განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლების ნაწილს ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ არ დაუწყია

28.10.2020 • 3297
მასწავლებლების ნაწილს ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ არ დაუწყია

ცალკეულ მუნიციპალიტეტების სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ კიდევ არ დაუწყიათ პედაგოგებს, რადგან, როგორც „ბათუმელებს“ რესურსცენტრებში უთხრეს, TEAMS-ის პროგრამაში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება ამ დრომდე არ არის დასრულებული. უფრო მეტიც, რესურსცენტრების ინფორმაციით, თუ როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში, ამაზე ახლახან გადამზადდნენ სკოლის დირექტორები, რომლებმაც მასწავლებლები უნდა გადაამზადონ.

ელექტრონული ჟურნალის „თიმსში“ ინტეგრირებაზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თუმცა სექტემბერში მინისტრმა სკოლებში ელექტრონული ჟურნალების შემოღება ხელმეორედ დააანონსა.

კითხვაზე – არიან თუ არა ქობულეთის საჯარო სკოლები მზად ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისთვის, რესურსცენტრში გვეუბნებიან, რომ მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, როცა სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას, რომ ელექტრული ჟურნალი „თიმსში“ ჩაშენებულია.

„როგორც კი ჟურნალის ღილაკი გაიხსნება, ყველას მოუწევს ამ ჟურნალით ხელმძღვანელობა. ველოდებით ინფორმაციას სამინისტროსგან“ – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე. მისი თქმით, დისტანციურად მყოფი პედაგოგები ამჟამად ხელით, წიგნაკში ინიშნავენ როგორც მოსწავლეების აქტივობებსა და შეფასებებს, ასევე გაკვეთილებს.

„თუ როგორ უნდა აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი, ამაზე ნაწილობრივ გაიარეს ტრენინგები სკოლის ხელმღვანელებმა“ – გვეუბნება მადონა გოგიტიძე.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე კი ამბობს, რომ „თიმსში“ უკვე ასახულია დისტანციური გაკვეთილების ცხრილი და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ჟურნალის წარმოებაც.

„ტრენინგები უკვე გაიარეს სკოლებმა და მალე დავიწყებთ მასწავლებლების დატრენინგებასაც“ – გვეუბნება ის.

განსხვავებული ინფორმაცია აქვს ბათუმის რესურსცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ ელექტრონული ჟურნალი „თიმსში“ დიდი ხანია ჩაშენებულია „უბრალოდ, მისი დახვეწა მიმდინარეობს“.

„მოსწავლის შეფასებებიs, ვთქვათ, 9-10 ქულა, ამის დაწერა შესაძლებელია ჟურნალში, მაგრამ სიტყვიერი კომენტარების ველი ჯერ არ არის ჩართული“ – ამბობს ის. დავითაძის თქმით, ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა მობილური ტელეფონითაც მოსახერხებელია.

რაც შეეხება ცხრილს, როგორც გოჩა დავითაძე გვეუბნება,  რომ მცირე ხარვეზები გამოჩნდა ამ მიმართულებით, რის გამოც სკოლებმა რეკომენდაციები უკვე მიიღეს.

„დისტანციური გაკვეთილების ცხრილი ბაზაში ახლა შეიტანეს, ამიტომ გამოჩნდა გარკვეული ხარვეზები. მაგალითად, გაკვეთილების ხანგრძლივობა. ზოგმა პედაგოგმა მხოლოდ 2-2 გაკვეთილი ჩასვა დღეში, მაშინ როცა სამინისტროს რეკომენდაცია იყო რომ მინიმუმ 3 გაკვეთილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ვისაც 2 გაკვეთილი ჰქონდა ჩასმული, მივეცით რეკომენდაცია რომ 3 გაკვეთილი მაინც ჩასვან დღეში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში.

კონკრეტულად რომელი საგანი რამდენჯერ უნდა იყოს – ამაზე არ ყოფილა მითითება, ამას წყვეტს კათედრა და სკოლის ადმინისტრაცია. შესაძლოა მასწავლებელმა ფიზიკა ჩასვას ორჯერ და ქიმია ერთხელ, ან პირიქით. გააჩნია რას მოითხოვს საჭიროება“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

ქობულეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ასევე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით არ დაუწყიათ ელექტრონული ჟრნალის გამოყენება, რადგან „ამისთვის დისტანციური გაკვეთილების ცხრილების ატვირთვაა საჭირო. ჟურნალში რომ შევდივარ, ჩვეულებრივ საგაკვეთილო ცხრილებზეა მორგებული და ეს თანხვედრაში ვერ მოდის ჩვენს ახლანდელ ცხრილთან. ამიტომ სამინისტრომ მოითხოვა დისტანციური ცხრილის გაგზავნაც“-გვეუბნება პედაგოგი.

როგორც მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებაში წერია, იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებელს კომპიუტერის ან ინტერნეტის არქონის გამო არ შეუძლია მონაცემების ყოველდღიურად შეტანა ელექტრონულ ჟურნალში, მასწავლებლები დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ჟურნალში ყოველი კვირის ბოლოს შეიტანენ.

როგორც რესურსცენტრებში ამბობენ, მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალების გამოყენებაზე დისტანციურად გადამზადდებიან.

„ბათუმელები“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, ამ დროისთვის ელექტრონული ჟურნალი არის თუ არა სრულად გამართული და მიუწვდებათ თუ არა მასზე ხელი მასწავლებლებს?

სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტრონული ჟურნალი უკვე არსებობს და პედაგოგებს მისი გამოყენება შეუძლიათ. „თუ რომელიმე სკოლას აქვს რაიმე ტიპის ტექნიკური პრობლემა და ვერ ახერხებს პროგრამის გამოყენებას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უნდა დაუკავშირდნენ და მათი სპეციალისტები დაეხმარებიან პრობლემის აღმოფხვრაში“ – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ბმულებზე  გადასვლის შემთხვევაში, პედაგოგს შეუძლია ელექტრონული ჟურნალის გამოყენების ინსტრუქცია მიიღოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: