შეერთებული შტატები, USAID-ისა და საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, საქართველოს COVID19 პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაში ეხმარება. აშშ-მ ცესკოს ორ მილიონზე მეტი ერთჯერადი ნიღაბი, 50 ათასამდე მრავალჯერადი სახის ფარი, 6 ათას ლიტრზე მეტი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, 176 ათასი ლატექსის ხელთათმანი და 8 ათასი ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
- მხარდაჭერა არჩევნებისთვის მზადებაში
საელჩოს განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, პარტიებს პოლიტიკური პლატფორმების, პროგრამებისა და გზავნილების დახვეწაში დაეხმარა, რაც მოიცავს საზოგადოებისა და პარტიების ინფორმირებისთვის საჭირო მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, ციფრული აპლიკაცია „საარჩევნო კომპასის“ დაფინანსებას. აპლიკაცია ეხმარება ამომრჩევლებს უკეთ გაიგონ, თუ რამდენად ემთხვევა მათი პრიორიტეტები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხედვებსა და პროგრამებს.
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერა
USAID-ის მეშვეობით, დაფინანსდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის შექმნა, ახალი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა. ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად, USAID ეხმარება ცესკოს საქართველოს არჩევნების კიბერთავდასხმებისგან დაცვაში, დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრის შექმნაში, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა.
დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრს ჰყავს ოთხი, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომელიც მეთვალყურეობს და რეაგირებს ტელევიზიით, ბეჭდური, ციფრული თუ სოციალური მედიით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე.
- არჩევნების მონიტორინგი და აღსრულება
შეერთებულმა შტატებმა, იუსტიციის დეპარტამენტის მუდმივი იურიდიული მრჩევლის მეშვეობით, გადაამზადა პროკურორები და გამომძიებლები საარჩევნო დანაშაულების გამოვლენაში, გამოძიებასა და სამართლებრივი დევნის წარმოებაში.
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მეშვეობით ჩაატარა საქართველოს პოლიციელების მოსამზადებელი ტრენინგი პროტესტის დროს ხალხის მართვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
არჩევნების დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-ის საელჩოს დაახლოებით 65 თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას სადამკვირვებლო საქმიანობაში.
ფინანსდება ადგილობრივი ორგანიზაციები, რათა მათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას, გააძლიერონ ადგილობრივი მედია და დაუპირისპირდნენ ცრუ ინფორმაციას.
შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა მათ ჩაატარონ საგამოძიებო კვლევა რუსული დეზინფორმაციის კამპანიებზე, რომელთა სამიზნესაც არჩევნები წარმოადგენს.