Batumelebi | „სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს“ – რიჟვაძე დიდაჭარის ინციდენტზე „სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს“ – რიჟვაძე დიდაჭარის ინციდენტზე – Batumelebi
RU | GE  

„სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს“ – რიჟვაძე დიდაჭარის ინციდენტზე

„ნაცმოძრაობის ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი მე გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს“ – ასე გამოეხმაურა დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინ სოფელ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თორნიკე რიჟვაძეს წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

რიჟვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არ დაუტოვებია ტერიტორია და ინციდენტის მიუხედავად დიდაჭარაში შეხვდა მოქალაქეებს. „მიჰას და მთავარ არხს არ ვეკითხები გადაადგილებას, ამიტომ ფეიკნიუსებს დაანებონ თავი“, – განაცხადა მან.

„როცა პოლიტიკურ ძალას არა აქვს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური და არც მორალური მათ შორის და როცა იციან, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა, რა თქმა უნდა, ამ გამოხტომებით შეეცდებიან ისინი პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო გარემო დააზიანონ. თუმცა მე განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს და ჩვენ მათი პროვოკაციების არ გვეშინია, პირიქით, ძალიან შემართებით ვართ.

დაახლოებით ხუთი ანგაჟირებული ადამიანი კონკრეტული კრიმინალური წარსულით ცდილობდა ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ შემიშლიან ხელს ვერც მე, ვერც ჩემს თანაგუნდელებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინციდენტი სოფელ დიდაჭარაში გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა. თორნიკე რიჟვაძეს სოფელში  წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს და ამის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.

ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს თორნიკე რიჟვაძემ ფირუზ წულუკიძეს „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა, რაზეც ფირუზ წულუკიძემ უარი უთხრა.

ვრცლად ამ თემაზე: 

„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com