მთავარი,სიახლეები

რატომ დადის 3 ახალგაზრდა ხულოსა და ქობულეთის სოფლებში – ცვლილებას შენი ხმა სჭირდება

29.10.2020 • 2211
რატომ დადის 3 ახალგაზრდა ხულოსა და ქობულეთის სოფლებში – ცვლილებას შენი ხმა სჭირდება

რამდენიმე დღეა სამი ახალგაზრდა სოფელ-სოფელ დადის და ადამიანებს უხსნის, თუ რატომ არის მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის სასურველი ცხოვრების შესაქმნელად. ეს ახალგაზრდები ივერი შაინიძე, ქეთი აბულაძე და ლიზა ანთაძე არიან. ორი მათგანი სტუდენტია, ერთი კი – აბიტურიენტი. ლიზა ქობულეთში ცხოვრობს, ივერი და ქეთი ხულოში.

„ამ კარდაკარის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხმა არჩევნებში, რადგან სწორედ მათ ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – ამბობს ივერი.

მისი თქმით, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ძირითად ნაწილს გაცნობიერებული აქვს არჩევნების მნიშვნელობა. თუმცა არის ნაწილი ადამიანებისა, ვინც სკეპტიკურად უყურებს არჩევნებს.

„ეს პროექტი შედგება ორი ნაწილისგან – ერთია, როცა კარდაკარ ვუხსნიდით ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას და მეორე ნაწილი ითვალისწინებდა ფოტოაქტივობას, რომელიც სოციალურ ქსელში უნდა გადმოგვეტანა.

კარდაკარის დროს აქტივისტები ფოტომესიჯებსაც აგროვებდნენ

გვქონდა ბანერები, სადაც ეწერა, რომ „არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია“, „იმიტომ, რომ მაწუხებს ჩემი და შენი პრობლემები“ და ასე შემდეგ. ამ ბანერს იჭერდნენ მოქალაქეები, ვუღებდით ფოტოებს და ვავრცელებდით ფეისბუკში, უფრო მეტ ადამიანთან რომ მიგვეტანა ჩვენი ხმა. ზოგი წინააღმდეგი იყო ფოტოს გადაღების, ზოგიერთი გვთანხმდებოდა“, – ამბობს ივერი.

კარდაკარ კამპანიისას აქტივისტები ისეთ ადამიანებს ხვდებოდნენ, ვისაც არჩევნების გაგონებაც კი არ სურდა. როგორც ახალგაზრდები გვეუბნებიან, მათი სკეპტიციზმის მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში ვერ ხედავდნენ მათთვის სასურველ ცვლილებას.

„კარდაკარს დაემთხვა ზუგდიდში ბანკის ძარცვის ამბავი და გვეუბნებოდნენ, „ხედავთ რა ხდება, რა დროს არჩევნებია, რა მოგვადგა კარზე“. ზოგს იმისაც კი არ სჯერა, რომ მის ხმას რაიმეს გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენ კი ვუხსნიდით, რომ ცვლილებებს სჭირდებოდა მათი ხმა. თუ არ მივცემთ ხმას, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში წუწუნის უფლებასაც ვკარგავთ“, – ამბობს ივერი.

ფოტოგამოწვევა: რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი არჩევნებში

ლიზი ანთაძე 18 წლისაა. წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამბობს, რომ ბოლომდე აქვს გაცნობიერებული მისი ხმის მნიშვნელობა. მისი თქმით, ამ კარდაკარის მიზანიც ის იყო, რომ სხვა ადამიანებშიც გაეღვივებინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

„ჩვენ გარშემო ბევრი სოფელია, სადაც ნაკლებად არიან მოქალაქეები ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ სოფლები მივიწყებულია და ხშირად მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე. ამიტომ, ეს ადამიანებიც ფიქრობენ, რომ ისინი ვერაფერს შეცვლიან.

„მაინც არ აქვს აზრი“, რადგან ჩემი ხმა არსად არ ჩანსო – მეუბნებოდნენ ხოლმე. მე კი ვუხსნიდი, რომ სწორედ მათ ხმას აქვს ძალა და მნიშვნელობა. იყო ეჭვიც, რომ შესაძლოა მათი ხმა არც კი აისახება არჩევნებში. ჩვენი კი მათ ვეუბნებით, რომ თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი.

სწორედ ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით ვცდილობთ ახალგაზრდები შევცვალოთ ჩვენს გარშემო რეალობა“, – ამბობს ლიზა.

ქეთი აბულაძეს ჯერ არ აქვს ხმის უფლება, რადგან 17 წლისაა. მომავალ წელს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ის პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ქეთი დარწმუნებულია, რომ თითოეული ხმა და მათ შორის მისი ხმაც, არის გადამწყვეტი ქვეყანაში ცვლილებისთვის.

„კარდაკარის პროცესი საკმაოდ რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ ხოლმე. აინტერესებდათ, ხომ არ ვიყავით რომელიმე პარტიის აქტივისტები. თუმცა ჩვენ ვუხსნიდით, რომ ჩვენი მიზანი იყო ადამიანებს უკეთ დაენახათ, გაეაზრებინათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მონაწილეობა არჩევნებში და მათზე დამოკიდებული“, – გვეუბნება ქეთი.

ახალგაზრდები სამოქალაქო აქტიურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომ სკოლის პერიოდში ჩართული იყვნენ სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის პროექტებში.

ივერი ხულოს საინიციატივიო კლუბის წევრია, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას ემსახურება, ასევე ლიზა და ქეთიც აქტიურად იყვნენ ჩართული მსგავსი ტიპის პროექტებში.

„გვინდა ვაჩვენოთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ახალგაზრდების ძალა და ის, თუ რა შეგვიძლია“, – ამბობენ აქტივისტები.

პროექტის -„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ განხორციელებაში ახალგაზრდებს მხარს უჭერს USAID Georgia, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო – IRI Georgia.

__________________________

მთავარი ფოტო: ქეთი აბულაძე, ივერი შაინიძე და ლიზა ანთაძე/სამოქალაქო აქტივისტები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: