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს აღარ დასჭირდება აღებული სესხის 100 პროცენტით გირაოს ჩადება ბანკში. ეს შეამცირებს რისკებს ბანკებისთვის და შეამცირებს საბოლოო ჯამში საპროცენტო განაკვეთებს.
ასევე აუცილებელია, ეროვნულ ბანკს გამოაკლდეს ის ფუნქცია, რაც გულისხმობს კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობას, ის უნდა იყოს მხოლოდ ბანკების ზედამხედველი. ცალკე ორგანო უნდა იყოს კაპიტალის ხელშეწყობით და განვითარებით დაკავებული, რაც ასევე გაზრდის კონკურენციას და ეს კიდევ უფრო გააიაფებს სესხებს. ბანკებს მოუწევთ სესხების გაიაფება კონკურენციაში. გარდა ამისა, არსებობს ასევე რეგულაციები, რაც ბანკებს ავალდებულებს მაღალი დონის რეზერვების პოვნას და ასე შემდეგ, ტექნიკური დეტალებია, რომელთა შემსუბუქება, რა თქმა უნდა, ასევე შეამცირებს ხარჯებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გააიაფებს ფულს მომხმარებლისათვის.
გიგლა მიქაუტაძე
ჩვენთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ „საქართველოში საბანკო განაკვეთი არის ყველაზე დაბალი რეგიონში“ და რეალური კონკურენცია არსებობს არსებულ 16 ბანკს შორის. ის ასევე გამორიცხავს გარიგებას მსხვილ ბანკებს შორის.თუ ეს სიმართლეა, რატომ აპირებთ იმ ღონისძიებების გატარებას, რაც ჩამოთვალეთ?
მე რაც ვთქვი და ეს ციტატები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ერთმანეთს არ გამორიცხავენ. ჩვენ მართლაც გვაქვს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები რეგიონში. ხშირად ადარებენ საქართველოში სესხებს გერმანიის და შვეიცარიის სესხებს, რაც არასწორია. იქ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთებია დაბალი, რაშიც საქართველოში 10 პროცენტს გადაგიხდიან. სომხეთს და თურქეთს თუ შევედრებით, საქართველოში გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ შემცირების რესურსი არ არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე პროცენტით კიდევ გაიაფებაზე.
რამდენით შეიძლება გაიაფდეს საპროცენტო განაკვეთი და რა დრო დასჭირდება ამას?
ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წავა ეკონომიკაში ჯანსაღი პროცესი. თქვენ იცით, რომ ბანკები საბოლოო ჯამში გასცემენ იმ ფულს, რომელსაც თვითონ სესხულობენ. ნორმალური ბიზნესგარემო თუ იქნება და შემოვა ინვესტიციები, თუკი ბიზნესის კეთება აღარ იქნება რისკიანი, თუ ამ ყველაფერს დავალაგებთ. ვფიქრობ, ლარში სესხები შესაძლებელია სადღაც 3-4 პროცენტით შემცირდეს, დოლარში კი, რომელიც საკმაოდ დაბალია, სადღაც 2 პროცენტით შემცირება არის შესაძლებელია.
რა დროა საჭირო ამისთვის?
კონკრეტულ ღონისძიებას რა დრო დასჭირდება, ამის თქმა რთულია. მთელი ჩემი პროგრამა ამ 4 წელიწადზეა აგებული და, ბუნებრივია, ითვალისწინებს ეტაპობრივ გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით. შეიძლება კანონი მალე შეცვალო, მაგრამ დროა საჭირო იმისთვის, რომ ეს შემდეგ ბაზარზე აისახოს.
ყველაზე ძვირადღირებულ – საპენსიო სესხზე მინდა გკითხოთ. საქართველოში 762 ათასი პენსიონერია და მათგან 380 403 საპენსიო სესხი აქვს წლიური 35 პროცენტი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ პენსიონერებს თქვენგან?
პრობლემა არის ის, რომ მხოლოდ ერთ ბანკს აქვს უფლება მოემსახუროს პენსიონერს. ვფიქრობ, თუ იქნება კონკურენცია ბანკებს შორის, ეს შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს. ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ ასეთი სესხები საერთოდ აღარ გაიცემა. დაუშვებელია, რომ პენსიონერების ამდენ პროცენტს ჰქონდეს საპენსიო სესხი. საპენსიო სესხის აღება უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობა. ჩვენი დაპირება არის ის, რომ ყველაზე გვიან – 4 წლის თავზე პენსია იქნება 400 ლარი და ინფლაცია იქნება დაბალი, ანუ ფასები არ გაიზრდება.
ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი შეიძლება მოაკლდეს საპენსიო სესხს, მაგის პროგნოზირება რთულია. მე რომ ახლა რამე გითხრათ, ეს იქნება ტყუილი. ერთადერთი შანსია, რომ გავზარდოთ კონკურენცია.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, კონკურენცია ვერ გააიაფებს საპენსიო სესხს, რადგან რისკი არის მაღალი, ხოლო სახელმწიფო სხვაგვარად ვერ ჩაერევა.
ჩვენი აზრით, აქ არსებობს ერთი ბანკის მონოპოლია – რადგანაც „ლიბერთი ბანკი“ გასცემს პენსიას, ის გასცემს შემდეგ საპენსიო სესხებსაც. ეს მონოპოლია უნდა მოიხსნას და კონკურენციის პირობა შეამცირეს საპროცენტო განაკვეთებს.
ანუ კონკურენცია არის პრობლემა, რაზეც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, გვაქვს და შეუძლებელია გარიგებაო.
არა. კონკურენცია გვაქვს, მაგრამ ის არაა საკმარისი. ჩვენ რაც შეიძლება მეტი კონკურენცია და რაც შეიძლება მეტი მსხვილი ბანკი უნდა გვქონდეს. დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი ბანკი გვაქვს, მაგრამ მსხვილი მათ შორის მხოლოდ ორია. ჩვენ გვჭირდება მესამე, მეოთხე, მეხუთე მსხვილი ბანკი. კონკურენცია არის, მაგრამ როდესაც დანარჩენი ბანკების მასშტაბი არის მცირე, ისინი ვერ წევენ ამ პროცენტს დაბლა. რომ წარმოიდგინოთ, „კარფური“ და პატარ-პატარა მარკეტები/ შესაძლოა, მარკეტი ბევრი იყოს… ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მსხვილი ბანკი, რომლებიც შეძლებენ მასშტაბის ხარჯზე დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას. პატარა ბანკებს რეალურად აქვთ იმდენი ხარჯი, რომ ისინი ვერ უწევენ კონკურენციას მსხვილ ბანკებს, მათ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას. ამიტომაც, საჭიროა ქვეყანაში შემოვიდეს რამდენიმე უფრო მსხვილი ბანკი და ამ ორ ბანკს გაუწიონ რეალური კონკურენცია.
ბოლო 8 წელში საქართველოდან პირიქით, გავიდნენ ბანკები, არავინ არ შემოსულა. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველოს საფინანსო ბაზრით დავაინტერესოთ უცხოური ბანკები. როგორც შვეიცარიაშია ბევრი საერთაშორისო ბანკი, ასე საქართველოც კავკასიაში ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს.
გარდა ამისა, ბანკი და საბანკო სესხი არ უნდა იყოს ბიზნესის დაფინანსების ერთადერთი წყარო. აქ უნდა იყოს ჩართული საფონდო ბირჟა, სხვადასხვა საინვესტიციო ფონდი, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება ექნება, მოიზიდოს დაფინანსება. დღეს რეალურად მხოლოდ ბანკი არის დაფინანსების წყარო ბიზნესისთვის, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა.
„ევროპული საქართველო“: არ გპირდებით საბანკო პროცენტების შემცირებას და რობინ ჰუდის როლის თამაშს
„ბათუმელებს“ ესაუბრა სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
ბატონო სერგი, თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ვერაფერი ვიპოვეთ საბანკო პოლიტიკის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული პოლიტიკა მოგწონთ?
ჩვენ არ ვიყენებთ სხვა პარტიების მსგავს პოპულიზმს და არ ვპირდებით მოსახლეობას საბანკო პროცენტების შემცირებას. ვიცით, რომ ბევრი ღარიბი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ბანკის სესხი, მაგრამ სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება ხელოვნური ჩარევით გამოსავალი არ არის. ეს არათუ გამოსავალია, არამედ არ შეიძლება. არსად არ შეიძლება, რომ ასეთი რამ გააკეთო. ეგ არის უბრალოდ ტყუილი დაპირება.
რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ ვიბრძოლოთ სიღარიბის შესამცირებლად. ჩვენ გვაქვს სიღარიბის დაძლევის კონკრეტული პროგრამა, რაც გულისხმობს მეტი ფულის დატოვებას მოსახლეობისთვის გადასახადების შემცირების გზით, ეს გულისხმობს ასევე კერძო საკუთრების მეტად გადაცემას ადამიანებისთვის, მათ შორის, მიწების, საძოვრების დარიგებას, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება…
თქვენი პოლიტიკური ოპონენტების, ასევე ეკონომისტების ნაწილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ რეალურად ღარიბი ქვეყანა ვართ და ამ ღარიბ ქვეყანაში მსხვილი ბანკების წლიური მოგება დაახლოებით 400 მილიონი ლარია. თქვენი აზრით, ამ ვითარებაში გარკვეული რეგულაციების დაწესება ბანკებისთვის მიუღებელია და მხოლოდ კონკურენციას უნდა მივენდოთ, რომელიც რეალურად არ გვაქვს?
რა უნდათ, რომ ბანკებს მოგება წაართვან და ხალხს დაურიგონ? ამას ვინც ამბობს, ეს არის სოციალიზმი და ჩვენ ვართ სოციალიზმის წინააღმდეგი. არ ვაპირებთ ვინმეს მოვატყუოთ, რომ ბანკების საქმიანობაში ჩავერევით. ბანკს როგორ უნდა შეუზღუდო მოგება, ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენ არ ვაპირებთ რობინ ჰუდის როლის თამაშს. ეს სრული ბოდვაა…
რეალურად ბანკებს სჭირდებათ რეგულაციები. თუ გადასახადებს ამცირებ, ამითაც შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირება. თუ რეალურად ქვეყანაში ფული შემოდის, ლარი მყარდება, შემცირდება განაკვეთები.
ჩვენ ვართ იმპერატიული ჩარევის წინააღმდეგი. იმპერატიული ჩარევები თუ გვექნება, ინვესტორი აქ აღარასოდეს აღარ შემოვა. ვინც ამბობს ამას, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ კერძო კომპანიები დაარეგულიროს, მოგება რამდენი ჰქონდეს, გამოვა, რომ ბიზნესი აღარ იქნება საერთო და უფრო მეტი სიღარიბე იქნება.
სერგი კაპანაძე
რა ტიპის ჩარევის მომხრე ხართ, რა გზით უნდა გაიაფდეს საბანკო სესხი?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი გზაა მეტი ფულის დატოვება ადამიანებისთვის, გადასახადების შემცირება, მეორე გზა არის დერეგულაცია ბანკებისთვის, მესამე გზა არის და ამის ნაწილია ასევე კონკურენციის დაშვება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შემოვიდნენ უცხოური ბანკები. უცხოური ბანკი რატომ შემოვა საქართველოში? – მას უნდა კარგი საგადასახადო გარემო. სხვა მიზეზი უბრალოდ, ფიზიკურად არ არსებობს. კონკურენცია იქნება პირობა, რომ შემცირდეს ეს პროცენტი. ის სერვისები, რასაც მთავრობა მონოპოლისტურ რეჟიმში აძლევს კონკრეტულ ბანკებს, როგორიცაა, მაგალითად, პენსიონერების ლიბერთი ბანკზე მიმაგრება, ეს უნდა მოიშალოს, ეს არის პრობლემა, თორემ ის, რომ შენ ახლა ბანკს უთხრა, შენ ამხელა მოგება რატომ გაქვს, დაუშვებელია.
ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, ამ გეგმის მიხედვით ერთი მესამედით მაინც შემცირდება ბანკის პროცენტი, მაგრამ იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაც კონკრეტული რიცხვის თქმა არ მინდა, არამედ როგორი ტიპის ქვეყანაც შეიძლება გავხდეთ, ისეთი ტიპის ქვეყნებში არის ისეთი საბანკო განაკვეთები, როგორსაც მე ვამბობ.
საპენსიო სესხია ყველაზე ძვირი, რის მიზეზადაც სახელდება მაღალი რისკი. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს თქვენგან პენსიონერს?
კონკურენცია თუ იქნება, აღარ იქნება ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი. სახელმწიფომ შესაძლოა მხოლოდ ის გააკეთოს, რომ დააზღვიოს საპენსიო სესხი, ოღონდ დაზღვევა არის მეორეხარისხოვანი ამბავი. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ იყოს კონკურენცია. მარტივად ჩანს ეს მოცემულობა: რატომაა პენსიონერის სესხი 35 პროცენტი და ჩვეულებრივი სესხი 10 – 12 პროცენტი? – იმიტომ, რომ იქ შედარებით კონკურენციაა. ამიტომაც, ჩვენ ვამბობთ, რომ კონკურენციის პირობებში განახევრდება კი არა, გამესამედდება ეს ყველაფერი.
„პატრიოტთა ალიანსი“: ხელისუფლებას ბანკები ჰყავს სასათბურე პირობებში
„ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა გოჩა თევდორაძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მე-3 ნომერმა]
ბატონო გოჩა, თქვენ რა გზებით წარმოგიდგენიათ საბანკო სესხების გაიაფება? ამის შესახებ საარჩევნო პროგრამაში არაფერი გიწერიათ.
ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას იმას, რომ საბანკო სესხი იქნება 4 პროცენტი. ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს თავისთავად, ეს უნდა იტვირთოს ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ სამი ვალუტა უნდა იყოს მიმოქცევაში – ლარი, დოლარი, ევრო, თუ გვინდა, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია.
საიდან გამოითვალეთ ეს 4 პროცენტი?
ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს არის აუცილებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. შეერთებულ შტატებში ტრამპმა სამ პროცენტსაც კი ჩამოაცილა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 4 პროცენტს არ სცდებოდეს მომხმარებლისთვის ეს პროცენტი. ახლა ბანკებისთვის რა იქნებოდა საკმარისი და რა – არა, ეს სხვა არის.
რატომ ფიქრობთ, რომ ასეთი პირდაპირი ჩარევა იქნება ეფექტური და პირიქით, არ ჩამოიშლება საბანკო სექტორი?
დღეს სახელმწიფო არის გათვლილი ბანკებზე და არა ადამიანებზე. თქვენ ნახეთ, რომ პანდემიის დროსაც, როცა თანხების აკუმულირებაზე იყო საუბარი, იმის მაგივრად, რომ მოსახლეობისთვის მიგვეცა შეღავათი, ისევ ბანკს მივეცით შეღავათი. ხელისუფლებას ბანკები ჰყავს სასათბურე პირობებში, გარიგება ხდება აქ და არა კონკურენცია. რომელ კონკურენციაზეა საუბარი. საწვავის შემთხვევაში კიდევ უფრო ცხადად ჩანს ეს, როცა ფასები იკლებს მსოფლიოში, ჩვენთან შეთანხმებული არიან და არცერთი ფასს არ აკლებს. პრაქტიკულად გარიგებაა აქაც. კონკურენციის სურვილი რომ ჰქონდეს რომელიმე ბანკს, ეს პროცენტი აუცილებლად დაიწევდა.
თქვენ შესთავაზეთ პარლამენტს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბანკებს და კერძო მევახშეებს ეკრძალებათ მოვალე ოჯახების გამოსახლება ბოლო საცხოვრებელი ადგილიდან. ეს პოპულისტური ნაბიჯი ხომ არ არის თქვენი მხრიდან, რადგანაც ასე შესაძლოა ბანკებმა საერთოდ აღარ გასცენ სესხები.
არა, ბანკმა უნდა იცოდეს, რომ უსახლკარობა არის პრობლემა, როცა სესხს ბანკი გასცემს, თუკი ბოლო საცხოვრისით უზრუნველყოფაზეა საუბარია, მაშინ ეს ბანკმა თავიდანვე უნდა გაითვალისწინოს. როცა სესხს გასცემ, თავიდანვე ამ რისკების დაზღვევა შეიძლება. ბანკი არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ როგორმე ბოლო საცხოვრისი დააკარგვინოს ადამიანს, ის უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როცა ადამიანი სესხს იღებს, თუ მას ერთადერთი საცხოვრისი აქვს და ასეთი ფაქტი თუ არის, ეს არ უნდა იყოს პირდაპირ გამოსახლების საფუძველი.
არც ხდება პირდაპირ გამოსახლება. თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობს სასამართლო.
რომელი სასამართლო მსჯელობს? სასამართლო, რომელიც ჯიბეში უდევს ხელისუფლებას და ხელისუფლებასთან გარიგებულ ბანკებს?
თქვენ ითხოვთ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ იმას, რომ ბოლო საცხოვრისიდან გამოსახლების უფლება აღარ არსებობდეს. თქვენ რასაც აღწერთ, გამოდის, რომ სესხი უნდა აიღოს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვისაც რამდენიმე საცხოვრებელი აქვს.
მე ვამბობ იმას, რომ როცა პრობლემურ სესხს გასცემს ბანკი და მისი უზრუნველყოფა ხდება ბოლო საცხოვრისით, იქ სახელმწიფო უნდა ერეოდეს. რეალურად ხდება ის, რომ უკანასკნელი ერთი და ორი ოთახი აქვს ადამიანს და ამ ადამიანს სჭირდება თავის გადასარჩენად 5 ათასი ლარი, გამოაქვს სესხი და კარგავს ამ ერთ ოთახსაც. ეს რისკები უნდა დავაზღვიოთ და არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეკონომიკა შეფერხდეს.
რას სთავაზობთ პენსიონერს, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთიც დაახლოებით 35 პროცენტია?
ეს არის სრული უაზრობა, როცა პენსია აქვს ადამიანს 240 ლარი და 35 პროცენტიან სესხს აძლევს ბანკი, ეს არის სად გასული საკითხი, აღარ ვიცი… ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია და შემდეგ უნდა მოხდეს ხელახლა გაანგარიშება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელფასის გაცემა კომპანიებს უნდა შეეძლოთ დოლარსა და ევროაში, რომელ ვალუტასაც აირჩევს, იმ პირობებს უნდა იყოს მორგებული.
რატომ არ გააქტიურეთ ეს საკითხი საპარლამენტო ტრიბუნიდან?
როგორ არ გავააქტიურეთ, გავააქტიურეთ, ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე… ეროვნულ ბანკს აქვს ეს ტვირთიც ასაღები.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი 63-დან 78 წლამდეა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის დიაგნოზიც იყო: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონის დაავადება. კიდევ ერთი გარდაცვლილი 76 წლის კაცია, მასაც ორმხრივი პნევმონია აწუხებდა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.
ბათუმის რესპუბლიკურში გარდაიცვალა 71 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 75 წლის ქალი, მას ორმხრივი პნევმონია აწუხებდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.
73 წლის კაცი გარდაიცვალა კლინიკა „მედცენტრში“, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, იყო ინსულინდამოუკიდებელი.
76 წლის კაცი გარდაიცვალა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. მას აწუხებდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, კომა და ზოგადი სიმსუქნე. ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.
78 წლის ქალი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. მას ჰქონდა დაუზუსტებელი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება.
29 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ამ დრომდე სულ 35 567 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 20, გამოჯანმრთელდა – 2075.
stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904. ამ დროისთვის კარანტინშია 3324, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდსასტუმროებში იმყოფება – 2346 პირი.
ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის დინამოს ქომაგებს უმასპინძლა. სტადიონის მასშტაბი, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მოედნის საფარი ერთიანად მოიწონა გულშემატკივართა ყველა თაობამ.
სტადიონის დათვალიერების მსურველთათვის უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნდება სარეგისტრაციო აპლიკაცია, რის საშუალებითაც ყველა მსურველს შეეძლება სტადიონზე ვიზიტი.
დღეს, 28 ოქტომბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიდან გაქრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და სოფელ დიდაჭარაში მოსახლეობის დაპირისპირების ამსახველი მასალა.
რამდენიმე წუთის შემდეგ აღნიშნული მასალა ვებგვერდზე დაბრუნდა, მას შემდეგ, როცა ტელეკომპანია TV 25-ის საინფორმაციო სამსახური დაუკავშირდა აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსს, ნინო ხაჟომიას, რომელმაც ვებგვერდიდან მასალის გაქრობა ტექნიკური ხარვეზით ახსნა.
მოგვიანებით მასალა აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე ხელახლა გამოქვეყნდა, მაუწყებელმა კი ცალკე განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი მასალა, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის შედეგად წაიშალა. მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია სხვა მასალების წაშლის შესახებ.
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, სავარაუდოდ მოხდა კიბერთავდასხმა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტირებას ემსახურება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი შეტევა ბოლო 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.
საქმეში გასარკვევად გამოძახებულია სამართალდამცველები. მიმდინარეობს არსებული საკითხის მოკვლევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმის #28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 21 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი გახდება ბათუმის მიერ არჩეული პარლამენტარი. ვინ არიან კანდიდატები? – „ბათუმელები“ გაგაცნობთ მათ ვინაობას.
რესან კონცელიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. რესან კონცელიძე 57 წლისაა, პროფესიით იურისტია. 27 წელია იგი სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს, სხვადასხვა წლებში იყო აჭარის პროკურორი, აჭარის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი, ბოლო წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
ლევან ვარშალომიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვარშალომიძე 48 წლისაა, იგი სამართალმცოდნეა პროფესიით. 2004-2012 წლებში ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ბოლო დროს იგი უკრაინაში, ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივანი იყო. 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა მან არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე თქვა უარი დეპუტატის მანდატზე.
არმაზ ახვლედიანი -„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატი. არმაზ ახვლედიანი პროფესიით პოლიტოლოგია, არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი, ლექტორი. ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტარი იყო – 1995-1999 და 1999-2004 წლებში. პარლამენტში იგი ჯერ „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა, შემდეგ – „აღორძინების კავშირს“. 2013-2016 წლებში არმაზ ახვლედიანი იყო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს მდივანი. 2016 წელს მან „ქართული ოცნება“ დატოვა და განაცხადა, რომ „ოცნება“ აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას.
ირაკლი კუპრაძე – „ლელო – მამუკა ხაზარაძის“ კანდიდატი. კუპრაძე ყველაზე ახალგაზრდაა ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, იგი 26 წლისაა. ირაკლი კუპრაძე პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელია სამოქალაქო აქტივისტია, მისი ინტერესების სფერო იყო შრომითი უფლებები და მწვანე პოლიტიკა. ასევე, ირაკლი კუპრაძე იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი.
იაგო ხვიჩია – „გირჩის“ კანდიდატი. იაგო ხვიჩია 38 წლისაა, პროფესიით იურისტია. იგი „გირჩის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. იგი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც კოფიშოპი გაიხსნება.
გენრი დოლიძე – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ კანდიდატი. იგი 31 წლისაა. გენრი დოლიძე პროფესიით იურისტია, თუმცა მას ბათუმში იცნობენ როგორც პოეტს, პიესების ავტორსა და ბათუმის ლიტერატურული კლუბის დამაარსებელს. 2018-2019 წლებში იყო ჰიბრიდული ომისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული პროექტის რეგიონული მენეჯერი, 2018-2020 წლებში კი „სამოქალაქო მოძრაობის“ აჭარის რეგიონული მენეჯერი.
ასევე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
ბათუმში სულ 147 292 ამომრჩეველია. კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმს მეორე ტურში მოუწევს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა. მეორე ტურში არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, ვინც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს 15 საათიდან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
შარტავას და ფიროსმანის ქუჩებს
აბუსერიძის ქუჩის 19, 19ა, 21 და 23-ს ნომრებს
„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
ცალკეულ მუნიციპალიტეტების სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ კიდევ არ დაუწყიათ პედაგოგებს, რადგან, როგორც „ბათუმელებს“ რესურსცენტრებში უთხრეს, TEAMS-ის პროგრამაში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება ამ დრომდე არ არის დასრულებული. უფრო მეტიც, რესურსცენტრების ინფორმაციით, თუ როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში, ამაზე ახლახან გადამზადდნენ სკოლის დირექტორები, რომლებმაც მასწავლებლები უნდა გადაამზადონ.
ელექტრონული ჟურნალის „თიმსში“ ინტეგრირებაზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თუმცა სექტემბერში მინისტრმა სკოლებში ელექტრონული ჟურნალების შემოღება ხელმეორედ დააანონსა.
კითხვაზე – არიან თუ არა ქობულეთის საჯარო სკოლები მზად ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისთვის, რესურსცენტრში გვეუბნებიან, რომ მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, როცა სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას, რომ ელექტრული ჟურნალი „თიმსში“ ჩაშენებულია.
„როგორც კი ჟურნალის ღილაკი გაიხსნება, ყველას მოუწევს ამ ჟურნალით ხელმძღვანელობა. ველოდებით ინფორმაციას სამინისტროსგან“ – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე. მისი თქმით, დისტანციურად მყოფი პედაგოგები ამჟამად ხელით, წიგნაკში ინიშნავენ როგორც მოსწავლეების აქტივობებსა და შეფასებებს, ასევე გაკვეთილებს.
„თუ როგორ უნდა აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი, ამაზე ნაწილობრივ გაიარეს ტრენინგები სკოლის ხელმღვანელებმა“ – გვეუბნება მადონა გოგიტიძე.
შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე კი ამბობს, რომ „თიმსში“ უკვე ასახულია დისტანციური გაკვეთილების ცხრილი და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ჟურნალის წარმოებაც.
„ტრენინგები უკვე გაიარეს სკოლებმა და მალე დავიწყებთ მასწავლებლების დატრენინგებასაც“ – გვეუბნება ის.
განსხვავებული ინფორმაცია აქვს ბათუმის რესურსცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ ელექტრონული ჟურნალი „თიმსში“ დიდი ხანია ჩაშენებულია „უბრალოდ, მისი დახვეწა მიმდინარეობს“.
„მოსწავლის შეფასებებიs, ვთქვათ, 9-10 ქულა, ამის დაწერა შესაძლებელია ჟურნალში, მაგრამ სიტყვიერი კომენტარების ველი ჯერ არ არის ჩართული“ – ამბობს ის. დავითაძის თქმით, ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა მობილური ტელეფონითაც მოსახერხებელია.
რაც შეეხება ცხრილს, როგორც გოჩა დავითაძე გვეუბნება, რომ მცირე ხარვეზები გამოჩნდა ამ მიმართულებით, რის გამოც სკოლებმა რეკომენდაციები უკვე მიიღეს.
„დისტანციური გაკვეთილების ცხრილი ბაზაში ახლა შეიტანეს, ამიტომ გამოჩნდა გარკვეული ხარვეზები. მაგალითად, გაკვეთილების ხანგრძლივობა. ზოგმა პედაგოგმა მხოლოდ 2-2 გაკვეთილი ჩასვა დღეში, მაშინ როცა სამინისტროს რეკომენდაცია იყო რომ მინიმუმ 3 გაკვეთილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ვისაც 2 გაკვეთილი ჰქონდა ჩასმული, მივეცით რეკომენდაცია რომ 3 გაკვეთილი მაინც ჩასვან დღეში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში.
კონკრეტულად რომელი საგანი რამდენჯერ უნდა იყოს – ამაზე არ ყოფილა მითითება, ამას წყვეტს კათედრა და სკოლის ადმინისტრაცია. შესაძლოა მასწავლებელმა ფიზიკა ჩასვას ორჯერ და ქიმია ერთხელ, ან პირიქით. გააჩნია რას მოითხოვს საჭიროება“ – ამბობს გოჩა დავითაძე.
ქობულეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ასევე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით არ დაუწყიათ ელექტრონული ჟრნალის გამოყენება, რადგან „ამისთვის დისტანციური გაკვეთილების ცხრილების ატვირთვაა საჭირო. ჟურნალში რომ შევდივარ, ჩვეულებრივ საგაკვეთილო ცხრილებზეა მორგებული და ეს თანხვედრაში ვერ მოდის ჩვენს ახლანდელ ცხრილთან. ამიტომ სამინისტრომ მოითხოვა დისტანციური ცხრილის გაგზავნაც“-გვეუბნება პედაგოგი.
როგორც მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებაში წერია, იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებელს კომპიუტერის ან ინტერნეტის არქონის გამო არ შეუძლია მონაცემების ყოველდღიურად შეტანა ელექტრონულ ჟურნალში, მასწავლებლები დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ჟურნალში ყოველი კვირის ბოლოს შეიტანენ.
როგორც რესურსცენტრებში ამბობენ, მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალების გამოყენებაზე დისტანციურად გადამზადდებიან.
„ბათუმელები“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, ამ დროისთვის ელექტრონული ჟურნალი არის თუ არა სრულად გამართული და მიუწვდებათ თუ არა მასზე ხელი მასწავლებლებს?
სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტრონული ჟურნალი უკვე არსებობს და პედაგოგებს მისი გამოყენება შეუძლიათ. „თუ რომელიმე სკოლას აქვს რაიმე ტიპის ტექნიკური პრობლემა და ვერ ახერხებს პროგრამის გამოყენებას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უნდა დაუკავშირდნენ და მათი სპეციალისტები დაეხმარებიან პრობლემის აღმოფხვრაში“ – აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულბმულებზე გადასვლის შემთხვევაში, პედაგოგს შეუძლია ელექტრონული ჟურნალის გამოყენების ინსტრუქცია მიიღოს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, ალამბრის სასათბურე მეურნეობაში, სექტემბრის თვის ჩათვლით, 147 ტონა ბოსტნეული აწარმოეს.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სამთავრობო პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. ცენტრის ინფორმაციით, დღის მდგომარეობით ბოსტნეულის მოსავალმა უკვე 160 ათასი ტონა შეადგინა.
სამომავლოდ, აჭარის მთავრობა ბოსტნეულის წარმოებას ბიუჯეტის ფულით აღარ გეგმავს. სასათბურე მეურნეობა იჯარით 2045 წლის 17 ნოემბრამდე გაიცემა. აუქციონი უკვე გამოცხადებულია. საწყისი წლიური საიჯარო თანხა კი 235 300 ლარია.
იჯარით 43 სათბური გაიცემა. თითოს ფართობი 500 კვ/მ-ია [„აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით სულ 50 სათბური იყო, თუმცა 7 სათბური წელს დიდთოვლობამ დააზიანა].
სასათბურე მეურნეობა აუქციონზე მთავრობას ადრეც უნდა გაეტანა, თუმცა, „ბათუმელებთან“ 6 თვის წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომ „რისკი იყო ძალიან მაღალი, აუქციონი არ შედგებოდა და ჩაიშლებოდა, ამიტომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეულის მოყვანა არჩიეს“.
ბოსტნეულის საწარმოებლად, სექტემბრის მონაცემებით, აჭარის ბიუჯეტიდან 305 ათასი ლარი დაიხარჯა. ეს ციფრი აჭარის მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილ დოკუმენტშია მითითებული [ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა].
აგროსერვის ცენტრის ინფორმაციით, პროგარმის ფარგლებში, დაირგო – 30 000 პამიდორის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯანისა და ყაბახის ჩითილი, ასევე სხვადასხვა სახეობის მწვანილი. მოსავლის აღება ახლაც მიმდინარეობს და ცენტრის ინფორმაციით, ჯამში 172 ათას ტონა მოსავლის მიღებას ვარაუდობენ.
„ბოსტნეულს ვაწვდით მუნიციპალიტეტებს და ისინი ურიგებენ უფასოდ იმ ოჯახებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს; ასევე არის ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფარი, ამიტომ ბოსტნეულს საპატრიარქოსაც ვაწვდით“, – გვითხრეს „აგროსერვის ცენტრში“.
რაც შეეხება იჯარის პირობებს:
„სარგებლობის ვადა 2045 წლის 17 ნოემბრამდე;
წლიური საწყისი სარგებლობის საფასური 235 300 ლარი;
საიჯარო მიწის ნაკვეთის ნაყოფიერებისა და ხარისხის გაუარესების შემთხვევაში აგროსერვის ცენტრი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს თანაბარწილად, ყოველ სამ თვეში ერთხელ;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში 58 825 ლარის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში აგროპარკის ამოქმედება;
არანაკლებ 30 ადამიანის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
აგროპარკში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბრენდინგის განხორციელება;
მოთხოვნის შემთხვევაში, აგროპარკში აგროტურისტული ჯგუფების და პრაქტიკული სწავლების მიზნით სტუდენტების დაშვება;
სარგებლობის პერიოდის ვადით უზრუნველყოს სარგებლობაში მიღებული ქონების დაზღვევა;
საიჯარო პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება;
სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში და შემდგომ პერიოდულად ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში წარმოდგენა;
ხელშეკრულების გაფორმებიდან სარგებლობის პერიოდის ვადით უზრუნველყოს პროფილის შენარჩუნება“.
აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 17 ნოემბერს დასრულდება.
„…არ დასტურდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, არ დასტურდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – წერს ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე. ამ კომისიას უნდა დაედგინა, გამოიყენა თუ არა ადმინისრაციული რესურსი ჯუმბერ ვარდმანიძემ.
საუბარია 25 სექტემბრის შემთხვევაზე – ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა, რომელიც იქ სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა. „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ხელვაჩაურს მერს არ უარყვია ეს ფაქტი. მან განმატა, რომ ამის უფლება ჰქონდა. ხელვაჩაურის მერმა ამ საკითხზე კითხვების დროს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს აგინა.
ხელვაჩაურის საოლქო კომისიას საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მიმართა. კომისიამ მხოლოდ ჯუმბერ ვარდმანიძის პოზიცია მოისმინა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრაზე ის მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებით იყო და დაადგინა, რომ დარღვევა არ ყოფილა. არადა ამ შეხვედრას არაერთი მონაწილე ჰყავდა, მათ შორის ის, ვინც ამ შეხვედრაზე ხელვაჩაურის სამსახურებრივ ავტომანქანას ფოტო გადაუღო.
„მისი მოსაზრებით [ჯუმბერ ვარდმანიძე], არც საჩივარში მითითებული ბმულზე განვითარებული ფოტომასალითა და არც გამომცემლობა „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული მასალით არ დასტურდება მის მიერ სამსახურებრივი ავტომობილის გამოყენების ფაქტი… გამომცემლობა „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე მერიის ავტოსატრანსპოტო საშუალებასთან ასახული პირები არიან უბრალო მოქალაქეები და ზემოხსენებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მუნიციპალუტეტის მერიის გადაადგილება კონკრეტულად წინასაარჩევნო შეხვედრის დროს არ ფიქსირდება,“ – მიიჩნიეს ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
თუკი ხელვაჩაურის საოლქო კომისია ხელვაჩაურის მერის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას დაადგენდა, ჯუმბერ ვარდმანიძეს 2 ათასი ლარით დააჯარიმებდნენ. ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ ჯუმბერ ვარდმანიძეს მოუსმინა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დგინდება, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატები, ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, რომლებიც 25 სექტემბერს ჩხუტუნეთში წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შეხვდნენ, კანდიდატებად წარდგენილი საოლქო კომისიაში არ ყოფილან.
„შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენდნენ საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებს, მით უფრო საარჩევნო სუბიექტებს,“ – დასძინა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
„ქართულმა ოცნებამ“ აუდიტის სამსახურს წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას სხვადასხვა პირმა 10 მილიონი ლარი უკვე შესწირა. დოკუმენტების მიხედვით, „ოცნებამ“ ამ თანხიდან შრომის ანაზღაურებაში მხოლოდ 39 ათასი ლარი დახარჯა. „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრის თვეში ანაზღაურება ხელზე მიიღეს – თითოეულმა თვეში 150 ლარი. ქართულ „ოცნებას“ მინიმუმ 3 657 კორდინატორი ჰყავს, მაქსიმუმ 24 ათასი ან მეტი. საინტერესოა, რა თანხას უხდის „ოცნება“ თავის კოორდინატორებს და ხომ არ არის ეს შავი ფული?
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სახელისუფლებო პარტიას სახელმწიფო აუდიტში ორი დეკლარაცია აქვს წარდგენილი – 1-21 სექტემბრის და 22 სექტემბერი – 12 ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით. სწორედ ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელისუფლო პარტიამ შრომის ანაზღაურებისთვის ამ დრომდე მხოლოდ 39 888 ლარი დახარჯა. თუმცა სხვა ციფრებს ასახელებენ კოორდინატორები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ კოორდინატორების სიმრავლით გამოირჩევა, მათივე ინფორმაციით, ურბანულ ქალაქებში პარტიის სასარგებლოდ ყოველ 150 ამომრჩეველზე ერთი კოორდინატორი მუშაობს. სოფლებში კი უფრო მეტი ცდილობს „ოცნების“ უპირატესობაში დაარწმუნოს ამომრჩეველი, მაგალითად, ერთ-ერთ 1000-ამომრჩევლიან საარჩევნო უბანზე სახელისუფლებო პარტიას 18 კოორდინატორი ჰყავს. ამომრჩევლების რაოდენობასთან შეფარდებით თუ გამოვთვლით, ეს მინიმუმ 24 ათასი კოორდინატორია ქვეყნის მასშტაბით…
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 657 საარჩევნო უბანია გახსნილი. თითოეული მათგანი 1000-1500-ს, ხოლო სოფლებში 400-800 ამომრჩეველს ემსახურება.
თითოეულ საარჩევნო უბანზე „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ერთი კოორდინატორი რომ ჰყავდეს, სახელისუფლებო პარტია მათ ხელფასებში ერთ თვეში ზუსტად 548 550 ლარს გადაიხდიდა, მაგრამ ვიცით, რომ სახელისუფლებო პარტიას თითოეულ უბანზე ბევრად მეტი კოორდინატორი ჰყავს. შესაბამისად, ამ დროისთვის თავისი კოორდინატორებისთვის ბევრად მეტი აქვს დახარჯული.
კოორდინატორების პირდაპირი მოვალეობაა ამომრჩევლის უბანზე მიყვანა თავისი პარტიის სასარგებლოდ, ანუ ირიბი გავლენა ამომრჩევლის ნებაზე.
რამდენად ეფექტურად ახერხებენ ისინი მუშაობას? – ბოლო რამდენიმე არჩევნების ანალიზი ცხადყოფს, რომ კოორდინატორებს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით პარტიის გამარჯვებაში. თუ „ოცნების“ კოორდინატორები საკუთარი ოჯახის წევრებით [ვთქვათ, 3-4 წევრი] ხმას მმართველ პარტიას მისცემენ და ასევე შეძლებენ ერთი ამომრჩევლის დარწმუნებას მაინც, მხოლოდ კოორდინატორების, მათი ოჯახის წევრებისა და მათ მიერ დარწმუნებული ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერის ხარჯზე ოცნება 120 000 – მდე ხმას მიიღებს. თუმცა, ასევე რთულად დასაჯერებელია, რომ ერთი კოორდინატორი მხოლოდ ერთი ამომრჩევლის მიყვანას შეძლებს მართველი პარტიის სასარგებლოდ. ამას ემატება მთელი ის რესურსი, რაც „ოცნებას“, როგორც სახელისუფლებო გუნდს, სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე აქვს.
საარჩევნოდ პარტიის მიერ თანხის ფარულად დახარჯვა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და სანქციას ითვალისწინებს. კანონის მიხედით პარტიის საარჩევნო ფონდიდან დეკლარაციის წარდგენამდე პერიოდში დახარჯული თითოეული თეთრი უნდა აისახოს.
„თუ ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის ფონდიდან გაწიეს ხარჯი ხელფასებისთვის, ამაზე უნდა ყოფილიყო ინფორმაცია დეკლარაციაში, თუ პარტია არ ადეკლარირებს ხარჯებს და შემოსავლებს, მაშინ ის არღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს, საარჩევნო კოდექსს და ეს ითვალისწინებს სანქციას. თუ რამდენად ასახავენ რეალობას დეკლარაციებში პარტიები, ამის გაკონტროლების ვალდებულება აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.
ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რა ფული დახარჯა „ოცნებამ“ კოორდინატორების ხელფასებისთვის? – იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა პარტიის ფონდიდან დაიხარჯა, „ქართულ ოცნებას“ ეს თანხა დეკლარაციაში უნდა აესახა. სხვა ფულის დახარჯვის უფლება კი კანონით არ აქვს:
„პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯული თითოეული ლარი მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ფონდიდან უნდა იყოს გასული, ფონდის ანგარიშზე არსებულის გარდა სხვა თანხის გამოყენება არჩევნებისთვის პარტიას ეკრძალება. ესეც კანონის დარღვევაა და ითვალისწინებს სანქციას“, – განმარტავს იურისტი გიგი ჩიხლაძე.
ვინარიანკოორდინატორებიდარასამუშაოსასრულებენისინი
„შემოხაზეთ 41“ – ამ მოთხოვნით არჩევნების წინ როგორც ქალაქის სხვადასხვა უბანში, ასევე სოფლებში ამომრჩეველს რამდენჯერმე მიაკითხეს. ჯერ აგიტატორები მივიდნენ, მიიტანეს ლურჯი ფლაერები და შეახსენეს, რომ „მიშა ვერ უნდა დაბრუნდეს“ – დაპირდნენ, გზებს, წყლის სისტემის რეაბილიტაციას, დასაქმებას, დახმარებას და ასე შემდეგ… იყვნენ კოორდინატორებიც ფურცლებზე დაბეჭდილი მონაცემებით, თუმცა მაინც ჩაიწერეს ამომრჩევლის სახელები და გვარები, პირადი და ტელეფონის ნომრები.
„წინასწარ გვაძლევენ ამობეჭდილ სიას, იმ უბნის ამომრჩევლის სახელებსა და გვარებს, სადაც ვართ მიმაგრებულები. მივდივართ ოჯახებში, ვიგებთ მათ განწყობას, ვეკითხებით არიან თუ რა მათი მხარდამჭერები. ვინიშნავთ პირად ნომრებს, სახელებს, გვარებს და ტელეფონის ნომრებს. არჩევნების დღეს ჩვენ მათ არ ვურეკავთ, როგორც ვიცი, შტაბიდან ურეკავენ, ჩვენ გვევალება, რომ ეს ხალხი, ჩვენს ცხრილებში ვინცაა დაფიქსირებული, არჩევნებზე მივიდეს. ძირითადად ეს არის ჩვენი სამუშაო“, – გვიყვება „ოცნების“ კოორდინატორი ელზა. ის არჩევნების დასრულების შემდეგ გასამრჯელოს სახით კიდევ 150 ლარს ელის.
სხვა კოორდინატორების ინფორმაციით კი, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ოქტომბრის თვის ხელფასთან ერთად იმავე ოდენობის პრემიასაც დაჰპირდნენ.
კიდევ ერთი კოორდინატორის, გიორგის თქმით კი, არჩევნების დღემდე თავისი უბნიდან პარტიას უნდა მიუტანოს მონაცემები, დაახლოებით რამდენია [სახელებით და გვარებით] ისეთი ამომრჩეველი უბანზე, ვინც ხმას „ოცნებას“ მისცემს. „გარდა ამისა, თუ კანდიდატები მოდიან ჩვენს უბნებში, გვევალება, რომ ხალხი შევახვედროთ“, – გვეუბნება გიორგი.
მობილიზებაარჩევნებისდღეს
არჩევნების დღეს თითქმის ყველა საარჩევნო უბნის წინ კოორდინატორები დგანან სიებით ხელში. ისინი ინიშნავენ მონაცემებს, თუ ვინ დააფიქსირა საკუთარი არჩევნი. ასევე საარჩევნო უბანზე უკვე მოსულ და მოსასვლელ ამომრჩეველზე აწვდიან ინფორმაციას შტაბებში კონკრეტულ ხელმძღვანელებს.
კოორდინატორები ამბობენ, რომ მათ სხვა არაფერი ევალებათ, თუმცა ამ დრომდე ჩატარებულ სხვადასხვა არჩევნებში კერჭისყრის პროცესების პარალელურად მათგან სხვა აქტივობებიც გვახსოვს.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას“, – ეს ამონარიდია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ 2019 წლის შუალედური არჩევნების შეფასების ანგარიშიდან.
მსგავს და ზოგჯერ უფრო მწვავე ჩანაწერებს სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების თითქმის ყველა დონის არჩევნების შეფასების ანგარიშებში შეხვდებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მსგავსი ქმედებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე.
ამონარიდისაიას 2019 წლისშუალედურიარჩევნებისშეფასებისანგარიშიდან: ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენდა საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეოგადაღებით აღბეჭდავდნენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შემთხვევები ვიდეოკადრებზე ზუგდიდის ოლქში №1 და №4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.
რა ხდება მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ცხრილებში მონიშნული ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე არ მიდის და ამის შესახებ ინფორმაციას შტაბი კოორდინატორისგან იღებს. ამ თემაზე „ბათუმელები“ ამომრჩევლებს გაესაუბრა.
„საცხოვრებელ კორპუსთან, ეზოშია საარჩევნო უბანი. არ ვაპირებდი ჩასვლას, არ ვიცი, ვერც გეტყვით რატომ, ასე მქონდა გადაწყვეტილი. შუადღის შემდეგ დეპარტამენტის უფროსმა დამირეკა და მითხრა, ძალიან გთხოვ, არჩევნებზე მიდიო. ისე დამირეკა, იცოდა, რომ არ მივსულვარ. რა მექნა? – ჩავედი“, – გვიყვება მარი [სახელი შეცვლილია] კოორდინატორების გავლენებზე.
მარი აჭარის მთავრობაში, ერთ კონკრეტულ უწყებაში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და კარგად აქვს გააზრებული, რომ არავის აქვს უფლება მის არჩევანში ჩაერიოს ან რაიმე აიძულოს, თუმცა არჩევნების დღეს დეპარტამენტის უფროსის ზარმა მისი გადაწყვეტილება რამდენიმე წამში შეცვალა. მივიდა საარჩევნო უბანზე და სახელისუფლებო პარტია შემოხაზა.
მარის ვკითხეთ, თუ მიანიშნა დეპარტამენტის უფროსმა ვისთვის უნდა მიეცა ხმა. გვითხრა, რომ – არა. მარი ამბობს, რომ ეს ისედაც იგულისხმებოდა.
მარი დარწმუნებულია იმაშიც, რომ დეპარტამენტის უფროსი თავისი სურვილით არ დაურეკავდა: „ასეთი არ არის.“
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების წინ მობილიზებულ კოორდინატორებზე სიებით ხელში, მათ საეჭვო ქმედებებსა და ზოგჯერ შესაძლო, ზოგჯერ დადასტურებულ აგიტაციის ფაქტებზე ბევრს საუბრობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, თუმცა ცესკო ყოველთვის განმარტავს, რომ კოორდინატორების მობილიზება, თუ ისინი აგიტაციას არ ატარებენ, დარღვევად არ მიიჩნევა.
იმის თაობაზე, რომ ეს მათ დარღვევად არ ჩაეთვლებათ და არავისი, მათ შორის ჟურნალისტების, არ უნდა შეეშინდეთ „ოცნების“ კოორდინატორები გასულ წელს შუალედური არჩევნების კანჭისყრის დღეს კახა კალაძემაც შეაგულიანა:
„ნუ შეუშინდებით მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს. თქვენ ამის უფლება გაქვთ და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლიან, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურს,“ – მიმართა მათ კახა კალაძემ.
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კოორდინატორებისა და აგიტატორების როლზე არჩევნების დღეს ეუთომაც დაწერა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებულ გარემოს შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი.
„ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო უბნის გარეთ იკრიბებოდნენ ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებიც ინიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად. კოორდინატორები საარჩევნო უბნის გარეთ ახორციელებდნენ ორივე კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების ხმების დეტალურ შესწავლას, თუმცა ეს პრაქტიკა უფრო ხშირად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იყო ამოქმედებული.
საიასხელმძღვანელისსულხანსალაძისშეფასება
„როდესაც მხარდამჭერთა სიების შედგენაზეა საუბარი, ამ სიებში კი არ წერენ მხოლოდ იმას, კონკრეტული ადამიანი უჭერს თუ არა მხარს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, წერენ მის პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, ანუ სრულ ინფორმაციას ამუშავებენ, ეს ახდენს ადამიანებზე გავლენას. მოვა არჩევნების დღე და ვნახავთ, როგორ იმუშავებენ კოორდინატორები.
ბოლო წლების პრაქტიკა რას გვაჩვენებს, საარჩევნო უბნებთან მდგარი კოორდინატორები მუდმივად სატელეფონო კავშირზე არიან ამომრჩეველთან და ეუბნებიან, რომ უნდა მივიდეს უბანზე, ან ატყობინებენ შტაბს, რამდენი მოვიდა, ვინ მოვიდა – ეს არ ემსახურება ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ჩვენ სამი პრინციპული შენიშვნა გვქონდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების დროს, მათ შორის, ერთ-ერთი იყო სწორედ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებას შეუწყობდა ხელს, საარჩევნო უბნიდან 25-მეტრიანი პერიმეტრი, რაც კანონმდებლობაში არის ჩადებული, არ არის საკმარისი, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ დიახ, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი აქვს პროცესებს, რაც ამომრჩეველს ხელს უშლის ნების თავისუფალ გამოვლენაში.
ჩვენ ვამბობდით, რომ ლოგიკურად მინიმუმ 100 მეტრი უნდა იყოს ეს რადიუსი. როცა ვინმე გირეკავს და გეუბნება – „მე ვიცი, რომ არჩევნებზე არ მოსულხარ“, ეს უკვე არის შენი ნების წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედება“.
მთავარი ფოტო: კოორდინატორები, რომლებიც გასულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ