მთავარი,სიახლეები

კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს

28.10.2020 • 1683
კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს

„ქართულმა ოცნებამ“ აუდიტის სამსახურს წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას სხვადასხვა პირმა 10 მილიონი ლარი უკვე შესწირა. დოკუმენტების მიხედვით, „ოცნებამ“ ამ თანხიდან შრომის ანაზღაურებაში მხოლოდ 39 ათასი ლარი დახარჯა. „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრის თვეში ანაზღაურება  ხელზე მიიღეს – თითოეულმა თვეში 150 ლარი. ქართულ „ოცნებას“ მინიმუმ 3 657 კორდინატორი ჰყავს, მაქსიმუმ 24 ათასი ან მეტი. საინტერესოა, რა თანხას უხდის „ოცნება“ თავის კოორდინატორებს და ხომ არ არის ეს შავი ფული?

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სახელისუფლებო პარტიას სახელმწიფო აუდიტში ორი დეკლარაცია აქვს წარდგენილი – 1-21 სექტემბრის და 22 სექტემბერი – 12 ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით. სწორედ ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელისუფლო პარტიამ  შრომის ანაზღაურებისთვის ამ დრომდე მხოლოდ 39 888 ლარი დახარჯა. თუმცა სხვა ციფრებს ასახელებენ კოორდინატორები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ კოორდინატორების სიმრავლით გამოირჩევა, მათივე ინფორმაციით, ურბანულ ქალაქებში პარტიის სასარგებლოდ ყოველ 150 ამომრჩეველზე ერთი კოორდინატორი მუშაობს. სოფლებში კი უფრო მეტი ცდილობს „ოცნების“ უპირატესობაში დაარწმუნოს ამომრჩეველი,  მაგალითად, ერთ-ერთ 1000-ამომრჩევლიან საარჩევნო უბანზე სახელისუფლებო პარტიას 18 კოორდინატორი ჰყავს.  ამომრჩევლების რაოდენობასთან შეფარდებით თუ გამოვთვლით, ეს მინიმუმ 24 ათასი კოორდინატორია ქვეყნის მასშტაბით…

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 657 საარჩევნო უბანია გახსნილი. თითოეული მათგანი 1000-1500-ს, ხოლო სოფლებში 400-800 ამომრჩეველს ემსახურება.

თითოეულ საარჩევნო უბანზე „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ერთი კოორდინატორი რომ ჰყავდეს, სახელისუფლებო პარტია მათ ხელფასებში  ერთ თვეში ზუსტად 548 550 ლარს გადაიხდიდა, მაგრამ ვიცით, რომ  სახელისუფლებო პარტიას თითოეულ უბანზე ბევრად მეტი კოორდინატორი ჰყავს. შესაბამისად, ამ დროისთვის თავისი კოორდინატორებისთვის ბევრად მეტი აქვს დახარჯული.

კოორდინატორების პირდაპირი მოვალეობაა ამომრჩევლის უბანზე მიყვანა თავისი პარტიის სასარგებლოდ, ანუ ირიბი გავლენა ამომრჩევლის ნებაზე.

რამდენად ეფექტურად ახერხებენ ისინი მუშაობას? – ბოლო რამდენიმე არჩევნების ანალიზი ცხადყოფს, რომ კოორდინატორებს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით პარტიის  გამარჯვებაში. თუ „ოცნების“ კოორდინატორები საკუთარი ოჯახის წევრებით [ვთქვათ, 3-4 წევრი]  ხმას მმართველ პარტიას  მისცემენ და ასევე  შეძლებენ ერთი ამომრჩევლის დარწმუნებას მაინც, მხოლოდ კოორდინატორების, მათი ოჯახის წევრებისა და მათ მიერ დარწმუნებული ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერის ხარჯზე ოცნება 120 000 – მდე ხმას მიიღებს.  თუმცა, ასევე რთულად დასაჯერებელია, რომ ერთი კოორდინატორი მხოლოდ ერთი ამომრჩევლის მიყვანას შეძლებს მართველი პარტიის სასარგებლოდ. ამას ემატება მთელი ის რესურსი, რაც „ოცნებას“, როგორც სახელისუფლებო გუნდს, სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე აქვს.

საარჩევნოდ პარტიის მიერ თანხის ფარულად დახარჯვა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და სანქციას ითვალისწინებს. კანონის მიხედით პარტიის საარჩევნო ფონდიდან დეკლარაციის წარდგენამდე პერიოდში დახარჯული თითოეული თეთრი უნდა აისახოს.

„თუ ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის ფონდიდან გაწიეს ხარჯი ხელფასებისთვის, ამაზე უნდა ყოფილიყო ინფორმაცია დეკლარაციაში, თუ პარტია არ ადეკლარირებს ხარჯებს და შემოსავლებს, მაშინ ის არღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს, საარჩევნო კოდექსს და ეს ითვალისწინებს სანქციას. თუ რამდენად ასახავენ რეალობას დეკლარაციებში პარტიები, ამის გაკონტროლების ვალდებულება აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რა ფული დახარჯა „ოცნებამ“ კოორდინატორების ხელფასებისთვის? – იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა პარტიის ფონდიდან დაიხარჯა, „ქართულ ოცნებას“ ეს თანხა დეკლარაციაში უნდა აესახა. სხვა ფულის დახარჯვის უფლება კი კანონით არ აქვს:

„პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯული თითოეული ლარი მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ფონდიდან უნდა იყოს გასული, ფონდის ანგარიშზე არსებულის გარდა სხვა თანხის გამოყენება არჩევნებისთვის პარტიას ეკრძალება. ესეც კანონის დარღვევაა და ითვალისწინებს სანქციას“, – განმარტავს იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ვინ არიან კოორდინატორები და რა სამუშაოს ასრულებენ ისინი

„შემოხაზეთ 41“ – ამ მოთხოვნით არჩევნების წინ როგორც ქალაქის სხვადასხვა უბანში, ასევე სოფლებში ამომრჩეველს რამდენჯერმე მიაკითხეს. ჯერ აგიტატორები მივიდნენ, მიიტანეს ლურჯი ფლაერები და შეახსენეს, რომ „მიშა ვერ უნდა დაბრუნდეს“ – დაპირდნენ, გზებს, წყლის სისტემის რეაბილიტაციას, დასაქმებას, დახმარებას და ასე შემდეგ… იყვნენ კოორდინატორებიც ფურცლებზე დაბეჭდილი მონაცემებით, თუმცა მაინც ჩაიწერეს ამომრჩევლის სახელები და გვარები, პირადი და ტელეფონის ნომრები.

„წინასწარ გვაძლევენ ამობეჭდილ სიას, იმ უბნის ამომრჩევლის სახელებსა და გვარებს, სადაც ვართ მიმაგრებულები. მივდივართ ოჯახებში, ვიგებთ მათ განწყობას, ვეკითხებით არიან თუ რა მათი მხარდამჭერები. ვინიშნავთ პირად ნომრებს, სახელებს, გვარებს და ტელეფონის ნომრებს. არჩევნების დღეს ჩვენ მათ არ ვურეკავთ, როგორც ვიცი, შტაბიდან ურეკავენ, ჩვენ გვევალება, რომ ეს ხალხი, ჩვენს ცხრილებში ვინცაა დაფიქსირებული, არჩევნებზე მივიდეს. ძირითადად ეს არის ჩვენი სამუშაო“, – გვიყვება „ოცნების“ კოორდინატორი ელზა. ის არჩევნების დასრულების შემდეგ გასამრჯელოს სახით კიდევ 150 ლარს ელის.

სხვა კოორდინატორების ინფორმაციით კი, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ოქტომბრის თვის ხელფასთან ერთად იმავე ოდენობის პრემიასაც დაჰპირდნენ.

კიდევ ერთი კოორდინატორის, გიორგის თქმით კი, არჩევნების დღემდე თავისი უბნიდან პარტიას უნდა მიუტანოს მონაცემები, დაახლოებით რამდენია [სახელებით და გვარებით] ისეთი ამომრჩეველი უბანზე, ვინც ხმას „ოცნებას“ მისცემს. „გარდა ამისა, თუ კანდიდატები მოდიან ჩვენს უბნებში, გვევალება, რომ ხალხი შევახვედროთ“, – გვეუბნება გიორგი.

მობილიზება არჩევნების დღეს

არჩევნების დღეს თითქმის ყველა საარჩევნო უბნის წინ კოორდინატორები დგანან სიებით ხელში. ისინი ინიშნავენ მონაცემებს, თუ ვინ დააფიქსირა საკუთარი არჩევნი. ასევე საარჩევნო უბანზე უკვე მოსულ და მოსასვლელ ამომრჩეველზე აწვდიან ინფორმაციას შტაბებში კონკრეტულ ხელმძღვანელებს.

კოორდინატორები ამბობენ, რომ მათ სხვა არაფერი ევალებათ, თუმცა ამ დრომდე ჩატარებულ სხვადასხვა არჩევნებში კერჭისყრის პროცესების პარალელურად მათგან სხვა აქტივობებიც გვახსოვს.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას“, – ეს ამონარიდია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ 2019 წლის შუალედური არჩევნების შეფასების ანგარიშიდან.

მსგავს და ზოგჯერ უფრო მწვავე ჩანაწერებს სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების თითქმის ყველა დონის არჩევნების შეფასების ანგარიშებში შეხვდებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მსგავსი ქმედებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე.

ამონარიდი საიას 2019 წლის შუალედური არჩევნების შეფასების ანგარიშიდან: ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენდა საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეოგადაღებით აღბეჭდავდნენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შემთხვევები ვიდეოკადრებზე ზუგდიდის ოლქში №1 და №4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ცხრილებში მონიშნული ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე არ მიდის და ამის შესახებ ინფორმაციას შტაბი კოორდინატორისგან იღებს. ამ თემაზე „ბათუმელები“ ამომრჩევლებს გაესაუბრა.

„საცხოვრებელ კორპუსთან, ეზოშია საარჩევნო უბანი. არ ვაპირებდი ჩასვლას, არ ვიცი, ვერც გეტყვით რატომ, ასე მქონდა გადაწყვეტილი. შუადღის შემდეგ დეპარტამენტის უფროსმა დამირეკა და მითხრა, ძალიან გთხოვ, არჩევნებზე მიდიო. ისე დამირეკა, იცოდა, რომ არ მივსულვარ. რა მექნა? – ჩავედი“, – გვიყვება მარი [სახელი შეცვლილია] კოორდინატორების გავლენებზე.

მარი აჭარის მთავრობაში, ერთ კონკრეტულ უწყებაში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და კარგად აქვს გააზრებული, რომ არავის აქვს უფლება მის არჩევანში ჩაერიოს ან რაიმე აიძულოს, თუმცა არჩევნების დღეს დეპარტამენტის უფროსის ზარმა მისი გადაწყვეტილება რამდენიმე წამში შეცვალა. მივიდა საარჩევნო უბანზე და სახელისუფლებო პარტია შემოხაზა.

მარის ვკითხეთ, თუ მიანიშნა დეპარტამენტის უფროსმა ვისთვის უნდა მიეცა ხმა. გვითხრა, რომ – არა. მარი ამბობს, რომ ეს ისედაც იგულისხმებოდა.

მარი დარწმუნებულია იმაშიც, რომ დეპარტამენტის უფროსი თავისი სურვილით არ დაურეკავდა: „ასეთი არ არის.“

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების წინ მობილიზებულ კოორდინატორებზე სიებით ხელში, მათ საეჭვო ქმედებებსა და ზოგჯერ  შესაძლო, ზოგჯერ დადასტურებულ აგიტაციის ფაქტებზე ბევრს საუბრობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, თუმცა ცესკო ყოველთვის განმარტავს, რომ კოორდინატორების მობილიზება, თუ ისინი აგიტაციას არ ატარებენ, დარღვევად არ მიიჩნევა.

კახა კალაძე ოცნების კოორდინატორებს: „ნუ გეშინიათ ჟურნალისტების“

იმის თაობაზე, რომ ეს მათ დარღვევად არ ჩაეთვლებათ და არავისი, მათ შორის ჟურნალისტების, არ უნდა შეეშინდეთ „ოცნების“ კოორდინატორები გასულ წელს შუალედური არჩევნების კანჭისყრის დღეს კახა კალაძემაც შეაგულიანა:

„ნუ შეუშინდებით მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს. თქვენ ამის უფლება გაქვთ და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლიან, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურს,“ –  მიმართა მათ კახა კალაძემ.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კოორდინატორებისა და  აგიტატორების როლზე არჩევნების დღეს ეუთომაც დაწერა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებულ გარემოს შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი.

„ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო უბნის გარეთ იკრიბებოდნენ ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებიც ინიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად. კოორდინატორები საარჩევნო უბნის გარეთ ახორციელებდნენ ორივე კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების ხმების დეტალურ შესწავლას, თუმცა ეს პრაქტიკა უფრო ხშირად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იყო ამოქმედებული.

საიას ხელმძღვანელის სულხან სალაძის შეფასება

„როდესაც მხარდამჭერთა სიების შედგენაზეა საუბარი, ამ სიებში კი არ წერენ მხოლოდ იმას, კონკრეტული ადამიანი უჭერს თუ არა მხარს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, წერენ მის პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, ანუ სრულ ინფორმაციას ამუშავებენ, ეს ახდენს ადამიანებზე გავლენას. მოვა არჩევნების დღე და ვნახავთ, როგორ იმუშავებენ კოორდინატორები.

ბოლო წლების პრაქტიკა რას გვაჩვენებს, საარჩევნო უბნებთან მდგარი კოორდინატორები მუდმივად სატელეფონო კავშირზე არიან ამომრჩეველთან და ეუბნებიან, რომ უნდა მივიდეს უბანზე, ან ატყობინებენ შტაბს, რამდენი მოვიდა, ვინ მოვიდა – ეს არ ემსახურება ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ჩვენ სამი პრინციპული შენიშვნა გვქონდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების დროს, მათ შორის, ერთ-ერთი იყო სწორედ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებას შეუწყობდა ხელს, საარჩევნო უბნიდან 25-მეტრიანი პერიმეტრი, რაც კანონმდებლობაში არის ჩადებული, არ არის საკმარისი, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ დიახ, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი აქვს პროცესებს, რაც ამომრჩეველს ხელს უშლის ნების თავისუფალ გამოვლენაში.

ჩვენ ვამბობდით, რომ ლოგიკურად მინიმუმ 100 მეტრი უნდა იყოს ეს რადიუსი. როცა ვინმე გირეკავს და გეუბნება – „მე ვიცი, რომ არჩევნებზე არ მოსულხარ“, ეს უკვე არის შენი ნების წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედება“.


მთავარი ფოტო: კოორდინატორები, რომლებიც გასულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: