მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კოვიდის ახალი შემთხვევები მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია – რატომ?

15.10.2020
კოვიდის ახალი შემთხვევები მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია – რატომ?

ბოლო დღეებში COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა როგორც საქართველოში, ისე მთელს ევროპის რეგიონში. ამის მიუხედავად, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა ორ-სამჯერ მაღალია, ვიდრე პირველი პიკის დროს იყო აპრილში. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც ორ-სამჯერ დაბალია, ვიდრე მაშინ”, – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე.

მისივე თქმით, კოვიდი ახლა სიკვდილიანობის მეხუთე მიზეზია ევროპაში.

ჰანს კლუგეს განცხადებით, ჯანმოს ევროპის ოფისის 53 წევრ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 10 დღეში 6 მილიონიდან 7 მილიონს გადასცდა. გარდა ამისა, 9 და 10 ოქტომბერს ევროპის რეგიონში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, როცა დღეში ინფიცირებულთა ჯამურმა რიცხვმა 120 000-ს გადააჭარბა.

კლუგე მიიჩნევს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რადგან სიტუაცია ისეთივე მძიმე არ არის, როგორც აპრილში პანდემიის პირველი ტალღის დროს. თუმცა, მისივე განცხადებით, ეფექტური საწინააღმდეგო ზომების გარეშე ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაძლოა რამდენიმე თვეში აპრილის პიკს ოთხჯერ ან ხუთჯერ გადააჭარბოს.

ამავდროულად ჯანმოს სამედიცინო კვლევების საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, სომია სვამინათანმა გუშინ, 14 ოქტომბერს, ჯანმოს მორიგი ვიდეოჩართვისას თქვა, რომ “სიკვდილიანობის მაჩვენებელი მატულობს ახალი შემთხვევების მატებიდან რამდენიმე კვირაში. ასე, რომ თუ ვხედავთ ახალი შემთხვევების უზარმაზარ მატებას ისე, როგორც ახლა, სამწუხაროდ, ამას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილიანობის მატებაც რამდენიმე კვირაში“.

სომია სვამინათანმა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა:

„პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ექიმებმა მსოფლიოს მასშტაბით ისწავლეს, როგორ უმკურნალონ ამ დაავადებას უკეთესად; ადამიანების დიაგნოსტირება ხდება დაავადების ადრეულ ეტაპზე, რადგან თავიდან ჩვენ არ გვქონდა საკმარისი სადიაგნოსტიკო ტესტები და ადამიანები ჰოსპიტალში ხვდებოდნენ მაშინ, როცა უკვე ძალიან ავად იყვნენ, ახლა ტესტირება უფრო ფართოდ ხდება…

შეიძლება სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება იმანაც გამოიწვია, რომ ახლა გარეთ უფრო მეტად ახალგაზრდა ადამიანები გამოდიან, ხანდაზმულები კი შინ რჩებიან და ცდილობენ თავი დაიცვან ვირუსისგან, მაგრამ ამ დაავადებით ჩვენ მაინც ძალიან ბევრ ადამიანს ვკარგავთ – დაახლოებით 5 000 ადამიანს დღეში და ეს ყველა შემთხვევა შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, ამიტომ არ უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილები, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: