ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო

29.10.2020 • 1343
ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა, რომლებსაც საარჩევნო ყუთს ადგილზე მიუტანენ – კოვიდკლინიკებში, სასტუმროებსა და ბინაზე. რამდენი ამომრჩეველია სპეცსიაში, ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამ სიაში უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათისთვის მკურნალობდნენ კორონავირუსზე, იყვნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და რომლებიც 31 ოქტომბერს იქნებიან აღნიშნულ დაწესებულებებსა და ბინაზე.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, სიაში მხოლოდ ის პირები შეიყვანეს, ვინც ცესკოში 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე დარეკა და მოითხოვა საარჩევნო ყუთი.

ქვეყნის მასშტაბით 127 სპეცუბანია [მათ შორის 24 აჭარაში] შექმნილი, რომლებიც კოვიდპაციენტებს ყუთს ადგილზე მიუტანენ. გადასატანი ყუთების რაოდენობა კი არის – 149.

მიუხედავად სპეცსიის დამტკიცებისა, ცესკოს დადგენილების მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

[crosslist]

  • საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში მყოფი ის პირები, რომლებიც არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებულნი, როგორც თვითიზოლაციაში მყოფნი – 31 ოქტომბერს მათ ხმის მისაცემად ერთადერთი გზა რჩებათ – დაარღვიონ თვითიზოლაცია;
  • ხმას ვერ მისცემს ის ამომრჩეველი, ვინც სავალდებულო თვითიზოლაციაში [ასე ვთქვათ, ოფიციალურად] გადავიდნენ, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათის შემდეგ. ისინი სპეცსიაში არ იქნებიან, შესაბამისად, ყუთს ადგილზე არ მიუტანენ. თუ ხმის მისაცემად დაარღვევენ იზოლაციის წესებს, ეს კანონით დასჯადია.
  • ხმის მიცემის უფლებას კარგავს ის ამომრჩეველი, ვისაც დაუდასტურდა ან დაუდასტურდება კორონავირუსი 28, 29 და 30 ოქტომბერს და განთავსდება კოვიდკლინიკაში, კოვიდსასტუმროში, ან დარჩება სამკურნალოდ ბინაზე;
  • ხმას ვერ მისცემენ ამომრჩევლები, რომლებიც კარანტინში აღმოჩნდნენ, ან აღმოჩნდებიან 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათის შემდეგ, ასევე 28, 29 და 30 ოქტომბერს.
  • ხმის მიცემის უფლებას კარგავენ ის ამომრჩევლებიც, რომლებიც შეიყვანეს სპეცსიაში, მაგრამ 31 ოქტომბრამდე შეუცვლიან ფაქტობრივ მისამართს, რის საფუძველზეც აღმოჩნდებიან სხვა სპეცუბნის ტერიტორიაზე [მაგალითად, იყო ბინაზე ან კარანტინში და გადაიყვანეს კოვიდკლინიკაში, შეუცვალეს სასტუმრო ან/და პირიქით];
  • ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღეს, ხმის მიცემამდე აღმოჩნდებიან ცხელების ცენტრებში – ვერც ეს პაციენტები მისცემენ ხმას 31 ოქტომბერს.

[/crosslist]

რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც შეიყვანეს სპეცსიაში, მაგრამ 27-28-29-30 ოქტომბერს გამოჯანმრთელდნენ და გაწერეს კლინიკიდან, ან კარანტინში მყოფი ამავე პერიოდში დატოვებს კარანტინს – აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება, შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ცესკოს შესაბამისი დადგენილების გამო, დაახლოებით რამდენი ამომრჩეველი დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას.

რამდენმა ადამიანმა დარეკა ცესკოში და მოითხოვა ყუთი იზოლაციის ადგილზე, ეს რიცხვი ცესკოდან ამ დრომდე არ მოგვაწოდეს, არადა, 44 საათზე მეტი გავიდა, რაც ზარების მიღება შეწყდა, ცესკომ კი სპეცსია მინიმუმ 14 საათის წინ დაამტკიცა. შესაბამისად, არ ვიცით რამდენი თვითიზოლაციაში მყოფი პირი შეიყვანეს სპეცსიაში.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 28 ოქტომბერს თვითიზოლაციაში 29 001 პირი იმყოფებოდა [ადრე ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ოქტომბრის მდგომარეობით, „დაახლოებით 9 000 პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში“. ამ დღეს თვითიზოლაციაში სულ 26 533 პირი იმყოფებოდა. შედარებისთვის თუ ამ მონაცემებს ავიღებთ, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 9 800 მოქალაქეს მაინც უნდა დაერეკა. ვინც არ დარეკა, ვერც ხმას მისცემს].

ქვეყანაში ბოლო დღეებში ყოველდღიურად მინიმუმ 1700 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, შესაბამისად, 28 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის [დილის] ჩათვლით, 6 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.

ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, ახალი შემთხვევების კონტაქტები აუცილებლად უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. 28-30 ოქტომბრის კორონავირუსის თითო ახალი შემთხვევის სულ ცოტა 3 კონტაქტი რომ ავიღოთ, ჯამში 20 ათასზე მეტ ადამიანს მივიღებთ, ვინც იზოლაციაში უნდა გადავიდეს. ანუ 30 000 ადამიანი.

ვინაიდან არ ვიცით აქედან რამდენი პირი იქნება 18 და მეტი ასაკის, დავუშვთ რომ 1/3 არასრულწლოვანია. ასეთ შემთხვევაში 20 000 ამომრჩეველი მაინც დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას.

ამ 20 ათას კაცს უნდა დავუმატოთ ისინი, ვინც უკვე იზოლაციაშია და ცესკოში არ ან ვერ დარეკა, ასევე ის პირები, ვინც კარანტინში ან ცხელების ცენტრში აღმოჩნდება 27-30 ოქტომბერს, ასევე ამ დღეებში თავისი ნებით იზოლაციაში გადასული პირებიც. არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სულ ცოტა 30 ათასი მოქალაქე კარგავს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

„სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში. ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 26 ოქტომბერს.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ოქტომბერს დადგენილება გამოსცა, რომლითაც განისაზღვრება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში, მათ შორის კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნა, ასევე, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. აღნიშნული დადგენილება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შექმნილმა “ხმების დაცვის კომისიამ” სასამართლოშიც კი გაასაჩივრა.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:

https://netgazeti.ge/news/491562/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: