Batumelebi | აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს – Batumelebi
RU | GE  

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, ალამბრის სასათბურე მეურნეობაში, სექტემბრის თვის ჩათვლით, 147 ტონა ბოსტნეული აწარმოეს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სამთავრობო პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. ცენტრის ინფორმაციით, დღის მდგომარეობით ბოსტნეულის მოსავალმა უკვე 160 ათასი ტონა შეადგინა.

სამომავლოდ, აჭარის მთავრობა ბოსტნეულის წარმოებას ბიუჯეტის ფულით აღარ გეგმავს. სასათბურე მეურნეობა იჯარით 2045 წლის 17 ნოემბრამდე გაიცემა. აუქციონი უკვე გამოცხადებულია. საწყისი წლიური საიჯარო თანხა კი 235 300 ლარია.

იჯარით 43 სათბური გაიცემა. თითოს ფართობი 500 კვ/მ-ია [„აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით სულ 50 სათბური იყო, თუმცა 7 სათბური წელს დიდთოვლობამ დააზიანა].

სასათბურე მეურნეობა აუქციონზე მთავრობას ადრეც უნდა გაეტანა, თუმცა, „ბათუმელებთან“ 6 თვის წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომ „რისკი იყო ძალიან მაღალი, აუქციონი არ შედგებოდა და ჩაიშლებოდა, ამიტომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეულის მოყვანა არჩიეს“.

ბოსტნეულის საწარმოებლად, სექტემბრის მონაცემებით, აჭარის ბიუჯეტიდან 305 ათასი ლარი დაიხარჯა. ეს ციფრი აჭარის მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილ დოკუმენტშია მითითებული [ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა].

აგროსერვის ცენტრის ინფორმაციით, პროგარმის ფარგლებში, დაირგო – 30 000 პამიდორის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯანისა და ყაბახის ჩითილი, ასევე სხვადასხვა სახეობის მწვანილი. მოსავლის აღება ახლაც მიმდინარეობს და ცენტრის ინფორმაციით, ჯამში 172 ათას ტონა მოსავლის მიღებას ვარაუდობენ.

„ბოსტნეულს ვაწვდით მუნიციპალიტეტებს და ისინი ურიგებენ უფასოდ იმ ოჯახებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს; ასევე არის ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფარი, ამიტომ ბოსტნეულს საპატრიარქოსაც ვაწვდით“, – გვითხრეს „აგროსერვის ცენტრში“.

რაც შეეხება იჯარის პირობებს:

  • „სარგებლობის ვადა 2045 წლის 17 ნოემბრამდე;
  • წლიური საწყისი სარგებლობის საფასური 235 300 ლარი;
  • საიჯარო მიწის ნაკვეთის ნაყოფიერებისა და ხარისხის გაუარესების შემთხვევაში აგროსერვის ცენტრი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
  • ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს თანაბარწილად, ყოველ სამ თვეში ერთხელ;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში 58 825 ლარის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში აგროპარკის ამოქმედება;
  • არანაკლებ 30 ადამიანის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აგროპარკში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბრენდინგის განხორციელება;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, აგროპარკში აგროტურისტული ჯგუფების და პრაქტიკული სწავლების მიზნით სტუდენტების დაშვება;
  • სარგებლობის პერიოდის ვადით უზრუნველყოს სარგებლობაში მიღებული ქონების დაზღვევა;
  • საიჯარო პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება;
  • სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12  თვის ვადაში და შემდგომ პერიოდულად ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში წარმოდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან სარგებლობის პერიოდის ვადით უზრუნველყოს პროფილის შენარჩუნება“.

აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 17 ნოემბერს დასრულდება.

ალამბრის სათბურები / ფოტო : „აგროსერვის ცენტრი“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com