მთავარი,სიახლეები

ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება თუ არ შეწყდება, ის აღარ იქნება ეფექტური – ჯანმო

29.10.2020
ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება თუ არ შეწყდება, ის აღარ იქნება ეფექტური – ჯანმო

ანტიმიკრობული რეზისტენტობის მიმართ ბოლო წლებში სულ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის სპეციალისტების და საზოგადოების ყურადღება, პარალელურად იკვეთება კიდევ ერთი პრობლემა: არსებული ჯენერიკი ანტიბიოტიკების მარაგების დეფიციტი. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე ისაუბრეს, რომელიც ბერლინში სამი დღის განმავლობაში, 25-28 ოქტომბერს მიმდინარეობდა.

„აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობა აქამდეც ცნობილი იყო სპეციალისტებისთვის, ფარმაცევტებისთვის, საავადმყოფოებში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად აწყდებიან აუცილებელ ანტიბიოტიკებზე ან ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა პროდუქტებზე წვდომის პრობლემას. მაგრამ საკითხი წინა პლანზე წამოიწია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, როცა არა მხოლოდ ანტიბიოტიკების, არამედ ტკივილგამაყუჩებლების, ჟანგბადის, სუნთქვის აპარატებისა და ჯანმრთელობის სხვა პროდუქტების დეფიციტიც გვაქვს” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მრჩეველმა პეტერ ბაიერმა ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე.

სპეციალისტების თქმით, ბევრი საავადმყოფო, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სირთულეებს აწყდება პირველი რიგის კრიტიკული პრეპარატების სტაბილური მომარაგების, განსაკუთრებით ინექციური ანტიბიოტიკების მარაგის უზრუნველყოფის მხრივ, რაც ხელს უშლის ექიმებს რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენებაში და ზრდის ხარჯებს. პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

„როცა სამკურნალოდ არ გაქვს პირველი რიგის (შედარებით უფრო იაფი) აუცილებელი ანტიბიოტიკები, გიწევს გამოიყენო მესამე ან მეორე ხაზის (უფრო ძვირიანი) ანტიბიოტიკები და ეს პრობლემაა, რადგან მეორე რიგის ანტიბიოტიკები, როგორც წესი, უფრო ტოქსიკურია, ზოგჯერ ისინი ნაკლებეფექტურია, ვიდრე პირველი რიგის მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთი ანტიბიოტიკები ინტრავენურია და არა პერორალური, რაც პაციენტისთვის მისაღებად ნაკლებად კომფორტულია და მათმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ შედეგებამდე” – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული პროექტის მენეჯერმა სელინ პულსინმა.

ანტიბიოტიკების დეფიციტი ყველა ქვეყანას ეხება, განურჩევლად განვითარების დონისა.

ჯანმო-ის ცნობით, ახალი ანტიმიკრობული პრეპარატების კლინიკური ასორტიმენტი ამოიწურა. 2019 წელს ჯანმომ გამოავლინა კლინიკური შემუშავების ეტაპზე მყოფი 32 ანტიბიოტიკი, რომელიც პასუხობს ჯანმოს პრიორიტეტული პათოგენების სიას და რომელთაგან მხოლოდ 6 კლასიფიცირდა, როგორც ინოვაციური. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემად რჩება ხარისხიან ანტიმიკრობულ პრეპარატებზე წვდომა.

„ანტიბიოტიკები სულ უფრო და უფრო არაეფექტური ხდებიან, რადგან წამლების მიმართ მდგრადობა მთელს მსოფლიოში ვრცელდება, რაც ართულებს ინფექციების მკურნალობას და ზრდის სიკვდილიანობას. სასწრაფოდ საჭიროა ახალი ანტიბიოტიკები, თუმცა თუ ადამიანები არ შეწყვეტენ ანტიბიოტიკების არასწორ გამოყენებას, ახალ ანტიბიოტიკებსაც იგივე ბედი ეწევათ, რაც სხვებს – ისინიც დაკარგავენ ეფექტიანობას” – წერს ჯანმო. 

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ)  მიკროორგანიზმის მდგრადობაა იმ ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ, რომელიც თავდაპირველად ეფექტური იყო აღნიშნული მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები და პარაზიტები) შეუძლიათ გაუძლონ ისეთი ანტიმიკრობული მედიკამენტების მოქმედებას, როგორებიცაა ანტიბიოტიკები, ფუნგიციდური, ანტივირუსული და ანტიმალარიული პრეპარატები. ამგვარად, სტანდარტული მკურნალობა არაეფექტური ხდება. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტიპი, როდესაც ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო.

მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეხვედრაა გლობალური ჯანდაცვის შესახებ და აერთიანებს წამყვან საერთაშორისო მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ჯანდაცვის ინდუსტრიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ამავე თემაზე:

რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: