განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას

18.03.2020 • 3814
როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას

„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს.

„ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, სადაც ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ცდილობენ პედაგოგები. ერთ-ერთი თაგოს საჯარო სკოლაა, სადაც ამჟამად 23 მოსწავლესთან ცხრა მასწავლებელი მუშაობს.

სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვეუბნება, რომ დისტანციურმა სწავლებამ ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დაყენა, რადგან სკოლაში ამის გამოცდილება არცერთ მასწავლებელს არ აქვს.

„გამოცდილება ნულია, ჩემს სკოლაში კი არა, მგონი მთელს ხულოშიც არავის არ აქვს ონლანგაკვეთილების ჩატარების პრაქტიკა, რადგან აქამდე არც მოთხოვნა იყო და არც საჭიროება“-გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, მთავარი პრობლემა მაინც ინტერნეტის უქონლობა ან უხარისხო ინტერნეტია. „მე თვითონ 3 დღეა რაც ვზივარ და ვსწავლობ, როგორ დავრეგისტრირდე იმ პროგრამაში, რომელიც სამინისტრომ გვირჩია. ვეხმარები მოსწავლეებსაც, თუმცა ზოგან არც იხსნება და ასე ვწვალობთ.

ზოგ პედაგოგს აქვს ინტერნეტი, ზოგს – არა, ალბათ რესურსცენტრში მიდიან ან ახლობელთან  და ისე მუშაობენ. მოსწავლეებსაც ასეთივე პრობლემები აქვთ. მშობლებიც გვპირდებიან – რამეს ვიზამთო“ – გვეუბნება დირექტორი.

მისი თქმით, იყო რეკომენდაცია, რომ იმ ბავშვებს, ვისაც ინტერნეტზე არ აქვთ წვდომა, სასწავლო რესურსი წერილობით მიაწოდონ. „შემოგვთავაზეს, რომ მასალები ამოვბეჭდოთ და გავუგზავნოთ ბავშვებს, მაგრამ მიმტანიც ხომ სჭირდება? თუ სკოლაში დავიბარებთ, ესეც კონტაქტი გამოდის“ – ამბობს ილია ბოლქვაძე.

ის ამბობს, რომ სკოლა ახალ პლატფორმაზე გადასვლას სწავლობს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ სახელმწიფო მათ ინტერნეტით დაეხმარება.

„პრემიერმა პირდაპირ გაგვცა პასუხი, თავს ნუ ვიტყუებთ, ვიცით რომ არ გვაქვს (ინტერნეტით) მომარაგებაო და ვის მოვთხოვოთ. თუმცა სიხშირის გაზრდა აუცილებელია,  ეს ინტერნეტი ჩატსაც (chat) არ ხსნის, ერთი ადამიანი როცა საუბრობს, მაშინ გვეშლება ხელი და 7-8 მოსწავლე რომ ჩავრთოთ, არამგონია TEAMS-ი გამოვიყენო. დავიწყებთ და ვნახოთ რა გამოვა“- ამბობს ილია ბოლქვაძე.

უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი შუახევში. მაგალითად, სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი რომან კონცელიძე ამბობს, რომ TEAMS-ი გაააქტიურეს და „შესაბამისად მოქმედებენ“, თუმცა, მოსწავლეების უმრავლესობას ინტერნეტთან წვდომა ტელეფონით აქვთ და პაკეტის ყიდვა ძვირი უჯდებათ.

„45 წუთი მაინც გვჭირდება ონლაინგაკვეთილისთვის. ამას დაახლოებით 5 ლარის ინტერნეტი მაინც მაინც მიაქვს. ზოგს მეტიც სჭირდებათ, გააჩნია ვინ რამდენ მეგაბაიტს მოიხმარს, ამიტომ ხან მესიჯებით ვაგზავნით დავალებებს, ხან მეილით“ – ამბობს რომან კონცელიძე.

სოფელი პატარაა და სკოლაშიც 13 მოსწავლე სწავლობს. ამიტომ დირექტორი იმედოვნებს, რომ მათ სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფას როგორმე შეძლებენ.

გია ბარამიძე, ქედაში, სოფელ მერისის სკოლის დირექტორია. სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს და დირექტორი ამბობს, რომ აქედან სულ ცოტა 140 მოსწავლე ინტერნეტთან წვდომას ახერხებს.

„მასწავლებლების უმრავლესობაც ჩართულია ონლაინპროგრამების გამოყენების პროცესში და სხვადასხვა ხერხით აწვდიან მოსწავლეებს მასალებს“ – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, მოსწავლეები ინფორმირებული არიან იმის შესახებ, თუ რომელ საათზე რომელი საგნის გაკვეთილი დაიწყება ონლაინ და ისინიც ამ დროისთვის პროგრამაში შემოდიან.

„დღეს 3 ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტი, ამიტომ უნდა ამოვუბეჭდოთ დავალებები და გავუგზავნოთ. ზოგს ტელეფონზე ურეკავს მასწავლებელი და ისე აძლევს დავალებებს“ – გვეუბნება დირექტორი.

გია ბარამიძე ამბობს, რომ თუკი სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ხარისხიანი ინტერნეტი შეღავათიან ფასად მიეწოდებოდეს, მაშინ უფრო გაუადვილდებათ საქმე:

„მაშინ არც მშობელი იტყვის, რომ ინტერნეტის ფული არ მაქვსო, რადგან არის შემთხვევები, როცა მშობელი ამბობს – ამ თვეში არ მიმუშავია და ინტერნეტს ვერ გადავიხდიო“.

ონლაინგაკვეთილების ჩატარების საჭიროება სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებამ გააჩინა, რადგან მსოფლიოში  covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით, საჯარო სივრცეებში მუშაობის პროცესი შეაჩერა და უწყებებს რეკომენდაცია მისცა დისტანციურად გააგრძელონ მუშაობა.

_______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მანანა ქველიაშვილი

ამავე თემაზე:

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: