მთავარი,სიახლეები

რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

15.11.2018 • 3779
რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ანტიბიოტიკებისადმი  მდგრადობა სახიფათოდ მაღალ დონეს აღწევს მთელს მსოფლიოში. ყოველ წელს ანტიბიოტიკური მედიკამენტების მიმართ გამძლე ბაქტერიებით დაავადების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი კვდება.

საქართველოში ანტიბიოტიკები რეცეპტით გაიცემა, მაგრამ თვითმკურნალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ აქტუალურია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებს ხშირად უადგილოდ, ზედმეტი დოზით ნიშნავენ ექიმები და ვეტერინარები. ჯანმო იუწყება, რომ სასწრაფო ზომების მიღების გარეშე პოსტ-ანტიმიკრობული ერა გველოდება, როცა ინფექციების გავრცელება და მცირედი ტრავმები კვლავ შესაძლოა სასიკვდილო გახდეს.

ყოველი წლის ნოემბერში მსოფლიო ანტიბიოტიკების სწორად გამოყენებს კვირეულს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოებას, მედპერსონალსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააცნოს ანტიბიოტიკური პრეპარატების მიმართ ორგანიზმის შეწინააღმდეგების უნარის საფრთხეები.

სისტემატური ირაციონალური და არასწორი გამოყენება ანტიბიოტიკებისა ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად, გახდა მიზეზი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის განვითარებისა. ეს ხდება მაშინ, როცა მიკროორგანიზმები, მაგალითად, ბაქტერიები ხდებიან გამძლე იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედების მიმართ, რომლებსაც მკურნალობისთვის გამოიყენებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან ფაქტს ანტიბიოტიკების მდგრადობის შესახებ:

1. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის.

2. სულ უფრო და უფრო მეტი ინფექციური დაავადება – მაგალითად, პნევმონია, ტუბერკულოზი, გონორეა და სალმონელოზი – სულ უფრო და უფრო რთული სამკურნალო ხდება სწორედ ანტიბიოტიკების ეფექტურობის კლების გამო.

3. ანტბიოტიკებისადმი მდგრადობა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ქვეყანაში.

4. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ადამიანების მიერ ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება აჩქარებს ამ პროცესს.

5. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის შედეგია უფრო ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, სამედიცინო ხარჯების ზრდა და სიკვდილიანობა.

6. ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში ამ მიზეზით ყოველ წელს 33 000 ადამიანი კვდება, ეს რიცხვები მუდმივად იზრდება.

7. ბევრ მიკრობს (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო და პარაზიტები) შეუძლია გავრცელდეს გარემოში ისე, რომ დააავადოს როგორც ადამიანები, ისე ცხოველები. ადამიანების დაავადებების 60% ცხოველებიდან მოდის. ეს ნიშნავს, რომ თუ მიკრობებს ცხოველების ორგანიზმში უყალიბდებათ საკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობა, ამ მდგრად მიკრობებს თავისუფლად შეუძლიათ ადამიანების დაავადებაც, რაც საგრძნობლად გაართულებს ასეთი ინფექციების მკურნალობას.

8. მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაში, თანაც არა იმდენად მკურნალობისთვის, რამდენადაც ზრდის სტიმულირებისა ან ინფექციების პროფილაქტიკისთვის. ანტიბიოტიკების ასეთი დიდი დოზით გამოყენება ხელს უწყობს  მიკრობების მდგრადუნარიანობას ამ პრეპარატების მიმართ.

9. უმეტესად ადამიანებისა და ცხოველების მკურნალობისთვის გამოიყენება ერთი და იმავე კლასის ანტიმიკრობული პრეპარატები.

10. კვების ჯაჭვი, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი გზაა დაავადებების გადადებისა, საჭიროებს სისტემატიურ მონიტორინგს და კოორდინირებულ ძალისხმევას ამ ეფექტის შესამცირებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ანტიბიოტიკები უნდა მიიროთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტით. არავითარ შემთხვევაში არ გაუზიაროთ ანტიბიოტიკები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: