მთავარი,სიახლეები

როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები

20.10.2020
როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.  ამ პროცესის უზრუველსაყოფად თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნეს და ამ უბნების დაკომპლექტების მიზნით კონკურსიც გამოაცხადეს.

ცესკოს განმარტებით, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

ცესკოს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, რომელიც 19 ოქტომბერსაა გამოცემული, თითოეულ ასეთ ჯგუფში 12 წევრი იქნება. სპეცჯგუფის წევრად კი შეიძლება აირჩიონ მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც  დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

დადგენილების მიხედვით სპეციალური ჯგუფის წევრებმა ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით უნდა მოახერხონ.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, უკვე აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.

სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 07:00 საათზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათიდან, რომელიც გასტანს 20:00 საათამდე.

გადასატანი საარჩევნო ყუთი სპეციალურ საარჩევნო უბანზე დაბრუნდება 21:00 საათამდე. ამის შემდეგ, სპეციალური საარჩევნო უბნები, უსაფრთხოების წესების დაცვით, არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობით დაითვლიან ხმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.

რაც შეეხება რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცესკოს ინფორმაციით აკრედიტებულ მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს. ისინი, ასევე შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და გამოიყენონ მათი აქტიური საარჩევნო უფლება.

როგორც რეგისტრირებულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ისე აკრედიტებულმა მედიამ და საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მიმართონ 26 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით და წარადგინონ   მათი წარმომადგენლები სპეციალურ ჯგუფებში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: