მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტი ნატო გოგელია: კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ მისმენენ

29.10.2020 • 2186
ჟურნალისტი ნატო გოგელია: კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ მისმენენ

„ქართული ოცების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან.

კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად დაასახელა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი. კობახიძის ინფორმაციით, გოგელიამ ენმ-ის წარმომადგენელს სთხოვა, დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია „ხმაურის მოწყობას“ გეგმავდა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, საიდან აქვს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია, მან თქვა, რომ ეს „გამოჟონილი ინფორმაციაა“. კობახიძის განმარტებით, არჩევნების დღეს ენმ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, რასაც „პარტიული ტელევიზიები საკუთარი გაშუქებით არჩევნების მიმდინარეობაზე ყალბ სურათს შექმნის“.

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ – „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში.

დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ნატო გოგელიამ ჰკითხა ქათამაძეს, სად იგეგმებოდა არეულობა და როცა ამას ეკითხები პოლიტიკოსს, ამ დროს შენ თავად ხარ არეულობის თანამონაწილე. ეკითხება ე.წ. ჟურნალისტი პარტიულ წარმომადგენელს, წინასწარ იღებს ინფორმაციას არეულობასთან დაკავშირებით, რათა მხარი დაუჭიროს [არეულობას] გაშუქების გზით. ეს არის არეულობის თანამონაწილეობა“,- აცხადებს კობახიძე.

ნატო გოგელია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მის სატელეფონო საუბრებს უსმენს. ნეტგაზეთთან გოგელიამ დაადასტურა, რომ ბესო ქათამაძეს ტელეფონით მართლაც ესაუბრა, თუმცა აცხადებს, რომ ენმ-ის წარმომადგენელს მხოლოდ ის ჰკითხა, რომელ საარჩევნო უბნებზე ელოდებიან გარკვეულ დაძაბულობას. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებზე „ქართული ოცნების“ წევრებსაც ესაუბრება ხოლმე და ამაში უჩვეულო არაფერია.

„არანაირ დესტრუქციაზე საუბარი არ ყოფილა, სამეგრელოში ვმუშაობდი ბოლო პერიოდი, ჩამოვედი და, როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი, რეგიონში რა ხდებოდა. ბესო ქათამაძეს დავურეკე და ვკითხე, რა ხდებოდა, ვითარება დაძაბული სად იყო, რაზეც მან მითხრა, რომ ასეთი სოფლები იყო ნასაკირალი და ჭანიეთი, სადაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ ვერ იგებს.

მან ძალიან კონკრეტული მაგალითი მითხრა, რომ წინა დღეს მათ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ მისულები და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაახლოებით 4-წუთიანი სატელეფონო საუბარია. გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისშიც ვიყავი და ვკითხე, რა ხდებოდა, რამე დარღვევა ხო არ არის… ამას რატომ მალავენ?! რატომ არ თქვეს?!”, – აცხადებს ნატო გოგელია.

ეს შემთხვევა ჟურნალისტის კიდევ უფრო უმტკიცებს რწმენას, რომ მის საუბრებს ფარულად უსმენენ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღევანდელი განცხადებით ეს საჯაროდ დაადასტურა. თავად ირაკლი კობახიძის მიერ ბრიფინგზე გახმიანებულ ინფორმაციას „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

„ძალიან კარგად ვიცი, რომ მისმენენ. უბრალოდ, გამიკვირდა ე.წ. პოლიტიკოს ირაკლი კობახიძისგან ამის საჯაროდ აღიარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რადგან ვარ რეგიონში, ვმუშაობ და ვაშუქებ ყველა თემას. მათი მცდელობების მიუხედავად, თუნდაც გუშინ, ჩემი ახლობლების გამოყენების საქმეში, რომ თუნდაც გუშინდელი ამბავი არ გამეშუქებინა [ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები], ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ, რადგან არ არსებობს თემა, რითიც შემაშინებენ“, – აცხადებს გოგელია.

ამავე თემაზე: 

ქარტია გმობს ჟურნალისტის უკანონო მიყურადების ფაქტს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: