მთავარი,სიახლეები

რატომ არ დააჯარიმა ხელვაჩაურის საოლქომ ჯუმბერ ვარდმანიძე

28.10.2020
რატომ არ დააჯარიმა ხელვაჩაურის საოლქომ ჯუმბერ ვარდმანიძე

„…არ დასტურდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, არ დასტურდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – წერს ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე. ამ კომისიას უნდა დაედგინა, გამოიყენა თუ არა ადმინისრაციული რესურსი ჯუმბერ ვარდმანიძემ.

საუბარია 25 სექტემბრის შემთხვევაზე – ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა, რომელიც იქ სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა. „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ხელვაჩაურს მერს არ უარყვია ეს ფაქტი. მან განმატა, რომ ამის უფლება ჰქონდა. ხელვაჩაურის მერმა ამ საკითხზე კითხვების დროს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს აგინა.

ხელვაჩაურის საოლქო კომისიას საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მიმართა. კომისიამ მხოლოდ ჯუმბერ ვარდმანიძის პოზიცია მოისმინა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრაზე ის მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებით იყო და დაადგინა, რომ დარღვევა არ ყოფილა. არადა ამ შეხვედრას არაერთი მონაწილე ჰყავდა, მათ შორის ის, ვინც ამ შეხვედრაზე ხელვაჩაურის სამსახურებრივ ავტომანქანას ფოტო გადაუღო.

„მისი მოსაზრებით [ჯუმბერ ვარდმანიძე], არც საჩივარში მითითებული ბმულზე განვითარებული ფოტომასალითა და არც გამომცემლობა „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული მასალით არ დასტურდება მის მიერ სამსახურებრივი ავტომობილის გამოყენების ფაქტი… გამომცემლობა „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე მერიის ავტოსატრანსპოტო საშუალებასთან ასახული პირები არიან უბრალო მოქალაქეები და ზემოხსენებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მუნიციპალუტეტის მერიის გადაადგილება კონკრეტულად წინასაარჩევნო შეხვედრის დროს არ ფიქსირდება,“ – მიიჩნიეს ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

თუკი ხელვაჩაურის საოლქო კომისია ხელვაჩაურის მერის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას დაადგენდა, ჯუმბერ ვარდმანიძეს 2 ათასი ლარით დააჯარიმებდნენ. ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ ჯუმბერ ვარდმანიძეს მოუსმინა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დგინდება, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატები, ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, რომლებიც 25 სექტემბერს ჩხუტუნეთში წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შეხვდნენ, კანდიდატებად წარდგენილი საოლქო კომისიაში არ ყოფილან.

„შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენდნენ საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებს, მით უფრო საარჩევნო სუბიექტებს,“ – დასძინა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: